logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ქვების გროვა, ცეცხლგამჩენი საშუალებები და ა.შ. - ასეთი რამ სპონტანურად არ ხდება
- +

16 მარტი. 2017. 21:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს „რეპორტიორთან" საუბარში გამოეხმაურა. როგორც კობალაძემ აღნიშნა, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ქვეყანას ჰყავს კაცთმოყვარე ხელისუფლება. მისივე თქმით, ქვების გროვისა და სხვადასხვა ცეცხლგამჩენი საშუალების მობილიზება სპონტანურად არ ხდება, ამიტომაც არსებობენ სუბიექტები, რომლებიც მართავდნენ პროცესს.



- თქვენი აზრით, ბათუმში განვითარებული მოვლენები პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის პროტესტს უკავშირდებოდა თუ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?


- ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება განსაზღვრავს კონკრეტულ პირებს, რომლებიც იყვნენ ინიციატორები და სულის ჩამდგმელები იმ ბაკქანალიაზე, რაც ბათუმში ხდებოდა.


სხვადასხვა აზრი და სხვადასხვა მიმართულება მოვისმინე, მაგრამ ფაქტი არის ერთი, დამოუკიდებელი საქართველოს მთელი არსებობის განმავლობაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან არ ყოფილა ასეთი რადიკალური და ძალადობისკენ მიმართული აქცია. როდესაც ორგანიზებულად არის მოტანილი ქვების გროვა, ცეცხლგამჩენი საშუალებები და ა.შ., ასეთი რამ სპონტანურად არ ხდება. მეორე მომენტია, საკმაოდ მძიმე რეგიონში გვიწევს ცხოვრება, გვიწევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის არამარტო შენარჩუნება, არამედ განვითარება და ცოტა უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ საფუძვლებს. გამოძიება მიმდინარეობს, უბრალოდ, გარკვეული პოლიტიკური მიმართულების სუბიექტები გამოჩნდნენ, რომლებიც ცდილობდნენ თუ მართავდნენ ამ პროცესებს, ამაზე მიდის გამოძიება. არსებობს შესაბამისი დოკუმენტური მასალა,  შესაბამისი დასკვნები და ამას ვუყურებდით ჩვენ.


- რამდენად დროული იყო და ზოგადად, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების რეაგირებას?


- დღევანდელმა დღემ დაანახა ყველას, ჩვენს საზოგადოებასაც და მსოფლიოსაც, რომ საქართველოს ჰყავს არა კაცთმოძულე, არამედ კაცთმოყვარე ხელისუფლება, რომელსაც პრიორიტეტად დასახული აქვს ადამიანის გამოხატვის უფლება, რომელიც არანაირად არ იზღუდებოდა, პირიქით, დიალოგის რეჟიმზე იყო გადასული, უბრალოდ, როდესაც ამ ყველაფერმა მიიღო აგრესიული, ვანდალური სახე, ამის შემდეგ, სახელმწიფოს სხვა არა დარჩენოდა რა, თუ არა, აღეკვეთა ეს ვანდალიზმი ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ბათუმში. ისმოდა აბსოლუტურად გაუმართლებელი და აგონიური კუთხური გამოძახილები, რომელიც მოსატანი არ არის არავითარ მიმართულებაზე, პირიქით, კიდევ გეუბნებით, ჩვენ დავდივართ დანის პირზე და ნებისმიერ ქმედებას აქვს თავისი მომენტი და თავისი გაგრძელება, არ შეიძლება, ნებისმიერი თემით და საშუალებით გავამართლოთ ის, რომ ქვეყანაში არეულობა შემოვიტანოთ.


- ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ცხინვალის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაექვემდებარა. როგორ ფიქრობთ, ეს მოსკოვისთვის გარკვეული პროვოკაციის საგანი ხომ არ არის და რა საფრთხის მატარებელია?


- 2008 წელს, როდესაც მოხდა იმ მოვლენების განვითარება, რომელსაც მოჰყვა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება, სურათი გვაქვს ის, რომ ჩვენი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები აღნიშნულ ტერიტორიებზე არ ვრცელდება, ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც ამ ტერიტორიებზე ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. აქედან გამოიმდინარე, არ შეიძლება, რომ ეს მოვლენები ჩვენგან დადებითად იყოს შეფასებული. რაც შეეხება შემდგომი პროვოკაციების საკითხს, - ჩემი აზრით, იმაზე მეტი პროვოკაცია, რომ ტერიტორია არის ანექსირებული და ოკუპირებული, რომ ჩვენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არის სხვა სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული, ამაზე მეტი პრობლემა, ამ ეტაპზე არ არის. ჩვენი ნებისმიერი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი, ძლიერი და საერთაშორისო ნორმებსა და სამართალში ინტეგრირებული.


- ამ ეტაპისთვის რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს?


- ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ ვიღაცის გადაწყვეტილებებზე მორგებული ვიყოთ. სხვა ქვეყნის ხელმძღვანელი მოქმედებს თავისი სახელმწიფოს სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიიდან გამომდინარე.


- პროკურატურამ გამოაქვეყნა ე.წ. ციანიდის საქმის მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეომასალა. როგორ შეაფასებთ ბოლო პერიოდში ამ საკითხის გარშემო განვითარებულ მოვლენებს?


- საერთოდ, არ მახასიათებს იმ თემებზე საუბარი, რაც მე არ ვიცი. ჩართულები არიან საგამოძიებო სტრუქტურები, მათ მეტი საშუალებები აქვთ ამ მიმართულებით, რათა შესაბამისი ანალიზი ჩაატარონ, ამის შემდეგ საბოლოო ვერდიქტი არის სასამართლოზე. მე, რა თქმა  უნდა, უარყოფითად ვაფასებ, რადგან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და სიმძიმე, რომ ვიყოთ გარკვეული რელიგიის წარმომადგენლები, ჩვენი სულიერი მოძღვარი არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საქართველო არის ტერიტორია, რომელიც ოაზისი იყო ნებისმიერი კონცეფციის და ძალმომრეობა არცერთ მიმართულებაზე წახალისებული არ არის, პირიქით, ჩვენი რელიგია კაცთმოყვარეობასა და უდიდეს სიყვარულზე არის აწყობილი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს აქტი ვის წინააღმდეგ იყო მიმართული, ეს იყო პირველი პირი თუ უბრალო მოქალაქე - ეს არის ამაზრზენი. დანარჩენი მივანდოთ გამოძიებას.


- როგორ შეაფასებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2"-ის საქმეზე აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით?


- ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს დამატებით საგამოძიებო მასალების მიწოდებას. დაველოდოთ ამ პროცესებს. მე არ ვარ ისე ღრმად ჩართული ამ საკითხებში, უბრალოდ ვიცი, რომ სამართალმა თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს. ჩემზე მეტი კომპეტენციის მატარებლები არიან სამართლის გამოტანაში ჩართულები და მივანდოთ ყველაფერი სამართალს.


 - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო კამპანია „კონსტიტუცია ყველასია". როგორ შეაფასებთ მის ამ ინიციატივას?


- თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ კონსტიტუცია არის ქვეყნის მოსახლეობის, ამას ზედმეტი განცხადებები არ სჭირდება. ჩვენ უბრალოდ, ორგანიზებულად ვართ მოწყობილი იმისკენ, რომ კონსტიტუცია არ იყოს, ვისაც როგორ მოუნდება, თავის თავზე მორგებული.. კონსტიტუცია უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სიძლიერისა და აღმშენებლობის ამოსავალი წერტილი.

 

- გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტმა შესაძლოა, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?


- მკითხაობა ნამდვილად არ მახასიათებს. ვნახოთ, ვინ რას დაადებს და როგორ დაადებს, შესაბამისად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს მოსმენებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, სახელმწიფოს უსაფრთხოება არის უდავო საკითხი, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. ის, რომ პიროვნების გამოხატვის უფლება და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა ქვეყანაში უნდა იყოს ხელშეუხებელი - ამაზე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. დანარჩენი, რაც საჭირო იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მზად ვართ, განვახორციელოთ.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner