logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: შემაშფოთებელი სურათი იქმნება
- +

28 ნოემბერი. 2016. 19:23



როგორ განვითარდება სააკაშვილის უკრაინული მომავალი? რატომ დებს ფსონს ქუჩაზე საქართველოს ექსპრეზიდენტი? ემუქრება თუ არა კიევიდან გაძევება და რა კომპრომატებს აგროვებს პოროშენკო სააკაშვილის წინააღმდეგ? ამ თემებზე „პრაიმტაიმი" საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორს ირაკლი გოგავას ესაუბრა.


- მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქუჩაში ინაცვლებს... როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს ამით? მოახერხებს თუ არა ის ახალი რევოლუციური ტალღის აგორებას უკრაინაში?


- სააკაშვილი მთლიანად არის მიბმული პოროშენკოზე და მის მითითებებს ასრულებს, აპრილში მოაწყო ისტერიკა, პრემიერად დამნიშნეთო, პოროშენკოს სამდღიანი ულტიმატუმიც კი წაუყენა. თუმცა შანტაჟი არ გაუვიდა და ისე შეაშინეს, რომ სახვეწარი გაუხდა, ქართულ არჩევნებამდე ოდესაში დამტოვეთო. ოდესიდან გააგდეს, თანაც ისე, რომ ოდესა გაავერანა და, პირდაპირი, მნიშვნელობით ნანგრევები დატოვა. მოწინავე რეგიონი ერთ წელიწადში მაჩანჩალად აქცია. ოდესის ოლქის გაჩანაგებას უკრაინული სტრუქტურები დოკუმენტურად სწავლობენ და საკმაოდ შემაშფოთებელი სურათი იქმნება. ეს იმ შემთხვევისთვის კეთდება, თუ სააკაშვილი ზედმეტს მოინდომებს უკრაინულ პოლიტიკაში. სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლა არის პოროშენკოს დავალება, რათა სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს საპროტესტო ხმები წაართვას. გავიხსენოთ, ქართულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოროშენკო ოდესას ეწვია და სწორედ მაშინ შესთავაზა სააკაშვილს ოპოზიციონერის როლი, რა თქმა უნდა, დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ. აშკარაა, იმდენად დიდი გასამრჯელო შესთავაზეს, რომ მან განცხადებაც კი გააკეთა, რომ ქართული არჩევნების შედეგების მიუხედავად, არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რითაც გააღიზიანა საკუთარი პარტიის ლიდერები.


- იქნებ აღგვიწეროთ უკრაინის პოლიტიკური ვითარება? რეალურად ვის თამაშს თამაშობს სააკაშვილი?


- გამოქვეყნდა ნოემბრის კვლევა, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ცენტრის მიერ. ამ კვლევის მიხედვით პოპულარობით ტიმოშენკომ გადაუსწრო პოროშენკოს. ამდენად, დღევანდელი ელიტისთვის აუცილებელია მართული ოპოზიცია, რომელიც ხმებს წაართმევს ტიმოშენკოს. სწორედ ეს როლი შეურჩია პოროშენკომ სააკაშვილს, რომლის ფუნქცია იქნება, აიღოს 3-4% ისეთი ამომრჩევლის ხმა, რომელიც პოტენციურად ტიმოშენკოს მხარდამჭერი შეიძლება გახდეს. სააკაშვილი 3-4%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს და აგიხსნით რატომ: დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, მოქმედებს მკაცრი ცენზურა მასმედიაში, განსაკუთრებით ნაციონალურ არხებზე. ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოჩენა და გამოჩენის სიხშირე რეგულირდება მმართველი ელიტის მიერ. ამიტომ ძალიან მარტივად არეგულირებენ რეიტინგებს ეთერში პოლიტიკოსების გამოჩენის სიხშირის მიხედვით. მარტივად რომ ავხსნათ ჩვენი მკითხველისთვის, სააკაშვილს იგივე ფუნქცია მიენიჭა, რაც თავის დროზე ჰქონდათ ქრისტიან-დემოკრატებს საქართველოში. სააკაშვილის რეიტინგი აპრილამდე 11%-იც კი იყო, მაგრამ აკრძალეს მისი გამოჩენა ცენტრალურ არხებზე და დღეს 3%-ია მხოლოდ.


- სააკაშვილს საქართველოშიც სურდა ქუჩის აქციების აგორება, თუმცა, როგორც ჩანს, ბოკერიას გუნდმა მისი ეს მიდგომა არ გაიზიარა... ამბობენ, რომ პროცესები შესაძლოა, „რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაამწვავოს. ელოდებით სიტუაციის ესკალაციას?


- რევოლუციური სცენარი მზად ჰქონდათ, უკრაინაში ავტომაიდანის აქტივისტების მომზადება ხდებოდა, კიდევ სხვა სახის ტრენინგებიც ტარდებოდა. ჰქონდათ ამ სცენარისთვის გამოყოფილი ფული, ოფისიც სპეციალურად აიღეს თავისუფლების მოედანთან, რათა ოპერატიულად ემართათ ქუჩის აქციები. სავარაუდოდ, ჩართული ჰყავდათ ყოფილი ძალოვნები, უკრაინელი ინსტრუქტორების ჩამოყვანაც სურდათ. ბოკერიას ჯგუფმა არ მოისურვა პასუხისმგებლობის აღება ასეთ სცენარზე, შეეშინდათ. ცხადი იყო, რომ ასეთ ქმედებებს არავინ შეარჩენდათ და ახალაიასა და მერაბიშვილის გვერდით აღმოჩნდებოდნენ. მთავარი მაინც, რამაც თავიდან აგვარიდა არეულობა, იყო ძალოვანი სამინისტროების მწყობრი მუშაობა. ძალოვნებმა მთლიანად გაშიფრეს მათი სამოქმედო გეგმა და, ფაქტობრივად, პრევენცია მოახდინეს ქვეყანაში არეულობის დაწყების. ერთი რამ უნდა ითქვას, ნაციონალები, რევოლუციური სცენარით მოქმედება რომც დაეწყოთ, წარმატებას მაინც ვერ მიაღწევდნენ, რადგან, ერთი მხრივ, მათი მთავარი პროპაგანდისტული მანქანა, „რუსთავი 2"-ის სახით, დისკრედიტებულია და მეორე მხრივ, ძალოვნები მზად იყვნენ, აღეკვეთათ პროვოკაციები და კანონის გადაცდომები, რომელიც მსგავს სცენარს აუცილებლად ახლავს ხოლმე. ასევე, ნათელი იყო, რომ დასავლეთში არასტაბილურობის ინსპირირებას მხარს არავინ დაუჭერდა.


- როგორ აფასებთ „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარე პროცესებს... შეძლებს თუ არა ბოკერიას გუნდი სააკაშვილისგან საბოლოოდ გამიჯვნას?


- შიდა რღვევის პროცესები 2011 წლიდან დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა უგულავამ განაცხადა, „გაუმჯობესებული მიშა" გვჭირდებაო. ნაციონალების შიგნით არსებული პრობლემები დიდი ხანია, არსებობს და 2016 წლის ფიასკომ უფრო ხილვადი გახადა შიდა წინააღმდეგობები. ვფიქრობ, ბოკერია ცდილობს, მოიშოროს სააკაშვილი და სანაცვლოდ უგულავა გამოიყვანოს ციხიდან, რომელსაც პარტიის პირველ პირად აირჩევენ. სააკაშვილი აღარ იძლევა იმდენ ფულს, რამდენსაც სთხოვენ და სულ მალე სააკაშვილის ტელევიზია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება. ამიტომ სააკაშვილის საჭიროებას ნაციონალების დიდი ჯგუფი ვეღარ ხედავს, რაც ლოგიკურიცაა. საერთოდ, ნაციონალებს ხელისუფლებაში მობრუნების შანსი ამ ქვეყანაში აღარ აქვთ, რამდენიმე წელი იტივტივებენ კიდევ და ასე მორჩება მათი ამბავი.


- სააკაშვილის გარეშე გუნდს, ცხადია, დასჭირდება ქარიზმატული ლიდერი... ვინ წარმოგიდგენიათ ასეთად? თქვენი აზრით, ეს გიგი უგულავა იქნება?


- ბოკერია სწორედ უგულავას განიხილავს პარტიის ახალი ლიდერის პოზიციაზე. მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ცუდ სამსახურს უწევს დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებს. მათი არსებობა ბლოკავს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებას. ცუდი ის გახლავთ, რომ „ოცნებასაც" ერთგვარად აწყობს ისეთი ძალის მთავარ ოპოზიციად ყოფნა, რომელსაც შანსი არ აქვს, ხელისუფლებაში მოვიდეს. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი სურათი არ იძლევა საშუალებას, რომ ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული ოპოზიციური ჯგუფები და ამის გამო ქვეყანაში ვერ იმართება პრაგმატულ და რეალისტურ ფუნდამენტზე დამყარებული პოლიტიკური დებატები. მარტივად რომ ვთქვათ, მთელი დღევანდელი ქართული პოლიტიკური სჯა-ბაასი მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხარე მეორეს უწოდებს რუსეთის აგენტს, ხოლო მეორე პასუხობს „შენ თავად ხარ რუსეთის აგენტი". იარლიყების მიკერებით კამათი არ არის სერიოზული პროცესი. თუმცა პოლიტიკურ სპექტრში განათლების პრობლემაცაა, ისევე როგორც მედიასა და მოსახლეობაში, რომელსაც სტუდიაში გაწევ-გამოწევის ყურება ურჩევნია პრაგმატულ და კომპეტენტურ დისკუსიას - აქ, ცხადია, ყველა არ იგულისხმება.

 

- ახლა, როდესაც სააკაშვილი აღარ არის უკრაინის ხელისუფლებაში, რამდენად შესაძლებელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის საქართველოში ჩამოიყვანონ?


- ვიდრე პოროშენკოა უკრაინის ხელისუფლებაში და სააკაშვილი მას ემსახურება, ექსტრადიცია არ მოხდება. თუმცა უკრაინის ხელისუფლება კარგა ხანია აგროვებს მასალებს, სააკაშვილის კორუფციული საქმიანობის შესახებ ოდესის ოლქში და როგორც უკრაინელები მეუბნებიან, საკმაოდ სქელტანიანი საქმეც გამოვიდა.

 

- თანამდებობიდან გადადგომას თავისი წინაპირობებიც ჰქონდა: სააკაშვილის თანაშემწის კაბინეტში ჩატარდა ჩხრეკა, საქველმოქმედო ფონდის ირგვლივ დაიწყო გამოძიება, უკრაინა დატოვა ზურაბ ადეიშვილმა... საითკენ მიდის ეს პროცესი? შესაძლოა, ამ სცენარის ფინალი სააკაშვილის დაპატიმრება იყოს?


- სწორედ ეს პროცესებია სააკაშვილზე კომპრომატების მოგროვების, რასაც მის წინააღმდეგ გამოიყენებენ, თუ დასჭირდათ. ოდესაში ის სწორედ ამისთვის გაუშვეს, რომ კორუფციულ სქემებში გასვრილიყო და ამაზე დოკუმენტები დადებულიყო. ეს დამატებითი გარანტიაა პოროშენკოსთვის, რომ სააკაშვილმა თავისი თამაში ვერ ითამაშოს.




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner