logo_geo
eng_logo
გენრი დოლიძე: მიუხედავად უშუქობისა, სიცივისა, ომისა, მაინც „ცრემლიანი და გემრიელი ძღვენია“ ჩვენი ბავშვობა
- +

27 დეკემბერი. 2016. 18:41


 



როგორც წესი და რიგია, ინტერვიუს დაწყებამდე გარკვეული შესავალი კეთდება ხოლმე, თავისი დამაინტრიგებელი და პროვოკაციული ფრაზებით, რასაც თავი ავარიდე.

ამ ინტერვიუს შესავლის და დასკვნის გაკეთების უფლებაც მკითხველისათვის მიმინდია!

იმდენად კარგად განვითარდა დიალოგი, რომ არაფრის დამატება-შელამაზებას არ საჭიროებდა... დანარჩენი თავად განსაჯეთ...


- გენრი დოლიძეს რა შეუძლია მოგვიყვეს გენრი დოლიძის შესახებ?

 

- გენრი დოლიძის შესახებ შემიძლია უკიდეგანოდ ვისაუბრო, ნებისმიერ თემაზე შემიძლია უკიდეგანო საუბარი, თუმცა, შევეცდები, მოკლედ და საინტერესოდ გიპასუხო. დავიბადე ქუთაისში, იქვე ვიზრდებოდი ბებიასთან ექვს წლამდე. მას ერთი პრინციპი ჰქონდა „არანაირი შეზღუდვა ბავშვებს"... მქონდა სრული თავისუფლება მეთვალყურეობის ქვეშ. ნებადართული იყო ხეზე ასვლა, ცეცხლის დანთება, საოჯახო ნივთების (ტელევიზორი, რადიო) დაშლა და შემდგომში ვერ აწყობაც. ამ პერიოდიდან გამომიმუშავდა თავისუფლების სიყვარული. ეს ფასეულობა ჩემთვის დღემდე უზენაესია. სიმბოლურია, რომ ჩემი ბავშვობის ქუჩასაც თავისუფლების სახელი ერქვა.


განსაკუთრებული ფერები და მკვეთრი ბიოგრაფიული შტრიხები ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა პოეზიამ. ღმერთს მადლობას ვწირავ, მაქვს საქმე, ცხოვრების წესი, არსი, რომელიც სისხლში მაქვს და მთელი გულით შემიძლია მივუძღვნა მას თავი.


ბედნიერებაა, რომ იმ საქმეს აკეთებ, რომელიც გიყვარს, სამსახურებით ლიტერატურასთან ახლოს ვტრიალებ. ჩემი პოეზიის დამსახურებაა ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება -სიყვარული, რომელმაც ლექსებით მომაგნო.


აღსანიშნავია, რომ მასთან (ჩემს მეუღლესთან) მქონდა 6 დამოუკიდებელი, სრულფასოვანი ქორწილი (საქორწინო წვეულება) ერთი წლის განმავლობაში, რაც თავისთავად, დაუგეგმავად მოხდა. რა თქმა უნდა, გაშორებების გარეშე.


- ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ჩვენ „პურის რიგის თაობა" ვართ, მახსენდება შენი ლექსიც „ათას ცხრაას ოთხმოც და"... მოკლედ, თუ გვაქვს სურვილი, მოგვიყვე ბავშვობაზე, რომელიც „ას გრამში ეტეოდა"...

 

- განსაკუთრებული ბავშვი არ ვყოფილვარ, თუმცა მახსენდება, რომ ლექსების დაზეპირებისა და მხატვრული კითხვის უნარით ხშირად ვახალისებდი პურის რიგში მდგარ გაწამებულ და განერვიულებულ ადამიანებს. ერთხელ, 5 წლისამ, სუფრაზე „გულბაათ ჭავჭავაძე" წავიკითხე და სუფრის შეზარხოშებულმა წევრებმა 500-500 მანეთი მაჩუქეს, ჯამში 4 500 მანეთი დამიგროვდა, რაც ჩვენი მასპინძლის, პროფესორ ბენიძის ხელფასს აღემატებოდა. მახსოვს, „პირველი ჰონორარით" შეძენილი ფქვილით გამომცხვარი პურის გემო. პური მეზობელსაც მივუკითხეთ და მეორე დღეს რაღაცისთვის დასჯა რომ დამიპირეს, გაბრაზებულს ბებიასთვის მითქვამს, როგორ ბედავთ ჩემს დასჯას, ორ ოჯახს ვარჩენ-მეთქი!


რა თქმა უნდა, ტკივილიანი მოგონება ბევრია, თუმცა ეს ყველაფერი ერთი ლექსის სკივრში ჩავატიე და ბავშვობადაკარგული თაობის სახელით საპატიო ადგილი მივუჩინე „წარსულის წარსულში". ერთ ლექსში მაქვს ნათქვამი: „როცა მთელი ცხოვრება ერთ ჩემოდანში ჩავატიეთ და წარსულიდან წარსულში გავიქეცით", ჩემი აზრით, აქ ყველაფერია ნათქვამი...


მიუხედავად უშუქობისა, უპურობისა, უიმედობისა, სიცივისა, ომისა, მაინც „ცრემლიანი და გემრიელი ძღვენია" ჩვენი ბავშვობა, რადგან მაშინ ყველაფერი ნაღდი იყო. ურთიერთობები იყო რეალური, ადამიანი ადამიანთან იყო უშუალო, რადგან შუამავლად არც მობილური ჰქონდათ და არც სოციალური ქსელი.


- შევახსენებ მკითხველს, რომ ჩვენი რესპონდენტი ბევრი კუთხით ავლენს ნიჭიერებას: რეჟისორული თუ ჟურნალისტური განხრით. პრიორიტეტი, ალბათ, მაინც პოეზიაა. გენრი, მინდა გკითხო, როგორ, სად, როდის, რატომ დაიბადა პოეტი გენრი დოლიძე?

 

- პოეტი გენრი დოლიძე მუდმივად იბადება ახალ სათქმელთან ერთად. დიდი ტკივილი ან შთაბეჭდილება როცა მაქვს და ამ დიდ ემოციას სხვისი სტრიქონებით რომ ვერ ვიოკებ, მაშინ იბადება ახალი ლექსი და მასთან ერთად ახალი გენრი დოლიძე, რომელიც თითო სტრიქონთან ერთად იზრდება. „გულოს" და „დახურეთ ზეცას" ავტორი სულ სხვა პიროვნებაა, „ახალი თავისუფალი ლექსის" და „შავლეგოს" სხვა, ხოლო ლექსების „დაიკიდე" და „არც" ავტორი, საერთოდ სხვა ადამიანია. რაც შეეხება, პირველად განცდას, სამწუხაროდ, თავი პოეტად იმაზე გაცილებით ადრე ჩავთვალე, ვიდრე ნამდვილი ლიტერატურის წერას დავიწყებდი. ამის მიზეზი, ძირითადად, არაკომპეტენტური ახლობლების აღფრთოვანება იყო ჩემი პირველი ტექსტების მიმართ. უფალს მადლობა, მაშინ „ფეისბუქი" არ არსებობდა, თორემ სახოტბო კომენტარებით საერთოდ დავიკარგებოდი „პოეზიის აფსაიტში". ამ საკითხში დიდი დამსახურება მიუძღვის ჩემს პირველ რედაქტორს ლაშა გვასალიას, რომელმაც ხატ-სახეებით აზროვნებისა და მეტაფორის მნიშვნელობა ამიხსნა და მიმითითა, რა იყო ჩემს ტექსტებში ფასეული, რომ მომავალში მეტი ყურადღება გამემახვილებინა... არ შემიძლია არ ვახსენო თანამედროვე პოეტები, რომელთა მაგალითზეც ვიზრდებოდი როგორც ავტორი, ესენია: გიო საჯაია, როინ აბუსელიძე, რეზო გეთიაშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი, ბექა ახალაია და ნუკრი ბერეთელი... თუმცა, თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, მაინც შევძელი, საერთო ჯამში, ჩემი ხმა შემენარჩუნებინა.


- მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ არაჩვეულებრივად ცურავ... აქვე მინდა გაგახსენო ენთუზიაზმით სავსე ბიჭი, რომელიც ბათუმისკენ სოხუმიდან მოცურავდა... რა იყო ამის მიზეზი, რატომ გაჟღერდა ასეთი ფრაზა შენს ერთ-ერთ ბავშვობისდროინდელ ლექსში?

 

- ჰო... ბავშვობის საინტერესო მოგონებებს შორის დამავიწყდა მეთქვა, რომ ბათუმში ჩემი ბინა ზღვიდან სულ რაღაც 30 მეტრშია და ყველა ზაფხული ზღვაზე მაქვს გატარებული (პირდაპირი მნიშვნელობით). დილით მთელი კორპუსის ბავშვები შევიკრიბებოდით, სანაპიროზე პლედებით და პარეოებით „კარვებს" გავშლიდით და დაღამებამდე არ მოვდიოდით სახლში. შინიდან წამოღებულ ბოსტნეულს შევექცეოდით და არ გვაღელვებდა არც დრო, არც უშუქობა და არანაირი ყოფითი საკითხი... გასაკვირი არაა, რომ ცურვა 4 წლის ასაკში მე თვითონ ვისწავლე. ჩემი უბნელები აბორიგენი „მეზღვაურები" არიან და თავს ისე გრძნობენ ზღვაზე, როგორც ბედუინები უდაბნოში, უამრავ სტილს ვფლობ და არავინ გვყავს სპორტის ამ სახეობაში აუტსაიდერი. ექსტრიმის გამო, სამ-ოთხბალიან შტორმში ცურვაც გვიყვარს. ერთხელ, ტელევიზიით ვნახე „კოლხური ცურვის" სტილი და არც დავფიქრებულვარ, ისე დავდე ნიძლავი მეგობარ სოსო ლიპარტიასთან, რომ ღელვაში ხელფეხშეკრული გავცურავდი. გავცურე კიდეც და რამდენჯერმე საკუთარი რეკორდიც გავაუმჯობესე. აქვე აღვნიშნავ, რომ არასპორტული ადამიანი ვარ, მაგრამ ზღვა ჩემი სტიქიაა. სწორედ ამიტომ, მეცხრე-მეათე კლასში გამიჩნდა სურვილი, ოდესმე სოხუმში ჩავსულიყავი და იქიდან ცურვით დავბრუნებოდი მშობლიურ ბათუმს. ასე დაიბადა სტრიქონი „ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან"... გაზაფხულზე, კარგ ამინდში, ბათუმელები დამეთანხმებიან, ჩვენი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან აფხაზეთი ჩანს, ეს მარწმუნებს, რომ ჩემი ოცნება არც ისე შორსაა...


- ვინ არიან შენი საყვარელი ავტორები, როგორც კლასიკოსებს, ისე თანამედროვეებს შორის?

 

- მოდი, ასე დავნომრავ: ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჭილაძე, ჯემალ ქარჩხაძე, ფრიდონ ხალვაში, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, კონსტანტინე გამსახურდია.


პოეზია: (ვაჟა, შოთა, გალაკტიონი, თავისთავად), შოთა ნიშნიანიძე, ზურაბ გორგილაძე, ლადო ასათიანი, გოგლა, მურმან ლებანიძე, არჩილ ფირცხალავა, ანა კალანდაძე, მორის ფოცხიშვილი, იოსებ გრიშაშვილი... და ერთი უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც ცალკე დგას ქართული პოეზიის სადროშოზე - დავით გურამიშვილი, თავისი გულწრფელობით, სიმსუბუქით, სიღრმით, თანამედროვეობით, ტკივილით... ცოცხლებს შეგნებულად არ ვასახელებ!


- გენრი დოლიძის ყველაზე დიდი შენაძენი და ყველაზე დიდი მიღწევა ანუ ის, რითიც ამაყობ და გაბედნიერებს?

 

- მაბედნიერებს, რა თქმა უნდა, შვილი. მეამაყება ის, რომ ვუყვარვარ უბრალო ადამიანებს. ასევე ის, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიე. ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არც ერთი ადამიანი არ დამხმარებია ნაბიჯის გადადგმაში, სირთულის გადალახვაში, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრები და უბრალოდ, კეთილგანწყობილი ადამიანები გულს და ზურგს არ მიმაგრებდნენ!


- ზემოთ აღვნიშნე, რომ არ ჩავიკეტებოდით ერთ თემაში, მაგრამ პოეზიის ჯებირებიდან მაინც ვერ გამოვდივართ, თუმცა ეს ბუნებრივიცაა და უფრო საინტერესოც, ალბათ. „გულო" იქნებ მოგვიყვე ამ ლექსის შესახებ, როგორ, რა სიტუაციაში დაიწერა?

 

- სენტიმენტალურად და ჰოლივუდურად ჟღერს, მაგრამ ლექსი დაწერილია გულის შეტევის დროს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ მეგონა იმ ღამეს თუ გადავიტანდი. თუმცა ის ავადსახსენებელი დაავადება ისე გაქრა, მხოლოდ ორი საინტერესო ლექსი დამრჩა, ასე რომ, ზოგი ჭირი მარგებელია.


ჩემი გულთან ჭიდილი ამით დაიწყო, „თუ ვერ შეძლებ, ეს ცხოვრება შენებრ არივ-დარიო, ხალხი იმას მაინც იტყვის, გულითაა მკვდარიო" და ამით დასრულდა - „ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ვაჟკაცური ბედი აქვს, ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქართული!"...


- არ ვიცი, როგორ მეკითხა საქართველოზე, ამიტომ უბრალოდ, როგორც გსურს, გააგრძელე ეს სიტყვა: სამშობლო...

 

- სამშობლო ეს არის ის, რაზეც ყველაზე მეტს ვლაპარაკობთ და ყველაზე ცოტას ვფიქრობთ.


- რა თვისებები გაქვს ისეთი, რაც თავად არ მოგწონს და რაც ხალხს არ მოსწონს გენრი დოლიძეში? იუმორითაც რომ გვიპასუხო, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი...

 

- არ ვიცი, ცუდი თვისებაა თუ არა, მაგრამ მე პირადად მინდა გემოთმოყვარეობას, გურმანობას გადავეჩვიო, ამ საკითხში უფრო თავშეკავებული გავხდე. საზოგადოების გადმოსახედიდან, ასე მგონია, ჩემი ჰიპერაქტიულობა ცოტა გამაღიზიანებელი უნდა იყოს.


- რა კითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?

 

- რას და „რა კითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?" და ალბათ, პასუხი იქნებოდა: „რა კითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?", რომლის პასუხიც იქნებოდა: „რა კითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?" სხვათა შორის, ბავშვობაში მიყვარდა „ტრილიაჟის" სარკეების უსასრულო სიმრავლე ერთმანეთში.


- პროფესიით იურისტს, მგონი, არასდროს გიმუშავია ამ განხრით. რატომ აირჩიე ეს სფერო უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად? ხელმეორედ რომ გქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რა გადაწყვეტილებას მიიღებდი?

 

- სამწუხაროდ, გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო და პირველივე ლექციიდან მივხვდი, რომ „სხვაგან მოვხვდი", თუმცა ძალიან ვწუხვარ, რომ უზრუნველყოფილად ცხოვრების შანსი (გრანტი) უაზროდ გავფლანგე დიპლომისთვის, რომელმაც საპატიო ადგილი დაიკავა თეთრეულის უჯრაში. ცხოვრებას მიადვილებს კინო-ტელე რეჟისორის „მაინორ" სპეციალობა. სწავლა სიბერემდეო, ნათქვამია, ამიტომ არ ვდუნდები და ვცდილობ, მუდმივად შევიძინო ახალი ცოდნა. არც ერთ ტრენინგს, პროფესიულ კურსებს, კონფერენციას არ ვტოვებ... რა საქმესაც ხელს მოვკიდებ, არ მინდა ზედაპირული ცოდნით ვაკეთებდე და სხვაზე უკან ვიდგე განათლებით. დღეს რომ ვაბარებდე, აუცილებლად ჩავაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში, კინორეჟისურის ფაკულტეტზე. მინდა გაგიმხილო ერთი გადაწყვეტილებაც, წელს ვაპირებ ხელახლა დავუბრუნდე სტუდენტობას.


- ადამიანს ოცნებას რა დაულევს, მინდა კითხვა ცოტათი შევავიწროვო და შენი გამჭრიახობის იმედი მაქვს, აქვე შეგახსენებ, რომ ცუდი კითხვები არ არსებობს, არსებობს ცუდი პასუხები, ამიტომ ნურაფერს დამაბრალებ და როცა მიპასუხებ, რა არის შენი უპირველესი მიზანი და ოცნება, მერე დაასრულე სტროფად შემდეგი წინადადება „ეს ალ-იონი, ბოლო რომ იყოს ჩემთვის"...

 

- ჩემი უმთავრესი მიზანი არის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება, უმთავრესი ოცნება - კუნძულის ყიდვა და იქ „კაი ხალხის" დასახლება. ამ „კაი ხალხის" შერჩევა ძალიან გამიჭირდება, თუმცა კრიტერიუმებზე მერე ვიფიქროთ, როცა კუნძული გვექნება. ასე რომ, ვისაც სურს, ჩემი ოცნების ახდენაში წვლილის შეტანა და ამ ოცნების კუნძულზე ბინა, შეუძლია ნებისმიერი  თანხა ჩარიცხოს „საქართველოს ბანკის" ანგარიშზე: GE27GB0000000295569800GEL აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და საჩუქრად გადმოგცემ კუნძულის მოქალაქეობას და ერთი კოხტა ქოხის შავ კარკასს.

ფრაზას რაც შეეხება, ასე ვიტყოდი: „ეს ალიონი ბოლო რომ იყოს ჩემთვის, თვალებს დავხუჭავდი და მზერაში ჩაგუბებულ ამომავალ მზეს გავიყოლებდი სიკვდილში, რომ იქ სიბნელის არ შემეშინდეს".


და ბოლოს, ხუთი სახალისო ბლიც-კითხვა:

1. რომელ წიგნში გადახვიდოდი საცხოვრებლად?

- „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ბოროტება არ არის ამ წიგნში);


2. რა ფრაზაზე გეცინება გაცვეთილ სადღეგრძელოებში?

- „ერთი აგური ჩვენც დაგვედოს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში;


3. „კაი ბიჭობა" თუ ტორტი?

- წეღან აღვნიშნე, გურმანობას თავს ვანებებ, ასე რომ „კაი ბიჭობა";


4. მოიფიქრე ანდაზა, რომელიც ყველა ცნობილ ანდაზას აჯობებს.

- ასჯერ ნათქვამს, ერთხელ გაკეთებული სჯობიაო!


5. რა შეიცვლებოდა, თებერვალი რომ 31-ით გადიოდეს?

- ჩემი დაბადების დღე, ოცდაორის ნაცვლად, 25 ნოემბერს იქნებოდა.




წყარო: http://gazetiajara.ge/

 




 

right_banner
არქივი
right_banner