logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: საჭირო იყო არაორდინარული, ტოტალური, არასტანდარტული ღონისძიებების მიღება!
- +

26 მარტი. 2016. 12:36



რამდენიმე თვეში 4 წელი შესრულდება, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს. „ქართული ოცნების" წინაასარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომლის ირგვლივაც საზოგადოება გაერთიანდა და რომლის გამოც ახალ პოლიტიკურ ძალას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა, სამართლიანობის აღდგენა იყო. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კობა ნარჩემაშვილთან საუბარი სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხზე დავიწყეთ:


- სამართალინობის აღდგენა - ეს არის ის საკითხი, რომელმაც თავის დროზე განაპირობა კოალიციის გამარჯვება არჩევნებში და რომლის გამოც „ქართულ ოცნებას" საზოგადოებამ უპირობო ტოტალური მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს კი სამართლიანობა არის ის სამწუხარო საკითხი, რაც შეიძლება გახდეს პრობლემური „ქართული ოცნებისთვის" არჩევნებში. დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იყო სხვადასხვა ფორმით პასუხისგებაში მიცემული. ეს არის მოსახლეობის 15 %. რაც ყველაზე ცუდია, საზოგადოებამ ხელისუფლების მონდომება ვერ დაინახა  ამ მიმართულებით.


- სამართლიანობის აღდგენის ხელისშემშლელ ფაქტორად თუ მიგაჩნიათ ე.წ. კოჰაბიტაცია ან „ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი კადრების ყოფნა სხვადასხვა საგამოძიებო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობებზე?


- კი. შესაძლოა, არა გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი ეს იყო. ამიტომ ამისთვის, ადრეც ვამბობდი, საჭირო იყო არაორდინარული, ტოტალური, ყოვლისმომცველი, არასტანდარტული ღონისძიებების მიღება. მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივების დონეზეც. იმ ტრადიციული სისტემით, რომელიც დარჩა, ამოცანის გადაწყვეტა შეუძლებელი იყო. ასევე საჭირო იყო სერიოზული პოლიტიკური ნება. საჭირო იყო ხედვების არსებობა, როგორც კომპეტენციის თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვერ იქნა რეალიზებული. რასაკვირველია, თქვენს მიერ ნახსენები ფაქტორებიც იყო გასათვალისწინებელი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.


- იქნება თუ არა მართებული და რამდენად ხედავთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას?


- თავის დროზე იმ უმრავლესობას მივეკუთვნებოდი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან დადებითად არ აისახებოდა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მითუმეტეს, ვერც საზოგადოებას და ვერც ოპოზიციურ ძალებს ვერ დაარწმუნებ, რომ რაიმე ფორმით არ მონაწილეობს მმართველობაში ივანიშვილი, ამ ფონზე, რასაკვირველია, უმჯობესია, ამან მიიღოს ლეგიტიმური ხასიათი, ვიდრე არაფორმალურ მმართველობაზე იყოს საუბარი. რამდენად შედის დაბრუნება მის პირად გეგმებში, ეს ჩემთვის უცნობია, მაგრამ ეს შესაძლებელია, ძალიან ბევრ რამეზე იყოს დამოკიდებული. თუ გაჩნდა აუცილებლობა, რომ პარტია „ქართულ ოცნებას", კოალიციას კვლავ სჭირდება მისი ავტორიტეტი და ლეგიტიმაცია, მაშინ ის უნდა დაბრუნდეს. მინდა, აქვე გითხრათ, რომ მმართველობაში ლეგიტიმაციის პრობლემა იგრძნობა. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინსტიტუტები - საპრეზიდენტო, მერის, პრემიერის. ლეგიტიმაციის პრობლემი, ჩემი აზრით, ყველას აქვს. ეს ადამიანები არიან ის პერსონები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით, მისი ლეგიტიმაციით არიან თანამდებობებზე. ამ ფონზე, მე არ გამოვრიცხავ და არც კატეგორიულად უარვყოფ ივანიშვილის დაბრუნებას.


- კიდევ ერთი ტერაქტების სერია განხორციელდა ბრიუსელში. რამდენად არის ჩვენი ქვეყანა ტერორისტების თავდასხმების სამიზნე და რამდენად რეალურია საფრთხეები?


- ჯერჯერობით საქართველო ტერორისტების სამიზნე არაა... რაც მთავარია, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ანტიტერორისტული ღონისძიებების მოჩვენებითი და ხელოვნური გაძლიერება. როგორც წესი, სერიოზული ანტიტერორისტული ღონისძიებები საზოგადოების თვალისთვის შეუმჩნეველია. ეს არ არის აეროპორტში ავტომატგადაკიდებული პირების ძაღლებით სიარული. ანტიტერორისტული ღონისძიებები ეფექტურია მაშინ, როცა ამას საზოგადოება ვერ გრძნობს. ამასთან, თვალნათელი ქმედება საზოგადოების დათრგუნვასაც იწვევს, თუმცა ვთვლი, რომ მოსახლეობამ არსებული საფრთხეები რაღაც დონეზე უნდა გააცნობიეროს. ჩვენთან უფრო პრევენციული ხასიათის ღონისძიებებია გასტარებელი, რათა რეკრუტირება არ ხდებოდეს იგივე „ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ჩვენი მოქალაქეების. ასეთი მიზნებით საქართველოდან გასული ყველა მოქალაქე მერე გარკვეული საფრთხის მომტანია, იმიტომ, რომ მათი სამოქმედო ასპარეზი მათ გონებაში არის მათივე ქვეყანა.


- იმ ფონზე, როცა ევროპაში არაერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა, „ნაციონალური მოძრაობა", საქართველოს სუს-ის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას ითხოვს. რამდენად მართებულია ეს მოთხოვნა?


- ამ პირობებში, როცა ქვეყნის წინაშე უამრავი საფრთხეა, როცა ასეთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში გვიწევს ცხოვრება, არ მესმის სუს-ის გაუქმების მოთხოვნა. სხვა საკითხია, ამ სამსახურის შინაარსობრივი რეფორმირება მოვახდინოთ.


- უფრო კონკრეტულად...


- გეტყვით ჩემს აზრს: ეს სამსახური ძირითადად უნდა იყოს კონცენტრირებული კონტრდაზვერვით ამოცანებზე. მიმაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით ანტიკორუფციულ ღონისძიებებს უსაფრთხოების სამსახური არ უნდა ახორციელებდეს. გარდა ამისა, შესაძლებელია ვისაუბროთ გამოძიების მთლიან რეფორმირებაზე და ერთიანი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე. მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება არის მიუღებელი. დღესაც ვთვლი, რომ ის ე.წ. რეფორმა შეეხო მხოლოდ ხელმძღვანელის დანიშვნას, მაგრამ შინაარსობრივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში არაფერი შეცვლილა. ასევე მომხრე ვარ, ანტიკორუფციული დეპარტამენტი არსებობდეს შს სამინისტროში. რადგან მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ძირითადად დაკავებული უნდა იყვნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წინააღმდეგ კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელებით. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება არ არის პირველხარისხოვანი მოთხოვნილება, გამოძიებას ენიჭება მესამე, მეოთხე ამოცანის როლი ამ სამსახურის ფუნქციონირებაში. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სხვა ფუნქციები გაძლიერდეს. ასე რომ, თუნდაც ევროპაში ასეთი დაძაბული ვითარების ფონზე, ტერორიზმის მომეტებული საფრთხის პირობებში, ვფიქრობ, ამ სამსახურს კიდევ უფრო სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, არათუ გავაუქმოთ ის. ეს სამსახური უნდა იყოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალებითდაკავებული და ამავდროულად ის დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესებისგან.


- ქორწინების დეფინიციის შესახებ ჩანაწერი თუ უნდა გაკეთდეს კონსტიტუციაში?

 

- მიმაჩნია, რომ უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობის ინტერესები არ იყოს გათვალისწინებული. დემოკრატია არის უმრავლესობის მმართველობა. ამას ანტიკური ფილოსოფოსებიდან დაწყებული, ჩერჩილით დამთავრებული ყველა ამბობდა. დემოკრატია არის არჩევანის უფლება, არჩევნებში გარკვეულ მდგომარეობას აღწევს უმრავლესობა. ამიტომ, თუ უმრავლესობის მოთხოვნა არის, რომ ეს ჩანაწერი შევიდეს კონსტიტუციაში, უნდა ჩაიწეროს კიდეც. თუმცა ეს არ გამორიცხავს შეუწყნარებლობას ნებისმიერი უმცირესობების მიმართ; იქნება ეს კანის ფერი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია თუ სხვა. ჩვენი საზოგადოება ვერ იქნება ისეთი, როგორიც დასავლეთევროპული საზოგადოება, თუმცა, ეს სრულებით არ ნიშნავს ევროპის სხვა ღირებულებებთან შეუთავსებლობას.




 

right_banner
არქივი
right_banner