logo_geo
eng_logo
გიორგი ლილუაშვილი: მტერს ეძახო: „მტერი ხარ, მტერი ხარ“, ყოველთვის არ ჭრის…
- +

29 ნოემბერი. 2016. 20:21


 

„ოკუპაციის შესახებ" კანონის ლიბერალიზება ნიშნავს პოზიციების დათმობას",- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში. თუმცა პარლამენტარი ოკუპაციის შესახებ კანონმდებლობის გადახედვას არ გამორიცხავს:


- ოკუპაციის შესახებ კანონმდებლობა შეიძლება გადაიხედოს. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ეროვნული ინტერესების კომპრომისის ხარჯზე და ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე. ვფიქრობ, ყოველთვის არ ჭრის ის, რომ მტერს ეძახო: „შენ მტერი ხარ". ხანდახან შეიძლება დიალოგი, კომპრომისზე წასვლა, მხოლოდ არა ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, თუმცა ამ ეტაპზე ამას სჭირდება მომზადება, განხილვები, პოზიციების შეჯერება. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება, ამ თემაზე საუბრის გაგრძელება.


- გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას როგორ უნდა შეხვდეს საქართველოს ხელისუფლება? რა სახის რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ პროცესს ქართული ხელისუფლების მხრიდან?


- ამ ფაქტს ნეგატიურად ვხვდებით. როცა სამხედრო ქალაქად გამოცხადების პერსპექტივებს შევხედავთ, დავინახავთ გულდასაწყვეტ შედეგს. კერძოდ, ამას ალბათ მოჰყვება რუსი სამხედროების ოჯახებიანად ჩამოსახლება გალში. დაირღვევა ბალანსი იქ არსებულ მოსახლეობასა და ჩამოსახლებულ რუსებს შორის, ანუ შეიძლება უმრავლესობაშიც კი აღმოჩნდნენ რუსი ჯარისკაცების ოჯახები. ეს გაართულებს მოლაპარაკებების  ისედაც რთულ სტადიას.


- რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს ეს პროცესი?


- ბერკეტები რჩება ისევ ის, რაც აქამდე გაგვაჩნდა, ესაა მოლაპარაკებების ფორმატები, რაც აქამდე მუშაობდა; კარგად თუ ცუდად, სხვა საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ, ის ძველი ბერკეტები გვაქვს ისევ. ალბათ მოსაძებნია განსაკუთრებული ფორმატი ჩვენს აფხაზ ძმებთან. ეს პირველ რიგში სახალხო დიპლომატიის ფონზე უნდა წარიმართოს, რაც უკვე დაწყებულია და დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება. რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატს, სამწუხაროდ, რა ფორმატიც არსებობს, იმაზე მეტი, შემოთავაზება დღეს თანამედროვე დიპლომატიას არ შეუძლია. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ „ოცნების" ხელისუფლება გამონახავს გზებს, რაც  ხელშესახებ ძვრებს დაგვანახებს სამომავლოდ.


- რამდენიმე დღის  წინ ილია მეორე სტუმრობდა რუსეთს. რა გავლენას მოახდენს პატრიარქის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე?


- ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე ვიზიტი. სხვათაშორის ანალოგიური შეფასება მოყვა ამ ვიზიტს რუსეთის წრეებიდანაც. სიძულვილის ენით საუბარი რაღაც ეტაპზე დამთავრდა და ჩვენ ვაპირებთ სწორედ სიყვარულის ენით საუბარს, რისი გამოხატულებაც იყო პატრიარქის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში. სიყვარულის ენა შესაძლოა, ვინმემ გადაჭარბებულად ჩამითვალოს, მაგრამ რაც ნაკლებად გამოვიყენებთ გამაღიზიანებელ ტერმინებს, რაც ნაკლებად გავაღიზიანებთ რუსეთის ფედერაციას, მე მგონი ჩვენთვის ეს უფრო პრაგმატული და შედეგიანი იქნება. პატრიარქის ვიზიტი იყო დადებითი მოვლენა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. აქ აუცილებლად უნდა ჩაერთოს აღმასრულებელი ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესში.


- ლარის კურსი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. რა უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის?


- ლარის კურსის ვარდნის ტენდენცია არ არის სასურველი და მისაღები ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ვინაიდან როგორც ყველა, ისე მეც ვსარგებლობ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ურთიერთობებით ბანკებთან. ძალიან გართულებულია საბანკო სესხების მომსახურება. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა შევქმნათ აჟიოტაჟი და პანიკა ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს სიტუაციას ვერ გამოასწორებს.


- მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა რამდენად რეალურია?


- მთავრობის მიერ წარმოდგენილია ეკონომიკური განვითარების კონკრეტული გეგმა, რაც თავისთავად ასახვას პოვებს ლარის გამყარებაზე. ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია, ეს არის ასევე თანხების მიმართვა მეტ კაპიტალურ პროექტზე. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, დასაქმებას. ეკონომიკური ზრდის პროპორციულად, დაკორექტირდება ლარის კურსიც.



- ემხრობით თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას?

 

- ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს. ხანდახან მეც ვეწევი ხოლმე და არ ვამართლებ იმ პოზიციას, რომ აკრძალვის შემთხვევაში დაირღვევა მწეველთა უფლებები. პირიქით, არაკრძალვის შემთხვევაში ირღვევა არამწეველთა უფლებები და საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. ამიტომ, ცალსახად მივესალმები საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს აკრძალვას.


- მარიახუანას ლეგალიზებას ითხოვს „გირჩი"...


- „გირჩის" მხრიდან ეს იყო პროვოკაციული ინიციატივა. საუბარი იყო ულტიმატუმის ენით, რომ თუ 31 დეკემბრამდე არ მოხდებოდა კანონმდებლობის დონეზე ცვლილებების შეტანა, მაშინ ისინი დემონსტრაციულად დაარღვევდნენ კანონს. აქაა სწორედ პრობლემა, ესაა წამქეზებლური პოლიტიკა, რითაც ძალიან ცუდ მაგალითს აჩვენებენ მოქალაქეებს. ნარკოპოლიტიკა არ არის „გირჩის" გადასაწყვეტი თემა, ამაზე უნდა შეჯერდეს საზოგადოება, უნდა მოეწყოს რაც შეიძლება მეტი განხილვა და შემდეგ განხორციელდეს ცვლილებები. ჩემი პირადი აზრია, რომ მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებაში ვეთანხმები კანონმდებლობის შემსუბუქებას, ოღონდ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას „გირჩი" ითხოვს. მიმაჩნია, რომ დღეს არსებული სანქციები არის მკაცრი, და პირველ ეტაპზე შესაძლებელია ამ სანქციების გადახედვა და შემსუბუქება.




 

right_banner
არქივი
right_banner