logo_geo
eng_logo
„ვინც ჩოხას ჩაიცმევს, ყველა პატრიოტი არ არის, პატრიოტი პროფესიონალიზმია, ამის განცდა უნდა გქონდეს!“
- +

21 მარტი. 2017. 02:01



ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და აქტულურ საკითხებზე პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი, ალექსანდრე ქანთარია geomediatv- თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

- ბატონო ალექსანდრე, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო კომისია ექს-პრემიერი ივანიშვილის და მოქმედი ხელისუფლებისთვის სასურველ კონსულტაციას დადებს და არა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისს...


- თავიდან ბოლომდე აბსურდული ბრალდებებია, რასაც ამ მხრივ ვისმენთ, რადგან საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი სანამ პარლამენტში განსახილველად შემოვა, მანამ ის აუცილებლად გაივლის ერთგვარ რევიზიას ვენეციის კომისიასთან. თუ ვენეციის კომისიას რაიმე შენიშვნა ექნება, ის ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ოპონენტებს თუ დავუჯერებთ, გამოდის, ვენეციის კომისიას უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ. მათი ლოგიკით ასე გამოდის. ასე რომ, მათი ბრალდებები აბსურდულია.

 

- რატომღაც ჩვენთან ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ყველა ხელისუფლება კონსულტაციას ცვლის საკუთარი ინტერესების შესაბამისად.


- ამის მწარე გამოცდილება გვაქვს. ვიცით, როგორ ცვლიდნენ კონსტიტუციას. ახლა ჩვენ გვინდა ისეთი კონსტიტუცია  შევქმნათ, რომელიც საყოველთაოდ მისაღები იქნება და ათწლეულების განმავლობაში აღარ გადაისინჯება. აქამდე ჩვენთან კონსტიტუცია გარკვეულ პიროვნებებზე იყო მორგებული. სააკაშვილმა ორჯერ მოირგო კონსტიტუცია საკუთარ თავზე. უფრო ადრე კი ნედლი კონსტიტუცია გვქონდა. ცვლილებები შედიოდა მხოლოდ მოკლევადიანი ინტერესებიდან გამომდინარე. პრეზიდენტი აღარ ვიქნები და პრემიერის უფლებამოსილების გაძლიერებაა საჭირო. თავიდან კი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა მოხდა. ახლა გვინდა ისეთი კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც დროს გაუძლებს და მისაღები იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.


- პრეზიდენტ მარგველაშვილის ფაქტორმა განაპირობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა?


- მე არა ვარ საკონსტიტუციო კომისიის წევრი. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, საკმაოდ ფართო სპექტრია პროფესიონალების შეკრებილი, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს. როგორც ჩანს, ნაყოფიერად მუშაობენ, თან სწრაფი ტემპით. როცა კომისიის წევრების კომენტარებს ვისმენთ, ამბობენ, რომ საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო და ჩვენ ამაში შევთანხმდითო ანუ სერიოზული მუშაობა მიდის. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული პიროვნების გამო არის რაღაც გაკეთებული, ამ რეალობისგან აბსოლუტურად შორს ვარ.


- პირადად თქვენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს უფრო ემხრობით, თუ პარლამენტის და როგორც ექსპერტები ამბობენ, რაღაც გაურკვეველი ჯგუფის მიერ არჩევას?

 

- არავითარი გაურკვეველი ჯგუფი ეს არ არის. ვინ ამბობს ამას? გაურკვეველი როგორ შეიძლება იყოს ის ხალხი, რომელიც ასევე არჩეულია? რადგან საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, საყოველთაოდ არჩევა საჭირო აღარ არის. იმიტომ რომ ერთადერთი საყოველთაოდ უნდა იქნეს არჩეული პარლამენტი და მერე სწორედ ამ არჩეულმა ხალხმა სხვა თანამდებობის პირების ლეგიტიმაცია უნდა ცნონ, მათ შორის პრეზიდენტის. მაგრამ რადგან პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი, რადგან ის არის არბიტრი, ამ შემთხვევაში მას სჭირდება ცოტა უფრო მეტი მასშტაბი. ამჯერად მე უფრო ვეთანხმები შუალედურ ვარიანტს, რომელიც არის ასე ვთქვათ, ხმალაძის ინიციატივა. ამაზე ადრე მეც ვსაუბრობდი. პრეზიდენტი პარლამენტის მიერ იქნეს არჩეული, ასევე აჭარის არჩევითი ორგანოს მიერ და ასე არჩეულების მიერ მოხდეს პრეზიდენტის არჩევა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას არ დაემსგავსოს მხოლოდ პარლამენტის მხრიდან არჩევა.


- პარლამენტმა, აჭარის და აფხაზეთის ხელისუფლებებმა , ასევე საკრებულოებმა აირჩიონ შემდგომში პრეზიდენტი, როგორც არჩეულმა ორგანოებმა. დაემატოს პარლამენტის ხმებს მათი ხმები, რათა ერთი-ერთში არ დაემსგავსოს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევას.  ფიქრობთ, რომ ამ ვარიანტს საზოგადოება მიიღებს?


- რატომ არ უნდა მიიღოს? თუ პრეზიდენტს აქვს შესაბამისი მოვალეობები და მისი მოვალეობები აღარ იქნება, დისბალანსი არჩევასთან დაკავშირებით,. რა თქმა უნდა მისი ლეგიტიმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება მის მოვალეობებს. ამან შეიძლება გარკვეული პრობლემებიც გააჩინოს, ამბიციებიც და მერე სხვა აზრებიც, ამიტომ უნდა იყოს დაბალანსებული. თუ საპარლამენტო მოდელი გვინდა, უნდა იყოს დაბალანსებული, ხოლო თუ საპარლამენტო, ის საყოველთაო არჩევნების გზით უნდა იქნეს არჩეული. რადგან არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გადავხედოთ სხვა ქვეყნებსაც და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ.


- საქართველოში ძლიერი საპრეზიდენტო მოდელი ვერ ამართლებს?


- ასე გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის ამ დასკვნამდე მივედით. ჩვენ გვქონდა ასეთი ვითარება, რომ ყველა ერთ პიროვნებას შეჰყურებდა და ის იღებდა ხელში მთელ ძალაუფლებას. ჩვენი ისტორია ამას გვასწავლის, რომ ერთ პიროვნებაზე იყო ყველაფერი ჩამოკიდებული. მე ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლის მომხრე არ ვიყავი, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ასეთი რეალობაა: ერთ პიროვნებაზე არავინ არის ჩამოკიდებული. ვხედავთ, რომ პრემიერი, რომელსაც დიდი უფლებამოსილებები აქვს და ეს ბუნებრივიცაა საპარლამენტო რესპუბლიკაში, ის მართლაც არ არის მუდმივი, აგერ წინა პრემიერი გამოიცვალა, შემდგომიც წავიდა და ეს ტრაგედიად არ გაგვიხდია. პრემიერი არის დაქირავებული მენეჯერის რანგში და ამას ყველა ხედავს.

 

- თუმცა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ გააძლიერა ეჭვი, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა ჩღდილოვანი მმართველობა. ეს ხელისუფლების და ქვეყნის იმიჯს არ აზიანებს?


- ჩრდილოვან მმართველობაზე ის ხალხი საუბრობს, ვინც ცდილობს, როგორმე ზიანი მიაყენოს მმართველ პარტიას და ხელისუფლებას. ყველაფერს იმ ერთ ადამიანს აბრალებენ. ამაზე სერიოზული საუბარიც არ მიმაჩნია საჭიროდ.


- ისევ კონსტიტუციას დავუბრინდეთ და მტკივეულ თემას - მიწების გასხვისების საკითხს. ამაზე საკონსტიტუციო კომისიაზეც იყო საუბარი. თქვენ რა პოზიცია გაქვთ, უნდა გაიყიდოს თუ არა მიწები უცხოელებზე?


- ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის წინაშეც 30 წელია ვიმყოფებით. მარტო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა არ არის სიდუხჭირე. რაც შეხება მიწების გასხვისებას, მე არა ვარ მომხრე, რომ მიწები უცხოელებზე უპრაგონოდ გასხვისდეს. ადრეც მითქვამს, ის ლაპარაკი, რომ ვინმე კი არ მოიკიდებს და მიწას არ წაიღებს, არასწორად მიმაჩნია. არა, კი არავინ მოიკიდებს მიწას, მაგრამ ეს არის სწორედ ის რესურსი, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას თავისი ისტორიის მანძილზე. ამიტომ მისი გასხვისება ასე უპრაგონოდ არასწორია. ამას ვერ დავეთანხმები. ამას არც არავინ აპირებს. ვიცი და მგონი, შეთანხმებაც არის, რომ იყოს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევები. აქ ლაპარაკი შეიძლება იყოს გრძელვადიან იჯარაზე ან იმდენად განსაკუთრებული შემთხვევა შეიძლება იყოს, რომ სპეციალური კანონით დარეგულირდება, თუ ამას მართლაც მოაქვს დიდი შედეგი ქვეყნის განვითარებისთვის. ისე ახლა, ჩამოვიდეს ნებისმიერი ფულიანი ადამიანი, დაადოს ხელი მისთვის სასურველ ტერიტორიას და იყიდოს, ასე რასაკვირველია, არ იქმებნა. ამაში, ვფიქრობ, ყველა ერთ აზრზე ვართ. საერთოდ, ჩვენთან სამწუხაროდ პატრიორტიზმის გრძნობა არის გაფერმკრთალებული და მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო და ყველა ჩვენგანის ვალია, რომ არა პაროდიული, უტრირებული პატრიოტიზმი, არამედ ნამდვილად რეალური, სამშობლოს მიმართ გაღვივებული განცდა არის ამ შემთვევაში წინ წამოსაწევი.


- საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ოთო კახიძე დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოში მინი სტრასბურგის სასამართლოს შექმნას. ეს განცხადება გაკეთდა მმართველი გუნდის წევრის ინიციატივის პარარელურად, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გარკვეული საქმეების გადასინჯვის ფუნქციის დამატებას ეხებოდა.


- ასე ხელაღებით საუბარი, შეიძლება თუ არა, ვფიქრობ, არ ღირს. სამსჯელო თემაა და დასაფიქრებელია, რას მოგვიტანს. რამდენად შეამცირებს სწორედ ეჭვებს ან რამდენად იქნება ეს ნდობისთვის უფრო სასურველი, რომ საკონსტიტუციოს გაეზარდოს ფუნქცია და უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ან დიდი პალატის გადაწყვეტილება რევიზირებული იქნეს საკონსტიტუციო სასმართლოში. ამ შემთხვევაში ამაზე მიჭირს ლაპარაკი. ისე სამსჯელო თემაა.

 

- დღეს ნაციონალები სწორედ იგივე თემით გიპირისპირდებიან, ვგულისხმობ სასამართლოს თემას. ოპოზიციაში ყოფნისას თქვენი გუნდიც სწორედ იმას ამტკიცებდა, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გამოდისო. რატომ არის სასამართლო მუდმივად სავაჭრო თემა?


- იმიტომ, რომ ეს თემა ძალიან ფაქიზია. ყველა ქვეყანა სამართალზე დგას. თუ ქვეყანაში სამართალი არ არის, შენი მოწინააღმდეგე სწორედ პირველ რიგში ამას ურტყავს. ის, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის, ეს ფაქტია. რათ უნდა ამას ლაპარაკი. დღეს სასამართლოში გაცილებით უკეთესი მადგომარეობაა. გადავხედოთ განაჩენებს და დავინახავთ, რომ ხელისუფლების კვალი იქ არ არის. არაერთმა ადამიანმა დაამტკიცა თავისი სიმართლე და მოიგო სასამართლო. ადრე მსგავსი ფაქტები არ იყო.


- არ ფიქრობთ, რომ შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როცა სასამართლო ხელისუფლებაში ძირეული რეფორმა არ ჩაატარა და იგივე მოსამართლეები დატოვა, ვინც საქართველოს სახელით წლების მანძილზე უკანონობას აკანონებდნენ?


- ამას ადრე უფრო ვფიქრობდი, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდი, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. გერმანიამაც კი, როცა ფაშისტური რეჟიმი დამარცხდა და ნიურბერგის პროცესი ჩატარდა, ერთი ხელის მოსმით არ გაუშვა მოსამართლეები. ასევე იყო საფრანგეთშიც. სწორია რომ ჩვენთან არ მოხდა მასობრივად მოსამართეების გაშვება. იმიტომ, რომ მაშინ ვაკუუმი დარჩებოდა, ნაპრალი. წნეხის ქვეშ იყვნენ წინა ხელისუფლების დროს მოსამართლეები და ამას ჭირდება დრო, რომ თვითონვე დაღვინდნენ. ჩვენ სასამართლოებს მივეცით აბსოლუტური დამოუკიდებლობა. შიგნით, რასაკვირველია, სიტუაცია აირია. ბევრი რამ ამოტივტივდა. ვფიქრობ, ეს მათი გასარკვევია. ეს საკითხები ლაგდება თვითონ სასამართლოს შიგნით. ერთ იმასაც ამბობდა, მგონი, ვაშაძე, სულ უცხოელი მოსამართლეები მოვიყვანოთ საქართველშიო. ესეც ნონსენსი იყო. ასე რომ, ეს პროცესი მიდის. შეიძლება ბოლომდე დაწმენდილი არ არის, მაგრამ თვითრეგულაციის პროცესში იმყოფება დღეს სასამართლო. მთავარია, მათ აბსოლუტური თავისუფლება აქვთ. საკუთარი რწმენით, სინდისის კარნახით და პროფესიონალიზმით უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. ვინ როგორ იღებს, ვინ რამდენად არის ემოციურად გარკვეული დაქვემდებარების ქვეშ, ეს ცალკე საკითხია. ყველაფერი დალაგდება. სასამართლოში ევოლუციური პროცესი გაცილებით უკეთესია შედეგის თავლსაზრისით, ვიდრე სასამართლოს მოეპყრა რევოლუციურად. ამიტომ ნაჯახისებრი ქმედება ანუ სასამართლოში დიდი ოპერაციის ჩატარება, ვფიქრობ, სწორი არ იყო. შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო კორპუსი იდეალურია, მაგრამ ის, რომ ისეთი აღარ არის, როგორიც იყო, ეს ფაქტია. მაშინ სასამართლო ტელეფონებით იმართებოდა და ამის ფაქტებიც ცნობილია.


- თქვენ ზემოთ თვითწმენდა ახსენეთ. რამდენად მზად არის არის ამისთვის პოლიტიკური სპექტრი, იგრძნობა ეროვნული ძალების მობილიზება წინასაარჩევნოდ? ითქვა, რომ მეტი ეროვნული ძალა საჭირო პარლამენტში. როგორც ჩანს ფიქრობენ, რომ ეს პარლამენტი ბოლომდე ვერ გამოხატავს ეროვნულ ინტერესებს...


- არა, ასე ვერ ვიტყოდი. ის, რომ საზოგადოებაში და მათ შორის, პოლიტიკურ სპექტრშიც გაფერმკრთალებულია სამშობლოს განცდა, ეროვნული გრძნობები, ეს ფაქტია. არა უტრირებული, არამედ ნამდვილი პატრიოტიზმი უნდა იყოს ძირითადი ამოცანა ჩვენი საზოგადოების, რომ გლობალიზაციის პირობებში მომავალ თაობებს ეს გრძნობა არ დავუკარგოთ; ეს კოდი, რომელიც ქართველებს გენეტიკურად მოგვყვება. ამის გაღვივება უნდა მოხდეს. ამავე დროს მაქსიმალური პროფესიონალიზმია საჭირო, რეალური თავდადების განცდის სურვილი და არა ის, რომ ოღონდ მე ვიყო კარგად. ჩვენ, რასაკვირველია, ეს გამოწვევა გვაქვს.


- საპარლამენტო არჩევნებზე ეროვნულ ძალებზე მოთხოვა იქნება?


- რა გითხრათ, ვინც ჩოხას ჩაიცმევს, ეს არ ნიშნავს, რომ ის არის სწორედ რეალურად პატრიოტი. პატრიოტი პროფესიონალიზმია, ვეთანხმები რეზო თაბუკაშვილს. პატრიოტი პროფესია არ არის. ამის განცდა უნდა გქონდეს. ნებისმიერ ძალაში შიძლება იყვნენ პატრიოტები. რაც არ უნდა სახელი დაირქვან, რომელიც არის იდენტური ჩვენს ეროვნულ ფასეულობებთან, ისე არ იქნება, რომ სწორედ ისინი არიან პატრიოტები. ეს ისეთი ფაქიზი თემაა.


- და ბოლოს, ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფოებრივი ინტერესების გამოკვეთა არ იგრძნობს რიგ საკითხებში და ამის გამო, ასე ვთქვათ, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას ვზარალდებით.


- პირიქით. ჩვენ მაქსიმალურად შევძელით, რომ კონფრონტაციული სიტუაცია გადაგვეყვანა ისეთ ფაზაში, რომელიც სისხლს და უბედურებას არ გამოიწვევდა. გვინდოდა ეს ყველაფერი სტაბილურობის ფაზაში გადასულიყო. მე სწორედ ეს მგონია პატრიოტიზმი და არა ყელის ჩახლეჩვამდე ყვირილი. ჩვენ გულუბრყვილო პატრიოტიზმიც გავიარეთ ეროვნული მოძრაობის დროს. პატრიოტიზმს ძირითადად კულტურა, ხელოვნება, მწერლობა აგროვებდა. ახლაც ასე უნდა იყოს. მგონი, არც ერთ ქვეყანაში არ არის ამდენი ლექსი დაწერილი ქვეყანაზე, რამდენიც ჩვენთან არის. ეს კვებავდა ეროვნულად ხალხს- რეალური პატრიოტიზმი.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner