logo_geo
eng_logo
თეატრისა და კინოს დაფინანსების გეგმა – ედმონდ მინაშვილის შეთავაზება სახელმწიფოს და კულტურის სამინისტროს
- +

20 აპრილი. 2017. 19:24



„ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ჯანდაცვა, ძლიერი თავდაცვა, ძლიერი ეკონომიკა, კარგი ინფრასტრუქტურა, მაგრამ სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ძლიერი და განვითარებული კულტურა, სახელმწიფოდ ვერასდროს შედგება!" - ამ რეპლიკას რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროდიუსერი და პიარმენეჯერი ედმონდ მინაშვილი „მარშალპრესთან" ინტერვიუში აკეთებს. ედმონდ მინაშვილს აქვს კონკრეტული შეთავაზება სახელმწიფოსთვის, კერძოდ, კულტურის სამინისტროსთვის, თუ როგორ შეიძლება, თეატრებში არსებული პრობლემები გადაიჭრას, ბიუჯეტს სოლიდური თანხაც დარჩეს, რომელიც, შესაძლოა, კინოინდუსტრიას მოხმარდეს:


- ედმონდ, თქვენი კოლეგების - მსახიობების პროტესტი მოისმინა საზოგადოებამ. რას ფიქრობთ თქვენ? როგორც ვიცით, გქონდათ გეგმა, რომლის შეთავაზებას აპირებდით პარლამენტისთვის კანონპროექტის სახით...

 

- ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და ამაზე მე პირადად ხშირად ვსაუბრობდი. ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი იღებდა კანონს თეატრის შესახებ, მაშინ არ იქნა გათვალისწინებული ის რიგი პრობლემები, რომელიც დღემდე არსებობს. რატომღაც ისე მოხდა, რომ ბოლო დროს გახდა მედიაში ეს პრობლემა საინტერესო. დიახ, ჩემი კოლეგები და მეგობრები სხვადასხვა გადაცემების საშუალებით აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს, რამაც კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. მე მესმის მათი პათოსი. აბსოლუტურად ვეთანხმები, თუმცა მე ასევე მესმის კულტურის სამინისტროს პოზიციაც. თუმცა, ვერცერთი მხარისგან ვერ მოვისმინე კონკრეტული გამოსავალი. პრობლემა ბევრად მწვავედ დგას და ამაზე არავინ საუბრობს. პირველ რიგში მთავრობამ უნდა გადახედოს პრიორიტეტებს და კულტურის სფეროს განვითარება პირველ­მეორე პრიორიტეტად თუ არამ მეშვიდე ადგილზე მაინც უნდა დააყენოს. დიდი პოტენციალი აქვს ამ სფეროს განვითარებას როგორც ეკონომიკის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო პიარის თვალსაზრისით, რაც პირდაპირ ტურიზმის წისქვილზე ასხამს წყალს. მარტო კულტურის სამინისტრო ვერაფერს გახდება. თუმცა, კულტურის უწყებას რომ უდიდესი როლი აქვს, ეს ნათელია. აქ იხატება არასწორი მენეჯმენტის პრობლემა. ვერ ვხედავ ინოვაციებს, რეფორმებს... კრეატივის პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამას ვერ უარვყოფთ. ფუნქციადაკარგულ სამინისტროს მაგონებს, აბსოლუტურად უინტერესო და უამბიციო უწყებაა, უდიდესი პოტენციალის მქონე, მაგრამ უმოქმედო.


- თქვენ ასევე გისაუბრიათ თეატრისა და კინოს დაფინანსების თაობაზე. რა ხარვეზია ამ ორი მიმართულებით?

 

- თეატრალურ ინდუსტრიას წლიური ბიუჯეტი აქვს 33 მილიონი, რაც, რა თქმა უნდა, ცოტაა, მეტიც ეკუთვნის, მაგრამ ამ ფონზე კინოინდუსტრიის წლიური ბიუჯეტი ოთხი მილიონია. ეს არის უსამართლობა! კინო, რომელსაც ბოლო წლებში აქვს საოცრად დიდი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, ამ დაბალი ბიუჯეტით ახერხებს თითქმის ყველა ფესტივალზე გასვლას. ფაქტიურად უფულოდ - პროდიუსერების და რეჟისორების დიდი ძალისხმევით და თავდადების ფასად. ეს პრობლემა ყურად უნდა იღოს სამინისტრომ და მთავრობამაც, რათა მოხდეს ხარჯების სწორი მიმართულებით განაწილება. მესმის, უჭირს ბიუჯეტს, მაგრამ არსებული თანხების სწორად გახარჯვაა შესაძლებელი. სრული პასუხისმგებლობთ ვაცხადებ - როდესაც ყველა თეატრს აკლებ 10%­ს ბიუჯეტიდან და მხოლოდ ერთ თეატრს უმატებ /უზრდი ოთხი მილიონით, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება.

 

- კერძოდ?

 

- ოპერას ვგულისხმობ და აქვე ხაზგასმით ვიტყვი - ოპერას მეტიც უნდა მოუმატო, მაგრამ, როდესაც ამას აკეთებ ყველა დანარჩენი თეატრის ხარჯზე - მიუღებელია. ვთვლი, რომ კულტურის სამინისტროში აუცილებად არის შესაცვლელი პრიორიტეტები და მაქსიმალურად ოქროს შუალედია დასაცავი.

 

- ედმონდ, როგორც ჩემთვის ცნობილია, თეატრების დაფინანსების კუთხით იდეა გქონდათ, რომლის გახმოვანებასაც პარლამენტის წინაშე აპირებდით. რას გულისხმობთ კონკრეტულად - როგორ შეიძლება თეატრების ხელმძღვანელებს მიეცეთ მეტი მოტივაცია, დაფინანსების მოძიების კუთხით და რა როლი უნდა ჰქონდეს ამ პროცესში კულტურის სამინისტროს?

 

- აუცილებლად უნდა მოხდეს სამხატვრო ხელმძღვანელების ხელშეკრულებების გადახედვა და ცვლილებების შეტანა, შემდეგ კი ამ ხელშეკრულების მკაცრად გაკონტროლება, მინისტრისა და სამხატვრო ხელმძღვანელების მხრიდან ასი პროცენტით აღსრულება. მე არც იმ კანონს ვეთანხმები, რომლის მიხედვით თეატრის დირექტორები მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელმა უნდა დანიშნოს. დიახ, სწორედ ეს გვაძლევს ერთმმართველობას და საბოლოოდ უამრავ პრობლემას ქმნის. კონტროლი და პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ, მკვეთრი, გაწერილი პასუხისმგებლობები. ვთვლი, რომ თეატრი მსახიობისაა, ეს ჩემი პირადი აზრია და მსახიობს, ანუ მთლიან დასს უნდა ჰქონდეს თავისი სიტყვის უფლება. დღეს არავის არაფერს ეკითხებიან, გარდა შიდაგანაწესის მკაცრად შესრულებისა. სამხატვრო ხელმძღვანლს უნდა ჰქონდეს მკაფიო წლიური გეგმა, ხელშეკრულების მიხედვით დაწესებული და ეს უნდა შესრულდეს. აქ იკვეთება დირექტორის როლი, რომელმაც მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესში. დირექტორს პასუხუმგებლობა უნდა ჰქონდეს დასთან, რომ მოხდეს სამხატვრო ხელმძღვნელის მიერ შექმნილი რეპერტუარის მაქსიმალურად „გაყიდვა" როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ასევე, სრულიად საქართველოს მასშტაბით და, რა თქმა უნდა, საგასტროლო თუ საფესტივალო მიმართულებით. დირექტორის, ანუ მენეჯერის პირდაპირი მოვალეობაა პროდუქტის გაყიდვა და შემოსავლებზე ზრუნვა მაყურებლისა და კერძო ინვესტორის სახით. ეს ვალდებულებები ხელშეკრულების თანახმად უნდა ჰქონდეს, გეგმის სახით, შესასრულებელი. აქ არის კულტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი, რომ ზემოხსენებულზე მკაცრი კონტროლი იყოს. როგორც სამხატვრო ხელმძღვანელს, ასევე დირექტორს (მენეჯერს) უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა და ვალდებულებები სახელმწიფოს, ასევე დასის წინაშე.


- თეატრების დაფინანსების მხრივ რა იდეა გაქვთ, რას სთავაზობთ სახელმწიფოს?


- წარმატებული სეზონის შედეგად უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან თეატრების დაფინანსების განსაზღვრა, ანუ თუ თეატრმა წლის განმავლობაში ხაზინაში შეიტანა შემოსავლის მაღალი მაჩვენებელი, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განსაზღვრული შესაბამისი პროცენტის დანამატი ან პრემია. ეს უფრო მეტად გაზრდის კონკურენციას თეატრებს შორის და მეტ მოტივაციას მისცემს, უფრო მეტი საქმე და უფრო ხარისხიანად აკეთონ, რათა მოიპოვონ გაზრდილი დაფინანსება. ეს გადაწყვეტილება ბევრად უფრო ფუნქციურს გახდის დირექტორსაც, სამხატვრო ხელმძღველსაც და მსახიობსაც, ასევე გაზრდის შემოსავლებს, რაც ფინანსურ პრობლემებს ამ სფეროში ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს!


- რეგიონში მდებარე თეატრებზე რას იტყვით?

 

- შესაძლებელია თანხების მობილიზება, თუ რეგიონული თეატრები გადავა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაფინანსებაზე. მაგალითისთვის - ქუთაისის თეატრი გადავიდეს ქუთაისის მერიის ბალანსზე, ფუნქცია და სახელწოდება შეუნარჩუნდება, უბრალოდ დაფინანსება მიიღოს ადგილობრივი მუნიციპლიტეტიდან. ანალოგიურად, ზესტაფონი, ჭიათურა, თელავი და ასე შემდეგ...

 

- საიდან მოიზიდოს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა თეატრის შესანახი ხარჯები?


- პასუხი მარტივია - შეამცირონ ხარჯები და შტატები. გამგეობებში, მერიებსა და გუბერნიებში უამრავი უფუნქციო აიპ-ებია, გაბერილი შტატებია. ყავის სმის და სელფების გადაღების მეტს არაფერს აკეთებენ. დასაქმებულ პირს თუ რაიმე სარგებელი არ მოაქვს სამსახურისთვის, ის უნდა გაუშვა. სრულიად უსარგებლო აიპ-ები არსებობს, რომლის ფუნქციაც რეალურად არაფერია. ასევე, უნდა მოხდეს სამსახურების გაერთიანება და ფუნქციების შეთავსება. დასაქმება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ დასაქმებისთვის. თუ გამგეობაში ორ სხვადასხვა სამსახურს შეუძლია გაერთიანება და ფუნქციის შეთავსება, ეს უცილებლად უნდა მოხდეს. ასეთები ძალიან ბევრია და მე ამის დამტკიცება შემიძლია მაგალითებით. პირობითად, რა საჭიროა, გამგეობას ჰქონდეს ცალკე კულტურის სამსახური და დამატებით აიპ-ი იმავე მიმართულებით?! რა საჭიროა? ორივე ერთსა და იმავე საქმეს ემსახურება... ასეთი მაგალითი უამრავი შემიძლია მოვიყვანო. ვერავინ დამარწმუნებს რომ გამგეობებს არ შეუძლიათ გამონახოს ადგილობრივი თეატრის დაფინანსების წყარო. პირადად მე დავულაგებ სამ თვეში, თუ ვინმე იტყვის, რომ შეუძლებელია. ამ კანონით კულტურის სამინისტრო მოახერხებს დაახლოებით ათი მილიონი ლარის მობილიზებას, რაც შესაძლოა, კინოს განვითარებას მოხმარდეს - ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს, რომელსაც უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, უბრალოდ ცოტა მეტი ძალისხმევა და კრეატივია საჭირო, მონდომება და კეთილი ნება. მე ეს იდეები მივაწოდე კულტურის მინისტრს და ვნახოთ, რას იზამს. ეს ყველაფერი ორი კვირის წინ მივწერე პირადად და მოიწონა. დაველოდოთ. დავამატებ - ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ჯანდაცვა, ძლიერი თავდაცვა, ძლიერი ეკონომიკა, კარგი ინფრასტრუქტურა, მაგრამ, სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ძლიერი და განვითარებული კულტურა, სახელმწიფოდ ვერასდროს შედგება!


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×