logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: ვიღაცა მოხატულმაისურიანი 9 მაისის აღნიშვნას ვერ გვასწავლის!
- +

10 მაისი. 2017. 20:59



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორთან" მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა, ასევე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში და მას დადებითი ფაქტი უწოდა.

 

- გუშინ ტყიბულში 4 მაღაროელი დაიღუპა. მოგეხსენებათ, მუშები შარშან აქციებს ატარებდნენ და სამუშაო პირობების გამოსწორებას მოითხოვდნენ. თქვენი აზრით, ეს პრობლემა მაშინვე რომ მოგვარებულიყო, დღეს ამ ტრაგედიას თავიდან ავიცილებდით?


 - ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პირველ რიგში, მინდა, გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო. ეს არ არის ახალი თემა, ძველი თემაა, ანუ არ არსებობს შესაბამისი შრომის პირობები და ამას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. ტყიბულელი მაღაროელების საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღესაც იყო. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვალდებულია შრომის ინსპექციიდან დაწყებული, ისეთი საკითხები მოაგვაროს, რომლითაც მუშების უფლებები დაცული იქნება, თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ინვესტორი თუ მეპატრონე გახლავთ დავით ბეჟუაშვილი, ადამიანი, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს. ეს უნდა იცოდეს მუშამ. დავით ბეჟუაშვილი ცუდ პირობებში ამუშავებს მაღაროელებს, აძლევს მიზერულ ანაზღაურებას. ამავე დროს შრომის პირობების უსაფრთხოებაც არ არის დაცული. ხელისუფლებამ განგაშის ზარი უნდა შემოკრას. აუცილებელია, შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც გააკონტროლებს მუშათა შრომის უფლებებს.


ამ ეტაპისთვის კი, პირველ რიგში უნდა მოხდეს გამოძიება, რის გამო და რატომ მოხდა ეს ყველაფერი და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ. 


- გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტს როგორ შეაფასებთ? პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდა...


- ალბათ, ჩვენი ე.წ. ოპონენტები მაინც მოძებნიან რაღაცას, რითიც ამ ვიზიტს გააკრიტიკებენ, თუმცა, ფაქტი სახეზეა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების და თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებიდან გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვისაც ტრამპი შეხვდა.  ეს იყო ძალიან გულთბილი შეხვედრა. ამერიკის მხრიდან ეს არის პოლიტიკურად იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ფუნქცია და რეგიონში ეს ფუნქცია არ დაეკარგება. ამ ფუნქციის გათავისება მოხდა ამერიკის ადმინისტრაციის მიერ. მოკლედ, ეს ვიზიტი ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია, ასეთი ძლიერი მეგობრის ყოლა, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია.


- დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტში პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია...

 

- 2008 წელს, როდესაც თავს დაგვესხა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ შორის აშშ-დან, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მხარდაჭერამ შეაკავა ის უზარმაზარი აგრესია, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა და მივიღეთ ის, რომ რუსულმა ტანკმა მთლიანად არ გადაგვიარა. საქართველო ფუნქციას იძენს და ამას უდიდესი პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა ამერიკა აღიარებს, ჩვენს რეგიონულ უზარმაზარ ფუნქციას ასევე აღიარებს რუსეთი, სწორედ ამიტომ დაგვესხა თავს, სწორედ ამიტომ სურს კავკასიაში ფეხის მოკიდება და იმ გეგმის განხორციელება, რასაც საუკუნეების განავლობაში ცდილობდა. ანუ გამოდის, ჩვენ ქვეყანას ის ფუნქცია არ დაუკარგავს და არც არასდროს დაკარგავს. იმედია, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გონს მოეგება და მტრობას მეგობრობას არჩევს. 

 

- საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს, პრეზიდენტიც ჩაერთო, როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?


- 2011 წელს საკონსტიტუციო კომისის განხილვების წევრი ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ერთი პატარა გოგოს გამო მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია შეცვალა და პარლამენტარის ასაკი 23 წლამდე დაწია. განხილვების კომისიის წევრი გახლდით ოპოზიციის კვოტით და მახსოვს, როგორ ტარდებოდა მაშინ საკონსტიტუციო განხილვები. ახლა მავანი იძახის, რომ ეს დადგმული შოუა. უპრეცედენტო სახალხო განხილვები მიმდინარეობს. ჩვენ არა ვართ ის ძალა, რომელსაც ეშინია დარბაზში ვინმეს გამოსვლის, საწინააღმდეგო აზრის და ა.შ.


მაშინ ჩვენ სხვადასხვა რეგიონში ვიყავით და მინდა გითხრათ, რომ გვხვდებოდა 100-კაციანი დარბაზები და ეს ასივე კაცი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო მოყვანილი, რომლებიც ტაშს უკრავდნენ და მოსწონდათ, რომ კონსტიტუციაში პარლამენტარის მინიმალური ასაკი 23 წლიდან განისაზღვრებოდა.


ახლა ყველა კარგად ხედავს, როგორ მიმდინარეობს განხილვები - გადატენილია დარბაზი, მიდის მსჯელობა და კამათი ღიად, რასაც ჩვენი ხელისუფლება თავისი არგუმენტებით უპირისპირდება. ჩვენ არ გვჭირდება დადგმა და შოუ. ის რეაქცია, რაც დარბაზიდან მოდის, არის ნამდვილი და ეს არაა შეფარული.


მინდა გითხრათ, რომ იმ ძალის მიმართ არის აგრესია, რომელმაც ჯერ 2010 წელს შეცვალა კონსტიტუცია, დაჭრა, დაჩეხა, ხოლო 1 წლის შემდეგ მეორე ცვლილება შეიტანა, ის, რაც წეღან მოგახსენეთ. აი, ასეთი ვითარება იყო მაშინ. ახლა კი წარმოუდგენელი რამ ხდება და ამასთან შეგუება ოპონენტებს უჭირთ, თუმცა, ესაა რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა.


- მიუხედავად იმისა, რომ ითქვა, „ღამის მგლები" საზღვარზე ვერ გადმოვიდოდნენ, რამდენიმე გუშინ ვაკის პარკში იმყოფებოდა...


- მათ თავდაპირველად საქართველოში ჩამოსვლა სხვა კუთხით დაანონსეს. უნდოდათ ცხრა მაისს ორგანიზებულად შემოსვლა, ესაა ბაიკერთა მოძრაობა, თავიანთი ემბლემებით, დროშებითა და ატრიბუტებით. თუმცა, ისინი საზღვარზე გააჩერეს და საქართველოში არ შემოუშვეს.


რაც შეეხება იმ ორ ბაიკერს, ჩემი ინფორმაციით, ისინი როგორც ტურისტები, ისე შემოვიდნენ ქვეყანაში. ეს იყო პროვოკაცია და სხვა არაფერი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამართალდამცველები პირიქით ამ ადამიანებს იცავდნენ, რათა ვინმეს შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. ჩვენ არ გვჭირდება იმის სწავლება, თუ როდის რა აღვნიშნოთ.


საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას ჩვენმა ქვეყანამ ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო მეორე მსოფლიო ომში, 700 000 კაცი მონაწილეობდა ამ პატარა ქვეყნიდან და ნახევარზე მეტი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, წარმოგიდგენიათ, ამან რამხელა დაღი დაასვა, თუნდაც ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებას?


ვიღაცა მოხატულმაისურიანი 9 მაისის აღნიშვნას ვერ გვასწავლის! მეორე მსოფლიო ომში ქართველმა კაცმა უდიდესი როლი ითამაშა და ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს.


- ლუჟკოვის ვიზიტს როგორ შეაფასებთ?


- ლუჟკოვი საერთოდ ვინ არის? ეს 80 წელს გადაცილებული კაცია, რომელიც საერთოდ არაფერს წარმოადგენს არც რუსულ და არც მსოფლიო პოლიტიკაში, არავინ მას არ იწვევს, ლექციას არ აკითხებენ, ერთი ჩვეულებრივი მოხუცი კაცია, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთი ეკლესიის მოსალოცად ჩამოვიდა და შემდეგ წავიდა.


თუმცა, თუ მან ოკუპაციის კანონი დაარღვია, ვთვლი, რომ ამის შესახებ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს რეაგირება უნდა მოეხდინათ.


- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებსაც რომ შევეხოთ, მაკრონმა გამარჯვება მოიპოვა, რას შეცვლის ეს მსოფლიო პოლიტიკაში?


- არაფერს არ შეცვლის. კიდევ კარგი, საფრანგეთმა მაკრონი აირჩია პრეზიდენტად, ეს გახლავთ ლიბერალური მიმართულების პიროვნება, მისი საარჩევნო კამპანიაც ასეთი იყო. ალბათ მისი მოწინააღმდეგის გამარჯვება რადიკალურად შეცვლიდა სიტუაციას არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპაში, ამ შემთხვევაში კი საფრანგეთი იმ კურსს გააგრძელებს, რომლითაც მრავალი წელია მოდის. ის ერთ-ერთი ძირითადი ძალაა ევროკავშირის შემადგენლობაში. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner