logo_geo
eng_logo
რა კავშირი აქვს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან - ინტერვიუ დავით ჭიჭინაძესთან
- +

15 მარტი. 2017. 21:07



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე „რეპორტიორთან" საუბარში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დროული რეაგირება მოახდინა. 


დეპუტატი ასევე შეეხო „რუსთავი 2"-ის საქმეს, ე.წ. ციანიდის საქმესა და პრეზიდენტის არჩევის წესს.

 

- ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, რამდენად დროული იყო ხელისუფლების მოქმედება?


- ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სააკაშვილის პერიოდში, როგორც კი პატარა მიტინგი იკრიბებოდა, კუდ-ი და სოდ-ი მობილიზებული იყვნენ, ქუჩები გადაკეტილი იყო და მზადდებოდა მზაკვრული გეგმა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა, ეს არ იღებს ასეთ ფორმას. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ეს პროცესი მშვიდობიანი ყოფილიყო და არ გადაზრდილიყო ექსცესებში, მაგრამ სამწუხაროდ, ვიღაცას ძალიან აწყობდა პროცესების გართულება. ხელისუფლების რეაგირება იყო დროული, რადგან წინასწარ გართულების საბაბი იქ არ ჩანდა. ეს იყო ყოფითი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია დაპირისპირება.


- თქვენი აზრით, ეს იყო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე პროტესტი თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?


- ნელ-ნელა იკვეთება ყველაფერი, ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ორგანიზატორი. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მეორე დღესაც აანონსებდა შეკრებას, გახსოვთ, ალბათ, ვარშალომიძის მოწოდება და იკვეთებოდა სცენარი, რომ ადამიანებს უნდოდათ დესტაბილიზაციის მოწყობა. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 12 მარტს აფხაზეთში ე.წ. არჩევნები ჩატარდა. განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდა რუსული სამხედროების მობილიზება. ასე რომ, 200-ლარიანი ჯარიმის გამო, არ მგონია, რომ ასეთი ამბავი მომხდარიყო. დამეთანხმებით ალბათ, რომ ჩვენს ქალაქში დარღვევა საკმაოდ გახშირებულია, შეიძლება ისეთი შემთხვევაც კი იყოს, რომ ჩხუბითაც შეიძლება დამთავრდეს, კანონდარღვევა რომ არ იყოს.


- თქვენი აზრით, მართული პროცესი იყო?


- ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მანქანების გადატრიალებები, დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილები", ქვებით სავსე ტომრები - ასეთი რამ სპონტანურად არ ხდება და ეს ყველაფერი სცენარს ჰგავდა. თქვენ გახსოვთ კიდეც, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში განზრახ ძაბავდა სიტუაციას, თითქოს რაღაც საშინელება ხდებოდა, არადა, სიტუაციის განეიტრალების დროს, პირიქით, იყო მოწოდებები, რომ პოლიციას არ დაეზიანებინა მოსახლეობა. საკმაოდ ჰუმანურად მოხდა ეს ყველაფერი.


- თქვენ ახსენეთ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რუსი სამხედროების მობილიზება. თქვენი აზრით, აქვს ამას რაიმე საერთო ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან?


- მე ვფიქრობ, ამ ყველაფერს კავშირი აქვს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან. სააკაშვილის ხელისუფლებას ბევრი რაღაც აქვს გაკეთებული, რომელიც რუსებს აწყობდათ, ალბათ, ერთ-ერთი ესეც იყო.

 

- თქვენი აზრით, „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ?


- მოსამართლე არ ვარ, ამიტომ, სამართლებრივად ვერ შევაფასებ. მე, როგორც მოქალაქეს, „რუსთავი 2" ხელს არ მიშლის არანაირად, არც თავისი გადაცემებით, არც ტენდენციურობით, რადგან ეს მათი არჩევანია. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩამოყალიბებული ფსიქიკა გვაქვს. მათი აკრძალვა არც ხელისუფლების ინტერესებში არ არის. „რუსთავი 2" საკმაოდ ტენდენციურია, თუ დავაკვირდებით, ჩვენი ხალხი კი საკმაოდ ბრძენია იმისთვის, რომ გაარკვიოს, სად არის სიმართლე და სად - სიცრუე.


- როგორ ფიქრობთ, უნდა გაითვალისწინოს თუ არა ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება?


- თუ ჩვენ ევროპული გზა გვაქვს, ჩვენი პარტნიორების აზრი ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ.


- პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეომასალა გამოაქვეყნა. თქვენი აზრით, რამდენად სარწმუნოა ის ჩანაწერები, რაც საზოგადოებამ იხილა?


- სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ვცდილობ მაგ თემაზე შეფასებების გაკეთებას. ეკლესია ძალიან სათუთი თემაა ჩვენი ხალხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ვფიქრობ, ეს მათი შიდა პრობლემა უფროა. თვითონ სამართალდამცავების ქმედებას რაც შეეხება, დაველოდოთ გამოძიებას და ეს იქნება ყველაფერზე პასუხი. ყველაზე ობიექტური და სამართლიანი შემფასებელი მათთვის ეკლესია იქნება. ასე რომ, სამართალდამცავებს ძალიან დიდი გამოცდა ელით წინ.


- პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, თქვენ რომელ მოსაზრებას უჭერთ მხარს, იმას, რომ ქვეყნის პირველი პირი პარლამენტმა  აირჩიოს თუ მისი არჩევა პირდაპირი წესით უნდა მოხდეს?


- ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარე წარმოადგენს შესაბამის არგუმენტებს - პირდაპირი წესით უნდა მოხდეს მისი არჩევა თუ პარლამენტმა უნდა აირჩიოს. მე იმას დავუჭერ მხარს, რომელსაც უფრო წონადი არგუმენტები ექნება.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner