logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ქართულ ოცნებას“ აჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს
- +

14 აპრილი. 2016. 18:10


ახალი საარჩევნო სია, პრეზიდენტის მიერ საარჩევნო თარიღის გამოცხადება, საკონსტიტუციო ცვლილებები ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საკითხი და NDI-ს კვლევა - ამ საკითხებზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ესაუბრა.


- როგორი უნდა იყოს ახალი საარჩევნო სია, უნდა გაკეთდეს თუ არა აქცენტი ცნობად სახეებზე?


- ადამიანის პარლამენტის წევრობა არ განისაზღვრება ცნობადობის მიხედვით. ბევრი სახე მინახავს ცნობადია, მაგრამ ჭკუა არ მოეკითხება. ასეთი წევრი „ქართულ ოცნებას" არ გვყოლია და იმედია მომავალშიც არ გვეყოლება. 

 

- არის თუ არა ცნობილი არსებული შემადგენლობიდან ვინ მოხვდება მომდევნო სიაში?


- არა ჯერ არ არის ცნობილი.


- პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღი გამოცხადება არის თუ არა კანონდარღვევა?


- რეალურად კანონი არ დარღვეულა, იურიდიულად არაფერი დაუშავებია პრეზიდენტს. მაგრამ კონსულტაციები გრძელდება, რადგან გამოცხადება უკავშირდება წინასაარჩევნო რეგულაციების ამოქმედებას. წინასაარჩევნო რეგულაციების 6 თვით ადრე გამოცხადება არ იყო მართებული და სწორედ ამიტომ გრძელდება კონსულტაციები პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რათა რეალური ვადა დაინიშნოს.


- არჩევნები გვიახლოვდება. ვის რა შანსი აქვს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?


- თუ შევაჯამებთ რეალიზებული პროექტების რაოდენობას და განსაკუთრებით სამომავლო, იდეების, მიდგომების ერთობლიობას, და თუ ამას დავუმატებთ ხალხის დამოკიდებულებას, ვფიქრობ „ქართულ ოცნებას" აჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. სხვა პარტიებზე ვერაფერს ვიტყვი.


- ვის ხედავთ მომავალ პარლამენტში?


- არ ვიცი და ამაზე ფიქრის სურვილიც არ მაქვს.


- ამბობენ, რომ შესაძლოა, აქტიურ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც დაბრუნდეს...


- როცა ირაკლი ღარიბაშვილზე ჩვენი გუნდის წევრებს კითხეს, ადამიანური, კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არავინ არ იტყოდა ირაკლი ჩვენთან არ იქნებაო. ყველას პასუხი იყო, რომ მას აქვს ინტელექტი, კარგი რესურსი, გამოცდილება, მაგრამ ეს არ ქმნის საფუძველს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გუნდში ვიხილოთ.


- უნდა შევიდეს თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ერთნაირსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით?


- ვფიქრობ აუცილებელია, ეს ნათელს მოჰფენს 36-ე მუხლს, და სრულ თანხვედრაში მოიყვანს სამოქალაქო კოდექსში არსებულ ჩანაწერთან. რასაკვირველია, მთავარი ჩვენი ეროვნულობაა და რაც ჩვენს ხელისუფლებას პოზიტივში ახასიათებს ეროვნულობის გათვალისწინებაა და ერთნაირსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით  კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მნიშვნელოვანია. ამას სამართლებრივი აუცილებლობაც მოითხოვს.

 

- როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ „რესპუბლიკელები" პოსტებს დატოვებენ და პარლამენტში უმრავლესობა დაიშლება, ეს სირთულეებს შექმნის. ეთანხმებით თუ არა უსუფაშვილის განცხადებას?


- პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნება აუცილებელია, რათა მივიღოთ ის საკანონმდებლო აქტები, რომელზეც ერთად დავიწყეთ მუშაობა. „ეროვნული ფორუმი" უმრავლესობიდან გავიდა, მაგრამ ვფიქრობ პრინციპულ საკითხებზე ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია. არ იქნება დაპირისპირება იმ საკითხებზე, რომლებიც ერთად დავიწყეთ. რასაკვირველია, უმრავლესობის დაშლით პრობლემა შეიქმნება, თუ დაშლა დროზე ადრე მოხდება. პრობლემა შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ დავიშლებით.

 

- NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებზე რას ფიქრობთ, ენდობით თუ არა მათ კვლევებს?


- NDI-ს მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული შედეგებით „ქართულ ოცნებას" არჩევნებზე ხმების 12% უნდა მიეღო პარლამენტში, მაგრამ სერიოზული აცდენა მოხდა. კარგად მახსოვს რომელ პარტიას რამდენი პროცენტი უქადაგა და აცდენა საკმაოდ დიდი იყო. რეალურად NDI არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია, ბევრი ქვეყნისთვის შესანიშნავი პროექტები აქვს გაკეთებული. მაგრამ ვფიქრობ, ის ორგანიზაცია, რომელიც NDI-ს ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჰყავდა დაქირავებული, არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩამოყალიბებული და კადრებით დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე არ მჯერა, რომ უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს მეტი ავტორიტეტი აქვს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.


 

right_banner
არქივი
right_banner