logo_geo
eng_logo
ილია წულაია: საკონსტიტუციო უმრავლესობა არის სრული კარტ-ბლანში, რომელიც მიეცემა ჩვენს გუნდს
- +

29 ოქტომბერი. 2016. 12:05



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბის მე-16 ოლქში ილია წულაიამ „რეპორტიორთან" არჩევნების შედეგები შეაფასა და მეორე ტურებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას. წულაიამ ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და განმარტა, რომ „ქართული ოცნებისთვის" ეს იქნება საფუძველი ამბიციური პროგრამების განხორციელებისა, რომელიც მიზნად აქვს მმართველ გუნდს.


- როგორ შეაფასებთ არჩევნების შედეგებს და რა მოლოდინი გაქვთ მეორე ტურში?

 

- არჩევნებში პროპორციული სისტემით ჩვენმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ფაქტობრივად, მაჟორიტარობის კანდიდატთა უმეტესობა ძალიან ახლოს მივიდა 50%-იან ზღვართან, რამდენიმემ გადალახა კიდეც ეს მაჩვენებელი და პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება. ჩემს ოლქში პირადად მე 48%-მდე მივიღე და რომ არა ლეგიტიმაციის ასეთი მაღალი ზღვარი, მე და „ქართული ოცნების" მაჟორიტარების 90% პირველივე ტურიდან მოვხვდებოდით პარლამენტში. საბოლოო ჯამში, მოლოდინი გვაქვს დადებითი და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში „ქართული ოცნების" ყველა კანდიდატი მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას.


- ელოდით თუ არა, რომ მეორე ტური ამდენ ოლქში გაიმართებოდა?


- ჩვენ წინასაარჩევნოდ ვაცხადებდით, რომ ბევრ ოლქში იქნებოდა მეორე ტური იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში აიწია ზღვარი 50%-მდე. როდესაც თითოეულ ოლქში 10-15 კანდიდატია, ერთმა კანდიდატმა მიპოვოს 50% და მეტი, ეს საკმაოდ რთულია და მიუხედავად ამ სირთულისა, 20-ზე მეტმა კანდიდატმა მოიპოვა პირველივე ტურში ხმების 50%-ზე მეტი, რაც ძალიან დიდი წარმატებაა.


- „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სანდრა რულოვსმა მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება?


- ვფიქრობ, სანდრა რულოვსი დარწმუნდა, რომ მეორე ტურში შანსები არ ჰქონდა. განმეორებითი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სადაც ჯიხაშკარსა და განმუხურში დაახლოებით 30% მიიღო სანდრა რულოვსმა, „ქართული ოცნების" კანდიდატმა კი - 70%. მან უბრალოდ დაზოგა ადამიანური რესურსი იმ სიტუაციაში, როდესაც გამარჯვების შანსი არ ჰქონდა.


- ბევრს საუბრობენ „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში არსებულ საფრთხეებზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა რეალურად რაიმე საფრთხე?


- „ქართულ ოცნებას" გარანტირებულად ჰყავს 67 წევრი. რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უმრავლესობას მოვიპოვებთ და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება", მაგრამ ეს არის საკითხის უტრირება - რათა „ქართულმა ოცნებამ" არ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, არ მისცეთ ხმა. ჯერ, რა თქმა უნდა, არანაირ უმრავლესობაზე, მით უმეტეს საკონსტიტუციოზე არ არის საუბარი, მეორე ტურები ჯერ კიდევ წინაა, აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარი სასაცილოა და ჩვენი ოპონენტების მხრიდან სპეკულაციის საგანი.


საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩემი აზრით, საფრთხის შემცველი არ არის, პირიქით, ეს არის სრული კარტ-ბლანში, რომელიც მიეცემა ჩვენს გუნდს და გამოირიცხება, რომ ჩვენმა გუნდმა ვიღაცაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა. ჩვენ გვექნება სრული ლეგიტიმაცია და შესაძლებლობა, რომ მივიღოთ შესაბამისი კანონები, რაც იმ ამბიციური პროგრამების განხორციელებაში დაგვეხმარება, რაც „ქართულ ოცნებას" აქვს. ეს არის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა, სოციალური პაკეტის დახვეწა, 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ეს არის ძალიან ამბიციური პროგრამა, რისი განხორციელებისთვისაც გვჭირდება დიდი ლეგიტიმაცია. იმ შემთხვევაში, თუ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, გვექნება ლეგიტიმაცია და არ გვექნება მიზეზი ვთქვათ, რომ არ გვქონდა რაღაც ძალა და შესაძლებლობა, რომ გაგვეხორციელებინა.

 

- გამარჯვების შემთხვევაში რას აპირებთ და არის თუ არა რაიმე გამოკვეთილი პრობლემა თქვენს ოლქში, რის მოგვარებასაც ჰპირდებით ამომრჩეველს?


- პრობლემები ზოგადია. გამოკვეთილი პრობლემა ფაქტობრივად არ არის. არის სოციალური პრობლემა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, ასევე დევნილების პრობლემა. იმუშავებს მაჟორიტარის ბიურო, სადაც ჩემს ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, სურვილისამებრ შეგვხვდეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსიროს, რასაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ და პარლამენტის დონეზე დავაყენებთ. წინასაარჩევნოდ ჩვენ ბევრი პრობლემატური საკითხი ჩავინიშნეთ, რომელსაც ვამუშავებთ და როგორც კი შევალ პარლამენტში, დაიწყება ამ საკითხების საკანონმდებლო დონეზე განხილვა და იმ დანაპირების შესრულება, რასაც ვპირდები ჩემს ამომრჩეველს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მათ ექნებათ სრული მხარდაჭერა და მე ვარ მათი ხმა საქართველოს პარლამენტში. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner