logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: გავა ეს არჩევნებიც და „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებაც აღარ იქნება!
- +

19 ოქტომბერი. 2017. 15:55

 

 

სამართალი 11 წლის შემდეგ აღდგა! - ამბობს სააკაშვილის რეჟიმის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც სულ ახლახან პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. დამოუკიდებელი ექსპერტი 11 წლის შემდეგ აცხადებს, რომ ამ საქმის მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი უკვე დასჯილია. ბიძინა ივანიშვილის სწორი პოლიტიკის წყალობით, მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოეხსნა ნიღაბი:


- მადლობელი ვარ საქართველოს პროკურატურის, რომელმაც ხელახალი გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი დაპატიმრება წინასწარ დადგმული სცენარით განახორციელა, ყველაფერი შეთითხნილი იყო! 2006 წლის აგვისტოში სრულიად უცხო ადამიანები აიძულეს, ყველას ერთ დღეს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განეცხადებინათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. ამ ადამიანების ჩვენებიდან 6 დღის შემდეგ არარსებული ბრალდებით დაგვაკავეს. იძულებული გამხადეს, მათ მიერ წინასწარ მომზადებულ „აღიარებაზე" მომეწერა ხელი. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მძიმე და აუტანელი იყო ამ იარლიყით ცხოვრება. ახლობლებს არ ვურეკავდი, ჩემთან ურთიერთობის გამო სამსახური რომ არ დაეკარგათ. სახლში ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე ნათესავი და მეგობარი ბედავდა მოსვლას.


- გასაგებია, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დადგმული, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, რა იყო ამ საჩვენებელი დაჭერის მიზანი?

 

- ჩემი აზრით, ამ პროექტის მიხედვით, კოდორი 2006 წელს უნდა დაკარგულიყო, უბრალოდ, გეგმა ჩაუვარდათ და კოდორის რუსეთისთვის გადაცემა წელიწად-ნახევრით გადაიდო. მათი სცენარით, ჩვენ რეზო ბულიას მხარდაჭერის მიზნით ზუგდიდში აქციები უნდა ჩაგვეტარებინა, რაც მოგვიანებით სულ სხვა მოთხოვნებში გადაიზრდებოდა. მიტინგს სხვა შეიარაღებული პირებიც შეუერთდებოდნენ და ბოლოს ემზარ კვიციანის ამბოხიც მოჰყვებოდა, რომელიც უკვე ხაფანგში ჰყავდათ გამომწყვდეული. მაშინ აქციის ორგანიზება მე დამევალა, მიუხედავად იმისა, რომ აქციების მართვის არაფერი გამეგებოდა. რადგანაც საერთო წინადადება იყო, დავთანხმდი, თუმცა, ბევრი საეჭვო ფაქტიდან გამომდინარე, ჩემი ინტუიციისა და თემურ ჟორჟოლიანთან კონსულტაციის შედეგად სამეგრელოში ჩასული უკან დავბრუნდი.


იყო თუ არა რაიმე გარიგება იმდროინდელ ხელისუფლებასა და იგორ გიორგაძეს შორის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი, რომ ჩვენი საბრალდებო დასკვნა შემდეგი წინადადებით იწყებოდა - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხალხმრავალი აქციების მოწყობა... როდესაც ე.წ. აღიარებითი ჩვენების შემდეგ სახლში დავბრუნდი, კოდორის ხეობის ორი გეოგრაფიული სქემაც აღმოვაჩინე, რაც მანამდე არასოდეს მინახავს. მოკლედ, პროექტი ჩაეფუშათ და დაგვიჭირეს. ამის შემდეგ სულ სხვა, ახალი პროექტი წამოიწყეს - ბადრი პატარკაციშვილი! მოგვიანებით კი კოდორი თითის გაუნძრევლად, იარაღის გაუსროლელად, საჩუქრად მიართვეს რუსეთს.


- და მაინც, ისტორიისთვის, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, 11 წლის შემდეგ ვის ადანაშაულებთ ამ ყველაფერში?

 

- სააკაშვილის რეჟიმს! მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ხორციელდებოდა საქართველოს დაქუცმაცებისა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვის გეგმა!


წლებია, პროკურატურასთან მაქვს შეხება და ვიცი მათი სტილი, ჩვენ მიმართ წაყენებულ ბრალს ეტყობოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სააკაშვილის  თავში არ გახლდათ მოხარშული, სახელმწიფოთა შეთანხმების დონეზე იყო მომზადებული.


- როგორ ფიქრობთ, მივა ეს საქმე სააკაშვილამდე?

 

- გულწრფელად გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს სააკაშვილის დასჯა. იმაზე დიდი სასჯელი რაღა უნდა იყოს, კაცს სამშობლოში არ ჩამოესვლება და 11 წლის ბავშვს ფარად იყენებს იმისთვის, რომ უკრაინაში შევიდეს?! მიხეილ სააკაშვილი უკვე დასჯილია! ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რეაბილიტაცია და ის ფარატინა ფურცელია, რომელიც ჩემ უდანაშაულობას ამტკიცებს.


ექიმი ვარ და სააკაშვილი რომ ციხეში არ მოხვდება, ისედაც ვიცი. შეხედეთ მის სახეს, საქციელს, ჯანსაღი არ არის. ციხეში სხვა ფსიქიკის ადამიანები ხვდებიან, მაგას იქ ვინ გააჩერებს?!


- არაფერს ნანობთ?

 

- დღემდე ვერ მომინელებია და ძალიან ვნანობ პოლიტიკაში წასვლას, თანაც იმ პერიოდში და იმ პარტნიორთან! მაგრამ რაღას ვიზამ, ეს ჩემი შეცდომა და ცხოვრებაა.


- ამ გადასახედიდან, უნდა დაგეწერათ თუ არა აღიარებითი ჩვენება?!

 

- ჩემთვის ოჯახის კეთილდღეობა, შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნომერ პირველია. ამდენი  წლის შემდეგ დღეს პირველად ვამბობ - დაჭერამდე ერთი თვით ადრე გადაწყვეტილი იყო „ანტისოროსის" ხელმძღვანელობიდან ჩემი წამოსვლა. 15 სექტემბერს სულ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში უნდა მომხდარიყო ჩემი პრეზენტაცია. წარმოიდგინეთ, იმ ადამიანის შეთქმულებაში აღმოვჩნდი ბრალდებული, რომელთანაც ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა მქონდა და მისი აღარ მჯეროდა. მართალია, ჩემი აღიარებით, ექვსი ადამიანის მიერ მიცემულ ჩვენებას ვაძლიერებდი, რაც საშინლად მიმძიმდა, მაგრამ დედა ვარ და შვილები ვერ გავწირე!


- ჟვანიას საქმეზეც გკითხავთ. თქვენგან განსხვავებით, არც კი იძვრის პრემიერ-მინისტრის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე...

 

- ჟვანიას საქმე არასოდეს გაიხსნება. მორჩა!


- რატომ? რითი ხსნით ამას?

 

- არის პოლიტიკური მკვლელობები, რომლებიც არ იხსნება. ესეც ამ სიაშია. ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნა რაღაც ისეთს ამოატივტივებს, რაც, ალბათ, არცერთი ქვეყნის პოლიტიკოსისთვის არ არის მისაღები. ჩათვალეთ, რომ ეს თემა დახურულია!


დაინახავთ, გავა ეს არჩევნებიც და „ნაციონალური მოძრაობის" ხსენებაც აღარ იქნება! როცა კოცონში შეშა აღარ ემატება, ცეცხლი თავისთავად ქრება. ვერცხლისწყალივით დაიშალნენ. ბოლო სტადიაში არიან, ქალები კაცების თავზე დადიან უკვე.


- საზოგადოების ნაწილი პირიქით თვლის, ყოველდღიური აქტიურობით ნაციონალები ახალ პოლიტიკურ სიცოცხლეს იძენენო...

 

- ეს გაკოტრებული პოლიტიკოსების ბოლო ამოძახილია. ამხელა დეპუტატი ქალი თინა ბოკუჩავა ვიღაცების თავებზე დადის, სულ დაკარგეს სირცხვილი. მე რომ ნიღბიანებს მივყავდი და უსამართლოდ მაპატიმრებდნენ, სად იყო მაშინ?! ქვეყანა ჯიბეში ედოთ! დღესაც, რეინკარნაციის სურვილით ისე გადაწვავენ და გადაბუგავენ საქართველოს, წარბსაც არ შეიხრიან. ესენი ხომ იმ კაცის პარტიის ნარჩენები არიან, რომელმაც კოდორი ჩემ თვალწინ ჩააბარა?! მადლობა ღმერთს, ბიძინა ივანიშვილმა ყველას ჩამოხადა ნიღაბი. ამიტომაც ჰყავთ მიზანში ამოღებული. სძულთ ადამიანი, რომელმაც ქვეყნის სიმბოლოები გააძლიერა, ეკლესიები აღადგინა და სამება ააშენა.


ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებამ ჩემი ფსიქოლოგიაც შეცვალა. თუ 2010 წელს ვამბობდი, სააკაშვილი ცრუ ნერონივით გალიით უნდა ჩამოატარონ-მეთქი, დღეს უკვე ისე გავძლიერდი, ფარატინა ქაღალდზე დაწერილი რეაბილიტაციაც საკმარისია ჩემთვის. ბიძინა ივანიშვილის სიმშვიდე და თავდაჯერებულობა გადმომედო. მაინცდამაინც გილიოტინა და სისხლი უნდა ვნახო, რომ ვთქვა, სამართლიანობა აღდგა-მეთქი? პირადად მე არავის საჩვენებელი დასჯა არ მჭირდება. ჩემ საქმეს ვაკეთებ და შურისძიებისთვის აღარ მცალია.

 

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 

 

 





 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner