logo_geo
eng_logo
„სააკაშვილმა ხალხი პირწმინდად გაძარცვა“ - ირაკლი გოგავა სკანდალურ ინფორმაციას ამხელს
- +

5 ოქტომბერი. 2017. 14:55


 

საუბრების ციკლი ბატონ ირაკლი გოგავასთან, რომელიც „საერთო გაზეთის" მკითხველს აქამდე უცნობ მრავალ სკანდალურ ინფორმაციას უმხელს:


ირაკლი გოგავა - დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სასწავლო კურსი გავლილი აქვს დიდ ბრიტანეთში, დაამთავრა ასპირანტურა, ევროკავშირის ჯორჯ სმიტის სახელობის პროგრამის რამდენიმე კურსი, NATO-ს ჯორჯ მარშალის სახელობის კრიზისის მენეჯმენტის კურსი. სტაჟირებები გავლილი აქვს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, შვედეთის პარლამენტებში. 1999-2004 წლებში გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, ერთ-ერთი დიდი ფრაქციის „ალიანსი" - ახალი საქართველოს" თავმჯდომარე. ფლობს უცხო ენებს (რუსული, გერმანული, ინგლისური, უკრაინული). ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.


ირაკლი გოგავა: ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, რასაც მე სახელმწიფო გადატრიალებად ვაფასებ, ფაქტობრივად, იძულებით პოლიტიკურ ემიგრაციაში გახლდით. მართალია, ჩემს მიმართ სს-ის საქმე არ აღუძრავთ, მაგრამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, ვგულისხმობ პოლიტიკური პროცესების შეჩერებას, იძულებული გავხდი, საქართველოდან წავსულიყავი. ვმუშაობდი უკრაინის პრეზიდენტ იუშჩენკოსთან კონსულტანტად, ვიმუშავე ერაყსა და იორდანიაში რეფორმების სფეროში, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ერთ-ერთ პროგრამის დირექტორად, ასევე სხვა რამდენიმე ამერიკულ ფირმასა და არასამთავრობო ორგანიზაციაშიც. 2011 წელს შემოთავაზება მქონდა ამერიკული ფირმიდან, ბილეთები უკვე ნაყიდი მქონდა ვაშინგტონში გასამგზავრებლად, როცა გამოქვეყნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ცნობილი წერილი. მეტ-ნაკლებად მაქვს პოლიტიკური გამოცდილება, მივხვდი, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება იცვლებოდა, ჩვენს ერს შანსი მიეცა, დიქტატორი თავიდან მოეშორებინა. დაუყოვნებლივ ჩამოვედი საქართველოში ოჯახთან ერთად და გარკვეულწილად დავეხმარე „ქართულ ოცნებას". ამერიკიდან ჩამოვიყვანე ობიექტური დამკვირვებლები, დაახლოებით 25 კაცი, რომლებიც ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ სხვადასხვა რეგიონში, აგროვებდნენ ობიექტურ ინფორმაციას და ანალიზს აგზავნიდნენ დაახლოებით 5 000 რესპონდენტთან, პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან მთელ მსოფლიოში. მათ გარდა, ჩემი მოწვევით ამერიკიდან ჩამოვიდა ეგზიტპოლების შემსრულებელი ფირმა, არჩევნების დროს მათ გამოაცხადეს „მაესტროს" ტელეეთერით რეალური ინფორმაცია. გარდა ამისა, 2012 წლის აგვისტოში სამი კვირა გავატარე ამერიკის კონგრესში, შევხვდი კონგრესმენებსა და სენატორებს, ათეულობით მკვლევარს, აპარატის ადმინისტრაციების უფროსებს, მათ შორის, კონგრესის სპიკერსა და მისი აპარატის უფროსს და გავაცანი ის რეალობა, რაც საქართველოში იყო. ბევრმა მათგანმა გაკვირვებაც კი გამოხატა, რადგან არ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე, იმ დიქტატურაზე, რაც აქ მძვინვარებდა. ასე რომ, მეც შევიტანე გარკვეული წვლილი სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟში.


- 2003 წლის ნოემბერში ნამდვილად მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, ამ პროცესებს სხვა შეფასებას ვერ მისცემ. დიდი ფული ჩაიდო სააკაშვილის გუნდში, რომლითაც მან დაიქირავა ხალხი და მოაწყო ის ვითომდა ხავერდოვანი რევოლუცია. სააკაშვილის მთელი საარჩევნო კამპანია ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ კუნთმაგარი ბიჭებისგან შექმნა 500-კაციანი ნახევრად შეიარაღებული ფორმირება, რომელთან ერთადაც დადიოდა რეგიონებში და ცემა-ტყეპას მართავდა. ეს ჟურნალისტებისთვის შესანიშნავი „საკვები" იყო და სააკაშვილი ხდებოდა დღის ამბების მთავარი გმირი. ვერ ვიტყვი, რომ მან ამით რეიტინგი შეიქმნა, მაგრამ აშკარად შეიქმნა ფონი, რომ სააკაშვილია ყველაზე რადიკალურად დაპირისპირებული ხელისუფლებასთან და ის არის, ასე ვთქვათ, მთავარი ოპოზიცია. რაც შეეხება სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას, არის მოსაზრება, რომ ისინი დასავლეთმა დააფინანსა. ეს არ არის მართალი, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთის ქვეყნები, კონკრეტულად კი აშშ, პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ პროცესებს არ აფინანსებენ, ასე რომ, ეს არც ამერიკული ფული იყო და არც დასავლეთევროპული. ამ ფულის გარკვეული ნაწილი, შეიძლებოდა რუსული ან რუსეთში ნაშოვნი ყოფილიყო, იკვეთებოდა კავშირები იგორ გიორგაძესთან და რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებთან. ამ ყველაფრის შესახებ გაცილებით მეტ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ დღეს არ არის ყველა კარტის გახსნის დრო. მე ამერიკელებთან მქონდა ურთიერთობა, მოგეხსენებათ, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გახლდით და შემიძლია გითხრათ, რომ მათთვისაც სრულიად მოულოდნელი იყო ეს რევოლუციური სცენარი, პრინციპში მიუღებელიც, განსაკუთრებით რესპუბლიკური ფრთისთვის. ამერიკელები პირდაპირ მოითხოვდნენ მაშინდელი ოპოზიციისგან, კერძოდ, სააკაშვილისა და ჟვანიასგან, რომ შეეწყვიტათ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნა, დალოდებოდნენ არჩევნებს, ანუ სამართლებრივ ჩარჩოებში წაეყვანათ პროცესი. რევოლუციის სპონსორებისთვის ეს მიუღებელი იქნა, ამიტომ მან მკაფიო დავალება გასცა, რომ პროცესი ბოლომდე მიეყვანათ და სახელმწიფო გადატრიალებით დაესრულებინათ. არც ის არის სიმართლე, ჯორჯ სოროსი აფინანსებდა „რევოლუციონერებს", მისი ფონდი უბრალოდ ფულის გამტარად იქნა გამოყენებული. სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძესაც ბოლომდე ეგონა, რომ სოროსი აფინანსებდა მის წინააღმდეგ გამოსვლებსა და სახელმწიფო გადატრიალებას. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი გადატრიალება, სააკაშვილის მომხრეების დაახლოებით 600-კაციანი შეიარაღებული რაზმი ჩასაფრებული იყო  პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. სოციალ-დემოკრატების ოფისში. თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებდა, ეს რაზმი მზად იყო, სროლა აეტეხა. გარდა ამისა, პარლამენტში შემოჭრილ ადამიანებსაც ჰქონდათ იარაღი. ამ პროცესების მონაწილე ვარ და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. 2003 წელს, საქართველომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, მეორეჯერ შეწყვიტა ევოლუციური განვითარების ფაზა, რაც დამღუპველია ნებისმიერი ქვეყნისთვის.


სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა, რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ, პირველი, მან მოინდომა გარკვეული რეფორმების ჩატარება, ასე ვთქვათ, მოდერნიზაცია. ეს იყო მისი ჩანაფიქრი, რომლის შესრულებაც ფასადების ღებვით დაიწყო. პირველ ნაბიჯს, მეორე, სიღრმისეული პროცესი მოჰყვა, სააკაშვილმა სამართალდამცავი სტრუქტურებისგან სადამსჯელო ორგანიზაციების ქსელი ჩამოაყალიბა. მიზანი იყო ერთი - კორუფციით, შავი ბიზნესით ან თუნდაც კანონიერად ნაშოვნი ფული ამოღებულიყო მოსახლეობისგან. საქართველოსთვის ასტრონომიული თანხებია, რაც მათ ამოიღეს, თანაც ეს ხდებოდა ნახევრად ოფიციალურად, საპროცესო გარიგებების მეშვეობით. 2012 წლის ჩათვლით, ქვეყანაში აღძრული იყო 900 000-მდე სს-ის საქმე, რომელთა უმეტესობა საპროცესო გარიგებით დასრულდა. გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 1% თუ იქნებოდა. დანარჩენ შემთხვევებში დაკავებულები გაამტყუნეს და მათ აბსოლუტურ უმრავლესობასთან საპროცესო გარიგება გააფორმეს. მე 5 000 ლარზე ნაკლები საპროცესო თანხა არ გამიგია, ამ თანხასაც რაღაცა წვრილმანი დანაშაულისთვის ახდევინებდნენ, თორემ ეკონომიკურ დანაშაულობებზე პირადად ვიცნობ ხალხს, ვისაც 12 და 16 მილიონი გადაახდევინეს, ორი და სამი მილიონი ვინც გადაიხადა, ასეთი ათასობით ადამიანია. საბოლოო ჯამში, მოცემული პერიოდისთვის დაახლოებით 18 მილიარდამდე ლარია ამოღებული მოსახლეობისგან. ეს ფული წავიდა ნაციონალების შექმნილ სამ თუ ოთხ ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციაში, ერთს სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი ერქვა, დანარჩენების სახელი არ მახსოვს. დღეს ეს ორგანიზაციები აღარ არსებობს, დაიშალა და მათი მთელი დოკუმენტაცია დაკარგულია, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება არ იცნობს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბიზნესმენებს (მეც ვიცნობ ასეთ ხალხს) პირდაპირ ოფშორულ ანგარიშებზე არიცხვინებდნენ ფულს, მათ „დირექტივებს" აძლევდნენ, რამდენი უნდა ჩაერიცხათ კონკრეტული ფონდის ანგარიშზე, რამდენი ნაწილი ოფშორულ ანგარიშზე და ა.შ. დღეს გვიკვირს, ეკონომიკა ვერ ვითარდებაო, მოსახლეობისგან ამხელა ფულს რომ ამოიღებ, ეკონომიკა როგორ განვითარდება, იმ თანხის ნაწილი ხომ ისევ რეინვესტირებას უნდა მოხმარებოდა. ინვესტიცია მილიონერმა და ბიზნესმენმა უნდა განახორციელოს, ეს ხალხი კი პირწმინდად გაძარცვა სააკაშვილმა და ნულზე დასვა. ქვეყანაში არსებული კრიზისი, რომელიც ვერა და ვერ იქნა გადაწყვეტილი, იმ პერიოდიდან მომდინარეობს, ჩვენ ფული არ გვაქვს, უცხოური ფული კი ძალზე ძვირია. ნაციონალები თავს რომ იწონებენ, კორუფცია მოვსპეთო, კორუფციის აღმოფხვრა კი არა, მისი ერთ ხელში კონსოლიდაცია მოხდა. ყველა მსხვილ იმპორტიორს „სტავკა" ჰქონდა დაწესებული, ზოგს 10 %-ს სთხოვდნენ, ზოგს 20 %-ს. ჩემს ნაცნობ უკრაინელ ბიზნესმენს ხორბლის შემოტანა უნდოდა, ერთ-ერთ მინისტრთან გადაამისამართეს, რომელმაც მას 20 %-ის დატოვება მოსთხოვა. ამ დროს ხორბლის მარჟა 7-8, მაქსიმუმ 19 %-ია, ბუნებრივია, არ შედგა ეს გარიგება, მაგრამ ეს ფაქტიც ხომ მეტყველებს, სააკაშვილის მინისტრები რა პირობებს უყენებდნენ ბიზნესმენებს, მათ შორის უცხოელებს.

როგორ გადააგდო მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინი

 

– აჭარის თემასთან დაკავშირებით, შეთანხმება შედგა ვლადიმერ პუტინსა და სააკაშვილს შორის, რომ სააკაშვილი შევიდოდა აჭარაში, ხოლო პუტინი რუსეთში წაიყვანდა ასლან აბაშიძეს, ანუ განმეორდებოდა 2003 წლის ნოემბრის სცენარი. პუტინმა შეასრულა თავისი სიტყვა, სააკაშვილმა კი არა. აჭარის სანაცვლოდ, კრემლმა მას პირობა წაუყენა, რომ გააგრძელებდა შევარდნაძის მმართველობის დროინდელ პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმში უნდა შექმნილიყო სამმხრივი (საქართველო-რუსეთი-ამერიკა) ანტიტერორისტული ცენტრი და დამუხრუჭდებოდა ქართული მხრიდან NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. სააკაშვილი ამ პირობას დათანხმდა, თუმცა 2005 წელს ყველაფერი შეიცვალა, რა მოტივაციით შეცვალა სააკაშვილმა გადაწყვეტილება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მან პუტინი „გადააგდო“. რა თქმა უნდა პუტინის რეაქციამ არ დააყოვნა, რის გამოც უბრალო ხალხი დაზარალდა, რადგან სავიზო რეჟიმი დაუწესდათ და გამოადეპორტეს ის ათიათასობით ქართველი, რომელიც ლუკმაპურს რუსეთში შოულობდა. გახსოვთ ალბათ, როგორ დააკავეს ეს ხალხი და საბარგო თვითმფრინავებით გამოუშვეს საქართველოში, ბევრი მათგანი დაიღუპა იზოლატორებსა თუ თვითმფრინავის ბორტზე. მაშინ ქართულმა ავიაკომპანიებმა ივაჟკაცეს, სამგზავრო თვითმფრინავები გაგზავნეს რუსეთში და ისე ჩამოიყვანეს ეს გაუბედურებული ადამიანები. ერთი სიტყვით, ხალხის ზურგზე გადაიარა პუტინისა და სააკაშვილის დაპირისპირებამ. ამის შემდეგ უკვე გარდაუვალი იყო ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი. პოლიტიკოსები პუტინის შეფასებისას ამბობენ, რომ ის სიტყვის კაცია, მიცემულ სიტყვას ასრულებს და მეორე მხარისგანაც ითხოვს შესრულებას. მე პუტინის იდეალიზებას არ ვაპირებ, მაგრამ პოლიტიკაში მისი მიდგომა ასეთი ყოფილა. 2007 წლის შემოდგომაზე იწყება ბადრი პატარკაციშვილის მიერ მხარდაჭერილი საპროტესტო გამოსვლები, რაც სამწუხაროდ, ჩავარდა. სააკაშვილი შერჩა ხელისუფლებას, თუმცა ეს ყველაფერი მისთვის სიგნალი იყო, რომ მისი უალტერნატივობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სააკაშვილმა დაიწყო ისეთი სცენარის ძებნა, რომლითაც უსასრულოდ თუ არა, მაქსიმალურად  გაიხანგრძლივებდა ხელისუფლებაში ყოფნას. მან ასეთ სცენარად წარმატებული ომი ჩათვალა, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვიეს. სააკაშვილი უმეგობრდება სენატორ მაკ-კეინსა და მის ჯგუფს, მაკ-კეინი გახლავთ ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ამ კომპლექსის უმეტესი წილი კერძო სექტორს ეკუთვნის, ეს არის გიგანტური საწარმოები, რომლებიც უშვებენ თვითმფრინავებს, ძრავებს, ჯავშანტექნიკას და ა.შ. ამ უზარმაზარ ინდუსტრიას ათეულობით ლობისტი ჰყავს კონგრესსა და სენატში, რომლებიც სხვადასხვა საკითხს ლობირებენ. ეს ჯგუფი დიდ ფულს შოულობს იარაღზე, ნებისმიერ შეკვეთაში 20-30 %-იანი მოგება აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, რაც მათთვის დამატებითი შეკვეთა იქნება. ამ ჯგუფისთვის სააკაშვილი საინტერესო აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც საქართველო განლაგებულია საკმაოდ ფეთქებადსაშიშ რეგიონში. გარშემო სულ კონფლიქტებია, ჩრდილოეთ კავკასია პოტენციური კონფლიქტის კერაა, აქეთ ყარაბაღია, ახლო აღმოსავლეთში ქურთების საკითხი და ა.შ. ამ ჯგუფმა დაინახა, რომ საქართველოს სახით შეიძლება მსხვილი შეკვეთა მიიღონ, მაგრამ მათ სამიზნეს არა საქართველოს ბიუჯეტი, არამედ ამერიკის ფედერალური ბიუჯეტი წარმოადგენს. ამ უკანასკნელიდან ფულის კეთების კლასიკური მაგალითია აშშ-ის სამხედრო კამპანია ერაყში, რომელზეც ოთხი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. ჩათვალეთ, რომ ამ ასტრონომიული თანხის 20-25 % მათ ჩაიდეს ჯიბეში. ამ ჯგუფს აკონტროლებს ბუშების ოჯახი, დიკ ჩეინი, ლუგართან დაახლოებული ფირმები და ამ ფირმებმა დაახლოებით ტრილიონი დოლარი მოგება ნახეს ერაყის კამპანიაზე. ეს კამპანია უკვე დამთავრდა, ე.ი. რაღაც ახალი აქვთ მოსაფიქრებელი, უნდა შეიქმნას ახალი პატარ-პატარა კონფლიქტები. მაკ-კეინის ჯგუფი ძაბავს სიტუაციას, მერე პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს საკითხს, რომ დავუშვათ, საქართველოს დავეხმაროთ, გამოვუყოთ კონკრეტული შეიარაღება, იქით უკრაინას, კამბოჯას ან ნებისმიერ ქვეყანას, შემდეგ გააქვთ ეს საკითხი კონგრესზე და იღებენ. ამერიკაში პრობლემა ისაა, რომ ქვეყნის ბიუჯეტს კონგრესი ამტკიცებს, შესწორებებიც მას შეაქვს და არა პრეზიდენტს. პრეზიდენტს მხოლოდ ვეტოს დადება შეუძლია, მაგრამ როგორც წესი, პრეზიდენტებს უჭირთ კონგრესთან გამკლავება, ასე გამოიყოფა ხოლმე ასეულობით მილიონი დოლარი. პენტაგონის ბიუჯეტი 600 მილიარდი დოლარია, მომავალ წელს დაახლოებით 700 მილიარდი იქნება, აქედან დაახლოებით 1⁄3 სამხედრო შეკვეთებია, საიდანაც მოგება დარჩებათ ხსენებულ ბატონებს.

2008 წელს, სამხედრო ავანტიურა ჩავარდა, ანუ ვერ „პრავდება“ სამხედრო ხარჯები საქართველოს მიმართულებით და სააკაშვილი ახლა უკრაინაში გადაისროლეს. 2008 წელს ამ ჯგუფს ფულის შოვნის გარდა, სხვა ამოცანაც ჰქონდა, აგვისტოს ომს უნდა მოეხდინა მაკ-კეინის მომხრეების მობილიზაცია და უზრუნველყო მისი გამარჯვება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბრის თვეში ტარდებოდა. ომის დაწყებამდე, ობამა მაკ-კეინს 10 %-ით უსწრებდა, როგორც კი ომი დაიწყო, ეს სხვაობა 3 %-მდე შემცირდა, ეს აშშ-ში ცდომილების ზღვარია, შეიძლება 3 %-ით იგებდე, მაგრამ არჩევნების დღეს წააგო. დემოკრატიული პარტიისა და მისი მომხრეებისთვის ეს იყო შოკი, მილიარდობით დოლარი დახარჯეს საარჩევნო კამპანიაზე და ამ დროს ვიღაც სააკაშვილის გამო, არჩევნები შეიძლება წაეგოთ. ამ ორ კანდიდატს შორის განსხვავება ძირითადად ის იყო, რომ მაკ-კეინი წინასაარჩევნოდ ანტირუსული ლოზუნგებით გამოდიოდა, ხოლო ობამას უფრო ხავერდოვანი, რბილი პოზიცია ჰქონდა რუსეთის მიმართ. ამიტომაც იქონია ამ ყველაფერმა გავლენა მათ რეიტინგებზე. სააკაშვილის მიერ რეზერვის შექმნა, სადაც 100 000 ქართველი გაატარეს, მისი ამერიკელი „მეგობრების“ გეგმის ნაწილი იყო, რეზერვი იმისთვის მოიგონეს, რომ ქართველ ერს პარტიზანული ომი ეწარმოებინა, რუსეთი რომ აუცილებლად ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში, ეს ხსენებული გეგმის „შემოქმედმა“ კარგად იცოდა. მოკლედ, ბუჩქებში უნდა ჩავმჯდარიყავით და რუსებისთვის გვესროლა, ეს პროცესი 1-2 თვე უნდა გაწელილიყო, სამი თვე იდეალური შემთხვევა იქნებოდა. ამ ფონზე უნდა გამხდარიყო მაკ-კეინი ამერიკის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენმა „მთავარსარდალმა“ გორის ქუჩებში იფორთხიალა, თავიც შეირცხვინა, ერიც შეარცხვინა და „პატრონებიც“ იმედგაცრუებული დატოვა. ამ პროექტის ჩავარდნის შემდეგ, მაკ-კეინის ჯგუფის ინტერესი შენელდა საქართველოს მიმართ, სააკაშვილმა დაკარგა ნდობა და სიმპათიები საერთაშორისო ასპარეზზე. ის გახდა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, რომელთან შეხვედრასაც ყველა ერიდებოდა, ბარაკ ობამა მას ერთადერთხელ შეხვდა და მაშინაც ფაქტობრივად უთხრა, ხელისუფლებიდან უნდა წახვიდეო.

 

 

პოროშენკო და სააკაშვილი შეთანხმებულები არიან

 

– 2004 წლის „მაიდნის“ სახელით მონათლულ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ფაქტობრივად, განახევრდა ქვეყნის ეკონომიკა, სამჯერ მოხდა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და შესაბამისად მოსახლეობა გაღარიბდა. უკრაინა ფაქტობრივად ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა. უკრაინაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ქვეყნის რეალურად დაშლა გამოიწვია, რაც ვფიქრობ, სპეციალურად იყო ჩადებული. როგორც გითხარით, პრეზიდენტ იუშჩენკოს კონსულტანტი ვიყავი, 2004 წელსაც იყო ასეთი ნაციონალური მოწოდებები, მაგრამ იუშჩენკომ შეძლო მოეთოკა ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოება, ჟურნალისტები და დონბასის პრორუსულ მოსახლეობას გარანტიები მისცა, რომ რუსულ ენას, მათ ყოფას და პოლიტიკურ ორიენტაციას საფრთხე არ ემუქრებოდა. 2014 წელს სპეციალურად მოხდა ენის საკითხზე ტორპედირება, რუსული ენა ავკრძალოთო, არადა, უკრაინის მოსახლეობის მინიმუმ 45 %-სთვის რუსული მშობლიური, პრინციპში ერთადერთი ენაა. რუსულ ენაზე შეტევა სპეციალურად გაკეთდა, რომ კონფლიქტის პროვოცირება მომხდარიყო. რაც შეეხება ტერიტორიების დაკარგვას, რუსეთს დონბასი დიდად არ აინტერესებს, ყირიმია მისი ინტერესის სფერო, რადგან სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. სევასტოპოლში არსებულ სამხედრო ბაზას რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და თეორიულადაც კი არ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი სევასტოპოლს დათმობდა. აქედან კონტროლდება შავი ზღვის მთელი აკვატორია, კონფლიქტის შემთხვევაში, სევასტოპოლს ვინც ფლობს, ის ფლობს დიდ აკვატორიაში უპირატესობას. ისე, დონბასის ბედი არც პოროშენკოს აღელვებს, მისთვის დონბასის კონფლიქტი ძალაუფლების შენარჩუნების გზაა.

 

პოროშენკოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რაღაც რეჟიმში კონფლიქტის ქონა. ამ კონფლიქტის გამო, უკრაინაში ცენზურის სამინისტროა შექმნილი რეალურად, ნებისმიერი მასალა ყველა დონის მასმედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიებში, კონტროლს გადის. ახლახან ერთ-ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამომართვა, სადაც ვისაუბრე სააკაშვილზე, უკრაინაში მის ფუნქციაზე. რამდენიმე დღის შემდეგ, დამირეკა ამ ჟურნალისტმა და პირდაპირ მითხრა, თქვენმა ინტერვიუმ  ცენზურა ვერ გაიარა, ამიტომ ვერ დაიბეჭდება და ბოდიშს გიხდითო. ერთი სიტყვით, უკრაინაში ტოტალური ცენზურაა, სააკაშვილს ხომ ვითომ კონფლიქტი აქვს პოროშენკოსთან, მაგრამ მასზე ცუდის თქმა აკრძალულია. ის ტელევიზია, რომელშიც სააკაშვილმა გადაცემა გააკეთა, პოროშენკოს მეგობარს ეკუთვნის. პოროშენკო და სააკაშვილი შეთანხმებულები არიან, მიშას ოპოზიციონერის როლის თამაში დაევალა, რომლის მიზანიც იულია ტიმოშენკოსთვის ხმების წართმევაა, რადგან ეს ქალბატონი რეიტინგით პირველ ადგილზეა. პოროშენკოსთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ხმა წაართვას, სააკაშვილს 3-4 %-ის წართმევა აქვს დავალებული. მომავალ პარლამენტში სააკაშვილის გუნდმა პოროშენკოს უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან დღეს ისეთი ვითარებაა, არჩევნები რომ ჩატარდეს, მმართველი პარტია უმრავლესობას ვერ იღებს, დაახლოებით 7-8 პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში. სააკაშვილის ეს შოუები, პასპორტის წართმევა და ა.შ. ერთ მიზანს ემსახურება. სააკაშვილმა ვერ „გაქაჩა“, თავისი ერთთვიანი ოპოზიციური საქმიანობით ვერ მოიპოვა საჭირო რეიტინგი. მისი ჩავარდნილი რეიტინგის ამოსაქაჩად მოიგონეს ეს სპექტაკლი, საზღვრის შტურმი, გარღვევა. ასეთი მეთოდებით შეეცდებიან 2019 წლის არჩევნებისთვის სააკაშვილის რეიტინგის მეტ-ნაკლებად აწევას. მისი მთლად მაღალი რეიტინგი პოროშენკოსაც არ აწყობს, რადგან იცის, რომ სააკაშვილს ყველა მისი მოკავშირე „გადაგდებული“ ჰყავს, დაწყებული ედუარდ შევარდნაძით და დამთავრებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.

 


(გაგრძელება იქნება)


მანანა სუხიშვილი

 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner