logo_geo
eng_logo
როგორ მიმდინარეობს კონკურსი „თბილისი“ – ინტერვიუ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან
- +

21 აგვისტო. 2017. 14:51



თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი" თვეზე მეტია მონაწილეობის მსურველთა ნამუშევრებს იღებს. საზოგადოებისათვის კონკურსის ისტორიისა და გეგმების უკეთ გასაცნობად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ვესაუბრეთ.



გიორგი ალიბეგაშვილი: თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი", ჩვენი შემოქმედებითი საზოგადოების ნამუშევრების, ნაფიქრისა და ნააზრევის წარმოჩენის მიზნით დავაარსეთ. ის სხვა კონკურსებისაგან განსხვავებით არის მრავალდარგოვანი, რადგან აერთიანებს: პროზას, პოეზიას, ფერწერას, ქანდაკებას, არქიტექტურას, სიმღერასა და  ფოტოხელოვნებას. ამასთანავე, სპეციალურად ჩვენი მოზარდი თაობისათვის, გვაქვს ესსეების ნომინაცია, რომლის თემატიკასაც ყოველწლიურად ცვალებადია. თუ 2015 წელს ესეს ნომინაცია მივუძღვენით უშუალოდ თბილისს, 2016 წელს კი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს, 2017 წლის საკონკურსო თემატიკად განვსაზღვრეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება და „ილიას საქართველო"


 

-კონკურსის სახელწოდებიდან გამომდინარე, მხოლოდ თბილისიდან იღებთ კონკურსანტების ნამუშევრებს თუ რეგიონებიდანაც?


- ჩვენ არ შევზღუდეთ არავინ, არც რეგიონებიდან და მეტსაც გეტყვით, ვთხოვეთ დიასპორის სამინისტროს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვისაც მიეწვდინათ ინფორმაცია კონკურსის „თბილისი" შესახებ.


შედეგად, ყველანი ძალიან გახარებული ვართ, რადგან ფერწერის ნომინაციაში გაიმარჯვა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა ლიკა შხვაცაბაიამ, - ნაწარმოებით „შეხვედრა ოაზისში".


-რა პრინციპით არჩევთ ხოლმე კონკურსის ჟიურის და წლევანდელი წევრების ვინაობა როდის გახდება ცნობილი?

 

- კონკურისის ჟიური არის წარმომადგენლობითი, ყოველთვის ვიწვევთ დიდ ხელოვანებს, თუმცა წინასწარ, წევრების ვინაობას საიდუმლოდ ვინახავთ, რათა იყვნენ თავისუფლები გარკვეული გავლენისაგან  და სუფთა თავიანთ არჩევანში. ამ პირობას ისიც ემატება, რომ თითოეული ნამუშევარი, იქნება ეს წერილობითი  თუ ხელოვნების სხვა ნიმუში, არის ანონიმური. ჟიურის წევრებამდე ნამუშევრები მათთვის მინიჭებული სპეციალური კოდით მიდის და სწორედ ამიტომ,  ამ კუთხით უკმაყოფილება არცერთხელ გვქონია, ვართ დაცული მიკერძოების შესაძლებლობისაგან და შენიშვნაც დღემდე არ მიგვიღია. ცხადია, ეს გამჭვირვალობა მეტი სტიმული იქნება მათთვის, ვინც ამ კონკურსში გაიმარჯვებს.


-იყო თუ არა ეს კონკურსი რომელიმე გამარჯვებულისათვის წინსვლის და პოპულარობის მომტანი?

 

- რა თქმა უნდა, ასეა. მართალია, ბევრი მათგანი, ვინც მოვიდა ჩვენთან და წარმოადგინა თავისი ნაშრომი, იყო გამოცდილი შემოქმედი, მაგრამ ბევრისთვის იყო პირველი ნაბიჯი. ჩვენი კონკურსის მიზანიც ეს გახლავთ, რომ ახალი სახეები  გამოვაჩინოთ. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ამ მიზანს უკვე მივაღწიეთ.

ამ საკითხში 2015 წელს დაგვეხმარა ჟურნალი „ცისკარი" და დაბეჭდა გამარჯვებული ნომინანტების ნაშრომები თუ მათი ამსახველი ფოტომასალა.

თვითონ ჟურნალი „ცისკარი" თბილისის მერის დავით ნარმანიას მხარდაჭერით აღდგა ორი წლის წინ. ეს არ არის მხოლოდ ჟურნალი, ეს გახლავთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაც, იმიტომ, რომ 1952 წლიდან გამოდის და ის ფაქტობრივად ისტორიული მემკვიდრეობის განგრძობაა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა ნაწარმოებებს ვბეჭდავთ როგორც ქართულ, ის აფხაზურ და ოსურ ენებზე და გამოცემას ვაგზავნით როგორც სოხუმში, ისე ცხინვალში.

ამით ჩვენ მოვუწოდებთ აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში. სამწუხაროდ, მათ ჯერ არ მიუღიათ მონაწილეობა, თუმცა გვაქვს კავშირი და ვფიქრობთ, რომ 2017 წლის კონკურსში „თბილისი" ჩაერთვებიან.

 

-გარდა „ცისკრის" გამოცემაში დაბეჭდვისა, კიდევ როგორ აწვდით ინფორმაციას საზოგადოებას გამარჯვებულთა შესახებ?


- 2015 წელს „ცისკარი" ამოგვიდგა მხარში და დაბეჭდა გამარჯვებულთა ნაშრომები. ახლა უკვე, ცალკე კრებულის სახით მწერლის - ირაკლი შამათავას რედაქტორობით გამოვეცით 2016 წლის კონკურსის ნომინირებული და გამარჯვებული ავტორები, ვფიქრობთ, რომ ბევრად უკეთესი ვარიანტია რჩეული ნაშრომების დაბეჭდვისა.

 

- რა ტიპის ცვლილებებს გეგმავთ?

 

- გვინდა, რომ საკონკურსო არეალი გავაფართოვოთ მთელი კავკასიის მასშტაბითაც კი. ამის რესურსები უნდა გამოვნახოთ, იმიტომ, რომ ბევრი გვედგა მხარში, ფირმა იქნებოდა ეს თუ რომელიმე კერძო უწყება. ძალიან საინტერესო პრიზები დააწესეს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ კულტურული ელემენტის რაც შეიძლება ფართოდ წარმოჩენა, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით. 

 

- დაჯიდლდოების ცერემონიისთვის თუ გაქვთ კონკრეტული გეგმები?

 

- კონკურსის „თბილისი" გამარჯვებულთა დაჯილდოება თბილისობის დღესასწაულზე იმართება. ჩვენმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა და დიდმა შემოქმედმა, ბატონმა გია ჯაფარიძემ გაგვიკეთა ხოხბის პატარა ქანადაკება, რომელსაც  გამარჯვებულებს გადავცემთ.

ახლა ვართ გადასული ძალიან საქმიან ეტაპზე. გვაქვს შეხვედრები როგორც შემოქმედებით ჯგუფებთან, ასევე სპონსორებთან. ვინაიდან მათი მხარდაჭერა ჩვენთვის, როგორც ნებისმიერი მსგავსი კონკურსისთვის ძალიან მნიშვენლოვანია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საზეიმო დღე, რომელიც თბილისობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება და მესამე წელსაც დაიკავებს კუთვნილ, შესაფერის ადგილს.

ცერემონიაზე მოწვეული გვეყოლებიან როგორც წინა წლების ჟიურის წარმომადგენლები, ასევე ჟიურის ახალი  წევრები, ამავდროულად, 2015-2016 წლის კონკურსის გამარჯვებულები და რა თქმა უნდა ჩვენი ქალაქის და არა მხოლოდ ჩვენი ქალაქის თვალსაჩინო მოღვაწეები. ბუნებრივია, რომ ეს  შესაბამის საზეიმო იერსახეს შეიძენს.


-თქვენთვის რას ნიშნავს ეს კონკურსი და რას ურჩევდით წლევანდელ მონაწილეებს?


- ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „ თბილისი" უკვე მესამე  წელია მიმდინარეობს და ჩემი დიდი სურვილი იქნება, საკრებულომ ეს ნიშია, რომელსაც ჩვენ - მეხუთე მოწვევის საკრებულო ვიკავებთ, - არ დაკარგოს. იმიტომ, რომ ნამდვილად შედეგის მომტანია და წაადგება ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციას, ერთსულოვნებას, კულტურაზე ფიქრსა და ზრუნვას, რომელიც ქართველი ერის განუყოფელი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ კონკურსანტებმა უკვე დაიწყეს ნამუშევრების გამოგზავნა. დანარჩენებს, მინდა ვურჩიო, რომ რაც შეიძლება იაქტიურონ, ჩაერთონ კონკურსში, ეს მათთვის, ქალაქისა და ჩვენი ქვეყნისათვის კეთდება და პირველ რიგში მთელი პასუხისმგებლობით, თავიანთი დამოკიდებულებით გამოხატონ კეთილი ნება, შემოქმედებითი მისწრაფება, რათა კიდევ უფრო გალამაზდეს და მისაღები იყოს ჩვენი დედაქალაქისთვის ეს კონკურსი.

მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ უფრო გაბედულები, რადგან არც ასაკი და არც თემატიკა შეზღუდული არ არის.

მთავარია, რომ ჩანდეს ნიჭიერება და შემოქმედებითი სული, რომელსაც ჩვენ ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით და ველოდებით.






 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner