logo_geo
eng_logo
„პროექტი ადამიანთა შორის დაკარგული კავშირების აღდგენას ემსახურება“ - ტოლერანტობის ველოტური გრძელდება...
- +

26 აპრილი. 2017. 17:13




ორგანიზაცია „ყველა ერთისათვის" თავმჯდომარე ნოდარ ბერიძემ მშვიდობისა და ტოლერანტობის ველოტური 2016 წელს დაიწყო და მომავალი წლის 26 მაისს თბილისში დაასრულებს. პროექტი ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების შემოვლას ისახავს მიზნად.


როგორც „რეპორტიორთან" საუბრისას ნოდარ ბერიძემ აღნიშნა, მისთვის მოტივაცია ჯუმბერ ლეჟავა არის, სწორედ მისი გზის გაგრძელების მიზნით დაიწყო ბერიძემ მოგზაურობა.

 

- როდის დაიწყეთ მშვიდობისა და ტოლერანტობის ველოტური და დაახლოებით, როდის დასრულდება?


- ეს პროექტი მომავალი წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის ასი წლის თავზე, თბილისში დასრულდება. მცხეთიდან შემოვალთ, შემომიერთდება მრავალი ველოსიპედისტი და იქნება სპორტული აღლუმი, ჩატარდება ძალიან დიდი ღონისძიება.


ველოტური მოუმზადებლად დავიწყე, არ მყავდა სპონსორი. ამ ეტაპზე შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოვედი, საქართველოში ვიზაზე ვარ ჩამოსული და შემდეგ გავაგრძელებ გზას, მალე გადავალ ევროპაში და გავივლი 30-ზე მეტ ქვეყანას.


ეს ველოტური გახლავთ საქართველოს, ქართული კულტურის, ქართული პროდუქციის, ტურიზმის გაცნობა, ანუ, ეს არის საკმაოდ სერიოზული პროექტი.


- ალბათ, ველოტური ჯანსაღი ცხოვრების წესს პროპაგანდასაც უწევს...

 

- აუცილებლად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს უკვე ჯანსაღი საზოგადოება და ოჯახია. მით უმეტეს, საქართველო პოტენციურად ძალიან სპორტული ქვეყანაა. რაც ჩვენ ჩემპიონები გვყავს, სხვა დიდ სახელმწიფოებს არ ჰყავთ ამდენი. რა თქმა უნდა, ეს ველოტური სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა და ამავდროულად ველოსიპედის პროპაგანდა. ველოსიპედით მგზავრობა უნდა დაინერგოს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენი მოსწავლეები, სტუდენტები და ზოგადად მოქალაქეები ამ საშუალებით გადაადგილებას მიეჩვევიან.


- გარდა იმისა, რომ ველოტურის მთავარი მიზანი მშვიდობა და ტოლერანტობაა, ამასთანავე ემსახურება ქვეყნის, სპორტისა და ველოსიპედის პროპაგანდას, არის კიდევ რაიმე საკითხი, რაც ამ მოგზაურობის უკან დგას?


- ეს პროექტი ადამიანთა შორის დაკარგული კავშირების აღდგენასაც ემსახურება. არის ერთი საერთაშორისო პროექტი „დამელოდე", რომლის დახმარებითაც უამრავ ადამიანს ვნახულობ. ასევე, პროექტში ჩადებულია იმ თანამემამულეების დახმარების პროგრამა, რომლებიც წლებია საზღვარგარეთ იმყოფებიან.


- რამდენად დიდია საზოგადოების მხრიდან ამ ველოტურის მიმართ ინტერესი?

 

- ინტერესი საკმაოდ დიდია. ყველა ტელევიზია, ჟურნალისტი, საინფორმაციო საშუალება აშუქებს ამ მოგზაურობას.


ზოგადად, ამ ტურის მიმართ პირველი ინტერესი არის ჩვენი. სწორედაც, რომ საქართველოს ინტერესები, პრობლემებია წინ წამოწეული, რათა ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.


მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც მე გადავიტანე, მოგზაურობა არ შემიწყვეტია, ამიტომ არც ახლა გავჩერდები.


- თქვენ ხართ ჯუმბერ ლეჟავას მოსწავლე, როგორ გაიხსენებდით მას?


- ველოსპორტის პროპაგანდა ჯუმბერ ლეჟავას დაწყებულია. 1993-2002 წლებში მან დედამიწაზე ყველა ქვეყანა შემოიარა. ლეჟავა იყო საოცარი ექსტრემალი. მე მისი დამხმარე მენეჯერი გახლდით. 2012 წლის 27 სექტემბერს გავიცანი ჯუმბერ ლეჟავა. ვგეგმავდით საქართველოში 17-დღიან ველოტურს, ის გახლდათ ლეგენდა, უთბილესი, უკულტურესი და უგანათლებულესი ადამიანი. ეს ველოტური მისთვის გამოსამშვიდობებელი აღმოჩნდა. 2014 წლის 25 ივლისს ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა.


- თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მშვიდობისა და ტოლერანტობის ველოტურის დაწყება, იქონია თუ არა ჯუმბერ ლეჟავამ გავლენა?


- მე არ ვარ ველოსიპედისტი, მოჭიდავე ვარ. ამ ველოტურის განხორციელება ჯუმბერ ლეჟავას სურდა, თუმცა ვერ შეძლო. ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალე, ეს ტური განმეხორციელებინა.




 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner