logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება!
- +

21 მარტი. 2016. 16:54


„მოვედით ხელისუფლებაში და ფული საერთოდ არ გვაქვს, რა ვქნათ? მაგალითად, მე მჭირდებოდა, სასწრაფოდ ამეშენებინა გზა აეროპორტში, ვინაიდან გვინდოდა ტურიზმის განვითარება. აეროპორტიდან კი მხოლოდ ტრაქტორით ან ტანკით შეიძლებოდა ქალაქამდე მისვლა. ჩვენ დავაკავეთ ის ადამიანი, ვინც გზების დაგებაზე იყო პასუხისმგებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში. მან მაშინვე გადაიხადა, მგონი, 15 თუ 20 მილიონი დოლარი ექვსი საათის განმავლობაში და ჩვენ ორი დღის შემდეგ დავიწყეთ გზის დაგება და ერთ თვეში მოვრჩით. ან თუნდაც, ჩვენ არ გვქონდა სარკინიგზო სტრუქტურა, ყველა ვაგონი გაყიდული იყო. ჩვენ ციხეში ჩავსვით რკინიგზის მმართველი. მან ერთი კაცისთვის განკუთვნილ კამერაში 2­3 დღის ფიქრის შემდეგ საკმარისი თანხა მოგვცა, რათა შეგვეკეთებინა უკრაინიდან ჩამოტანილი ვაგონები. ან კიდევ, ჩემი წინამორბედის ხელისუფლებას ძალიან დიდი საპენსიო ვალი ჰქონდა. თვეების განმავლობაში ქართველი პენსიონერები ვერ იღებდნენ პენსიებს. ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძეს ჰქონდა ყველაზე მსხვილი მობილური კომპანია საქართველოში, ფაქტობრივად, მონოპოლისტი იყო (მხედველობაში აქვს „მაგთიკომი"). პროკურატურამ საგადასახადო დარღვევის გამო დაიჭირა მისი სიძე. მან ციხეში 24 საათი გაატარა, რის შემდეგაც საკმარისი თანხა მოიტანა, რომ გადაგვეხადა პენსიონერებისთვის დაგროვილი ვალები. თუ ამ პრეცედენტს უკრაინელ კორუფციონერებზეც გამოვიყენებთ, მაგრად დავიწყებთ ცხოვრებას. და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველა გავათავისუფლეთ, ვინაიდან ფული გადაიხადეს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ უკრინული ტელეეთერის საშუალებით ისაუბრა. აღნიშნულ განცხადებას ეხმიანება რეჟისორი გოგა ხაინდრავა და აცხადებს, რომ საკუთარ განცხადებაში სააკაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ძარცვავდა.


ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ პროცესებზე გოგა ხაინდრავა „რეპორტიორს" ესაუბრა.


- ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ეთერით გამოსვლა, სადაც მან პირდაპირ აღიარა სახელმწიფო რეკეტი საქართველოში. მან დაადასტურა, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ძარცვავდა. ეს იყო აღიარებითი ჩვენება. პრაქტიკულად, მან დაადასტურა ის ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვთ უგულავას, ადეიშვილს, მერაბიშვილს, თავად სააკაშვილს და მთელ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალადობდა საქართველოში. ჩემთვის ყველაზე საოცარი აღმოჩნდა, რომ ამას არავინ მიაქცია ყურადღება. არც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უფლებადამცველებმა, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც იყო, ამ განცხადებისთვის ყურადღება მიექციათ. სააკაშვილმა ახსენა მინიმუმ სამი პიროვნება, რომელთაც ფული გამოსძალა. ყველაზე გამაოგნებელი იყო ჩემთვის, რომ არავინ მიაქცია ყურადღება, თუ ვინ იყო ერთ-ერთი დაზარალებული. ეს გახლავთ გიორგი ჯოხთაბერიძე, ადამიანი, რომელიც არის „მაგთიკომის" დამფუძნებელი საქართველოში. ამ ადამიანსაც გააჩნია უფლებები და გასაკვირია, რომ არანაირი გამოძიება მის საკითხზე არ შემდგარა და არავის დაუდასტურებია მისი დანაშაულებრივი ქმედება. თუკი მას დანაშაული არ ჩაუდენია, გამოდის, რომ სახელმწიფომ „დააწერა" ის თანხა, რომელიც პენსიონერებისთვის ვალის გადასახდელად იყო საჭირო. არავინ დაინტერესებულა ამ ფაქტით, არც პროკურატურა, არც უფლებადამცველები, არც პრესა. არავინ დასვა შეკითხვები. გამოდის, რომ საქართველოში არ აინტერესებთ ცალკეული ადამიანების ბედი.


- რას ფიქრობთ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე და აქციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო სექტორმა გამართა, სახელწოდებით „ეს შენ გეხება"?


- სრული ისტერიაა ატეხილი. ძალიან საინტერესო, ახალი კონფიგურაცია გამოჩნდა. ამ ყველაფერს აპროტესტებენ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩემი და ჩვენი პირადი ცხოვრების შელახვაში. მაგალითად, კაპიტანი გიგაური, რომელიც სათავეში უდგას აქციას „ეს შენ გეხება". ეს არის ადამიანი, რომელმაც 2007 წლის ნოემბერში, 7 ნოემბრიდან ერთი კვირის თავზე რიგგარეშე სამხედრო წოდება მიიღო და მონაწილეობდა იმ სპეცრაზმელების დაჯილდოებაში, რომლებიც 7 ნოემბრის აქციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. გიგაური სათავეში უდგას დღევანდელ კამპანიას. ამ კამპანიაში მონაწილეობენ „ნაიოცნალური მოძრაობის" წევრებიც. ძალიან საინტერესო ახალი ფიგურაა ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც ამ აქციებზე გამოჩნდა. იგი წარმოადგენს პროფკავშირებს. ცალკე საკითხია, ის პირადულად მონაწილეობს ამ პოლიტიკურ აქციებში თუ პროფკავშირების სახელით გამოდის. ამ ყველაფერ პოლიტიკურ ასპარეზზე თავის წარმოჩენის ელფერი დაჰკრავს. ამიტომ, თუ ადამიანებს მონაწილეობის მიღება უნდათ, მიიღონ კიდეც, არავინ მათ არ უშლით ამას. მაგრამ, მიიღონ მონაწილეობა თავისი სახელით და გვარით და ნუ ამოეფარებიან ნურაფერს.


- ანუ, ფიქრობთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ?


- არა, ისინი პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ, ძალიან ღიად და აქტიურად. მაგრამ, რატომღაც, ამ ყველაფერს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობას ეძახიან. შეკვეთებს ასრულებს ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში ფულს იღებს. ისინი ასრულებენ იმ ორგანიზაციებს დაკვეთებს, საიდანაც ფულს იღებენ.


- რომელ პოლიტიკურ ჯგუფთან აკავშირებთ აღნიშნულ აქციებს?


- ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თავად უდგას სათავეში ამ აქციებს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მათი მარშრუტები. კარგი იყო, ფილარმონიიდან რომ დაიწყეს და კანცელარიასთან მივიდნენ, მაგრამ, ვფიქრობ, ლოგიკური იქნებოდა, გზად „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გაევლოთ. ყველაფერი ის, რასაც ისინი აპროტესტებენ, თავმოყრილია „ნაციონალურ მოძრაობაში". საქართველოში ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ვინ იყო ამ კადრების სულის ჩამდგმელი. ვინ მოახდინა სახელმწიფო მასშტაბის ორგანიზება, რომ 26 000 ფაილი გადაეღოთ.


- ანუ, აღნიშნულ არასამთავრობოებს „ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებთ?


- საპოტესტო აქციებში მონაწილეობენ ვაშაძე და ბარამიძე, რომლებიც მთელი ამ წლების მანძილზე თავად იყვნენ ამ სიბინძურის შემქმნელები. სხვა არაფერი გაუკეთებიათ, თუ არა ამ სისტემის გაძლიერება. ეს ადამიანები იმ აქციაში მონაწილეობენ, რომელიც მიმართულია სწორედ ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები კი, მათთან ერთად აქციების გამართვით, თავს უკავშირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან".


როდესაც ეს უფლებები აბსოლუტურად დაუფარავად, ღიად ირღვეოდა ყოველდღიურად, მაშინ არ გვეხებოდა ეს ჩვენ? მაშინ არ იყო ადამიანის უფლებების დაცვა საჭირო და მხოლოდ დღეს გახდა?


თუ პრობლემის მკურნალობას ვიწყებთ, დიაგნოზიც სწორი უნდა დავსვათ. საუბარია იმაზე, თუ რატომ არ ხდება დროული გამოძიება. ყველამ ხომ კარგად იცის, რომ ამის გამოძიება შეუძლებელია. ეს ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, ვინც ამ თემაზე ყველაზე მეტს გაჰყვირიან. გაფრინდა ჩიტი, ეს კადრები დიდი ხანია საზღვარგარეთაა გატანილი. ინტერნეტის შავ ბაზარზეა ეს კადრები და კონკრეტული ფასი ადევს.


- ვის გულისხმობთ გაფრენილ ჩიტში?

 

- ვგულისხმობ მეგის ქარდავას. მეგის ქარდავამ პირდაპირ თქვა, რომ თუ იქნება დათა ახალაიას წინააღმდეგ განხორციელებული დევნა, ის გამოაქვეყნებს ამ ჩანაწერებს. ზუსტად მათ აძლევთ ხელს ეს აჟიოტაჟი და ხმაური, ვისაც ეს კადრები გააჩნიათ.


- რა პოზიცია უნდა დაუხვედროს ამ ყველაფერს საზოგადოებამ?

 

- საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს. სპეკულაციის საგნად კი არ უნდა ქცეულიყო, მდუმარებით უნდა შეხვედროდა ამას ქართველი საზოგადოება. ეს აჟიოტაჟი და ისტერია რომ არ ატეხილიყო, მერწმუნეთ, იმ ადამიანებს მომავალში მსგავსი კადრების გავრცელების ნაკლები სურვილი გაუჩნდებოდათ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner