logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილის „არასტანდარტული“ ვოიაჟი და უჩვეულო ისტორიები
- +

9 ოქტომბერი. 2017. 12:34



ულამაზესი ადგილები — ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი, უამრავი თავგადასავალი და შთაბეჭდილებები, ადამიანის ცხოვრებას საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის. მოგზაურობა ჩვენი დღევანდელი რესპოდენტისთვისაც სასიცოცხლო ენერგიის მიმცემია.

ჩვენი რუბრიკის სტუმარი მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილია. პირველი წარუშლელი, საუცხოო მოგზაურობიდან მოგონებებთან ერთად მუხლზე შრამიც დარჩა. მისი ვოიაჟი მოულოდნელობებით და საოცარი თავგადასავლებით არის სავსე.

ქეთი ხოსიტაშვილი

 

— ადამიანებს გვჭირდება საწვავი, რომ სასიცოცხლო ენერგია მივიღოთ. ვიღაცისთვის ეს საწვავი ხელოვნებაა, ვიღაცისთვის — ახალი პროფესიული გამოწვევები, ვიღაცისთვის — სასიყვარულო თავგადასავლების ლაბირინთებში გახვევა, ვიღაცისთვის — მოგზაურობა და მრავალი შთაბეჭდილება… პერიოდულად, ეს ყველაფერი მეც მჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით მოგზაურობაა ჩემთვის ენერგიის მომცემიც და დამმუხტველიც. ვფიქრობ, რომ ყველაზე მდიდარ მოგონებებს სწორედ აქ ვაგროვებ და რომ სწორედ მოგონებები გვქმნის ჩვენ, გვზრდის კიდეც, გვიცვლის მსოფლმხედველობას, შეხედულებებს, დამოკიდებულებებს… გვავითარებს. აი, წარმოიდგინეთ, რა გვამახსოვრდება კარგად უკან, წარსულში რომ ვიხედებით — ძირითადად, მოგონებები, ის შთამბეჭდავი წუთები, ისტორიები, თავგადასავლები, რაც გაგვივლია და რისი „დაჭერაც“ მოვახერხეთ. ამ „დაჭერასაც“თავისებური უნარი უნდა. ადამიანები ხშირად ან წარსულით ან მომავლით ვცხოვრობთ და ხშირად ამ გუშინდელი და ზეგინდელი დღის გაანალიზება-დაგეგმვაში გვეპარება მთავარი — ეს მომენტი, ეს წუთი, ეს შეგრძნებები, რაც გვაქვს ახლა… ვცდილობ, დავაფასო, მივიღო და მადლიერება გამოვხატო ამ წუთების მიმართ, რომელიც აღარ განმეორდება… თუმცა, ეს ხან გამომდის, ხან — არა. ყველაზე მეტი ბედნიერი წუთი კი ჩემთვის სწორედ მოგზაურობას მოაქვს და ვცდილობ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვა ხოლმე…

ქეთი ხოსიტაშვილი

 

- პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ — როდის და რომელ ქვეყანაში იყავით პირველად, რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

— არც ისე მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. პირველი, მახსოვს გერმანია იყო, 90-იან წლებში, მაშინ 13 წლის ვიქნებოდი, გარემოსდაცვითი სფერო ბავშვობიდან მიტაცებდა და მაშინაც ეკოლოგიური ბანაკების პროექტით გავემგზავრე. ერთი კვირა ფრანკფურტში ვიყავით, მეორე კვირა — საარბრიუკენში. ამ უკანასკნელ ქალაქში, ტყეში, კარვებში ვცხოვრობდი გერმანელ მოზარდებთან ერთად. ეს ტური ძალიან შთამბეჭდავი იყო და ძალიან კარგად მახსენდება. საბჭოთა პერიოდში საზღვარგარეთ მოგზაურობა ფუფუნება იყო და იქ მოხვედრაც — უზომოდ საინტერესო. შევიძინე ახალი მეგობრები, გავიცანი ქვეყანა, მისი ისტორია და წეს-ჩვეულებები… მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთი მთავარი მოგონება „ჩამომყვა“. ბავშვობიდან ძალიან ხიფათიანი ვარ. სულ რაღაც თავგადასავლებში ვეხვევი და მოგზაურობასთან დაკავშირებული პირველი თავგადასავალიც გერმანიიდან ჩამომყვა. მახსოვს, ეკობანაკებში ველოსიპედები დაგვირიგეს, მე არც ახლა ვიცი მისი ტარება და მით უფრო, მაშინაც არ ვიცოდი, მაგრამ გავრისკე და ყველაზე სახიფათო გზაზე ვცადე გავლა… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარცხით დასრულდა — ველოსიპედიდან გადმოვვარდი და ცხვირ-პირთან ერთად ფეხი ვიტკინე. გერმანიაში ოპერაცია გამიკეთეს და ამ წარუშლელი, საუცხოო მოგზაურობიდან მოგონებებთან ერთად დამრჩა შრამი მუხლზე — ასეთი იყო ჩემი პირველი და შორეული გერმანული მოგზაურობა.

ქეთი ხოსიტაშვილი

 

- დაახლოებით რამდენ ქვეყანაში იქნებით ნამყოფი და მათგან რომელს გამოარჩევდით?

— პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბევრგან ვარ ნამყოფი: რუსეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ყირიმში… აზერბაიჯანი იმდენჯერ მოვინახულე, დათვლაც გამიჭირდება (ლამის იქაური მოქალაქე გავხდე)… ევროპული ვოიაჟები უფრო ცოტა მქონდა — საფრანგეთში ორჯერ ვიყავი, პოლონეთში — მრავალჯერ, ასევე ვიმოგზაურე უნგრეთში, ავსტრიაში, ჩეხეთში…. განსაკუთრებულად შემიყვარდა ბუდაპეშტი — ეს საოცარი ქვეყანა და ქალაქია, უთბილესი ხალხით, ძალიან მდიდარი ქალაქის ისტორიითა და არქიტექტურით გამორჩეული. პირველივე ჩასვლაზე ვიგრძენი, რომ „სახლში ვარ“. ბუდაპეშტში ჩემი მოგზაურობის განუყრელ და უახლოეს მეგობართან, თეონა გოგნიაშვილთან ერთად ვიყავი. რამდენიმე შთაბეჭდილებას გავიხსენებ:

ეს საოცრად მწვანე ქალაქია, ყველგან სკვერი და დასასვენებელი პარკია… ისინი უზარმაზარ სივრცეზეა გადაჭული და გგონია, რომ ტყეში ხარ…საოცრად მოვლილია აქაურობა. ჰო, კიდევ ბუდაპეშტში ძალიან ბევრი ყვავია და წითელი წიწაკა — ეს უკანასკნელი ქალაქის სიმბოლოა. ბუდაპეშტი ქალაქი მუზეუმია თავისი ნეორენესანსული და გოთიკური არქიტექტურით — სუნთქვა შეგეკვრება ისეთი მაგარი.

თავის სასიცოცხლო ენერგია აქ, მგონი, ყველა შენობა ყვება. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა წმინდა სტეფანიას ტაძარმა მედიტაციური გალობით, უნგრეთის პარლამენტის საოცხოო შენობამ, რომლის არქიტექტორი იმრე შტეინდლი ყოფილა, მეცამეტე საუკუნის ნანგრევებმა მარგარიტას კუნძულზე, სადაც ოდესღაც უნგრეთის მეფის ქალიშვილის საბრძანებელიც იყო… უნგრელებს ისეთი ლამაზი ქალები ჰყავთ, პირველ დღეს კაი კავკასიელი კაცებივით თვალს ვაყოლებდით, მერე თვალი კაცებისკენაც გაგვექცა და მე პირადად, თუ ვინმე მომეწონა, ან აფერისტი იტალიელი აღმოჩნდა, ან უმარილო ფრანგი.

ასევე განსაკუთრებულად დამამახსოვრდა მარგარიტას კუნძულზე მოსკოველი რუსი, რომელსაც შემთხვევით გადავაწყდით. მას მკლავზე ქართულად ამოსვირინგებული „საქართველო“ ეწერა. სახელი არ გვითხრა, არც ისტორია. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ბედნიერი წუთები გვაჩუქა ჩვენც და ალბათ, საკუთარ თავსაც…

მოსკოველი რუსი, რომელსაც  მკლავზე ქართულად ამოსვირინგებული „საქართველო“ ეწერა

მოსკოველი რუსი, რომელსაც მკლავზე ქართულად ამოსვირინგებული „საქართველო“ ეწერა

 

საერთოდ არასტანდარტულად ვისვენებ მოგზაურობისას. ამას ალბათ დასვენებაც არ ჰქვია — სულ დავფარფატებ ქუჩებში, მინდა, რომ ყველაფერი უცებ გავიგო ჩემთვის საინტერესო ქვეყნის, ქალაქის, ხალხის, კულტურის, ისტორიის შესახებ… ქუჩებში ველაპარაკები ყველას და ყველაფერზე, ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს ენას — თუნდაც ეს ჟესტების ენა იყოს… ჩემი აზრით, ადამიანები რომ გაიცნო და ურთიერთობები დაამყარო, ამისთვის არ არის აუცილებელი ვერბალური კავშირი — სათქმელს ისედაც გააგებინებ. მთავარია, რასაც იგრძნობ და რა ემოცია დამყარდება ერთმანეთს შორის….

- უცხო ქვეყნებიდან რას აიღებდით, რას ისწავლიდით და რის დანერგვას ეცდებოდით საქართველოში?

— ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი და ის რაღაც „ბრწყინვალე მარცვალი“ აქვს, რაც გამოარჩევს სხვებისგან. გამოცდილების გაცვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ასეა ეს ადამიანურ ურთიერთობებშიც… ბოლო წლებში ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად განვითარდა, მაგრამ — არასაკმარისად… ბევრი კარგი პრაქტიკის, წესის, ჩვეულების გადმოტანა შეგვიძლია სხვადასხვა ქვეყნიდან. უპირველესად, მაწუხებს ჩვენი ქალაქის ქაოსური განაშენიანება, ის, რომ მწვანე საფარი და რეკრეაციული ზონები აღარ დარჩა თბილისს.ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ახლა მომზადდა (ამ პროექტში ჩართული ვარ მეც), აღნიშნულ სიტუაციას გამოასწორებს, თუმცა, დაგვიანებულიც არის… იმედი მაქვს, ურთულესი დოკუმენტი, რაც ჩემმა მეგობრებმა მოამზადეს, ჩემი აზრით, „ქალაქის კონსტიტუციაა“, რომელიც დედაქალაქს სწორი კუთხით განავითარებს…. ჰოდა, ჩვენც დავემსგავსებით განვითარებულ ევროპულ ქალაქს, რომელიც ბოლოს და ბოლოს ისუნთქებს და გვექნება ბევრი „მწვანე“ ფერი. გული მწყდება იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად საზოგადოებრივი წესრიგის კუთხით მოიკოჭლებს. მაგალითად, არასათანადოდ მკაცრია მიდგომები საგზაო წესების დამრღვევი ქვეითების, თუ მძღოლების მიმართ, ლოიალურია მიდგომა იმ პირების მიმართაც, ვინც ქალაქს ანაგვიანებს, ხმაურობს ღამის საათებში და სხვა… შრომითი უფლებების დაცვის კუთხითაც მოვიკოჭლებთ. ამ თემებზე საუბარი შორს წამიყვანს. იმედი მაქვს, ჩვენზე მეტად განვითარებული ბევრი ქვეყნიდან „კეთილ“ და ქმედით მაგალითებს ავიღებთ და თანდათან საქართველოც სწორ რელსებზე დადგება…

ქეთი ხოსიტაშვილი და თეონა გოგნიაშვილი

 

- რამე თავგადასავალს ხომ არ გაიხსენებთ, რაც მოგზაურობისას მეგობრებთან ერთად გადაგხდათ?

— საერთოდ, მგონი არ არსებობს ქვეყანა, სადაც სამოგზაუროდ წავსულვარ და იქიდან რაიმე ისტორიით არ ჩამოვსულვარ. საერთოდ, რამდენადაც საქმეში ვარ ორგანიზებული, იმდენად მოგზაურობისას ვარ გაფანტული…. გავიხსენებ პოლონეთს და ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარს ანა ჩანგიანს, რომელიც, ჩემგან განსხვავებით საოცრად მოწესრიგებული ადამიანია — ალბათ, ახლა რომ ჰკითხოთ, 2020 წლის მარტის კონკრეტულ დღეს სად იქნება და რას გააკეთებს, ეგეც ეცოდინება. ანა ბოლო წლებში ჩემთან მუშაობს და მედიაჰოლდინგ „კვირას“ კომერციული დირექტორია. შესაბამისად, ერთად გვიწევს ხოლმე სამსახურებრივი მივლინებებიც და დასვენებითაც ხშირად ერთად ვისვენებთ.

ავსტრია, ვენა

 

მახსოვს, ორი წლის წინ პოლონეთში ერთად გავემგზავრეთ. აგვისტოს ომის თემაზე ვარშავაში, გიორგი აბდალაძის ფოტო-გამოფენას ვგეგმავდით… პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან მაშინდელი დეპუტატი ანი მიროტაძე გვახლდა. ქუთაისიდან, კოპიტნარის აეროპორტიდან მივფრინავდით, როდესაც ქართველმა მესაზღვრემ ჩემს პასპორტს ჩახედა, ძალიან მშვიდი ხმით მითხრა, რომ ერთ დღეში ჩემს ვიზას ვადა ეწურებოდა….ჩემი პირველი რეაქცია იყო ის, რომ ანას მივუბრუნდი და ვკითხე: ეგ როგორ გამოგეპარა-თქო? ანა პანიკაში ჩავარდა, მე კი არ მინერვიულია, მშვიდად გადავლახე საზღვარი იმ იმედით, რომ რამეს მოვაგვარებდი (ჩემი დევიზია- მოუგვარებელი სიტუაცია არ არსებობს!). ჰოდა დაიწყო ჩვენი პოლონური ვოიაჟი, გამოფენამ კარგად ჩაიარა, საქმეებიც მოვაგვარეთ, საკონსულოსგან ოფიციალური წერილის და „უკან დაბრუნების“ გარანტიაც მივიღე და დადგა დასვენების დრო…. გადავწყვიტეთ კრაკოვის დათვალიერება. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელსაც ერთ დღეში შეიძლება ორჯერ დააგვიანდეს მატარებელზე?— აქედან და იქიდან… ნუ, კარგი, დილით დამეძინა მეც და ჩემს მეგობარს, თამუნა ლოლაძესაც (პოლონეთის ქართული დიასპორიდან), ორივე არაორგანიზებულები ვართ და მატარებლის ბაქანზე რომ მივირბინეთ, მის უკანა ვაგონს ძლივს მოვკარით თვალი და ერთდროულად აღმოგვხდა: უი, წავიდა… რატომ დადიან, ნეტა პოლონეთის მატარებლები ასეთი ზუსტი განრიგით-თქო… შედეგად, თავს ანას რისხვა დამატყდა, რამდენიმე საათიანი ლოდინი სადგურზე და ბილეთების ახლიდან შეძენა მოგვიხდა, სანამ ახალი მატარებელი მოვიდოდა… კრაკოვში ყველაფერი გავაფუჭე, რის გაფუჭებაც შეიძლებოდა და რის თქმაც აქ მეუხერხულება… და, უკან დაბრუნებისასაც დავიგვიანეთ მატარებელზე. აქ კი უფრო „საამაყო“ თავის გასასამართლებელი მიზეზი მქონდა — კრაკოვის ცენტრში გამართულ აქციას შევესწარით, გვერდი გულგრილად ვერ ჩავუარე და შევუერთდი… ამასობაში ვარშავისკენ მიმავალი მატარებელიც წავიდა…

მსგავსი ძალიან ბევრი ისტორია მაქვს და აქ ყველას ვერ მოვყვები, ამ ინტერვიუმ ახლა ძალიან ბევრი მოგონება გამიღვიძა, რისთვისაც თქვენი მადლიერი ვარ…

- მთის კურორტები გიზიდავთ, ზამთრის, თუ ზაფხულის კურორტები?

— ზამთარი არ მიყვარს, შესაბამისაც არც ზამთრის კურორტები. არ მიყვარს სიცხეც, ზაფხულიც… წელიწადის დროებიდან გამოვარჩევდი შემოდგომას და გაზაფხულს. მაგრამ, რა თქმა უნდა დასასვენებლად ყველა სეზონზე მივდივარ ხოლმე. დიდხანს ვერ ვჩერდები ზღვაზე, ძალიან მღლის ხმაური — საერთოდ უფრო პასიური დამსვენებელი ვარ. პასიურად დასვენება კი უფრო მთაში შეიძლება, ალბათ.

ქეთი ხოსიტაშვილი

 

ძალიან მიყვარს აბასთუმანი, განსაკუთრებით შემოდგომით — ასეთი ლამაზი სიყვითლე და სიმშვიდე, ალბათ საქართველოს არცერთ კუთხეში არ არის, დასასვენებლად ხშირად დავდივარ ბორჯომში, ბაკურიანშიც….

მაქვს დასვენებასთან დაკავშირებული რამდენიმე ტრადიცია. ერთი საშობაო ტრადიციის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც მე და ისევ და ისევ ჩემს მეგობარს, თეონა გოგნიაშვილს გვიკავშირდება. ყოველწლიურად ჩვენ ზამთრის სეზონზე 3-4 დღით ჩავდივართ ბაკურიანში, ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილზე…

ეს კაფე „მონმარტრეა“ ბაკურიანში, ლამაზი ხედით, ფრანგული მუსიკით და „აკადემიელი“ მიმტანი ნინოთი, რომელსაც ტრადიციულად ქუდიან პელმენებს ვუკვეთავთ, მერე ვსვამთ შავ ჩაის და ვსაუბრობთ ათას სისულელეზე…

მიმტანი ნინოც ყოველ წელს გველოდება და ზუსტად იცის, რომ ჩვენი უჩვეულო ტრადიციის შემადგენელი ნაწილია. ამ კაფედან ყოველთვის ულამაზესი თოვლიანი ხედი იშლება და ფანჯრებიდან გადაკიდულია ფერადი, ხელოვნური ყვავილები… ეს ჩვენი ბაკურიანის საშობაო ტრადიციის განუყოფელი კადრია — ყოველ წელს ერთი და იგივე ფოტოს ვიღებ ამ ფანჯრიდან და მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ის არც გახუნებულა და არც შეცვლილა.

ყვავილები

 

საერთოდ, ჩვენ ყველანი ვიგონებთ, ვქმნით ჩვენს პატარა ამბებს, ისტორიებს და მერე ისინი გვქმნიან ჩვენვე. ვიღაც ყოველ ახალ წელს მეგობრებთან ერთად მიდის აბანოში, ვიღაც ყოველწლიურად საყვარელ ადამიანს იმ ადგილას ხვდება, სადაც პირველი პაემანი ჰქონდა… ეს ძალიან ლამაზი ამბებია, ჰოდა მეც მაქვს ჩემი ასეთი პატარა ისტორიები და ძალიან მიყვარს ისინი…

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner