logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: ხალხზე კარგ ჟიურის „მეგა“ ვერასდროს მოძებნის
- +

17 ნოემბერი. 2017. 13:42



1 დეკემბერს „არტ ჰოლში" საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია „მეგა-2017" გაიმართება. „მეგა" 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ  ყოველწლიურად ტარდება. რამდენიმე წელია ღონისძიებამ საქველმოქმედო ფორმატი შეიძინა. როგორც ღონისძიების ავტორმა, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ „რეპორტიორთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, წლევანდელი დაჯილდოება დახურულ ფორმატში გაიმართება და მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

 

- მუსიკალური დაჯილდოება „მეგა" 1999 წელს დაარსდა. საიდან დაიბადა პროექტის დაარსების იდეა?

 

- ეს იყო ბნელ და ტკბილ 90-იანებში. ეს იყო პერიოდი, როდესაც ხალხს აკლდა ყველაფერი, მათ შორის ხელოვნების სიყვარულის გამოხატვის საშუალება, აკლდა ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩვენ დღეს ვეძახით „ვარსკვლავებს". „მეგა" არის მადლობის გადახდის ფორმატი იმ ადამიანების მიმართ.


„მეგას" დაჯილდოების ფორმატი  შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, თუმცა ჩვენ იმის პრეტენზია არ გვაქვს, რომ „მეგა" ისეთია, როგორიც „გრემი" და „ოსკარი". „მეგა" მაშინ გაუტოლდება „გრემსა" და „ოსკარს", როდესაც ჩვენი  ქვეყანა გახდება იმ ქვეყნებივით განვითარებული, რომლებშიც მსოფლიო დონის მუსიკალური პროექტები ტარდება. დღეს ჩვენ მსოფლიო არენაზე გვაქვს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნის სტატუსითვე სარგებლობს „მეგა" და მიჰყვება ქვეყნის დინებას.


18 წელია გრძელდება ეს პროექტი, თავისი სკანდალებით,  ხმაურით,  უკმაყოფილო და კმაყოფილი ადამიანებით. სწორედ ეს არის დაჯილდოების ცერემონიის ფორმატი. მუდმივად კმაყოფილი ყველა ვერასდროს გეყოლება.  რაც მთავარია, ჩვენ ვცდილობთ, მთელი საქართველო მოვიცვათ, პროექტს იმიტომ ჰქვია ასე თამამად საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია და არა მაგალითად, რადიოს კორპორატიული დაჯილდოების ცერემონია. ვცდილობთ, ყველას აზრი გავითვალისწინოთ, რადიოებიდან დაწყებული, პორტალებით დამთავრებული.


იყო პერიოდი, როცა ფურცლებზე დაბეჭდილი ანკეტებით ვატარებდით  გამოკითხვას, ტექნოლოგიების განვითარებამ კი მოიტანა ის, რომ უფრო მარტივად შეგვიძლია, მონიტორინგი ვაწარმოოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. თამამად შემიძლია ვთქვა,  არ არსებობს დღეს ქართულ რეალობაში  გამართული ღონისძიება, რომელსაც  ჩვენი წარმომადგენელი არ ესწრება. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ დავდივართ ყველგან და ვატარებთ  მონიტორინგს იმისაც კი, ტაშს ვის უკრავენ და ვის - არა. ჩვენ არ ვენდობით მხოლოდ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტებს და ტელევიზიით გავარსკვლავებულ ადამიანებს. ტელევიზორთან მჯდომი მაყურებელი ტაშს უკრავს თუ არა კონკრეტულ მომღერალს, ვერ გავიგებთ. ვთვლი, რომ ის უფრო ღირებულია, მაგალითად მარტვილის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე ტაშს ვის უკრავენ. ჩვენ ამას ყველგან ცოცხლად ვხედავთ. ჩვენმა საერთო მეგობარმა, აჩი ფურცელაძემ ერთი კარგი სიტყვა მოიფიქრა - „ტაშომეტრი"- ტაშის საზომი ერთეული. 

 

- რა ფორმით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ვინ წყვეტს ამას, ჟიური თუ?

 

- „მეგამ" თავიდანვე თქვა უარი ჟიურის ფორმატზე, რადგან ვთვლით, რომ ხალხზე დიდი ჟიური არ არსებობს, „ტაშომეტრი" არის ის ჟიური, რომელსაც შეუძლია  დაასახელოს წლის საუკეთესო სიმღერა.  ჟიური ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიკერძოებული, ამიტომ 18 წელია ვამბობთ უარს ჟიურიზე, ეს ხომ არ არის კონკურსი ან ფესტივალი, ეს არის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, ეს არის იმ ადამიანების დაჯილდოების ცერემონია, რომლებმაც იმ კონკრეტულ წელს რაღაც შექმნეს.  ხალხზე კარგ ჟიურის „მეგა" ვერასდროს მოძებნის.

 

- წელს რა ნომინაციები იქნება და ვინ იქნებიან ნომინანტები?

 

- ნომინაციები არის ცვალებადი. როდესაც ამის საშუალება და მიზეზი იყო,  50 ნომინაცია გვქონდა, ახლა არის 20. რა თქმა უნდა, არის დადებითი და უარყოფითი ნომინაციები, მაგალითად, წლის სკანდალი, წლის ყველაზე უგემოვნო სიმღერა და ასე შემდეგ. ესენი არის ყოველთვის, ვინ იქნება წელს, არ ვიცით, ღონისძიების წინა დღეს ვხურავთ ხოლმე კონვერტებს და „მეგაზე" კონვერტი რომ გაიხსნება, მაშინ გამოჩნდება ვინ  რომელ ნომინაციას იკავებს. „მეგაში" მუსიკის გარდა, გასართობი ინდუსტრიაც მოიაზრება.

 

- „მეგას" დაჯილდოებაზე ხომ არ მომხდარა რაიმე ინციდენტი?

 

- კი, ასეთი შემთხვევებიც არის ხოლმე. მაგალითად, ერთ-ერთ დაჯილდოებაზე როდესაც „ქუჩის ბიჭებს" ეგონათ, რომ ისინი წლის ჯგუფის ნომინაციას აიღებდნენ, მაგრამ ვერ აიღეს და აიღო ჯგუფმა „საუნდმა", „ქუჩის ბიჭებმა" აიღეს სხვა ნომინაცია. ამაზე გაბრაზდნენ და თქვეს, პროტესტის ნიშნად ვტოვებთ დარბაზსო. ანრი ჯოხაძის შემთხვევას გავიხსენებ ერთ-ერთ „მეგაზე", მარჯანიშვილის თეატრში ტარდებოდა. ანრიმ უარი გვითხრა დაჯილდოების ცერემონიაზე მოსვლაზე,  მე და სალომეს გოგიაშვილს მიგვყავდა ღონისძიება, სალომემ გახსნა კონვერტი და გამოაცხადა ნომინაციაში გამარჯვებული ანრი ჯოხაძე. მე ვიცოდი, რომ ანრი დარბაზში არ იყო და ამიტომ გამოვაცხადე - ანრის თავში აუვარდა, დაჯილდოებაზე არ მოვიდა და სახლში გავუგზავნით პრიზს-მეთქი, უცებ დარბაზიდან მესმის ანრის ხმა, - ბესო, აქ ვარო და ხელი აქვს აწეული, რატომ გვითხარი მოსვლაზე უარი-მეთქი, იქიდან იმან რაღაც მიპასუხა, აქედან - მე და მოკლედ, შოუ შედგა. ეს ყველაფერი არის მსგავსი ღონისძიებების თანმდევი.


წელს დიდი სიურპრიზი გვაქვს დაგეგმილი პოლიტიკოსებთან მიმართებაში, თუ გამოვიდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოლიტიკოსთან, ეს ეხება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომლებიც რაღაცნაირად გვინდა „მეგაში" ჩაერთონ.


- რა ფორმით იქნება მათი ჩართულობა პროექტში?

 

- რა თქმა უნდა, არ იმღერებენ, მაგრამ ჩაერთვებიან ისეთი ფორმით, რომ ღირდეს და გამოჩნდეს, მათ უყვართ ხელოვნება და ის მუსიკოსები, რომლებიც იქ იქნებიან.

 

ახლა ვფიქრობთ, რომ ბორჯომის ხანძრის თემა „მეგაზეც" აისახოს. თუ როგორ პოვებს გამოძახილს ბორჯომის ხანძრის თემა მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ეს ძალიან საინტერესოა და ამას „მეგაზე" ნახავთ, თუ ეს გამოვიდა, კარგი იქნება.


- უკვე მოფიქრებული გაქვთ, რა ფორმით მოხდება ამ თემის „მეგაზე" გატანა?


- დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სიურპრიზად დარჩება, ისევე როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანების თემა „მეგას" დაჯილდოებაზე.

 

- ცნობილია, რომ „მეგას" მე-18 დაჯილდოება საქველმოქმედო ფორმატისაა და მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად იმართება.  რა ფორმით მოხდება დასახმარებელი თანხების მობილიზება - საზოგადოების ჩართულობით თუ გყავთ სპონსორები?

 

- „მეგა" ბოლო 9-10 წელი ტარდება საქველმოქმედო ფორმატით. მომღერალ  ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად უკვე რამდენჯერმე გაკეთდა ღონისძიება. მაგალითად, როცა  ჯაბას ოჯახს ბინის ქირის გადახდა სჭირდებოდა. ასევე კეთილი ადამიანების დახმარებით შევუძინეთ ორთოპედიული საწოლი. ღონისძიების მიმდინარეობისას  ვდგამთ შესაწირ ყუთს, შეგროვებული თანხით ვეხმარებით ჯაბას დედას, ქალბატონ მანანას, რომელიც ყოველთვის ესწრება ჯაბასთვის გამართულ ღონისძიებას. თანხების მობილიზება შემდეგნაირად ხდება: ჯაბას აქვს სპეცნომერი, რომელზეც დარბაზში შეკრებილი ხალხი რეკავს. ეს კეთდება ტელემარათონის ფორმატში.


 - ჯაბას  გარდა, კიდევ ვინმეს დასახმარებლად თუ გამართულა საქველმოქმედო ღონისძიება? 

 

-  დიახ, დიტო ცინცაძის დასახმარებლად, მაგრამ მაშინ ჩემი მხრიდან ეს სუფთა ჟურნალისტური მხარდაჭერა იყო. ახლა ჯაბასთვის, როგორც ხელოვნების წარმომადგენელისთვის კეთდება.


-უკვე დაგეგმილი ხომ არ გაქვთ, სამომავლოდ კიდევ ვის დასახმარებლად ჩატარდება საქველმოქმედო ღონისძიება?

 

- ამაზე წინასწარ პასუხი არ გვაქვს, თუმცა „მეგა" ყოველთვის ჩატარდება  საქველმოქმედო ფორმატით. ამ კეთილშობილურ საქმეს პროექტის მონაწილეებიც მიესალმებიან.

 

- გასაგებია, რომ თქვენ არ მიგიმართავთ სპონსორებისთვის დასახმარებლად, მაგრამ თვითონ  ხომ არ  დაინტერესებულან ამ ღონისძიებით და ხომ არ შემოუთავაზებიათ, რომ ჩართულიყვნენ პროექტში?

 

- დიახ, რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერი კომპანია სპონსორზე მეტად გვეხმარება, გამოვყოფდი მაგალითად სარეკლამო კომპანია „დეიზის", რომელმაც ვალდებულება აიღო ყველა ბეჭდვითი პროდუქციის დამზადებაზე, რაც მთავარია ჯილდოზე (სტატუეტზე), ეს ფულის მოცემაზე უკეთესია ჩვენთვის და საქმისთვის. ასევე საინფორმაციო მხარდაჭერა თანხობრივ მხარდაჭერაზე მეტია ჩვენთვის. ამ მხრივ „რეპორტიორი" და" ქართული აზრი" არიან ჩვენი პარტნიორები. მართალია,  არ გვაქვს ერთმანეთთან ფინანსური ვალდებულება, თუმცა  გვაქვს მეგობრული დამოკიდებულება.


ეს არ არის კომერციული ღონისძიება, ბილეთებზეც კი არ ვასაჯაროებთ ინფორმაციას, რომ მოდით, იყიდეთ, ასეთი რამ არ ხდება, თუმცა, ის პომპეზურობა, რაც მსგავსი სახის ღონისძიებებს სჭირდება, არის და ყოველთვის იქნება.


- რამდენად გყოფნით შემოწირულობით შეგროვილი თანხები?

 

- ეგ იგივეა, რომ მკითხო, რატომ აღარ ვატარებთ ღონისძიებას ფილარმონიაში. ფილარმონიაში იმიტომ აღარ ვატარებთ, რომ  მხოლოდ დარბაზის დაქირავება ღირს 15 000 ლარი, სხვა დამატებით ხარჯებს აღარ ჩამოვთვლი, ერთი სიტყვით, დაახლოებით 20 000 ლარი გჭირდება იმისთვის, რომ ფილარმონიაში პომპეზური ღონისძიება გააკეთო. ვთვლი, რომ დღეს ამ თანხების გახარჯვა არ იქნება სწორი, როდესაც შეგიძლია გააკეთო, მაგალითად, „არტ ჰოლის" დარბაზში, სადაც არანაკლები პირობებია.


-  ისევ სპონსორების თემას დავუბრუნდეთ. როგორც წესი,  ყველა ღონისძიებას სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც საჭიროა სპონსორების არსებობა, თქვენ რატომ თქვით სპონსორებზე უარი?

 

- 2000-იანი წლების დასაწყისში გვყავდა  სპონსორები, რომლებიც რაღაც თანხებით  გვეხმარებოდნენ, მაგრამ მოხდა  მაგალითად, ასეთი რამ,  მივმართეთ 2  მსხვილ სპონსორს, რომლებმაც საკუთარი პირობები წაგვიყენეს. „მეგაზე" სპონსორს კი არა, პრეზიდენტს ვერ გადავაწყვეტინებთ, ნომინაციები ვის უნდა მივცეთ. „მეგაზე" ნომინაციებს ვინ აიღებს, ამას გადაწყვეტს ხალხი და არა სპონსორი. რადგან  ფულით ეხმარები, არ გაქვს უფლება, რომ შენს მიერ დასპონსორებული ღონისძიების ორგანიზატორს შენი მოთხოვნები წაუყენო. კონკრეტულ შემთხვევას გეუბნებით, თორემ ყოველთვის ასე არ არის და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მსხვილ სპონსორს და გავაკეთებთ სატელევიზიო ტრენდს. როცა ჩვენი ქვეყანა მივა იმ დონემდე, რომ კორუფცია იქნება მართლა მიუღებელი, მაშინ თამამად ავიღებთ იმ თანხებს, რა თანხებსაც გვაძლევდნენ დიდი ღონისძიებების გასაკეთებლად.


საქართველოში არ მახსენდება ღონისძიება, რომელიც 18 წელია არსებობს, იმიტომ რომ ფულთან მიმართებაში სუფთად მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ამ სირთულეს გავდივართ.


სხვათაშორის, აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ და ამ ღონისძიებას აფხაზეთის ომის ვეტერანები დაესწრებიან. ამას ექსკლუზიურად გეუბნებით - ის ვეტერანები დაესწრებიან, რომლებიც 1993 წელს ჩემს გვერდით იყვნენ და გადარჩნენ, პირველად ხდება ასეთი რამ, რომ სხვანაირ ფორმატში უნდა გადავუხადო მადლობა ამ მეომრებს. ომი და მუსიკა - ეს ფონი იქნება წელს „მეგაზე".


- 18 წლის მანძილზე ხომ არ ყოფილა მომენტი, როდესაც წამიერად მაინც იფიქრეთ, რომ თუნდაც ფინანსური პრობლემების გამო  ვეღარ აგრძელებთ და დროა დაასრულოთ?

 

- არასოდეს მიფიქრია, ჩვენ არ გვქონდა ფული და ისე ვაკეთებდით „მეგას", მეგობრების, საახლობლოს დახმარებით, ეკა ჩიტაშვილით დაწყებული, გიორგი მამაცაშვილით დამთავრებული. მეგობრები მაგას ნიშნავს, რომ როცა ხვდები, ფინანსურად ნულზე ხარ, დარბაზის ქირის ფულიც არ გაქვს, ჩვენ გვითხოვია დარბაზის დირექტორისთვის და მეგობრულად დაუთმია დარბაზი. დღესაც მოქმედებს მეგობრული მხარდაჭერა და 18 წელი ამიტომ გავძელით. თუმცა ეს ნიჰილიზმი 18 წლის მანძილზე პირადად მე არასდროს მქონია,  ვიღაც მაინც იკითხავს, თუ ფინანსური მოგება არ აქვს, რისთვის აკეთებს ამასო... იმიტომ რომ ჩვენ სიგიჟის დონემდე შეიძლება გვიყვარდეს ის ადამიანები, თემურ წიკლაურიდან დაწყებული, პაატა თედიაშვილით დამთავრებული, რომელიც იმ კონკრეტულ წელს რამეს აკეთებს. დღეს გურამ კაშიას თემა უფრო აქტუალურია პრესისა და ტელევიზიისთვის, ვიდრე თემურ წიკლაურის ნამღერი „იყიდება საქართველო"... სამწუხაროდ, ასეა.


ჩვენ გვინდა, ხელოვნება და მუსიკა გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული. მუსიკა გვაძლევს იმ ძალას, რაც არ გვაქვს, ეს არის სიგიჟე და ამ სიგიჟით თუ არ გააკეთებ საქმეს, იქნები ხელსახოცივით ერთჯერადი. მე ტრადიციების დამკვიდრების მომხრე ვარ და „მეგა" გახდა ტრადიცია. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება, მე რომ აღარ ვიქნები, იმის მერეც.

 

- თუმცა, მხოლოდ ენთუზიაზმით ამხელა საქმის კეთება ალბათ რთულია...

 

- რთული არ ნიშნავს შეუძლებელს, ეს დამანახვა 18 წელმა და კიდევ კარგი, არსებობს ის ურთიერთობები, რასაც მეგობრობა ჰქვია და რომელიც მაინცდამაინც ფინანსებით არ წყდება.

 

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საქველმოქმედო ღონისძიება უფრო მასშტაბური გახადოთ და ჩატარდეს მაგალითად წელიწადში ორჯერ?

 

- ჩვენ მაგისთვის სხვა ღონისძიებები გვაქვს. მე ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ვარ ასევე ღონისძიებების პროდიუსერი. „მეგა" არის დაჯილდოების შემაჯამებელი ღონისძიება, წლის მუსიკალური პრემია, რომელიც წლის ბოლოს უნდა გადაეცეს გამარჯვებულებს, საქველმოქმედო ღონისძიებები კი კეთდება, მაგრამ არა „მეგას"  სახელით, „მეგა" არის ხელშეუხებელი ტრენდი.


- და ბოლოს, დაჯილდოებაზე დასწრების მსურველთათვის ბილეთები გაიყიდება თუ მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი „მეგა -2017"-ზე მოხვედრა?

 

- დახურული ტიპის საღამო იქნება, მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, ბილეთები არ გაიყიდება.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner