logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: სააკაშვილის პერიოდში ეს ადამიანები დახოცილები იქნებოდნენ!
- +

14 მარტი. 2017. 16:48



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, „რუსთავი 2"-ის საქმესა და ე.წ. ციანიდის საქმეს გამოეხმაურა. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში გამართული აქცია დესტაბილიზაციის მცდელობა იყო და დასძინა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება.


 

- როგორ შეაფასებთ ბათუმში გამართულ აქციას? თქვენი აზრით, ეს იყო პოლიციის მიერ დაწერილი ჯარიმის გამო გამართული აქცია თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?


- ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, წარმოუდგენელია. ეს არის მცდელობა სახელმწიფოებრივი წყობის არევის, ქაოსის, დესტაბილიზაციისა. ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ვუწოდოთ, მაგრამ ასეთი ქმედებებით, შესაძლოა, ბევრი არც არაფერი დააკლდეს. ეს იყო ვანდალიზმი და ბარბაროსობა.


არ ვიცი, რა უსამართლობა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ გამოვიდეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი და ქალაქის ასეთი დალეწვა მოინდომოს, როდესაც არსებობს სასამართლო, პოლიცია, არასამთავრობოები, სახალხო დამცველი.


შესაძლოა, ხარვეზები არსებობდეს, მაგრამ მნიშვნელოვნად გამოსწორებულია ყველაფერი და ვერაფერი დაიმალება. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება შენს ქალაქს ასე მოექცე. ველაპარაკე ჩემს ბათუმელ მეგობრებს და წარმომიდგენია, იქ რა ხდება, ბათუმელები, რომლებიც ბათუმის სილამაზით, მისი ისტორიით სუნთქავენ, ამას არ გააკეთებდნენ. ეს უსამშობლო ადამიანების გაკეთებულია.


ისტორია თავის ადგილას დააყენებს ყველაფერს. ზოგჯერ, ჩვენი სულსწრაფობით გვინდა, რაღაც მოვლენებს გადავახტეთ. 2007-2008 წლები მახსენდება, როგორი ხალხმრავალი აქციები იყო, ვის მოუვიდოდა აზრად, რომ დაგველეწა ჩვენი თბილისი, ზუგდიდი, გორი, ბათუმი. იმაზეც კი დაგვცინოდნენ, რომ ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა, ერთი ნაკაწრიც კი არ ყოფილა კედელზე. არავითარი ჩხუბი, ქაოსი, დაპირისპირება... აი, ეს არის განსხვავება, რა ბრძოლა იყო მაშინ და რა იყო ახლა. ჩვენ არც თანამდებობები გვინდოდა და არც რაღაცეების მოხვეჭა. ჩვენ ვამბობდით - საქართველო უპირველეს ყოვლისა - და ამას ვასრულებდით. პოლიტიკაში თუ მოდიხარ, გულით უნდა ემსახურო შენს ქვეყანას, ისე დაგწვავს, დაგფერფლავს, ისეთი სიმხურვალე აქვს. ჩვენ პატიოსნად ვეუბნებოდით იმ ხელისუფლებას, რასაც აშავებდნენ. ვამაყობ იმ სიბრძნით, რომელიც მაშინ გამოვიჩინეთ და მადლობა უფალს, რომ მე ამ ბრძოლაში ვიყავი, სული არ გავყიდეთ არცერთმა ჩვენგანმა და არ დავუჩოქეთ ამ ნაძირლებს, რომლებმაც ქვეყანა დაღუპეს. ეს ნაგავი გაგვაქვს ყოველდღე და კიდევ დიდ გულზე არიან.


- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და როგორ განვითარდება მოვლენები?


- ძალიან მკაცრად მოვითხოვ გამოძიებას, არა როგორც მოქალაქე ან დეპუტატი, არამედ, როგორც ადამიანი, რომელსაც თავის ქვეყანასთან რაღაც აკავშირებს. არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ უნდა გაირკვეს, ვინ იდგა ამ ადამიანების ზურგს უკან. მეორე საკითხია, რა მოხდა იქ, რა ინციდენტი იყო, ესეც უნდა გაირკვეს. თუ პოლიციელია დამნაშავე, უნდა დადგინდეს, რა დონის დანაშაული აქვს ჩადენილი. თუ სახელი არ დაერქვა ამ ყველაფერს, მაშინ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის გაუცხოება მოხდება.


 - როგორ შეაფასებთ სამართალდამცავების მუშაობას და ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას?


- რაც შეეხება პოლიციის მოქმედებას, მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, რადგან ძალადობის გარეშე განეიტრალდა სიტუაცია. სააკაშვილის პერიოდში ეს ადამიანები დახოცილები იქნებოდნენ და არამარტო ისინი, არამედ მათი ოჯახებიც და სამეგობროც. მათ თქვენ ვერ იპოვიდით, გადაკარგულები იქნებოდნენ. ამის მაგალითები გვაქვს უახლეს ისტორიაში - სად არის სულხან მოლაშვილი, სად არის სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და სხვა ბიჭები? რის შედეგად გაქრნენ? ამათზე უარესი დაემართებოდათ. ეს არის ის პროფესიონალიზმი, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა" თვითონაც მწარდება. კარნახობენ კიდეც ხელისუფლებას, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მათ სეირის ყურება უნდათ და სეირის ყურება უნდოდათ მაშინაც. ხელისუფლებასაც უნდა გადაემეტებინა ძალა და მერე იტყოდნენ, მე რატომ მაყვედრებ, შენც ხომ გადაამეტე ძალას, შენც ხომ დახოცე მომიტინგეებიო... არ შეიძლება, ბეღურას ესროლო ზარბაზნიდან, ადეკვატური ძალა უნდა გამოიყენო, მაგრამ რეზულტატი უნდა იყოს სიტუაციის განტვირთვა, განეიტრალება და შემდეგ უნდა ჩართო კანონი. თქვენ გახსოვთ, პატარა ინციდენტზეც კი წინა ხელისუფლებას სპეცრაზმი გამოჰყავდა. მოსაკლავად მისდევდნენ ბოლომდე და რაც კი გზაზე შეხვდებოდათ - მანქანები თუ სხვა, ყველაფერს ლეწდნენ. უცხოელები გაგიჟებულები იყვნენ, პირველად ვნახეთ, რომ მომიტინგეები კი არა, ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიციელები აკეთებდნენ ამასო. თუ ხარვეზებზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ დანაშაული და ბოროტება არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც არ გამოსწორდება, თორემ ხარვეზი გამოსწორებადია.


- ტურისტული სეზონი მოდის, თქვენი აზრით, იმოქმედებს თუ არა ბათუმში განვითარებული მოვლენები ტურისტების რაოდენობაზე?


- ადგილობრივი მოსახლეობა ემზადება და მოლოდინი აქვს, რომ ბევრი სტუმარი ჩამოვა და რას აკეთებს ამ დროს ის ხალხი, ვისაც გუშინდელ აქციასთან კავშირი ჰქონდა? მით უმეტეს, როცა უსაფრთხო ქვეყნების სიაში ვართ. ჩვენი ქვეყანა სტუმართმოყვარეობით არის ცნობილი, ახლა ნელ-ნელა ვსწავლობთ, როგორ გავუმასპინძლდეთ სტუმრებს, მაშინ, როცა მათი რაოდენობა გაზრდილია და ამ დროს რას აკეთებს ეს ხალხი ამისთვის?

 

- არსებობს ინფორმაცია, რომ ეს აქცია უკავშირდებოდა აჭარლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რომ ისინი არა ქართველები, არამედ თათრები არიან და თითქოს მათი დისკრედიტაცია ხდებოდა...


- იმის თქვა ხაზგასმით, რომ შენ გორელი ხარ ან აჭარელი, არაფრით არ შეიძლება, მიუღებელია ჩემთვის. შეიძლება, ადამიანი არ შეესაბამებოდეს ან ვერ გაუძღვეს სამსახურს, გორელობა და ბათუმელობა არაფერ შუაშია. ზოგადად, საქართველო პატარა ქვეყანაა და იმისათვის, რომ კორუფცია აირიდოს სახელმწიფომ, როტაცია ხდება, მაგალითად, გორელი პოლიციელები შეიძლება გადაიყვანონ კახეთის პოლიციაში. თუ ასე ხმამაღლა ვიძახეთ, რომ გამგებელი ტყიბულელია და ჩვენ მას არ დაველაპარაკებით, ასე არ შეიძლება. თუ მან არ იცის თავისი საქმე და არ შეუძლია კომუნიკაციის დამყარება, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ასეც არ შეიძლება.


- უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც ტელევიზია ქიბარ ხალვაშს უნდა დაუბრუნდეს, თუმცა,  ევროსასამართლომ „რუსთავი 2"-ის მიერ გაგზავნილი საჩივრის საფუძველზე აღსრულება შეაჩერა. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ ან სტრასბურგის სასამართლომ?


- სადაც ჩავდივართ, ყველგან ეტყობა, რომ თავისი ქვეყნით ამაყობენ. ჩვენ რა გვჭირს, არ მესმის. ვინ ვართ და რა გვინდა, ხომ უნდა გვეტყობოდეს?! იყო დრო, როდესაც სამართალზე და სასამართლოზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლებოდა, ადამიანებს იტაცებდნენ, საერთოდ აორთქლებდნენ. რომელ ინსტანციაზე უნდა გველაპარაკა? ახლა უკვე ისეთი გამჭვირვალე ხდება პროცესები, ავად თუ კარგად, ნელი ნაბიჯებით, ყოველ შემთხვევაში, სამივე ინსტანცია ამუშავდა. საქმე, რომელიც გადის სამ ინსტანციას, ვინც არ უნდა იყოს, ასე წყალში უნდა ჩაყაროს? ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და აუცილებელია მათთან თანამშრომლობა, მაგრამ ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა იყოს. ეჭვებს ბადებს ის, რომ სტრასბურგში, ყველამ კარგად იცის, რამდენი საქმეა წასული და წლების განმავლობაში არაფერი გადახედილა. ერთ დღეში 18 ტომის გაცნობა და გადაწყვეტილების მიღება - სულელები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ. შეიძლება, მტერს ვერ მოვერიო, მაგრამ ვიცოდე მაინც, წავიკითხო ვითარება და ასე ყველაფერი არ დავიჯერო. ასე იყო მაშინაც, როცა ჯალათები ბოგინობდნენ ჩვენს ქვეყანაში, მასალებსაც ვაწვდიდით და ვეუბნებოდით, რომ მკვლელი იყო ქალაქში, რომელიც ხალხს ხოცავდა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდათ. ასე რომ, მივყვეთ პროცესს, ნუ დავიწყებთ ვიღაცეების ლანძღვა-გინებას, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სასამართლოს და არა მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ანულირებული იყოს. ჩვენ გვექნება ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც ამ პროცესების შემდეგ ჩამოგვიყალიბდება.

 

- თქვენი აზრით, უნდა გაასაჯაროოს თუ არა „რუსთავი 2"-მა ის წერილი, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნა და რომლის საფუძველზეც მოხდა აღსრულების შეჩერება?


- მთელი ამბავი ატეხეს, რატომ არ საჯაროვდება „გაზპრომთან" ხელშეკრულებაო და ახლა თვითონ გაასაჯაროონ, რა მისწერეს.

 

- ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ გამოაქვეყნა მტკიცებულებები, კერძოდ კი ვიდეომასალები. როგორ შეაფასებდით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ამ საქმესთან დაკავშირებით?


- ხშირად მეცვლება ხოლმე დამოკიდებულება. ზოგჯერ, ძალიან დიდი სიბრაზე მიჩნდება, შემდეგ რაღაცნაირად ვერევი საკუთარ თავს. არ მინდა, რაიმე ემოციური განცხადება გავაკეთო, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკითხის მიმართ ემოციური დამოკიდებულება არ მაქვს. არ მომწონს ის, რაც ხდება. თუ რამე ქართულ სახელმწიფოებრიობაში არის საყრდენი, ეს არის ეკლესია, რწმენა. ეს ძალიან დიდი ინსტიტუტია, ჩვენი გენეტიკის, ისტორიის ბანკი. არ მიყვარს, თუ ვინმე ამას ცუდად ემსახურება, თუ ვინმე სარგებლობს რაიმე სამოსით და არ არის ისეთი მსახური - ეს ჩემში ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს. თუ დაოკდებიან და თავიანთ ავტოფარეხსაც შეხედავენ, ძალიან კარგი იქნება. არ მინდა, ასეთ დროს პატიოსან და კეთილ მსახურებს რაიმე ჩირქი მოეცხოთ. მოძღვრის დანიშნულება ძალიან დიდია. ისე უნდა მოუარო შენს სულს, შენს გონებასა და გზას, რომ ყველაფერი უნდა გასცე, არა მარტო სული, არამედ მატერიალურიც, ზოგჯერ, რაც თვალში ხვდება ადამიანს, ვფიქრობ გამაღიზიანებელია, ისე, როგორც გამაღიზიანებელია თავისუფალი სიტყვის და დემოკრატიის შირმის უკან ამოფარება. ხშირად, ადამიანებს მზაკვრული აზრები ამ შირმის უკან აქვთ დამალული და ეს გადადის აღვირახსნილობაში, რაც მოსახლეობას ძალიან აღიზიანებს. ყველაფერი გამოჩნდება, არაფერი არ იმალება და პასუხები სჭირდება მოსახლეობას. 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner