logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შეფასებები კეთდება ისე, რომ გადაწყვეტილება წაკითხულიც არ აქვთ
- +

6 მარტი. 2017. 15:40




როგორ წარმოუდგენია მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა? რამდენად დაარტყამს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს? ამ საკითხზე „პრაიმტაიმი" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ესაუბრა:


- ვისურვებდი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა მხარემ სცეს პატივი. დიდი პალატის გადაწყვეტილებაზეა საუბარი და ნებისმიერი მოქალაქის ვალია, რომ მას დაემორჩილოს. დღეს სასამართლო არის სრულიად თავისუფალი სახელმწიფო ინსტიტუტი და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი აბსოლუტურად განსხვავებულია წინა წლებისგან, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ლეგიტიმაციის ხარისხს მოკლებული ვერ იქნება.


- თუმცა ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით... საკმაოდ მკაფიო იყო ამერიკის საელჩოს განცხადება, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შეშფოთებაა გამოხატული... გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროპარლამენტარების მწვავე შეფასებები.... მოვისმინეთ 18 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადებაც, სადაც, ასევე, შეშფოთებაა გამოთქმული... როგორ ფიქრობთ, ხომ არ დააზარალებს ეს საქმე თქვენი ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯს?

- ასეთი განცხადებები მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენი უცხოელი პარტნიორების შეშფოთება, შეიძლება ითქვას, ბუნებრივიცაა. ისინი ნამდვილად ფიქრობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნას საქართველოში 2012 წელს მოპოვებულ ღირებულებებს, მაგრამ ასეთი ნიშნები ნამდვილად არ არსებობს და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამგვარი ლოგიკა ვერ აეგება. როდესაც ჩვენი პარტნიორების რეაქციაზე ვსაუბრობთ, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ჯერ ყურადღებით გაეცნობიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გააკეთებენ დამატებით შეფასებებს ამასთან დაკავშირებით და ისინი სასამართლოს დამოუკიდებლობასაც უსვამენ ხაზს. ზოგადად, ძალიან დასანანია როდესაც ქვეყნის შიგნით ვისმენთ ჩვენი პოლიტიკოსების თუ სხვა ადამიანების შეფასებებს ისე, როდესაც არც ერთ მათგანს სასამართლოს გადაწყვეტილება წაკითხული არ აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტაცია, ანუ სამოტივაციო ნაწილი ნანახი არავის აქვს, მაგრამ წინასწარვე აპრიორში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო. ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ დაინტერესებაზე და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგზე.


- აპირებთ იგივე საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრას და მათთვის თქვენი პოზიციების გაცნობას?

 

- დღეს და ხვალ კონკრეტულად ამ საქმეზე რომ იგეგმებოდეს ასეთი შეხვედრა, მოგატყუებთ. ჩვენს უცხოურ პარტნიორებთან შეხვედრები და კომუნიკაცია გვაქვს მუდმივ რეჟიმში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი და ცხადია, მათ მიეწოდებათ არგუმენტირებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად დისტანცირებული იყო მთელი ამ პროცესისგან. თქვენ ნახეთ იმ ძალიან დიდი და წარმატებული მუშაობის შედეგი, რასაც რამდენიმე დღეა, საქართველომ მიაღწია ვიზალიბერალიზაციის სახით. ჩვენ ამით პრაქტიკულად კარი გაგვიღეს ევროპაში. ეს იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც საქართველომ ძალიან წარმატებით გაიარა და განახორციელა. ეს დამსახურებაა იმის, რომ მედიის დამოუკიდებლობა მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი, ამას არ შეიძლება ჩრდილი მიადგეს სასამართლოს ერთი გადაწყვეტილებით მაშინ, როდესაც, ასევე, ვიცით, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი შეუდარებლად მაღალია წინა ხელისუფლების დროს არსებულ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხთან.


- თქვენ აღნიშნეთ, რომ ნიკა გვარამიამ პრაქტიკულად აღიარა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, როდესაც მეორე მხარეს კონკრეტული გარიგება შესთავაზა... თუმცა იმავე ნიკა გვარამიას ორგანიზებით, საპროტესტო აქციები დაანონსდა...


- არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდან ეს იყო ნაჩქარევი და გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება, რომ მეორე მხარესთან დაეწყო ვაჭრობა. მან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ტელეკომპანიის დათმობა შესთავაზა გამარჯვებულ მხარეს, რაც, დიახ, ნიშნავს, რომ მან ირიბად აღიარა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. ალბათ, მის პოლიტიკურ გეგმებს ეს არ აწყობდა, რადგან ამით მან პრაქტიკულად აღიარა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი. თუკი სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რატომ სთავაზობდა ის საქმიან წინადადებას ქიბარ ხალვაშს. გვარამიამ ამით ორი რამ აღიარა: პირველი - მან კარგად იცის, რომ სწორედ ქიბარ ხალვაშთან აქვს საქმე და სხვა პოლიტიკოსები, ხელისუფლება იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, აქ არაფერ შუაშია და მეორე - მან აღიარა, რომ რეალურად სასამართლოს გადაწყვეტილება არის სწორი.

 

- ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია თქვენი გუნდის მხრიდან „რუსთავი 2"-ის მიკერძოებასთან დაკავშირებით, რომ ის არ არის ნეიტრალური მხარე და რომ ის წარმოადგენს ყოფილ ხელისუფლებას... არ ფიქრობთ, რომ თქვენი გუნდის ასეთმა განცხადებებმა გაამძაფრა ეჭვები პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით?


- ვერ დაგეთანხმებით, რომ სიმართლის ლაპარაკი შეიძლება გახდეს გარკვეული ეჭვების საფუძველი. ეს იყო მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ სიმართლის საუბარი ამგვარად შეეფასებინათ. რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ „რუსთავი 2" ახორციელებდა და ახორციელებს პარტიულ მიზნებს და ის არის პარტიული ტელევიზია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს ფუნქციონირების უფლება, მე ვუსურვებ „რუსთავი 2"-ის ყველა ჟურნალისტს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას თავის საქმიანობაში, სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობას და ა.შ. ჩვენ ნამდვილად ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ყველა ადამიანს, ვინც კრიტიკულად აფასებს ამ გადაწყვეტილებას, იქით მინდა კითხვა დაუსვა: რა უნდა გვექნა, მათთვის რომ დაგვეჯერებინა, თეორიული შანსიც რომ დაგვეშვა მათგან, რა უნდა გაგვეკეთებინა? ჩავრეულიყავით გვარამიას სასარგებლოდ? ჩავრეულიყავით „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ, თუ რა უნდა გვექნა? რა უნდა გაგვეკეთებინა ამ შემთხვევაში? ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ გველაპარაკა სიმართლე, მიგვენდო სასამართლოსთვის ეს საქმე და სწორედ მართლმსაჯულებამ გამოიტანა თავისი გადაწყვეტილება. ასე უნდა მოხდეს საქართველოში ყოველთვის. არასდროს არავინ არ უნდა ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლო მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყოს როგორც ხელისუფლებისგან, ასევე სხვა ზეგავლენებისგან და მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი მედიაპლურალიზმი. სამწუხაროდ, ამ საქმისგან დისტანცირებული არ იყო „ნაციონალური მოძრაობა", თუმცა ეს იმხელა პრობლემას არ წარმოადგენს, როგორიც იქნებოდა ხელისუფლების ჩარევა. ამიტომაც ჩვენ, ხელისუფლება, მაქსიმალურად დისტანცირებული ვიყავით სამართლებრივი დავისგან. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს ტელევიზია არ ეკუთვნით „ნაციონალურ მოძრაობას" და მათ წარმომადგენლებს და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.

 

- თუმცა „ნაციონალური მოძრაობა" არ არის ერთადერთი... წეღან არასამთავრობო სექტორი ვახსენე... პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს დღეს „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას...


- მოგახსენებთ, რომ ადამიანების გარკვეული წრე აკრიტიკებს გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ ბუნებაშიც კი არ უნახავს და არ იცის, რა წერია ამ გადაწყვეტილების არგუმენტაციაში, არ იცის, რითია ის დასაბუთებული.

 

- რატომ დგებოდა თითქმის ყველა ინსტანციაში კითხვის ნიშნის ქვეშ „რუსთავი 2"-ზე მიღებული გადაწყვეტილება? რას ფიქრობთ ამაზე?


- ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის შედეგი. სხვა კითხვის ნიშნები იქ არ არსებობდა. როგორ შეიძლება სასამართლოს მიმართ ეჭვები გაჩნდეს ერთადერთ საქმეზე, და სხვა ქონებრივ დავებში ეჭვები არ გამოთქმულა. ჩვენ ვიცით წინა პერიოდი 2012 წლამდე, როდესაც ყოველ მეორე საქმეზე ასეთი ეჭვები იყო და ყოველ მეორე საქმეზე ვხედავდით ტენდენციურობას. ამ შემთხვევაში ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" მოგონილ ტენდენციურობას და კითხვის ნიშნებს. ერთ რამეში დავეთანხმები ყველას, რომ სასამართლოს არც ერთ მომენტში არ მიეცა თავისუფლად გადაწყვეტის საშუალება, ყოველთვის იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. თუმცა ნახეთ, რომ დიდი პალატის ცხრავე მოსამართლემ ერთხმად მიიღო ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით.


 

- როგორ წამოგიდგენიათ ამ გადაწყვეტილების აღსრულება იმ ფონზე, როდესაც მენეჯმენტი არ აპირებს ტელევიზიიდან გამოსვლას, ახალი მფლობელისთვის გადაბარებას და მაინტერესებს, ხომ არ მოუწევს ხელისუფლებას ძალის გამოყენება აღსრულების კუთხით?..


- არა მგონია, ჩემი მხრიდან სწორი იყოს საუბარი აღსრულებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ნებისმიერ სიტყვაზე ჩასაფრებულები არიან. ერთადერთი, მოვუწოდებდი გამარჯვებულ მხარეს, რომ მსგავს ქმედებებზე არ წასულიყო და სააღსრულებო საქმიანობა ამ შემთხვევაში მსგავსი მეთოდებით არ განხორციელებულიყო, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს.




მირიან ბოქოლიშვილი





 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner