logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაფლავდა
- +

17 მარტი. 2017. 22:47



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" ბათუმის მოვლენებზე ისაუბრა. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან რუსეთის ინტერესები იდგეს. მისივე შეფასებით, სპეცსამსახურებმა ყველაფერს კარგად გაართვეს თავი და აქცია მშვიდობიანად დაშალეს.


არეშიძე, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხო.


- ბათუმში გამართული აქცია, თქვენი შეფასებით, იყო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გაპროტესტება თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?

 

- ბათუმში განვითარებული მოვლენები შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს. პირველი ნაწილი, რასაკვირველია, საყოფაცხოვრებო კონფლიქტი იყო პატრულსა და მოქალაქეს შორის. მეორე ნაწილში უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ მოინდომა სიტუაციის გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში არ გამოუვიდა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს პოლიტიკური ძალა. აქაც ორი ვერსია. პირველი - ვთვლი, რომ ეს არის მესამე ძალების მიერ ორგანიზებული ღონისძიება. როგორც ჩანს, სხვა დღეს, სხვა ამბისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ რადგან ასეთი საპროტესტო მუხტი გაჩნდა, გადაწყვიტეს, რომ გამოეყენებინათ. მეორე ვერსია არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ სიტუაციის გამოყენება მოინდომა და პრინციპში, დაიწყო კიდეც ამ ამბავში ჩართვა, მაგრამ ჩაფლავდა, არ გამოუვიდა. ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა, ღირდა თუ არა ქალაქის განადგურება და გადაწვა? ერთი მხრივ, როგორ შეიძლება ადამიანი ამ ვანდალურ შემთხვევას დაეთანხმოს?! ბათუმს ასეთი რამ 90-იანი წლების დასაწყისის მერე არ უნახავს. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც ცინიკურად ჟღერს, მაგრამ შემიძლია ვთქვა. ვფიქრობ, რომ 11 მარტის ღამეს მომხდარი უბედურებით, ჩვენ უფრო დიდ უბედურებას გადავრჩით. ზუსტად იმიტომ, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ, სხვა ქვეყნის თუ ადგილობრივმა, მოინდომა ინიციატივის დროზე უფრო ადრე გამოჩენა, ვიდრე ჩანაფიქრში ჰქონდათ.


- რომელ ქვეყანას გულისხმობთ?

 

- აჭარის რეგიონით დაინტერესება ძალიან მაღალია ჩვენს რეგიონში. თავისი ინტერესები აქვს რუსეთს, თურქეთს, ირანს, სომხეთს და ა.შ. სხვათა შორის, ეს ისტორიულად იყო ასე განპირობებული. ამიტომაც გახდა თავისუფალი ქალაქი თავის დროზე - პორტო ფრანკო - ბათუმი, რადგან ინტერესი იყო ძალიან მაღალი. უამრავი ქვეყნის საკონსულო იყო განლაგებული, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს. ბათუმი იყო შავი ზღვის საკვანძო ადგილი. ახლაც იგივე სიტუაციია. გამიჭირდება იმის თქმა, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიიღეს ამ პროცესში მონაწილეობა, თუმცა, ხელწერა უფრო რუსეთის იყო, რასაც მაფიქრებინებს ის, რომ შავი ზღვის თემა ძალიან აქტუალურია. NATO-ს ინტერესებში შედის აქ ბევრად უფრო აქტიური წარმომადგენლობა და საუბარი გახშირდა ფოთის პორტის სამხედრო-პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ NATO-ს მიერ. ეს იქნება სარემონტო ბაზა თუ ნავსადგური, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამაზე ლაპარაკი მიდის. ფოთიდან ბათუმამდე დიდი მანძილი არ არის, ამიტომ არ გამოვრიცხავ, სადაც დაიწყო საპროტესტო აქცია, იქ მოინდომეს არეულობის მოწყობა და ტესტირება, როგორ მოიქცეოდა ხელისუფლება.



- ისმის კრიტიკა, რომ ხელისუფლებამ დროულად ვერ მოახერხა ბათუმის მოვლენებზე რეაგირება...


- დაშლის ეპიზოდი იყო აბსოლუტურად სწორი და განსხვავებული იმისაგან, რასაც მიგვაჩვია წინა ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ დროზე რეაგირება არ მოახდინა თუ ვერ მოახდინა, მე არ ვიცი. არ არის გამორიცხული, რომ არ მოახდინა, ზუსტად იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური ძალის სახე გამოჩენილიყო. შეეწირა ამას ბათუმის ცენტრი, უამრავი მანქანა, ადამიანების ნერვები... მესმის, ცინიზმია, რასაც მე ვლაპარაკობ, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი რამ პოლიტიკაში არსებობს. იმისათვის, რომ შენს მეტოქეს შეცდომა დააშვებინო და საზოგადოებას დაანახო მისი სახე, შეიძლება საჭიროა, მისცე დრო, რომ თავი გამოიჩინოს.

 

- ბათუმის მოვლენებში სპეცსამსახურების მუშაობას როგორ შეაფასებთ?


- იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის, ვისაც ბათუმში განვითარებული მოვლენები სჭირდებოდა, სასურველი შედეგი არ დადგა, გამოდის, რომ სპეცსამსახურების მუშაობა შედგა. საზოგადოებას არ მოსწონს ის, რომ სპეცსამსახურებსა და პოლიციას ჰქონდათ გარკვეული პაუზა, რამაც ქალაქის დანგრევა გამოიწვია. საზოგადოების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ მოდით, ასეთი ცინიკური გათვლაც დავუშვათ, თავიდანვე რომ აღეკვეთა, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, ამ თემაზე ჩვენ არ ვილაპარაკებდით, რომ ვიღაცა სხვა ძალები იყვნენ ჩართულები. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო აქცია, რომელიც პოლიციამ აღკვეთა. შესაძლოა, კარგიც მოხდა, რომ მავანმა თავისი სახე გამოაჩინა. ხელისუფლებამ გაიარა დანის პირზე, მაგრამ დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან.


- სამომავლოდ თუ არის ასეთი საშიშროება, რომ მსგავსი შემთხვევები განმეორდეს?


- რასაკვირველია, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა რეგიონში ყოველთვის არსებობს იმის საშუალება, რომ მარგინალურმა ანტისახელმწიოებრივმა ძალებმა სახელმწიფოს დაშლა-დაქუცმაცება მოინდომონ. ეს ჩვენ უკვე გავიარეთ. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაგალითმა ჭკუა უნდა გვასწავლოს. ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე, რომ არის ისეთი რეგიონები, სადაც გარკვეული რისკები და გამოწვევები არსებობს, ამ რეგიონებში ყოველთვის მოიაზრებოდა ხოლმე აჭარაც.

 

 

- არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს... თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება ეს მოხდეს?


- შესაძლებელია, ვეტო დაადოს, რადგან პრეზიდენტის მიდგომა უმრავლესობის მიდგომისგან განსხვავდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს. არ დამთავრდა სახელისუფლებო პარტიისა და პრეზიდენტის მუდმივი კონფრონტაციული რეჟიმი, რაც, ვფიქრობ, ერთი მხრივ დემოკრატიული პროცესია, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყნის ინტერესებს ვნებს.


- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანხმობა მისცა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყვნენ. რა შეიძლება შეცვალოს ამან საქართველოსთან ურთიერთობაში?


- ეს იდეა დიდი ხანია ყალიბდებოდა. პირდაპირ ამას არავინ არ ამბობს, მაგრამ კულუარებიდან ჩანს, რომ რაც უფრო აქტიურია საქართველო NATO-ს მიმართულებით, მით უფრო აქტიურია რუსეთი სატელიტი ქვეყნების მიმართულებით. ამას უნდა ველოდოთ და არ უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხშირად ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების მეშვეობით უნდა აღვკვეთოთ რუსეთის ეს ქმედება. სამწუხაროდ, არ გამოვა ეს ამბავი. დასავლელი პარტნიორების მეშვეობით ვერ აღიკეთა ჯერჯერობით ის, რაც ხდება უკრაინაში ან სირიაში. დასავლელი პარტნიორების ინტერესები სწორედ ამ ორი რეგიონით არის დაკავებული. ჩვენ, სამწუხაროდ, ბერკეტები არ გაგვაჩნია, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და 2008 წელმა აბსოლუტურად შეწყვიტა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი. სამხრეთ ოსეთის 200 ჯარისკაცი შევა თუ არა რუსეთის თავდაცვის სისტემაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, თავისთავად, ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები მთლიანად რუსეთის ჯარის შემადგენლობაშია, ნიშნავს, რომ რუსეთის ჯარის ლეგიტიმურობის ხარისხი მოსკოვისთვის სამხრეთ ოსეთში გაიზარდა. ჩვენ, ამ წუთში, განცხადებებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეფემერული მხარდაჭერის გარდა, არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, NATO-სთან ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად რუსეთი თავისი აგრესიის ხარისხს გაზრდის.


- რა სტრატეგია უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად?


- ხელისუფლების მანევრი არის შეზღუდული. მას არ შეუძლია დასავლელი პარტნიორების გარეშე რუსეთთან ურთიერთობის პრობლემის მოგვარება. ხშირად ვამბობთ, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგით რაღაცის გამოსწორება შესაძლებელია. ამ ეტაპზე, არაფრის გამოსწორება არ არის შესაძლებელი! რუსეთი დღეს თავს წარმატებულ მდგომარეობაში გრძნობს. მას შემდეგ, რაც დაიწყო ნავთობის ფასების ახალი ვარდნა, მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს. საბოლოო ჯამში, ის იდეოლოგიური განწყობა, რაც დღეს რუსეთშია, არ აძლევს არავის საშუალებას და მათ შორის, არც აშშ-ს, რომ რუსეთი დაითანხმოს, დაიყოლიოს, ან აიძულოს, უკან დაიხიოს. მხოლოდ უკიდურესი ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში დათანხმდება რუსეთი გარკვეულ უკანდახევაზე. საქართველოს ხელისუფლებას ამ თამაშში შეუძლია მხოლოდ ყუმბარების მიმწოდებლის როლი შეასრულოს. მთავარი დარტყმა მაინც დასავლეთის პრეროგატივაა.


- ფსოუსა და როკის გვირაბთან შვეიცარიელი მებაჟეების განლაგებასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ გაფორმებული შეთანხმება უნდა დაიძრას. რა შეიძლება იყოს სარგებელი ამ შემთხვევაში და რამდენად მნიშვნელოვანია, თუ შვეიცარიელი მებაჟეები განლაგდებიან ამ ტერიტორიაზე?


- ეს არის ეფემერული პოლიტიკური დივიდენდი იმ თვალსაზრისით, რომ ირიბად დამტკიცდება, რომ ეს ტერიტორია არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შავი ხვრელი, ეს არ არის პოლიტიკური სუბიექტი და რომ მათი სუვერენიტეტი, დედამიწის ზურგზე, არავის არ აინტერესებს, მათ შორის არც რუსეთს. სხვა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, აქედან არანაირი შემოსავალი არ იქნება და ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, პრაქტიკულად, შვეიცარიელი მესაზღვრეები ვერ გააკონტროლებენ ტვირთის შემადგენლობას, გარდა ამისა, აფხაზეთის შემთხვევაში, იქ ტვირთები შემოდის რკინიგზითაც, ზღვითაც, ჰაერითაც, რაც შვეიცარიელ მებაჟეებს არ ეხებათ და ისინი მხოლოდ საავტომობილო ტვირთს გააკონტროლებენ. მაშინ, როდესაც 2011 წელს ეს ხელშეკრულება დაიდო, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ცდილობდა, რომ სახე შეენარჩუნებინა, რადგან იძულებული გახდა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმებოდა. სახის შესანარჩუნებლად, ასეთი ტიპის რაღაც მოიგონეს.



- თქვენი აზრით, უნდა გააქტიურდეს თუ არა ეს პროცესი?


- ამ ტიპის ეკონომიკური საექსპერტო შეხვედრების მონაწილე ვარ და ვიცი, რომ ქართულ მხარეს ყველა დოკუმენტაცია მზად აქვს, რუსული მხარე ფეხს ითრევს, საბოლოო ჯამში, ალბათ მოაწერენ ხელს. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის დიდად სასიხარულო არ არის ამ დოკუმენტის რეალიზაცია. თუ არ მოაწერა რუსეთმა ხელი, ძალიან კარგი იქნება. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი.


- რადგან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს ვერ ხედავთ, ამიტომ მიგაჩნიათ, რომ არ უნდა დაიწყოს?


- გარდა იმისა, რომ ვერ ვხედავ განსაკუთრებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ყველა ვარიანტი და რისკები ბოლომდე გათვლილი ვერ გვაქვს. რუსეთის სპეცსამსახურები ასეთ საქმეებში ისეთი პროფესიონალები არიან, რომ რაღაც ისეთს მოიფიქრებენ, რაც მომავალში ჩვენს საქმეს გააფუჭებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მებაჟეები მარტო როკთან კი არა, ლარსთანაც უნდა დადგნენ, ზუგდიდშიც და გორშიც, ანუ გზის ორივე მხარეს. მე მეშინია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს სხვანაირად არ შეიფუთოს.





 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner