logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავარი საგამოძიებო უწყების პასუხები ყველა გახმაურებულ საქმეზე
- +

9 ნოემბერი. 2017. 10:47



რა ეტაპზეა გახმაურებული საქმეების გამოძიება? - 7 ნოემბერი და ტელეკომპანია „იმედის" დარბევის საქმე, ე.წ. ციანიდის საქმე, სანდრო გირგვლიანის საქმე, მაღალჩინოსნების ექსტრადიცია, ხახუბიას საქმე, ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პავლიაშვილის საქმე - „მაესტროს" კითხვებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე პასუხობს.


- 7 ნოემბრის მოვლენებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სულ 10 წელი, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 5 წელია გასული და რა ეტაპზეა ეს საქმე, რა სიახლე გვაქვს და როდის შეიძლება ველოდოთ ამ საქმის საბოლოოდ დასრულებას?


- 7 ნოემბრის საქმე ერთ-ერთი დიდი და რთული საქმეა. სიდიდესა და სირთულეში იგულისხმება ის, რომ ამ საქმეში 5 ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჯაჭვისებურად ჩადენილი არაერთი უკანონო ქმედების შედეგად მოხდა ის ყველაფერი, რასაც 7 ნოემბერი, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრა და ქონებების ჩამორთმევა ჰქვია. კერძოდ, ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 7 ნოემბერს წინ უძღოდა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი სხვადასხვა უკანონო ქმედებები, რომლებშიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლების ხელი ერია. ეს იყო ვაზაგაშვილის საქმე, ეს იყო გირგვლიანის საქმე, ეს იყო რობაქიძის საქმე, რომელთა საფუძველზეც წარმოიქმნა საპროტესტო ტალღა, მომიტინგეები შეიკრიბნენ პარლამენტის წინ და ყოფილი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი 7 ნოემბრის დარბევით დასრულდა. ეს არ იყო მომიტინგეების დაშლა, ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით მომიტინგეების დარბევა, რასაც მოჰყვა შემდეგ „იმედში" შეჭრა, მაუწყებლობის შეჩერება, „იმედის" დარბევა, შემდგომში „იმედის" ქონების კონკრეტულ პირებზე და კონკრეტულ ოფშორულ კომპანიებზე გადაფორმება, საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი დასრულდა 2011 წლის ივნისში, როდესაც ეგრეთ წოდებული მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საზოგადოებისთვის დაფარული იყო. ამ საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის, რომელსაც ძალადობა და დაზარალებულების ღირსების შელახვა ახლდა თან, ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილი, როგორც ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებითაც შეიქმნა უკანონობის ეს ჯაჭვი, ასევე - ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც იყო ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემსრულებელი და რომლის უშუალო დავალებითაც, მისი წარმომადგენლის მეშვეობით, ხორციელდებოდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იმჟამინდელ წევრებზე ზეწოლა იმ მიზნით, რომ „იმედის" მაუწყებლობა შეჩერებულიყო. ასევე ბრალდებულია ვანო მერაბიშვილი, რომლის კაბინეტშიც გაიმართა 2007 წლის 4 ნოემბერს თათბირი, რომელზეც გადაწყდა, რომ უნდა დაერბიათ მომიტინგეები პირდაპირი მნიშვნელობით - ეცემათ, რათა ამ ხალხს არ ჰქონოდა სურვილი შემდგომში საპროტესტო აქციები და შეკრებები გაემართა. ასევე ბრალდებულია უგულავა, რომელმაც უშუალოდ გააუქმა ხელშეკრულება მთაწმინდის პარკთან დაკავშირებულ კომპანიასთან, რომელიც პატარკაციშვილის საკუთრებაში იყო; ასევე - დავით კეზერაშვილი, რომელიც იმ პერიოდში ერთ-ერთი აღმსრულებელი იყო და რომელიც თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა და მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო გამოყვანილი პარლამენტის შენობის წინ. ეს საქმე მრავალი დასახელებით შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც „მემორანდუმის საქმე", რომელიც პატარკაციშვილების ოჯახს სტრასბურგში გასაჩივრებული ჰქონდა და 400 მილიონის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა და რასაც, საბოლოოდ მოჰყვა მემორანდუმის გაფორმება; შეიძლება მას ვუწოდოთ „იმედის საქმე", რომელიც მოიცავს ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალი თანამდებობის პირების საქმეებს, რომლებიც იმ დროისთვის გადაწყვეტილებებს იღებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.


- ბევრი გვარი ჩამოთვალეთ და ამ საქმეზე პასუხისგებაში მხოლოდ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანია მიცემული...


- მხოლოდ ერთი არა, ამ საქმეზე ხუთივე პირია პასუხისგებაში მიცემული. უბრალოდ, სასჯელს ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არც ერთი არ იხდის. ამ ხუთი პირის მიმართ საქმე სასამართლოში იხილება და ამ საქმეზე ჯერჯერობით არც ერთზე განაჩენი გამოტანილი არ არის. ამ 5 პირიდან სააკაშვილი არის ძებნილი პირი, ადეიშვილი არის ძებნილი პირი, ვანო მერაბიშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულია და პატიმრობაშია; უგულავა ბრალდებულია, თუმცა ამ საქმეზე პატიმრობა შეფარდებული არ აქვს, სხვა საქმეზე წელიწადი და 6 თვე აქვს შეფარდებული, რომელიც ჩაეთვალა და ამჟამად, როგორც ბრალდებული, ამ საქმეშიც მონაწილეობს და კეზერაშვილიც არის ამ საქმის გამო ძებნილი. საზოგადოების აღქმა, რომ ვიღაც პასუხისგებაშია მიცემული, ვიღაც - არა, როგორც ჩანს, ასოცირდება პატიმრობასთან ანუ იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის დაკავებული და ზის ციხეში და ვინ - არა და თუ ადამიანი საპატიმროში არ არის, ესე იგი პასუხისგებაში მიცემული არ არის და არც დამნაშავე არ არის. არადა ეს გაგება ერთმანეთისგან განსხვავდება: არის ბრალდებული, არის აღმკვეთი ღონისძიება, რომელსაც თავისი მიზნები აქვს და ასევე არსებობს სასჯელი, რომელსაც თავის მიზნები აქვს.


- მესმის, რომ ზუსტი ვადების დასახელება რთულია და არც ვითხოვ ამას, მაგრამ დაახლოებით მაინც თუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, 7 ნოემბრის ეს ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საქმე, როდის შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს?


- საქმე დაახლოებით 100-მდე ტომისგან შედგება, მტკიცებულება სრულად შეკრებილია, გამოძიების ეტაპზე დაკითხულია დაახლოებით 300-მდე მოწმე. ამ ეტაპზე სასამართლოში მესამედიც კი არ არის ჯერ დაკითხული. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება სასამართლო გამოძიების ეტაპზე მტკიცებულებების გამოკვლევა. ამჟამად, არსებითი განხილვა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. რამდენად დიდ დროს წაიღებს ეს, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუნდაც მოსამართლეებისთვის, თუნდაც ბრალდების მხარისთვის, თუნდაც დაცვის მხარისთვის. რაღაც დროის განსაზღვრა და პროგნოზი, იქნება ეს პირობითად 6 თვე თუ 1 წელი - რთულია. თუმცა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი საქმეა, რომელიც მრავალ უკანონო ეპიზოდს მოიცავს და ამ ეპიზოდებში ბრალდებულია 5 ყოფილი მაღალჩინოსანი, ფაქტობრივად ყველა ის პირი, ვინც კი იმ დროს გადაწყვეტილებას იღებდა.


- სანდრო გირგვლიანის საქმე ახსენეთ და ესეც ერთ-ერთი ის საქმეა, რომელზეც ყველაზე მეტად ითხოვდა საზოგადოება პასუხებს, მათ შორის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იყო განსაკუთრებული მოლოდინი. როდის შეიძლება ველოდოთ საბოლოდ ამ საქმის დასრულებას მაინც, ან რა სიახლე გვაქვს გირგვლიანის საქმეში?


- თქვენ ალბათ გულისხმობთ გირგვლიანთან დაკავშირებულ საქმეს, სადაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული.


- დიახ.


- საზოგადოებას შევახსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე ბრალი ედება სისხლის სამართლის 4 საქმეზე, 4-ვე სისხლის სამართლის საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი და სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, მათ შორის არის სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურის თანხების გაფლანგვა, იგივე „იმედის" დარბევა, რომელზეც ვილაპარაკეთ, არის ყოფილი დეპუტატის, გელაშვილის ცემის საქმე და გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების სამსახურის ბოროტად გამოყენებით შეწყალების საქმე. ოთხივე სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე არსებითი განხილვები მიმდინარეობს. რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს შეწყალებაზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე დასკვნით ეტაპზეა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა თითქმის დასრულებულია და სასამართლოსგან ამ საქმეზე განაჩენი მოსალოდნელია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ის საქმე, რომელზეც ფაქტობრივად ნათლად წარმოჩნდა გირგვლიანის საქმის სრული ჯაჭვი. აქ იყო უკანონო ქმედებები, რომელზეც თავის დროზე 4 პირი იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელთაც ქვეყნის პრეზიდენტისგან წინასწარ მიიღეს დაპირება, რომ მათ შეიწყალებდნენ ამ ყველაფრის შემდგომ და მართლაც, ისინი შეიწყალეს და სასჯელი გაუნახევრდათ. ამ საქმეზე, საზოგადოებაში, მასმედიით არაერთხელ მომისმენია, რომ თითქოს გირგვლიანის საქმე არ გამოძიებულა, თითქოს სხვა საქმეები არ გამოძიებულა, რაც არასწორია. იმიტომ რომ, გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში დაახლოებით 10 თუ 11 პირია მიცემული, გარდა იმ პირებისა, ვინც თავის დროზე იყვნენ პასუხისგებაში როგორც უშუალოდ შემსრულებლები. მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტი, მათ შორისაა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი ხელმძღვანელი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი და ასე შემდეგ და თითოეულ მათგანს თავისი წვლილი უკანონობა აქვს ჩადენილი, რაზეც ნაწილი გასამართლებული და მსჯავრდებულია, ნაწილის მიმართ კი - საქმეები სასამართლოში მიმდინარეობს. ეს არის უკანონობების მთელი ჯაჭვი, რაც გირგვლიანის მიმართ უკანონო ქმედებებს მოჰყვა.


- თუ დასკვნით ეტაპზეა ეს საქმე, შეგვიძლია, მოკლე ვადებში ველოდოთ დასასრულს?


- დასკვნით ეტაპზეა და არ არის ისეთი დიდი მასალა, როგორიც „იმედის" საქმესთან დაკავშირებით. ბრალდების მტკიცებულების გამოკვლევა თითქმის დასრულებულია და შესაბამისად, მოლოდინი სამართლებრივი და ლოგიკური დასასრულისა ახლოსაა.

 

- ყოფილი მაღალჩინოსნები ახსენეთ და მათგან ნაწილი ძებნილია, მათ შორის ნაწილი წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა თუ წლების წინ იყო 10 გვარი, ახლა იძებნება მხოლოდ ორი და ერთ-ერთის, მეგის ქარდავას მიმართ გასულ კვირაში იყო სიახლე. მოცემულობაა ის, რომ მაგალითად დათა ახალია დააკავეს საბერძნეთში, დავით კეზერაშვილი - საფრანგეთში, მაგრამ ადგილობრივმა სასამართლოებმა ისინი გაათავისუფლა, ნაწილს კი ვერც მივაგენით, მაგალითად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს სოსო თოფურიძეს, რომელზეც არსებობს ვარაუდი, რომ საბერძნეთშია. ასეთი სურათი საზოგადოებას უჩენს კითხვებს საგამოძიებო პროცედურების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. როგორ ახსნიდით პრობლემებს, რის გამოც დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს და რის გამოც კრიტიკოსებს, ოპონენტებს აქვთ საფუძველი თქვან, რომ რაღაც არაეფექტიანად მიმდინარეობს? რას უპასუხებთ ამ კრიტიკას?


- კარგი კითხვაა. განვმარტავ. სხვადასხვა მედიასაშუალებებით, საზოგადოებაშიც არაერთხელ მომისმენია, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან ამოიღეს ესა და ეს პირი და თუ ამოიღეს, ეს პირი ან მართალია, ან მის მიმართ ძებნა შეწყდა. ჰგონიათ, რომ თითქოს ინტერპოლის წითელი ცირკულარი არის რაღაც ზემდგომი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს ან მართლმსაჯულებას, ან გამოძიებას. მარტივად რომ ვთქვათ, ინტერპოლი არის პლატფორმა, რომლითაც ხდება ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა, ძებნილ პირთა შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ეს ორგანო სხვა სტატუსის მატარებელი არ არის. შესაბამისად, ინტერპოლის წითელ ცირკულარში არსებობა ან არარსებობა არ არის სავალდებულო ხასიათის, რომ რომელიმე ქვეყანამ ჩვენი ქვეყნის მიერ ძებნილი პირი დააკავოს და მის მიმართ ექსტრადირების პროცედურები დაიწყოს. ამდენად, თითოეულ ქვეყანას, რომელსაც კი ექნება ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ ძებნილი პირი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება, ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების გადაგზავნისა და უშუალოდ ამ ქვეყნის დანაყოფებთან, სტრუქტურებთან თანამშრომლობით შესაძლებელია პირის დაკავება და ექსტრადირების პროცედურების განხორციელება. მარტივად რომ ვთქვათ, ძებნილებიდან იმავე უკრაინაში ბოლო პერიოდში დაკავებულია მეგის ქარდავა, იქამდე დაკავებულია კოხტა კოდუა, ანალოგიურად, ჰოლანდიაში დაკავებული იყო გიორგი დგებუაძე, ეგრეთ წოდებული „მასტერა", რომელიც გადმოგვეცა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს და ალბათ, მოკლე ვადაში გადმოგვეცემა მეგის ქარდავაც და კოხტა კოდუაც, ასევე სხვა ძებნილი პირებიც, რომლებიც თუნდაც უკრაინის ტერიტორიაზე, ან საბერძნეთის ტერიტორიაზე ან სხვაგან იმყოფებიან. ჩვენ ყველა შესაბამის სტრუქტურასთან გვაქვს ურთიერთობა, საკმაოდ შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა და გვაქვს მოლოდინები, რომ ჩვენ მიერ ძებნილი პირების მათ ტერიტორიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, დააკავებენ და ჩვენს ქვეყანაში ექსტრადირებას მოახდენენ. რაც შეხება ამ საკითხების სირთულეებს, არსებობს გამოძიების სტანდარტი და არსებობს ბრალდების სტანდარტი. თუ პირის მიმართ ბრალდების სტანდარტი არ არსებობს, მის მიმართ საზღვარზე შეზღუდვის, ან დაკავების, ან გადაადგილების სხვანაირად შეზღუდვის სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს. გამოძიება რთული პროცედურაა. გამოძიება საჭიროებს იმ დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობებს, რომელიც წარსულში მოხდა. ამ პირების მიმართაც შეიკრიბა შესაბამისი მტკიცებულებები, შეიქმნა ბრალდების შესაბამისი სტანდარტი, გამოტანილი იქნა ბრალდების დადგენილებები და ეს პირები ამ პერიოდისათვის უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იმყოფებოდნენ და შესაბამისი პროცედურების დაცვით გამოცხადდა მათ მიმართ ძებნა.

 

- ახალაიასა და კეზერაშვილის შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არასაკმარისად დამაჯერებლად გამოიყურებოდა ბრალდებები?


- ექსტრადირებასათან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის დამკავებელი მხარის პროცედურებსა და მათ ხედვებზეა დამოკიდებული. ჩვენი, ქართული პროკურატურის მხრიდან, როგორც ახალაიას, ისე კეზერაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია სრულყოფილად გადაეგზავნათ მხარეებს. დანარჩენი გადაწყვეტილება სამართლებრივად იმ ქვეყნების მისაღებია და მიიღეს ის, რაც არსებობს.


- ამის შემდეგ რა ხდება, მთავარი პროკურატურა განაგრძობს შესაბამის პროცედურებს?


- რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ძებნილი პირები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე თუ აღმოჩნდებიან, იქ რაიმე იმუნიტეტი იცავს მათ და ან ერთი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფარავს სხვა ქვეყნების ტერიტორიებსაც. თუ ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, შესაბამისად მათ დააკავებენ და ექსტრადირების პროცედურები დაიწყება.


- მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის პროცედურა თქვენთვის დადებითად დასრულდება?


- ჩვენ ყოველთვის გვაქვს მოლოდინი, რომ თითოეული ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ჩვენი ძებნილი პირი იმყოფება, დაგვიკმაყოფილებს ჩვენ შუამდგომლობას ძებნილი პირის გადმოცემის თაობაზე და გადმოგვცემს. ამ პირებს ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულები, ისინი ძებნილები არიან ქართული ხელისუფლების და შესაბამისი ორგანოების მიერ და ისინი უნდა წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ადრე თუ გვიან ეს გარდაუვალია, ეს დროის ამბავია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, 2014 და 2015 წლებში შესაბამისი მოთხოვნები გადაიგზავნა უკრაინის პროკურატურაში, საიდანაც იმ პერიოდში გადმოცემაზე უარყოფითი პასუხები მივიღეთ. ვინაიდან ამჯერად უკვე სასამართლო ეტაპზე იხილება, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ძებნილ პირებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო იღებს. უკვე 2017 წელს შესაბამისი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროსთან არის გადაგზავნილი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით, ეს უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული.


- რამდენად ინტენსიურია კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და გაქვთ თუ არა მათთან სირთულეები?


- ურთიერთობაში სირთულე არცერთთან არ გვაქვს, უბრალოდ არის გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ქვეყნის სუვერენიტეტის თემაა და ამ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილებიც და პასუხისმგებლებიც თვითონ არიან.


- ექსტრადირების შემთხვევაში შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ რა ვადით ელის პატიმრობა ყოფილ პრეზიდენტს, იმ ბრალდებების გათვალისწინებით, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ?


- პატიმრობის ვადის წინასწარ განსაზღვრა, ძალიან რთულია, თუმცა იმ მუხლებით, რომელიც მას ბრალად აქვს წარდგენილი და საქმეები, რომლებიც იხილება, იქ სასჯელი, მაგალითად უფლებამოსილების გადამეტების მესამე ნაწილით 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი არ ეტაპზეა? შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე მაგალითად მიხეილ სააკაშვილზე?


მეგის ქარდავა უკვე დაკავებულია, საექსტრადიციო პატიმრობა შეფარდებული აქვს და მის მიმართ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. მეგის ქარდავა 2017 წლის 1 ნოემბერს დააკავეს, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 12 თვე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად 12 თვეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ალბათ მოკლე დროში დაგვიკმაყოფილებენ და გადმოგვცემენ, იმიტომ რომ, მეგის ქარდავა ბრალდებულია და რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებულია არაადამიანურ მოპყრობაზე, ცემაზე, წამებაზე, მკვლელობაზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე.


- ბოლო დროის რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეც ვილაპარაკოთ, მაგალითად ერთ-ერთია ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმე, რომელიც უკვე სააპელაციო სასამართლოში მიდის. რა შეგიძლიათ თქვათ მაგალითად სოსო ოხანაშვილზე, რამდენად იკვეთება მისი ბრალეულობა, რა სიახლე შეიძლება მოხდეს, ან სააპელაციო შეცვლის თუ არა რაიმეს ამ საქმეში? 


- პირველ რიგში განვმარტავ, რომ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უკვე არსებობს განაჩენი გიორგი მამალაძის მიმართ, დღეისთვის ის უკვე მსჯავრდებულია და მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თავდაპირველ ეტაპზე ჩვენ გიორგი მამალაძის მიმართ წარდგენილი გვქონდა ბრალდება 109-ე მუხლით, ეს არის მკვლელობის მომზადება დამამძიმებელ გარემოებებში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. სასამართლომ კვალიფიკაცია შეცვალა, 109-ე მუხლი შეცვალა 108-ე მუხლით და დაუდგინა განაჩენი განზრახ მკვლელობის მომზადება შურისძიების მოტივით. შესაბამისად, ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს კვალიფიკაციის ნაწილში, დაცვას გასაჩივრებული აქვს თავის ნაწილში. ამ ეტაპისთვის სააპელაციო სასამართლოში არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. რაღაც მოლოდინის გაჩენა, ოხანაშვილის დაკავშირება სააპელაციო სასამართლოს მისაღებ გადაწყვეტილებასთან არარელევანტური იქნება, იმიტომ რომ, ოხანაშვილს ამ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს...

 

- თუმცა იყო საუბარი და მოლოდინი, რომ ამავე საქმეზე შეიძლება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო, ოხანაშვილიც ამიტომ ვახსენე.


- ამ საქმიდან გამოყოფილია ცალკე საქმე, სხვა პირების მიმართ, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რაღაც დეტალიზაციისგან თავს შევიკავებ. ერთმნიშვნელოვნად რაც შემიძლია გითხრათ, გამოძიებაში არსებულ საქმეში ოხანაშვილი სარგებლობს მოწმის სტატუსით და შესაბამისად, მას ამ ეტაპზე სხვა რაიმე სტატუსი არ აქვს. არც არაფრის გამორიცხვა შეიძლება და არც არაფრის დადასტურება, ერთმნიშვნელოვნად რასაც ვადასტურებ ის არის, რომ ოხანაშვილს მოწმის სტატუსი აქვს. დანარჩენ დეტალებზე გამოძიება გრძელდება და თუ რა შედეგებამდე მივალთ, ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ.


- რაც შეეხება ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევას, პავლიაშვილის საქმეს, აქაც იყო გარკვეული ინტერპრეტაციები. ამ საქმეზე რისი თქმა შეგიძლიათ? პროკურატურის განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწია დეტალების დაზუსტება. რამდენად შეიძლება სამართალდამცველების ბრალეულობა იკვეთებოდეს?


- შთაბეჭდილებების გაზიარებას ამ თემაზე ნამდვილად არ დავიწყებ, მაგრამ სამართლებრივ მხარეზე ვიტყვი. პირველ რიგში გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრებ, იმიტომ რომ, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე. პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია. ამ ეტაპზე დაკითხულია 60-მდე მოწმე - სადაც ეს შემთხვევა მოხდა, იმ კორპუსის ფაქტობრივად ყველა მცხოვრები, სრულად ამოღებულია რელევანტური ვიდეო ჩანაწერები, რაც კი ამასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს. ეს იყო პატრულ ინსპექტორების სამხრე კამერების ვიდეო ჩანაწერები, საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ჩანაწერი და ამოღებულია იმ პერიმეტრზე არსებული ერთადერთი გარე მეთვალყურეობის ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომელსაც შესაძლოა შემთხვევის ადგილი დაეფარა. რაც ჩანაწერებზე დათვალიერებით დადგინდა, შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ შემთხვევის დროს, უშუალოდ ამ პიროვნების დაკავების ამსახველი ვიდეოკადრი არ არსებობს. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის დანიშნულია ექსპერტიზები - კომპიუტერული ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზების დასადგენად. როდესაც ექსპერტიზის ეს დასკვნები გვექნება ხელთ, იმ პერიოდისთვის უფრო შევძლებთ ვერსიებზე, ასევე კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებაზე ლაპარაკს.


რაც შეხება ამ საქმეში დაზარალებულთან დაკავშირებით დამატებით წამოჭრილ საკითხს, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახის წევრები თავის ადვოკატთან ერთად სარგებლობენ დაზარალებულის ყველა უფლებით, მათ სრულად აქვთ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, საქმის გაცნობისას შეზღუდული არ არიან რაიმეთი, ინტერაქტიულად მიეწოდებათ ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ. შესაბამისად, მიღებული მტკიცებულებების, ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეზე მიღებული სხვა მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ გადაწყდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხი ან სხვა სამართლებრივი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი.


- კიდევ ერთი საქმე, სადაც სამართალდამცველები ფიგურირებენ არის ბექა ხახუბიას საქმე. ამ საქმეზე არსებული ინფორმაციით, შეგვიძლია ვილაპარაკოთ სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომაზე?


- სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომაზე ბრალდება აქვთ უკვე წარდგენილი შესაბამის სამართალდამცველებს. საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანამშრომლები პასუხისგებაში არიან მიცემულები უფლებამოსილების გადამეტებასა და ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაზე. ეს არის დანაშაული, რომელზეც საპატრულო პოლიციის ინსპექტორებს ბრალდება აქვთ წარდგენილი და საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ამ საქმეზე ფაქტობრივად ყველაფერი დადგენილია. პირები გამოკვეთილია, ვინც ბრალეული ქმედების ჩადენაშია ბრალდებული და საქმე წარმართულია სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებით. ამ ეტაპზე, ერთადერთი, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს.


- რაიმე სიახლე, რეფორმა თუ იგეგმება თქვენს უწყებაში, ის, რაც ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო შეიძლება იყოს?


- ისევ საზოგადოების განცდებს დავუბრუნდები. საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ თითქოს სამართლიანობა ვერ აღდგა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, დაახლოებით 150-მდე თანამდებობის პირია პასუხისგებაში მიცემული, მათგან ძალიან ბევრზე განაჩენი დამდგარია. იგივე, ცემა-წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული პირია პასუხისგებაში მიცემული, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე სასჯელს იხდიან და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს. მთავარი პროკურატურის და პროკურატურის გაწეული საქმიანობით არაერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილეები, პოლიციის სამმართველოების უფროსები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ. სამართლიანობის აღდგენა რა არის, თუ არა დანაშაულებისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება და ამ პირების პასუხისგებაში მიცემა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ.

 

- სამართლიანობის აღდგენის აღქმის გასაძლიერებლად თქვენ უწყებაში არის სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ქონების დაბრუნების მიმართულებით მუშაობს და ამ მიმართულებით თუ შეგიძლიათ სურათის შეჯამება?


- ამ დეპარტამენტის მიერ, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე შეიქმნა, დღემდე განხორციელებული საქმიანობით უკვე 140 დაზარალებულს აქვს ზიანი ანაზღაურებული. დაახლოებით საუბარია 43 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავ ქონებაზე. დაბრუნებულია 80-დე ავტომანქანა, 21 - მიწის ნაკვეთი, 6 - ბინა, 2 - აგარაკი, 2 - თვითმფრინავი, 13 - ვერტმფრენი. მიმდინარე ეტაპზე არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის თაობაზე შეტანილია შესაბამისი შუამდგომლობები განაჩენების გადასინჯვის თაობაზე, ასევე პასუხისგებაშია მიცემული არაერთი პირი, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირები უფლებამოსილების გადამეტებებთან და ქონების ჩამორთმევებთან დაკავშირებით. ეს არის ის მწირი ჩამონათვალი, რაც ერთი შეხედვით შემიძლია ვთქვა. თუმცა არსებობს უფრო ვრცელი სტატისტიკა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც უფრო მეტის მომცემია ამ კონკრეტული დანაყოფის მუშაობასთან დაკავშირებით.

 

- უახლოეს პერიოდში ხომ არ უნდა ველოდოთ რაიმე სიახლეს ამ დეპარტამენტის ან საგამოძიებო უწყების მხრიდან? არის საქმე, რომელიც მოკლე ვადებში შეიძლება საზოგადოებას ეცნობოს?


- პროკურატურის წარმოებაში არსებობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და რეზონანსულია, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. რაღაც კონკრეტული ვადების განსაზღვრა ამ ეტაპზეც გამიჭირდება, თუმცა მოლოდინები უნდა არსებობდეს, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენის თვალსაზრისით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ძალიან მალე საზოგადოება გაიგებს იმ გახმაურებული საქმეების შესახებ, რომელთა გახსნის მოლოდინიც აქვს.



 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner