logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: მიხეილ სააკაშვილს დღესაც სისხლი სწყურია!
- +

19 მარტი. 2017. 20:45


 

არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელი, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე „რეპორტიორთან" საუბარში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ ეს აქცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი. აქვე, მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რადგან მშვიდობიანად მოხდა აქციის დაშლა და არავინ დაშავებულა.


ჯამბულ გამცემლიძემ „რუსთავი 2"-ის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არხი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.



- თქვენი შეფასებით, ბათუმში გამართული აქცია ეს იყო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გაპროტესტება თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?


- ბათუმში გამართული აქცია დაგეგმილი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავი, ყველაზე დიდი ნაძირალა მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენს საზღვრებს მიღმა და მას იქ არავინ უშლის ხელს, რომ საქართველოდან თავისთან მიწვეული ჰყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა" და ასე რუდუნებით დაგეგმოს აქცია, რაც ჩვენ ბათუმის ქუჩებში ვიხილეთ. ეს იყო წინასწარ გათვლილი ქმედებები, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ვიღაცის სიკვდილი, რადგან მიხეილ სააკაშვილი დღემდე ვერ ისვენებს და სისხლი სწყურია. სააკაშვილი არის საქართველოს მოქალაქეების პირველი მტერი, რომელიც ისე ვერ ძლებს, თუ დროდადრო ვიღაც არ მოკვდა და ამ სიკვდილზე რაღაც მოვლენები არ ააგო. მიხეილ სააკაშვილი იმიტომ არის ასეთი დაგეშილი, რომ მას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და ასე ფართხალებს, აღარ იცის, როგორ მოიქცეს.



- სამართალდამცავების მუშაობას როგორ შეაფასებთ?


- ჩვენი სამართალდამცავების მისამართით საქებარი სიტყვები უნდა ითქვას, რადგან მათ ჭკუით და ძალიან კარგად იმოქმედეს, ერთი ნაკაწრიც კი არავის მიუღია, ისე დაშალეს აქცია.


მოვუწოდებ მათ, არავითარი შეღავათი არ მისცენ არავის. იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა საქართველოში პირველად დაიწყეს ჩემი ქვეყნის დარბევა, დაწვეს მანქანები, ქუჩები, ქვაფენილები აყარეს, შუქნიშნები მოტეხეს და ა.შ. დღიდან მიტინგებისა, როდესაც 1988 წლის 12 ნოემბერს თბილისში პირველი აქცია ჩატარდა, ყველა მათგანზე ვყოფილვარ და არსად ასეთი ვანდალური აქტი არ მომხდარა. მადლობა უფალს, რომ გადავრჩით და ეს ვანდალური აქტი სწორად და კარგად იქნა აღკვეთილი. მადლობა სამართალდამცავებს, რომ მსხვერპლი არ იყო. მე და ჩემი ორგანიზაცია ძალიან განვიცდით იმ სამართალდამცავების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც სპეცოპერაციის დროს დაშავდნენ.

 

 

- არის მოსაზრებები, რომ ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული იყო, თქვენ როგორ ფიქრობთ?


- „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც გამოჰყვეს თათები და ამბობდნენ, რომ ხელისუფლების რეაგირება იყო დაგვიანებული. რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ოპოზიცია იმ წუთში  მონახავს საბაბს იმისა, რომ ვიღაცა გააქილიკონ და ა.შ. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩვენი სამართალდამცავები მოიქცნენ ძალიან კარგად, ვფიქრობ, რომ დროულად. როგორც ადამიანი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისათვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, მივესალმები მიტინგის ასეთი სახით დაშლასაც, მივესალმები ყველა იმ გონიერ ადამიანს, რომელმაც ასე უმსხვერპლოდ ჩაატარა ეს სპეცოპერაცია.



- როგორ შეფასებთ „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას?


- მე, როგორც მოქალაქეს, ძალიან მაწუხებს „რუსთავი 2"-ის საქმე. სტრასბურგის სასამართლომ ნაუცბათევად შეაჩერა აღსრულება. ეს სიტუაცია მაგონებს ტელევიზიებით გაშუქებულ იუმორისტულ გადაცემებს - ჩვენს მაგივრად რომ იცინიან და უკრავენ ტაშს. ჩვენი სასამართლო არაფრად არ მიიჩნიეს და ევროპაში წყდება ჩვენი სამართალი.


ასევე, მინდა შევეხო გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" ზაქარია ქუცნაშვილსა და ეკა კვესიტაძის შორის დაპირისპირებას. ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, რადგან ცაიტნოტში აღმოჩნდა ქალბატონი ეკა კვესიტაძე, რომელიც იმ სიმღერას მღერის, რაც სააკაშვილმა შეუკვეთა.


„რუსთავი 2" არის ის საწამლავი, რომელიც ნელ-ნელა წამლავს ჩვენს საზოგადოებას. ვფიქრობ, „რუსთავი 2" უნდა დაუბრუნეს კანონიერ მფლობელს. ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტებმა კი, მხოლოდ სიმართლე უნდა თქვან.  



- დიმიტრი ობოლაძემ დატოვა „რუსთავი 2"...

 

- ღმერთმა ქნას, ყველა წავიდეს იქიდან, ვინც ადამიანებს წვეთ-წვეთობით წამლავენ. ეს ის „რუსთავი 2" იყო, რომელმაც ჩვენი პირტიტველა ბიჭი ბუტა რობაქიძე ყაჩაღად შერაცხა... იმის მერე, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების აღარაფერი მწამს. 





 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner