logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: კახა კალაძეს არარეალურ დაპირებებზე სიტყვა არ დასცდენია!
- +

27 ოქტომბერი. 2017. 23:17



2017 წლის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამას ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების თითქმის ყველა ანგარიში. საზოგადოებაში არსებობდა დაპირისპირების, დაძაბულობისა და მეორე ტურის მოლოდინი, თუმცა უნდა ითქვას, რომ არჩევნებმა არა მარტო  მშვიდად, არამედ მეორე ტურის გარეშეც ჩაიარა. საინტერესო შედეგებიც დაიდო. დამოუკიდებელი კანდიდატი მეორე ადგილზე, გავლენიანი და ძლიერი პარტიების წინ, მეორე ტური 6 ოლქში,  50%-ის ზღვარზე მყოფი ,,ქართული ოცნების" კანდიდატი. მოკლედ, 2017 წლის არჩევნების შესახებ მაინც ბევრის თქმა შეიძლება...


,,პრაიმტაიმი" ესაუბრა სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას და იმ პროცესების შეფასება სთხოვა, რომელიც არჩევნების დღეს განვითარდა და  მერის არჩევის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში განვითარდება.


- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას 21 ოქტომბერს?


- ძალიან წყნარი და მშვიდი არჩევნები იყო, ყოველგვარი დესტაბილიზაციის და ექსესების გარეშე. თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით. დანარჩენი ყველაფერი წყნარად და ლოგიკურად წავიდა. რასაც ველოდით ის მოხდა... განსაკუთრებული არაფერი.


- შეიძლება ჩაითვალოს ეს „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიღწევად?


- სტაბილური გარემო და სტაბილური სიტუაცია ქვეყანაში ძალიანაც შეიძლება მივიჩნიოთ ხელისუფლების დამსახურებად. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება ის არის, რომ ჩვენთან არ არის დაძაბული ვითარება, არ არის, ომი, დაპირისპირება. ეს მხოლოდ დადებითია. მე სხვებისგან განსხვავებით, ამაში ვერაფერს უარყოფითს, ვერ ვხედავ.


- გქონდათ თუ არა მეორე ტურის მოლოდინი?


- ეს ყველაფერი მეორე ტურთან ძალიან ახლოს იყო. 51% დიდად არ განსხვავდება 50%-სგან. მეორე ტურში, მაინც კალაძე გაიმარჯვებდა ეს იყო ცალსახა, ყველა კვლევა ამას ადასტურებდა, ყველა დასკვნა და ყველა წინასწარი ანალიზი.


- რას ნიშნავს ის, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი და არა ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის კანდიდატი?

 

- „მეორე ადგილზე გავიდა" - ეს ხმამაღლა ნათქვამია.  ყველა წინასწარი კვლევით, ელისაშვილს და უდუმაშვილს, დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა,  ერთნაირი რეიტინგები ჰქონდათ. შეიძლება ციფრებში განსხვავებაა, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ორ მონაცემს შორის არ არის. ანუ ორივე მეორე ადგილას, ან ორივე მესამე ადგილას გავიდნენ. ის, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიიღო საკმაოდ ბევრი ხმა, გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.


- შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკაში ძველი სახეების დრო წავიდა?


-  მე ვერ გეტყვით, რომ ძველი სახეების დრო წავიდა და ახალი სახეების დრო დგება და ეს ახალი მაინც და მაინც ალეკო ელისაშვილია, ან მისი ტიპის კანდიდატი. უბრალოდ სიახლე საჭიროა და ამ პოლიტიკურ გარემოში სიახლეს ელოდებიან. ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება. სიახლეზე არის მოთხოვნილება.


- რა დააკლდა ალეკო ელისაშვილის იმისთვის, რომ შემდგარიყო მეორე ტური და ის ყოფილიყო მეორე ტურში კახა კალაძესთან ერთად?


-  ალეკოს ბევრი რამე აკლია იმისთვის, რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს. გარდა ამისა, ორგანიზაციულად სრულიად გაუმართავი იყო. ბოლო დებატებში ძალიან სუსტი იყო, ადრე უფრო მეტი ჰქონდა რეიტინგიც და მხარდაჭერის პოტენციალიც. მისმა გამოსვლებმა ბოლო დებატებში პოზიცია სერიოზულად შეურყია. ის ჯერ არ არის მზად სერიოზული პოლიტიკისთვის, მას არ ჰყავს გუნდი, მას არ ჰყავს ძალა რომელიც გვერდზე დაუდგება. ის ძალიან მაგონებს პაატა ბურჭულაძის ამბავს. პაატა ბურჭულაძეც სიახლე იყო და ჰქონდა საკმაოდ დამაჯერებელი, მაღალი რეიტინგი სანამ დაიწყებდა თავისი იდეების, თავის თავისა და ძალის სატელევიზიო პრეზენტაციებით წარმოჩენას. როგორც კი გამოაჩინა რას წარმოადგენს რეალურად, იმ წუთში მისი რეიტინგი საგრძნობლად დავარდა და ბოლოს რა შედეგი მივიღეთ კარგად ვნახეთ.  ის არ არის ის პროფესიონალი და არც აქვს პრეტენზია პოლიტიკოსობაზე. მას ჰქონდა პრეტენზია, რომ იტყოდა სიმართლეს. მისი სიმართლე არ სცილდებოდა კრიტიკას, დაპირისპირებას, ინტრიგის ჩამოყალიბებას. ადამიანებს უნდათ საქმის გამკეთებელი პიროვნება და ხელმძღვანელი და არა ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამჟღავნებს. სიმართლის გამოსამჟღავნებლად არსებობს პროკურატურა, არსებობს სამართალდამცავი და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენს ქვეყანაში  არ არის ისე საქმე,  რომ სულ კრიტიკის ობიექტებში ვიყოთ გაბნეული, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც რეალურ საქმეს გააკეთებენ. ბევრი რამეა მოსაგვარებელი, ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი.


- კახა კალაძე შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას? როგორი მერი იქნება ის?


- ჩემი აზრით და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, კახა კალაძეს აქვს პოტენციალი, რომ მოაგვაროს ქალაქის პრობლემები. შეიძლება ყველა პრობლემა ვერ მოაგვაროს. ყველაფერს ვერავინ ვერ მოაგვარებს, მაგრამ შეძლებისდაგვარად ის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და პოტენციურად პერსპექტიული ადამიანია. მას გათვლილი ჰქონდა, რასაც ამბობდა თავის პროგრამებში. მას არ დასცდენია სიტყვა არარეალურ დაპირებებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობაა ბევრი დაპირება შესრულდეს. 4 წელი ვფიქრობ, ეფექტური იქნება.


- როგორ შეაფასებდით ამომრჩევლის აქტივობას ამ არჩევნებზე, რატომ ხდება, რომ ამომრჩეველთა 50%-იც კი არ მიდის არჩევნებზე?


-ადგილობრივ არჩევნებზე აქტივობა ძირითადად  არ არის მაღალი.  ადგილობრივი არჩევნები ნაკლებ პოლიტიზებული არჩევნებია. ადამიანებს თუ ძალიან არ აწუხებთ რაღაც, არ არინ ჩართულები არჩევნებში. ადგილობრივი არჩევნები შედარებით ნაკლებმნიშვნელოვან არჩევნებად მიაჩნიათ, ამიტომ არ იწუხებენ თავს.  მეორეს მხრივ იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს ადამიანები არ არიან პროტესტულად განწყობილები. ერთი და იგივე მოვლენას ათასი სხვადასხვა სახელი შეიძლება დაერქვას. ოპოზიციური პოლიტიკური პირი ამას დაარქმევდა ნიჰილიზმს, მაგრამ ხელისუფლების მომხრე და სიმპათიით გამსჭვალული ადამიანი ამაზე იტყვის, რომ ადამიანებს არ აქვთ საპროტესტო აქტივობა. ისინი მოელოდნენ, რომ ხელისუფლება გაიმარჯვებს და აღარ წავიდნენ არჩევნებზე. ჩათვალეს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ უნდათ. ამიტომ არ არის მარტივი იმის თქმა, რომ ეს არის ნიჰილიზმი, ან პროტესტი. პროტესტის გამოხატვა რომ სდომოდათ, ამომრჩეველს საარჩევნო ყუთებთან პროტესტი მიიყვანდა.







 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner