logo_geo
eng_logo
ბიზნესის პარტნიორი - „ჩემს გუნდთან ერთად ამბიციური გეგმები მაქვს“
- +

11 ნოემბერი. 2016. 11:41


 

„საპარტნიორო ფონდის" მიერ 17 პროექტისთვის გამოყოფილი დაფინანსება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. მსხვილი ბიზნესის გარდა ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას ინოვაციური და ტექნიკური ნიჭით დაჯილდოებული ანტრეპრენიორებისადმი იჩენს. „სტარტაპ საქართველოს" 11-მილიონლარიანი გრანდიოზული პროექტი კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სწორებას რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებაზე აკეთებს. დავით საგანელიძე ქართული ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე წამყვან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს.


- ერთი წელი სრულდება, რაც „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნეთ. როგორ შეაფასებდით ფონდის, როგორც ბიზნესისპარტნიორის, საქმიანობას?


- „საპარტნიორი ფონდის" ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ სტრატეგიულ სახელმწიფო კომპანიებზე, როგორიცაა: საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი და თელასი. ფონდი სახელმწიფო ხედვის გამტარებელი ორგანიზაციაა, ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს, რომლებიც, შესაძლოა, საფინანსო ინსტიტუტებისთვის მომხიბლავი არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ასეთი პროექტები, როგორც წესი, სტარტაპები და რეგიონული წარმოებებია. სამუშაო ადგილების შექმნა, ექსპორტის გაძლიერებასა და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული პოლიტიკა - ეს სამი მიმართულება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტებია.


„საპარტნიორო ფონდი" ფინანსურ პარტნიორობას უწევს კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო- და გრძელვადიან დაფინანსებაში გამოიხატება. ჩვენ, როგორც პასიური პარტნიორი, ვაფინანსებთ ახალ ბიზნესინიციატივებს და არსებული ბიზნესის შემდგომ გაფართოებას. ამ ყველაფერს კი კაპიტალში მონაწილეობის (50%-მდე) და წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით ვაწარმოებთ. ფონდი პარტნიორსა და მმართველ გუნდს გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევაში ეხმარება. მას შემდეგ, რაც ბიზნესსუბიექტი ფეხზე მყარად დადგება და შესწევს უნარი, დამოუკიდებლად განაგრძოს საქმიანობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უფლებამოსილია, გამოისყიდოს „საპარტნიორო ფონდის" წილი და რაც ასევე ნიშანდობლივია - პირვანდელ ფასად. ეს მხარე ძირითადად ადგილობრივი კომპანიებისთვის არის ხელსაყრელი. რაც შეეხება უცხოელ ინვესტორებს, ფონდი მათთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენ სახელწიფო ორგანიზაციას წარმოვადგენთ. „საპარტნიორო ფონდი" ჩვენი საერთაშორისო საქმიანი მეგობრების ბიზნესგიდია.


ფონდის არსებობის ხუთწლიან პერიოდს თუ შევაფასებთ, ვიტყოდი, რომ ბევრი საქმე გაკეთდა. თუმცა, როგორც ყველგან, „საპარტნიორო ფონდშიც" იყო ხარვეზები. პირველი, რაზეც აღმასრულებელი დირექტორის რანგში დავიწყე აქტიური მუშაობა, ახალი პროექტების დამატება გახლდათ. შედეგად, დღეს ჩვენს საინვესტიციო პორტფელში პროექტების გაორმაგებული და, შესაძლოა, გასამმაგებული რაოდენობაც კი გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ სექტორების მკაფიო დივერსიფიცირება და დაფინანსებისთვის მთავარ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და განათლების პოზიციონირება მოვახდინეთ.


საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ძალისხმევას არც ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები ზოგავენ. ევრაზიის განვითარების ფონდი, აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აშშ-ის მთავრობის კერძო ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) - გამუდმებით ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას.

 

- დამწყები ბიზნესის თემაზე საუბრისას ვერ და არ ავცდებით „სტარტაპ საქართველოს". როგორ აფასებთ ამ გრანდიოზული პროექტის პირველ ეტაპს და რას ელით მეორე ეტაპისგან?


- „სტარტაპ საქართველო", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით „საპარტნიორო ფონდის" მიერ ხორციელდება, ახალგაზრდებზე გათვლილი უპრეცედენტო რევოლუციური პროექტია. ამ გრანდიოზული წამოწყების მიზანია, მომავალ თაობას მივცეთ შანსი, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე; მათი იდეები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში შესაძლოა, საერთაშორისო მნიშვნელობის ბიზნესპროექტებად იქცეს. „სტარტაპ საქართველოს" პირველი ეტაპისთვის სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც 3 მილიონი - ინოვაციურ, 2 მილიონი კი ტექნოლოგიურ პროექტებზე დაიხარჯება; მეორე ეტაპის დაფინანსების 35 მილიონ ლარამდე გაზრდაა დაგეგმილი. ექსპერტები სილიკონის ველიდან მოხიბლულები არიან ქართველი ახალგაზრდების ბიზნესიდეებით და შემდეგ ეტაპში ჩართულობაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ. „სტარტაპ საქართველოს" შთამბეჭდავი გამოხმაურება ჰქონდა: მივიღეთ 726 აპლიკაცია, ტექნოლოგიური მიმართულებით შერჩეული 51 კონკურსანტიდან 20 დავაჯილდოეთ, თითოეული - 100 000 ლარით, ინოვაციებში კი 36 გამარჯვებული გამოვლინდა. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, კვლავ რეგიონებია. თბილისი, როგორც წესი, ყოველთვის აქტიურობს. ველი, რომ შემდეგ ეტაპზე დედაქალაქს საქართველოს სხვა ქალაქები კიდევ უფრო ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ; გაზრდილ აქტივობას ვისურვებდი, რა თქმა უნდა, სოფლებიდანაც. „საპარტნიორო ფონდი" განაგრძობს პარტნიორობას ყველა იმ ანტრეპრენიორთან, ვინც გაიმარჯვა და მათთანაც, ვისი ბიზნესიდეაც ამ ეტაპზე საკმარისად მომზადებული არ აღმოჩნდა; სპეციალურად მათთვის ფონდი მოწვეულ ექსპერტებთან ერთად თემატურ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს გამართავს.


„სტარტაპ საქართველო" უდავოდ უნიკალური პროექტია: დამწყები ბიზნესისთვის 90% დაფინანსება, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი" სთავაზობს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებს, გრანტის ტოლფასია.


- აქტივების მართვის სისტემაზე რომ ვისაუბროთ, ამ მიმართულებით თუ იგეგმება სიახლეები?


- „საპარტნიორო ფონდის" აქტივების პორტფელი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან შედგება, რომლებიც საუბრის დასაწყისში ჩამოვთვალე. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ სახელმწიფო კომპანიების ფინანსურ აქტივებს ვმართავთ, მაგრამ მათ მენეჯმენტში არ ვერევით. ფონდის ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფო საწარმოებიდან მიღებული დივიდენდებია, რასაც ჩვენ მიერ დაარსებული შვილობილი კომპანიებისგან დაბრუნებული საინვესტიციო უკუგება ემატება. „საპარტნიორო ფონდის" ამგვარ მოწყობასთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდა განსხვავებული ხედვა. ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიის განვითარების ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს, თუმცა გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები საჭიროა. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი - ყველა ამ ქვეყანაში მოქმედებს განვითარების ბანკის ინსტიტუტი, საქართველოში კი ამ ფუნქციას „საპარტნიორო ფონდი" ასრულებს. ფონდის სტრუქტურული განახლება, რომელიც, ჩემი შეხედულებით, აუცილებელია, მხოლოდ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეთანხმებით მიიღწევა.

 

- როგორც აღნიშნეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობთ. ბოლო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატებში იყავით. რა კონკრეტული შედეგებით დასრულდა თქვენი შეხვედრები ამერიკულ მხარესთან?


- ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩემი ვიზიტი ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში სწორედ ამ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაგრძელებაა. ეს არ ყოფილა შეხვედრები შეხვედრებისთვის, საქართველოში კონკრეტული შედეგებით დავბრუნდი - ამერიკის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტო (OPIC), რომლის მიწვევითაც დაიგეგმა ჩემი ვიზიტი ამერიკაში, საქართველოში ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებს განიხილავს. OPIC-მა საქართველოში დღემდე, ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, 50-ზე მეტ პროექტში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. შეხვედრაზე მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებისთვის ფონდ „Gazelle Finance"-ში თანამონაწილეობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის გაფორმების გადაწყვეტილება მივიღეთ და გავხდით მათი პარტნიორები. „საპარტნიორო ფონდის" კონსულტანტ მირიან გოგიაშვილთან ერთად, რომელიც ამერიკის ვიზიტის ორგანიზებაში სრულად იყო ჩართული, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში შეხვედრები მსხვილი საფინანსო წრეებისა და კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან გავმართეთ. ასევე შევხვდი ამერიკელ პოლიტიკოსებს - კონგრესმენებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ჩემი 16-წლიანი საპარლამენტო კარიერის პერიოდში დავმეგობრდი; ამჯერად შეხვედრები პოლიტიკისგან თავისუფალ ფორმატში, წმინდა ბიზნესპროფილით წარიმართა. ამ ზესახელმწიფოს ლიდერებისგან მიღებული რჩევები და მათი თანადგომა საქართველოს ბიზნესსექტორის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამერიკის ვიზიტის დასასრულს კი ჩიკაგოს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან გავმართე შეხვედრა.

 

- საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ - როგორ შეაფასებდით ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ორ წელზე მეტია, რაც ამოქმედდა და ასევე ახლად გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან? როგორია მოლოდინი ამ კუთხით აშშ-სთან დაკავშირებით?


- ქართული ბაზარი თანამიმდევრულად ვითარდება, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. ევროპელები, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა მხარის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ერთხმად ადასტურებენ, რაც გამოიხატება შემდეგში: უსაფრთხო და დაცული ბიზნესგარემო, გამართული საგადასახადო სისტემა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ევროპასთან.


რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას სხვა ქვეყნებთან, უახლესი და გლობალურად მნიშვნელოვანია ჩინეთთან ხელმოწერილი დოკუმენტი, რაც ადგილობრივ ბაზარს ევროპისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის - ევროკავშირის ქვეყნებს წარმოებების საქართველოში შექმნის ინტერესი უჩნდებათ, რადგან ჩვენთან დამზადებული ევროპული პროდუქცია ჩინეთში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით მოხვდება. ამგვარად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს უნიკალურ ქვეყნად აქცევს რეგიონში. მჯერა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც უახლოეს მომავალში ორმხრივად წარმატებულად დასრულდება, რაც საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად მსოფლიო ბაზარზე კიდევ ერთი გამარჯვება იქნება.


- ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გამყარებასა და განვითარებაში პირადად თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით. სამომავლო პერსპექტივებზე რომ ვისაუბროთ, თუ ხართ ინფორმირებული, რა კონკრეტული პროექტების განხორციელებას გეგმავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოში?


- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელიც ზემოთ აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ფასდაუდებელ სტრატეგიულ პარტნიორად იქცა, ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული ბიზნესგეგმები აქვს. ერთ- ერთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირადად ვაწარმოებ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ჩინელ ოფიციალურ პირებთან, საქართველოში ჩაისა და აბრეშუმის კულტურების განვითარებაა. ეს ის სფეროა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კულტურის შემადგენელი ნაწილია და წმინდა კომერციულ ინტერესებზე მაღლა დგას. შევძელი და დავარწმუნე ჩინური მხარე, რომ საქართველოში ჩაის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოა, რადგან ჩვენს ქვეყანას ამის წარმატებული გამოცდილება აქვს. ამ პროექტის ეკონომიკური სარგებელი უპირველეს ყოვლის ახალი სამუშაო ადგილების გაჩენაში აისახება; 12 000 ჰექტარზე გაშენებულ ჩაის პლანტაციებს დიდი რაოდენობით ადგილობრივი მუშახელი დასჭირდება. უძველესი აზიური კულტურა, რომლის სასარგებლო თვისებებს ჩინელები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცნობდნენ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე, რეალური წინაპირობაა.

 

- და ბოლოს, საერთაშორისო თემა რომ შევაჯამოთ, როგორი პარტნიორია საქართველო?


- საქართველო უკეთესი პარტნიორი ქვეყანა ხდება. ბოლო ორ  ათწლეულზე მეტია, გამუდმებით დაძაბულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, ომი ჩრდილოელ მეზობელთან - უმძიმესი დღეები, რამაც დაღი დაასვა ჩვენს ქვეყანას. არც წინა მთავრობის პერიოდი იყო საუკეთესო გამოცდილება საქართველოსთვის. დღეს უკვე სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას და ეს წინსვლა შეუქცევადია, რისი დასტურიც კარს მომდგარი არჩევნები იქნება.

 

- როგორც პოლიტიკასა და ბიზნესში მდიდარი გამოცდილების მქონე ადამიანი, როგორ დაახასიათებდით ინვესტორების ქცევას წინასაარჩევნო პერიოდში?


- არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინვესტორები მეტად ფრთხილობენ და ეს ბუნებრივია. დღეს საქართველოში ბიზნესი თავს დაცულად გრძნობს, რადგან შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ამის დასტურად „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაკონტრაქტებული ბოლო პროექტები შემიძლია მოვიყვანო: სასტუმრო „Radisson წინანდალი" - პირველი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი კახეთის რეგიონში, რომელსაც ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ, „Green City" თბილისის ზღვაზე (აღმოსავლეთ ევროპაში პირველი, თანამედროვე ტიპის ეკო-ქალაქი), „იტონგის" ენერგოეფექტიანი სამშენებლო ბლოკების წარმოება, მანქანათმშენებლობის, ტექსტილისა და მინის ტარის წარმოება, რომელიც ჩინელი ინვესტორების მხარდაჭერით ხორციელდება, დაბოლოს, ეროვნული მნიშვნელობის საქმე -ქართული ღორის ჯიშის გადარჩენის პროექტი, რომელიც ჰამონის მწარმოებელ, ცნობილ ესპანურ კომპანია „DERAZA IBERICO"-სთან ერთად ხორციელდება. ამ უკანასკნელზე მუშაობა საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. ქართული ჯიშის ღორი ძალიან მცირე რაოდენობით - 100-150 სული - რაჭაში, სვანეთსა და კახეთშია შემორჩენილი.


თითოეული პროექტის მიღმა დგას ყველაზე მთავარი - ახალი სამუშაო ადგილები, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ დოვლათს ქმნის. სახელწიფოს მიერ გაკეთებული საქმე მაშინ არის წარმატებული, როდესაც ის მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება. მეტი ახალი პროექტი „საპარტნიორო ფონდში" იყო და რჩება ჩემს, როგორც ფონდის ხელმძღვანელის, პრიორიტეტად.


- 16 წელი საკანონმდებლო ორგანოში, განსხვავებული ფორმატით... მაგრამ კვლავ ბიზნესმა გადაწონა. შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი სამომავლო გეგმები მხოლოდ ეკონომიკურ თემებს შეეხება და წმინდა პოლიტიკური აქტივობა წარსულში დატოვეთ?


- გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო, დავთანხმდი და „საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელად დავინიშნე, მანამდე კი დავტოვე პარლამენტი. ჩემს პოლიტიკურ კარიერას რაც შეეხება, ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც და რა ვადით იყო ჩემი ყოფნა საჭირო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საკანონმდებლო ორგანოზე უარი მანამდეც ვთქვი - 2008 წელს. მაშინ ამით მე და ჩემმა პარტიამ იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მმართველობის წინააღმდეგ დავაფიქსირეთ პროტესტი. სამწუხაროდ, მოგვიანებით, 2011 წელს უარის თქმა პარტიაზე მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ ჩემი მეგობრები, ვისთან ერთადაც 11 წელი ვიბრძოდი სამართლიანობისთვის, არასწორ გზას დაადგნენ. 2012 წლის არჩევნებში, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის გარდამტეხი იყო, ჩემი არჩევანი კოალიცია „ქართულ ოცნებაზე" შევაჩერე და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებას ახლა უკვე შეცვლილი პროფილით - „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით დღესაც ამ გუნდთან ერთად განვაგრძობ. ბიზნესსექტორი ჩემთან ყოველთვის უფრო ახლოს იყო - დიდ პოლიტიკაში დიდი ბიზნესიდან წამოვედი; კერძო სექტორში მიღებული გამოცდილება ჩემი, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბიზნესის პარტნიორის, მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ჩემთვის "საპარტნიორო ფონდი" ბევრად მეტია, ვიდრე სამსახური, ეს არის ყოფნა საქართველოს სამსახურში. დაფასებული შრომა შენ თვითონაც უნდა დააფასო. სტუდენტობის დრო ყველას გვახსოვს და ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია თუნდაც სულ მცირე წახალისება. ჩემთვის ახალგაზრდობის ეს პერიოდი მედიცინასთან ასოცირდება და ამ სფეროს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ - „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის სამედიცინო სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სტიპენდიებად გაიცემა. ახალგაზრდების ხელშეწყობა საჭიროა ყველა სფეროში, თუ გვინდა, რომ კვალიფიცირებული და კონკურენტუნარიანი კადრები გვყავდეს შრომის ბაზარზე, რომლის საზღვრებიც პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების ფონზე სულ უფრო და უფრო ფართოვდება.


რა თქმა უნდა, „საპარტნიორო ფონდის" წარმატებული საქმიანობის მთავარი ღერძიც პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია, მათი განათლების მაღალი დონე სპეციალიზებულ, წმინდა პროფესიულ დეტალებში ჩაღრმავებისგან თავის არიდების ფუფუნებას მაძლევს. ფონდთან დაკავშირებით, ჩემს გუნდთან ერთად ამბიციური გეგმები მაქვს. არის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დრო სჭირდება, მაგრამ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის აუცილებლად წარმატებულად იმუშავებს.




 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner