logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე ვეტერანთა დეპარტამენტში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს
- +

21 აპრილი. 2016. 10:15



რა ბედი ელის სამხედრო ჰოსპიტალს, რა კრიტერიუმებით იგეგმება ვეტერანების სტატუსის გადახედვა, დაიჭერენ თუ არა ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილ უფროს ირაკლი შიხიაშვილს, როდის შევა აუდიტის სამსახური და ჩატარდება თუ არა საკადრო წმენდა უწყებაში, მოუტანს თუ არა მმართველ გუნდს 70 000 ვეტერანის ხმას არჩევნებზე და იქნება თუ არა ,,ოცნების" საარჩევნო სიაში კობა კობალაძე - ,,ვერსიას" ექსკლუზიურ ინტერვიუს ვეტერანთა დეპარტამენტის ახალი უფროსი, ,,ოცნების" საკრებულოს ყოფილი მაჟორიტარი, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი და ,,გენერალთა კლუბის" დამფუძნებელი კობა კობალაძე აძლევს.

 

- ბატონო კობა, ეს პოსტი ვინ და როგორ შემოგთავაზათ?


- საკრებულოში ავჭალის მაჟორიტარი ვიყავი. რომ გითხრათ, იმ აზრით მოვდიოდი, გინდა თუ არა, ვეტერანთა დეპარტამენტში უნდა ვიყო-მეთქი, ასე ნამდვილად არაა. მოვლენები ფორსირებულად განვითარდა. დამიბარეს, მკითხეს ჩემი ხედვების შესახებ და მალევე დაიწერა ბრძანება, რომლის მიხედვით ეს უწყება ჩამბარდა. ყველაფერი უმოკლეს ვადებში მოხდა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების, დისკუსიებისა და შეთანხმებების გარეშე. პარალელურად, შევხვდი ვეტერანების სხვადასხვა ჯგუფს და მათი პოზიციაც მოვისმინე. როცა ჩემი დანიშვნის ბრძანება დაიწერა, საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართე და რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატის უფლებამოსილება შემიჩერდა; ასევე შევხვდი ქალაქის მერს, ვიცე-მერს, კოლეგა დეპუტატებს და ყველას ვთხოვე, ის შუამდგომლობები, რაც ავჭალის მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად დავაყენე, ჩემი წასვლის გამო არ შეფერხებულიყო და თანადგომასაც დამპირდნენ. ახალ სამსახურში ჩემ წარდგენას არ ესწრებოდა ძველი ხელმძღვანელი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეუძლოდ იყო.

- დეპარტამენტში არსებულ ზოგად ვითარებას თუ იცნობთ ან უკვე თუ იცით, რა იქნება პირველი ნაბიჯები ამ საკმაოდ პრობლემურ უწყებაში?


- თანამშრომლებს შევხვდი, მოვითხოვე პირადი საქმეები, კონკრეტული გეგმები, ხედვები ამ ე.წ. გაპიარებულ პროგრამებსა და მსგავს საკითხებზე. ყველაფერს დეტალურად ახლა ვეცნობი. რაღაც დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა, რაღაცებზე შესაბამის ინსტიტუციებში უკვე გავგზავნე მოთხოვნა, გამომიგზავნონ დეტალური მიმოწერა. ვეტერანებს პირობა მივეცი, რომ ერთი კვირის ვადაში შევხვდები და უნდა წარმომიდგინონ თავიანთი პროექტები, ინიციატივები. შემდეგ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, ერთად ვიმსჯელებთ, ვიმუშავებთ, რაღაცებს საკანონმდებლო ინიციატივების სახეს მივცემთ, რაღაცების რეორგანიზება მოხდება, პროცესში ყველა ვეტერანი ჩაერთვება; მერე ეს იდეები ერთად გაიწერება უწყების სტრატეგიულ გეგმაში, პროგრამაში, მას სახელმწიფოს მეთაურს, პრემიერ-მინისტრს წარვუდგენთ და უკვე სამუშაო პროცესზე გადავალთ.

 

- პირდაპირ გკითხავთ, შევა თუ არა აუდიტის სამსახური ვეტერანთა დეპარტამენტში, რასაც დიდი ხანია, არაერთი ვეტერანი ითხოვს?

 

- ეს მარტო პირდაპირი მოთხოვნა კი არა, აუცილებლობაა.


აუდიტის სამსახური უნდა შემოვიდეს, რათა გავერკვეთ, საიდან ვიწყებთ. ჩვენ ხომ ერთმანეთს ტორტის ნაჭერი არ ჩავაბარეთ, ეს მაღალბიუჯეტიანი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები, ბიუჯეტი... აქვს. აუდიტის სამსახურის შემოსვლის მოთხოვნა პირდაპირ მე გავაგზავნე.


- შესაძლებელია, აუდიტის დასკვნის გამო ექს-თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

 

- წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ზოგადად, არავის ცუდი გამიხარდება, მაგრამ ვერც სხვა უწყებების ფუნქციებში შევიჭრები და ვერაფერს ვივარაუდებ. ფაქტია, დღეს ვეტერანთა ეს უწყება ჩემს დაქვემდებარებაშია და დასახული გეგმების განხორციელებაში ხელი რომ არ შეგვეშალოს, ამისთვის ყველაფრის გარკვევაა საჭირო.

 

- მოვლენები მართლაც ფორსირებულად განვითარდა, განსაკუთრებით სამხედრო ჰოსპიტლის გაუქმების გამო, რამაც დააჩქარა შიხიაშვილის წასვლა. თქვენ რას უპირებთ ვეტერანების ჰოსპიტალს?


- თავის დროზე, ამ საკითხზე მრგვალ მაგიდასთან როგორც ვეტერანთა ჰოსპიტლის ინტერესების გამომხატველ, ისე ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილ ჯგუფთან ვისაუბრეთ. ჩემი პოზიციაა, რომ უპირველესად, ჩვენი მსჯელობის საგანი სწორედ ვეტერანთა ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გამოსწორება უნდა გახდეს. ჰოსპიტლის დამსახურებულ თანამშრომლებს, რომელთაც მინიმალური პირობები ჰქონდათ, მაგრამ ვეტერანებსაც ემსახურებოდნენ და კრიტიკულ ვითარებაში ჩვენც არაერთხელ დაგვხმარებიან, არ შეიძლება, კონკრეტული პასუხები არ გავცეთ. ზუსტად ეს პოზიცია აქვს ქვეყნის პრემიერსაც და დამევალა, ამ საკითხზე ჩემი ხედვა წარვადგინო. ჩვენ არ ვეცდებით, მსჯელობა ულტიმატუმის რეჟიმში გადავიყვანოთ, რაც აქამდე ხდებოდა. არ შეიძლება, ეს ადამიანები რაღაც უვადო და უგეგმო მოლოდინის რეჟიმში ვამყოფოთ. მიდის მუშაობა შესაბამის იურიდიულ სამსახურებთან, ვემზადებით, ვითარების გამოსასწორებელი საკანონმდებლო ინიციატივებით შევიდეთ პარლამენტში.


- შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ, რას ეხება ეს ინიციატივები და ჯანდაცვის საკითხის გარდა, შევა თუ არა პაკეტში, მაგალითად, ვეტერანთა სტატუსის გადახედვის ან დაბალი სოციალური შემწეობის გაზრდის შესახებ კანონპროექტები?


- ეს ინიციატივები შეეხება არამარტო ჰოსპიტალსა და ჯანდაცვას, რა მიმართულებითაც სახელმწიფოს საკმაოდ სოლიდური გეგმები აქვს, არამედ ვეტერანის დახმარების თემას, დასაქმებას. არსებობს გუნდი, რომელიც ვეტერანთა სტატუსის მინიჭების თემაზე მუშაობს. აქ არსებითი საკითხია კლასიფიცირება, თუნდაც ერთ ასპექტში: პირადად ვიცი შემადგენლობები, ადამიანები, ვისაც დაქვემდებარებაში 5-10 კაცზე მეტი არ ჰყავდათ და დღეს მათზე გაცემულია 500-ზე მეტი საბრძოლო მოკვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს ყველაფერი შესასწავლია.

ასევე საჭიროა კლასიფიცირება, რადგან არ შეიძლება, ერთნაირი მიდგომა გვქონდეს პირის მიმართ, ვინც საბრძოლო მოქმედებების ზონაში ერთ საათს ჩავიდა. ის არ შეიძლება ბრძოლების მონაწილედ განვიხილოთ, ამიტომ არსებობს ორდენის ხარისხი, რომელიც ადამიანების კონკრეტულ ქმედებებს განსაზღვრავს. არ შეიძლება, საბრძოლო მოქმედებებში კიდურებამპუტირებული და დახეიბრებული ხალხის და თუნდაც ჩემი ან სხვა ვეტერანების მიმართ ერთნაირი მიდგომა იყოს. ეს საბოლოოდ უნდა დალაგდეს. აქვე ვადასტურებ, ეს არის უწყება, სადაც ვერ მივიღებ ვერავის პროტექციას, თხოვნებსა და მოთხოვნებს, გარდა პრემიერისა და საზოგადოებისა, ვის წინაშეც პასუხისმგებელი ვარ.


- გეკითხებით, როგორც ყოფილ სამხედროს, ,,გენერალთა კლუბის" დამფუძნებელს, რატომ არ უყვართ ხელისუფლებებს ვეტერანები, რაც ვეტერანების შემწეობაშიც ჩანს და გმირთა მოედანზე მათი აქციის დარბევის დროსაც გამოჩნდა. ამ 70 000-კაციანი სეგმენტის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას როგორ ხსნით?


- პოსტსაომარი მოქმედებების სინდრომი ყოველთვის სდევდა სამშობლოსთვის თავგანწირვისკენ მიდრეკილ ამ ადამიანებს. 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ფაქტობრივად, სულ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ, რაც ფსიქიკაზეც მოქმედებს; მით უმეტეს, არ არსებობს სახელმწიფოს მიდგომა, სარეაბილიტაციო ცენტრები, ფსიქოლოგიური მომსახურების კულტურა. პირიქით, მუდმივად ცდილობდნენ, ვეტერანები დანარჩენი საზოგადოებისგან გაემიჯნათ; არავინ ზრუნავდა მათ გადამზადებაზე, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ქცევაზე; მეტიც - გინდ პატიმრობის მოწმობით მისულხარ დასაქმების მაძიებელთა გრძელ რიგში და გინდ ვეტერანის მოწმობით! ფაქტია, საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, კონკრეტული ნორმატიული აქტებია საჭირო, მიდგომა გასაუმჯობესებელია. ამას კი არც ერთ ხელისუფლებას ვაბრალებ, რადგან ინიციატივა თავად ჩვენგან, საზოგადოებისგან არ მოდიოდა. დღეს კი, ჩვენი ინიცირებით, მომზადდება კანონპროექტები და ამუშავდება სისტემა, რომლის გამართული ფუნქციონირება არ უნდა იყოს დამოკიდებული, ვინ მოვა და წავა ხელისუფლებაში. არსებობდა ცუდი პრაქტიკაც, რომ, როცა სადმე ხელმძღვანელი იცვლებოდა, დამლაგებლიდან დაწყებული მოადგილეებით დასრულებული, ყველას უშვებდნენ.


- ანუ ვეტერანთა დეპარტამენტში საკადრო წმენდას არ აპირებთ?


- საერთოდ, ასეთი წმენდის მომხრე არ ვარ, მაგრამ გეტყვით, რას ვაპირებ: ვგეგმავ ამ უწყების ეფექტურად ამუშავებას და ამისთვის, რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებ.


- პოლიტიკურადაც არანაკლებ არეულ ვითარებაში ჩაიბარეთ დეპარტამენტი, რადგან თავდაცვის მინისტრი, რომელთანაც მანამდეც კარგად თანამშრომლობდით, დღეს ოპოზიციაში აღმოჩნდა. ეს თქვენს ერთობლივ, ეფექტურ მუშაობას ხელს არ შეუშლის?


- არაფერი შეცვლილა და რასაც ვაპირებდი, ახლაც იმავეს ვაპირებ. აბსოლუტურად არავინ გვიზღუდავს ვინმესთან თანამშრომლობას. როცა ,,გენერალთა კლუბს'' ვხელმძღვანელობდი, მაშინაც მოვაწერე ხელი ერთობლივ მემორანდუმს როგორც თავდაცვის, ისე სხვა ინსტიტუციებთან. ახლა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და პირდაპირი ვალდებულება მაქვს, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროებთან ვითანამშრომლო, რადგან სწორედ მათი თანამშრომლები არიან ვეტერანები. ამ სეგმენტში კი ინტელექტუალური და თეორიულ-პრაქტიკული გამოცდილების უდიდესი მარაგი არსებობს. უკვე ვესაუბრე და მომავალშიც შევხვდები ამ სამინისტროების ხელმძღვანელებს, რომ უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ. არ მეშინია, არ მერიდება და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრასაც ვაპირებ და თუ რამით დამეხმარება, ათას მადლობასაც ვეტყვი! ვადასტურებ, არანაირი შეზღუდვა არ მაქვს და ამას არც დავუშვებ.


- მგონი, ის დროა, პარტია „ოცნების" საარჩევნო სიაში მოგიაზროთ?


- არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ უნდა მომიაზროთ. ვალდებულება, რომელიც ავჭალის მოსახლეობის წინაშე ავიღე ,,ქართული ოცნებიდან", აღარ მაკისრია. დღეს ამ გუნდის მიერ სხვა კონკრეტული ამოცანა მაქვს დაკისრებული, რომლის შესრულება ჩემთვის გაცილებით საპასუხისმგებლოა, ვიდრე ამა თუ იმ პარტიის წევრობა. თორემ საჯარო სივრცეში ჩემი მოღვაწეობა ყველამ იცის, რა შედეგით დაგვისრულდა მე და ჩემს ოჯახს. თუმცა ამის მიუხედავად, ცხოვრების რაღაც ეტაპი დავასრულე, მაგრამ ჩემს წინაშე კვლავ დადგა გამოწვევა და ვეცდები, ბოლომდე ღირსეულად გავიდე.

 

- ანუ, 2016 წელს არცერთ პარტიულ სიაში არ უნდა გელოდეთ?

- დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაქვს კონკრეტული სამოქმედო არეალი, დარწმუნებით მხოლოდ ამას გეუბნებით. რა იქნება მომავალში, რამდენიმე თვის შემდეგ, თუნდაც შემოდგომაზე და ვიქნები თუ არა არჩევნებში ჩართული, ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია.

 

- მოწინააღმდეგეები იფიქრებენ, რომ თქვენ სხვა კონკრეტული ამოცანა გაქვთ - „ქართული ოცნებისთვის" 70 000-მდე ვეტერანის ხმის მოტანა წინასაარჩევნოდ.


- ვეტერანები ის ხალხი არაა, ვისაც ვინმე რამის გაკეთებას და ვინმესთვის ხმის მიცემას აიძულებს. თუ თავად არ ემხრობიან, ვერ მიუთითებ საარჩევნო ურნასთან ვიღაცის სასარგებლოდ მოხაზონ. თუმცა როცა არსებობს ასეთი პროგრამა, მიდის ასეთი მუშაობა, იგეგმება სისტემის გაჯანსაღება და რეფორმირება და სახელმწიფოს დღეს მართლაც განსხვავებული მიდგომა აქვს ამ სეგმენტის მიმართ, გასაკვირი რატომაა, თუკი ვეტერანების მხარდაჭერა სწორედ ხელისუფლებას ექნება.



ნინო კომახიძე


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner