logo_geo
eng_logo
ლევან ჩაჩუა: ალეკო ელისაშვილმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერიდან ახალაიას ციხის ჯურღმულებში გაგვისტუმრა
- +

7 ოქტომბერი. 2017. 00:47



წინასაარჩევნო ბატალიების დაწყებისას ერთი ძალიან საინტერესო ადამიანის სიტყვები მასხენდება ხოლმე, - არჩევნების წინ შეიტყობ, ქვეყანას რამდენი გიჟი ჰყავს და სად გადის სიგიჟის ზღვარიო. სწორედ ეს სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში, როდესაც დედაქალაქის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თავისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი წარადგინა - ცხენების გადარჩენის ცენტრის ხელმძღვანელი...


თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ალეკო ელისაშვილს ცუდი რეიტინგი არ აქვს და წყალწაღებულის მდგომარეობაში არ არის, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, მაგრამ ქალაქის მცხოვრებნი მას სოციალურ ქსელში ხშირად უცხვირპიროსა და უმეგობრო ადამიანს უწოდებენ, თუმცა წერენ, ეს კაცთმოძულე ადამიანი, შესაძლოა, სულაც არ იყოს ცუდი მერი, ნეპოტიზმი მაინც არ იქნებაო.

 

"უნამუსო კაცი არის ის, ვისაც ნამუსი არ აქვს, უსირცხვილო _ ის, ვინც სირცხვილთან მწყრალადაა... ვერ მივმხვდარვარ, რას ნიშნავს უცხვირპირო კაცი? ვისაც ცხვირი ან პირი არ აქვს? ცხვირი გრძელი და პირი ღია თბილისის მერობის კანდიდატს რომ აქვს, ისეთი უნდა. მაშ, რატომ ეძახის ხალხი მას უცხვირპიროს?! ალბათ, იმიტომ, რომ თავის გრძელ ცხვირს ყველგან ჰყოფს და, რაც სათქმელი არ არის, იმას ლაპარაკობს. ელისაშვილს ქართული ტრადიციები ორთაჭალის კინტოს მემკვიდრეობის გაგრძელება ჰგონია. ალეკო ელისაშვილი არ არის სადიდმოურავო კაცი და მას, ვფიქრობ, ხმას არ მისცემენ არც ძირძველი თბილისელები და არც, ზოგადოდ, თავმოყვარე ამომრჩევლები", - ასეთია საზოგადოება "სტალინის" დამფუძნებლის, გრიგოლ ონიანის, აზრი ალეკო ელისაშვილზე.


დედაქალაქის მერობის სურვილის გამოთქმისთანავე ალეკო ელისაშვილი სკანდალში გაეხვია _ მას, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესატანი 10 000 ხელმოწერის შეგროვებაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესთავაზა დახმარება, თუმცა იუარა და განაცხადა, რომ ვიღაც პროვოკაციას უწყობს და, ათი ათასის ნაცვლად, ოცი ათასი ხელმოწერა შეიტანა.

 

"ხელმოწერების შეგროვება დასჭირდა და პირველი, ვინც დახმარება შესთავაზა, "ნაცმოძრაობა" იყო. რურუა, საერთოდ, ელისაშვილის შტაბში მისულა ხელმოსაწერად. თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია: ზალიკო - ალეკოსთან თუ ალეკო - ზალიკოსთან... მე მაგისთვის არ მცალია, უამრავი პრობლემაა ქალაქში", - განაცხადა მერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა კახა კალაძემ...


მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, ერთი შეხედვით, უწყინარ და ქვეყანაზე მზრუნველ ადამიანად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მას არცთუ შორეულ წარსულში სოროსის გრანტებში ბანაობასა და სხვა დიდი ცოდვის ჩადენაშიც ადანაშაულებდნენ.


საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტი, ამის დავიწყება შეუძლებელიც არის, რადგან პირდაპირ ეთერში ადამიანის დაპატიმრება ხშირად არ ხდება. შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი ის ადამიანები არიან, რომლებიც სწორედ ალეკო ელისაშვილის მოთხოვნით დააპატიმრეს. მათ ბრალი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში დასდეს, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, აგრეთვე, ხულიგნობაში. მათ, ჯამში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.


2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "ბარიერის" პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის თემა "ილიას უნივერსიტეტთან" გამოხატვის თავისუფლების გამო მომხდარი დაპირისპირება იყო.


"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის", აგრეთვე, "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის ტელეეთერში დაწყებული უთანხმოება სტუდიის გარეთ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, როცა ტელეწამყვანის მოწოდების შემდეგ საეთერო სტუდიაში პოლიცია გამოჩნდა. სამართალდამცველებმა ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ძირითადად _ "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები.


გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" გამომცემელმა მალხაზ გულაშვილმა შეხლა-შემოხლის პროვოცირებაში ტელეკომპანია "კავკასიის" თანამშრომლები დაადანაშაულა. "ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" მხრიდან, რომელსაც შემსრულებლები ჰყავდა ტელეკომპანია "კავკასიაში", _ განაცხადა მალხაზ გულაშვილმა, რომელმაც ალეკო ელისაშვილის "კაი კაცობაზე" ჩვენთან საუბარი იმ მიზეზით არ ისურვა, რომ "კახა კალაძის წისქვილზე წყლის დასხმა" არ სურდა.


"ქართული იდეის" ლიდერი, ალეკო ელისაშვილის "მსხვერპლი" ლევან ჩაჩუა კი ინტერვიუზე დაგვთანხმდა:


- ბატონო ლევან, რა კაცია ალეკო ელისაშვილი?


- კარგს ვერაფერს ვიტყვი... ჩვენ პირველად ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში შევხვდით 2010 წლის 7 მაისს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა 8 მართლმადიდებელი დაგვიჭირა მხოლოდ იმისთვის, რომ სარწმუნოებას ვიცავდით - ვაპროტესტებდით ილიაუნში იმხანად მიმდინარე აღვირახსნილ კამპანიას. ილიას სახელობის უნივერსიტეტს სერგო რატიანი ხელმძღვანელობდა და გახრწნილი დეისაძის ე.წ. შემოქმედებას უწევდა პროპაგანდას - აწყობდნენ პრეზენტაციებს, საჯარო გამოსვლებს ტელევიზიებში ა.შ. ამ ე.წ. ლიტერატურაში საუბარია ინცესტზე, გალანძღულია ღვთისმშობელი. დისკუსიებში მონაწილეობდნენ სტუდენტები და, თუ რომელიმე მათგანი თავს "გამოიჩენდა", აჯილდოებდნენ, საზღვარგარეთ უშვებდნენ.


ჩვენ, მართლმადიდებლები, ამას ვაპროტესტებდით. ერთ დღესაც ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მიგვიწვიეს და ოპონენტებად ბექა მინდიაშვილი და სერგო რატიანი დაგვისვეს. მალე მათ პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვეს, მაგრამ გარეთ მოხდა შეხლა-შემოხლა. მათ პროვოკაცია მოაწყვეს და ჩვენ, პირდაპირ ეთერში მსხდომი ადამიანები, დაგვაპატიმრეს. სწორედ მაშინ, ასე ვთქვათ, გავიცანი ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი - ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის - ნინო ჯანგირაშვილის მეგობარი. ელისაშვილს ის გადაცემა არ მიჰყავდა, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ის და ტელეკომპნია "კავკასიის" ხელმძღვანელი დავით აქუბარდია, რომლებიც ნასვამები იყვნენ, შემოცვივდნენ და მოითხოვეს ჩვენი დაპატიმრება, რაც უმალ შესრულდა კიდეც.


მოგვიანებით, როდესაც მომხდარის გამო პირდაპირ ეთერში სრულიად საქართველოს რისხვა დაატყდათ თავს, ალეკო ელისაშვილი ბოდიშის მოხდას ცდილობდა. ის, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, იყო უპრეცედენტო შემთხვევა, არ მახსენდება სხვა შემთხვევა, რომ ადამიანები პირდაპირ ეთერში დაეპატიმრებინოთ. ეს ელისაშვილმა გააკეთა. აი, ეს "კაცია" ალეკო ელისაშვილი. მისი ბოდიში დაგვიანებული იყო სასამართლოში, რადგან 4 წელიწადი და 6 თვე მოგვისაჯეს. ალეკო ელისაშვილმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერიდან ახალაიას ციხის ჯურღმულებში გაგვისტუმრა. ეს ახსოვს საქართველოს.


- ვინმე მფარველობს ელისაშვილს? როგორ მოხვდა ის საკრებულოში? ახლა კი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია...


- არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეცდომაა. ასეთი ოდიოზური ფიგურის შეშვება საკრებულოში მხოლოდ ბიძინას შეეძლო. საზოგადოდ, დემოკრატიობანას თამაში უყვარს ივანიშვილს და ჯერ სასახლეში სვამს ფიგურებს ჭადრაკის დაფაზე, შემდეგ _ რეალობაში. ხან ჰგონია, რომ "პატრიოტები" უნდა შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში 5%-ით, ხან ელისაშვილისნაირზე დებს ფსონს, ამით, მგონი, მსოფლიოს "გაოცებას" ცდილობს. რას გაუგებ?! რასაც მოისურვებს, იმას აკეთებს. ელისაშვილი ბიძინას "გაეპარა", ისევე, როგორც ბევრი სხვა.

 

- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალეკო ელისაშვილს "ტფილისის ჰამქარსა" და გადაცემებს უფინანსებდნენ. ამბობდნენ, რომ ვიღაცის დაკვეთებს ასრულებდა. იცით, ვინ აფინანსებდა ელისაშვილს?


- არ ვიცი, მაგრამ, რაც ვიცი, საკმარისია: თბილისელებს მერად "ჩამშვები" და ბავშვების დაჭერის დამკვეთი ადამიანი რომ არ უნდა ჰყავდეთ, ამას, მგონი, ბევრი ლაპარაკი არ უნდა. პირდაპირ ეთერში 8 კაცს რომ დააპატიმრებინებს, ისეთ ადამიანს რა ჰქვია, ყველა თბილისელმა იცის და აქ ნუღარ მათქმევინებთ... ასე რომ, მერად იქნებ კაცი ავირჩიოთ...


- ზოგიერთის აზრით, შესაძლოა, არჩევნების მეორე ტური გაიმართოს ელისაშვილსა და კალაძეს შორის...


_ არ მახსოვს, რომელ ფილმშია: "ალია-ბალია, ორივე თათარია"... რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება დედაქალაქის მერი: ელისაშვილი თუ კალაძე?! მთავარია, ხელისუფლებას მარიონეტები ჩამოშორდნენ და ქვეყანა სულიერად გაწინასწორებულმა და თავისუფალმა ადამიანებმა მართონ, რომლებიც გადაწყვეტილებებს თვითონ მიიღებენ.

 

- არ არის სულიერად გაწინასწორებული ალეკო ელისაშვილი?


- სულიერად გაწინასწორებული არ არის არც ალეკო ელისაშვილი, არც კახა კალაძე და არც ერთი მათგანი, ვინც დღეს ჩვენი ქალაქის მერობას ცდილობს.


მერობის კანდიდატად ყველა პარტიიდან საშინლად ოდიოზური პიროვნებები არიან დასახელებული. ისეთი ცუდი ფონია, რომ, ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ხალხი, საერთოდ, არ მივა, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ არც ამას აქვს მნიშვნელობა: