logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: პრეზიდენტი ოპოზიციური ინტერესების გამტარებელი აღმოჩნდა
- +

12 აპრილი. 2017. 21:26




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორთან" საუბარში პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ქვეყნის მეთაურის გამოსვლას არ ჰგავდა.


კარლო კოპალიანი აგრეთვე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც.


- 7 აპრილს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსნებით წარსდგა. როგორ შეფასებთ მის გამოსვლას?


- მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ვარ და პრეზიდენტის რამდენიმე გამოსვლა მინახავს. პრეზიდენტის გამოსვლა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს მიღწევებსა და მის ხედვას მნიშვნელოვან საკითხებზე. მას არ უხსენებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, მაშინ, როცა მცოცავი ანექსიით ყოველდღიურად შეგვჭამა ჩრდილო მეზობელმა. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ქვეყნის მეთაურის გამოსვლას არ ჰგავდა. იმდენი შეუსაბამობა იყო არსებულ რეალობასთან, რომ რატომღაც სააკაშვილის გამოსვლები გამახსენდა. არ ვიცი, რატომ ცდილობს ეს ხალხი, რომ მიხეილ სააკაშვილს დაემსგავსოს? იმ დასკვნებისა და კვლევების  საფუძველზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ დემოკრატიისა და მედიათავისუფლების კუთხით, ასევე სხვადასხვა მიღწევებზე, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ამ ოთხი წლის მანძილზე, არცერთი მიმართულებით პრეზიდენტს პოზიტივი არ უთქვამს. სამწუხაროდ, გამოსვლა დაიწყო უარყოფითი კონტექსტიდან და დაამთავრა მუქარით, რომ ის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლებს „მოსმენების კანონთან" დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არ იყო პრეზიდენტის, ქვეყნის გამაერთიანებლის გამოსვლა. მასში დავინახე ოპოზიციურად განწყობილი პიროვნება, რომელიც ებრძვის ხელისუფლებას. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო, სერიოზულ პოლიტიკოსად დარჩენილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა გზა აირჩია. სამწუხაროა, რომ ეს გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე აბსოლუტური მხარდაჭერა მიიღო მმართველი ძალისაგან და შემდეგ აღმოჩნდა, რომ არა სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი, არამედ ოპოზიციური და ვიწრო წრის ინტერესების გამტარი აღმოჩნდა.

 

- პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მმართველი ძალა თავის თავში ჩაიკეტა. რას უპასუხებთ მის ამ განცხადებას?


- ჩვენ გვყავს ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც მე ოპოზიციად არ ვთვლი. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის განაყოფებს. ოპოზიციურად ვინც აზროვნებს, ის შენზე სუფთა და პატიოსანი უნდა იყოს და მიგითითოს რაღაცაზე. საკუთარი ერის სისხლში რომ აქვტ ხელები გასვრილი, ისეთ ადამიანებს ოპოზიციას არ ვეძახი. ბოკერიას შეუძლია მიმითითოს, მოსმენებზე რას მივიღებ და როგორ მივიღებ? რა უფლება აქვს ან ბოკერიას, ან კახიძეს, როცა ქართველი ხალხის სიხლში სხედან. იმავე კონტექსტში შემიძლია ვთქვა მარგველაშვილზეც. ჩვენისთანა გახსნილი ხელისუფლება არ ჰყოლია ქვეყანას. შევარდნაძის დრო იყო და, გარეთ გამოსვლის ეშინოდათ. სააკაშვილის ხელისუფლება იყო და, ყველა ისმინებოდა და ყველა ტერორის ქვეშ იყო. რა აქვს მხედველობაში პრეზიდენტს,  ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან ალბათ ავლაბრის რეზიდენციიდან სხვანაირად უყურებს სიტუაციას. ძალიან კარგად ვხედავთ, რა გამოწვევები და პრობლემებია საქართველოში. პრეზიდენტისათვის ეს თუ კარჩაკეტილობაა, მისი პრობლემაა.


- რამდენიმე დღის წინ IRI-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. რამდენად სანდოა თქვენთვის?


- IRI-ის კვლევის შედეგების შეფასება არის ამ პროგნოზების შემდგომი გამართლება. რამდენჯერაც ასეთმა ოდიოზურმა ორგანიზაციებმა კვლევები ჩაატარეს, არცერთი კვლევა არ გამართლდა. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ასეთ ორგანიზაციებს ხელშეკრულება ბატონი თარხნიშვილის ოჯახთან აქვთ დადებული და მათი დავალებით ატარებენ კვლევებს. მე მათი გამოკითხული ჯერჯერობით ვერავინ ვნახე. საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ IRI-ის კვლევებს არ ვენდობი.


- 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში სახელის შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც 78%-მა მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთის ნაცვლად ალანიის დარქმევას...


- ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ისეთი რეფერენდუმი, როგორიც ტარდება საერთოდ რუსეთში. ეს ალბათ, გარკვეულწილად იმ პოლიტიკის გაგრძელება იყო, რომელსაც რუსეთი საქართველოსა და კავკასიის მიმართ ახორციელებს. აფხაზები და ოსები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და იბრძოდნენ ჩვენთან ერთად და სამწუხაროა, რომ ერთი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს ემსხვერპლა ეს ურთიერთობა. ტრაგედიაა ის, რომ ისინი აცხადებენ პრეტენზიას იმ მიწაზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული იყო და ურცხვად და უტიფრად აცხადებენ, რომ ის არის მათი. ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და დღეს თუ ასეთი სიტუაციაა, მომავალში, დამერწმუნეთ, სხვა იქნება.

 

- შესაძლებელია, კონსტიტუციაში ჩაიწეროს დეფინიცია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. უჭერთ თუ არა მხარს ამ ინიციატივას?


- წინა მოწვევის პარლამენტში ამის ინიციატორი იყო უმრავლესობა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ სამოქალაქო კოდექსში წერია აღნიშნული ფორმულირება, მაგრამ არ წერია კონსტიტუციაში. მავანს შეეძლო ნებისმიერ დროს გაეპროტესტებინა ეს და ეთქვა, რომ არაკონსტიტუციურია. აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამის გასწორებას ემსახურებოდა. მე ამ კანონის ერთ-ერთი ინიციატორი ვარ, ხელი მოვაწერე და ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო კომისია ამ საკითხს განიხილავს. დარმწუნებული ვარ, ისე დამთავრდება, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა. კანონი უნდა მოერგოს ჩვენს ტრადიციასა და ისტორიას. თუმცა, ჩვენს ოპონენტებს მინდა შევახსენო, რომლებიც  ხმალამოღებული იბრძვიან სიტუაციების არევისთვის, რომ ევროპის ძალიან ბევრ  ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ გადაწყვეტილებები გაუქმდა და უქმდება, რადგან ხალხის პროტესტი გამოიწვია.


- არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა 7 თვითმართველ ქალაქს სტატუსი გაუუქმდეს.  თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ამგვარი ღონისძიების გატარება?


- წინა მოწვევის პარლამენტი ამ საკითხს განიხილავდა და მაშინ იყო სულ სხვანაირი პროექტი. იყო შემოთავაზებული მუნიციპალიტეტების 3-4 ნაწილად დაყოფა. მაგალითად, თელავი უნდა დაყოფილიყო 3 მუნიციპალიტეტად და ჰყოლოდა 3 მმართველობითი ორგანო. ამან პროტესტი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მაშინდელ პარლამენტში და შევჯერით იმაზე, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაემატა შვიდ რეგიონს. პრეტენზიები არის იმასთან დაკავშირებით, რომ ფიქრობენ, თუ ქალაქის მერიაში მუშაობენ, დარჩებიან უმუშევრები. ხელისუფლებამ მისცა ამის გარანტიები, რომ ადამიანურ რესურსებს ეს ცვლილება არ შეეხება. ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხი მსჯელობის საგანია და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზიანო იქნება ქალაქისთვის, მოსახლეობსითვის ან იქ დასაქმებული რომელიმე მოქალაქისთვის.


- რამდენად მისაღებია თქვენთვის სამთავრობო ქალაქის მშენებლობა?


- პირადად მე, ყველა მშენებლობას მივესალმები. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანას ამის საშუალება აქვს. ჩემი შეხედულებით, სამთავრობო ქალაქის მშენებლობის საკითხი მას შემდეგ უნდა წამოვწიოთ, როდესაც ძირითად პრობლემებს მოვხსნით ქვეყანაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამთავრობო ქალაქის მშენებლობა პირდაპირ ებმის პარლამენტის მდებარეობას. მიმაჩნია, რომ თუ პარლამენტი ქუთაისში რჩება, მაშინ სამთავრობო ქალაქიც ქუთაისში უნდა ავაშენოთ, რადგან პარლამენტისა და მთავრობის დაყოფა არ შეიძლება. ეს იყო მარაზმი და სააკაშვილის ხუშტური, რათა  თბილისში საპროტესტო აქციები არ ყოფილიყო და პოზიციის დაქსაქსვა უნდოდა. ჩვენ უნდა დავითვალოთ, ქუთაისს რა მისცა პარლამენტის იქ ყოფნამ და ან რამდენით დააზარალა ქვეყნის ბიუჯეტი ჩვენმა იქ მოგზაურობამ.


- გინდათ თქვათ, რომ ემხრობით პარლამენტის თბილისში გადმოტანას?


- რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, მთავრობა თბილისში, პარლამენტი ქუთაისში. 5-წუთიანი საკითხი რომ ჰქონდეს მთავრობას პარლამენტში გასატანი, უნდა წამოვიდეს თბილისიდან მინისტრი ან მინისტრის მოადგილე 5 წუთისთვის და ისევ უკან წავიდეს. ძალიან დიდი დრო და რესურსი იკარგება. ძალიან დიდ პატივს ვცემ ქუთაისს, მარგამ, პარლამენტის იქ ყოფნა ქუთაისს არაფერს აძლევს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×