logo_geo
eng_logo
პიტერ ტოლენარის 13-წლიანი მოღვაწეობა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში
- +

26 დეკემბერი. 2017. 16:45

 

 

პიტერ ტოლენარი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა კარდიოქირურგიაში, მისი სახელი ევროპის წამყვანი ქვეყნების კარდიოქირურგიის მოწინავე პოზიციებთან ფიგურირებს. 2004 წელს, ბად კროცინგენის გულის ცენტრის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე თოთხმეტი წლის მუშაობის შემდეგ ის პირდაპირ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში აღმოჩნდა და კარდიოქირურგიაში კონსულტანტის  პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. მას მერე 13 წელი გავიდა, ჩვენს რეგიონში წლების წინ ეს წარმოუდგენელი იყო, თუმცა ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კარდიოლოგიის ცენტრის სახელი დაიმკვიდრა. კარდიოქირურგიის მიმართულებით მიღწეულ სიმაღლეებს საფუძველი პროფესორ ზვიად ბახუტაშვილთან ერთად დიდწილად სწორედ პიტერ ტოლენარმა ჩაუყარა, მისი დახმარებით და მხარში დგომით დაიწყო კარდიოქირურგიის განყოფილებამ ფუნქციონირება.  


ბუნებრივია, ეს ქართულ-გერმანული ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომელმაც  აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დაარსებას, შემდგომ მის განვითარებას, მათ შორის პიტერის ტოლენარის ჩამოსვლას შეუწყო ხელი, ცარიელ ნიადაგზე არ ამოსულა.


ყველაფერი 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ბად კროცინგენში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სწორედ მაშინ დაიდო შეთანხმება საქართველოში ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სერვისების განვითარების შესახებ.  რამოდენიმე წელიწადში ამას  „ბად კროცინგენის გულის ცენტრის" კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ქართველი ექიმების ტრენინგები, ორმხრივი ვიზიტები და ორ ქვეყნის წარმომადგენლობას შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მოჰყვა.


2017 წლის 21 დეკემბერს, ცამეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ გერმანელი კარდიოქირურგი პიტერ ტოლენარი სამშობლოში დაბრუნდა. გამგზავრების წინ, განვლილი წლების შესახებ შთაბეჭდილებები „რეპორტიორს" გაუზიარა:


- ბატონო პიტერ, თუ შეიძლება გაიხსენეთ ის დრო, როდესაც პირველად ჩამოხვედით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრში.

 

- ჩვენი, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა ძალიან ადრე დაიწყო, მახსოვს ის რეგულარული შეხვედრები 90-იანი წლების  შუა ხანებში,  ბ-ნი ავთანდილ ჯორბენაძე, ქ-ნი გულიკო ჩაფიძე, ამ უკანასკნელის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დაარსება, რომელშიც სხვათაშორის პროფესორმა როსკამმაც დიდი წვლილი შეიტანა.


პირველი ნაბიჯები პრაქტიკული მედიცინის კუთხით პირველ კორონარულ სტენტირებას უკავშირდება, რომელიც (ბად კროცინგენის გულის ცენტრის) სპეციალისტების და პროფესორ ალექსანდრე ალადაშვილის მიერ ჩატარდა 1998 წელს.


შემდეგ პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი ჩამოვიდა ჩვენს ცენტრში, მან პირველი ოპერაცია 2001 წლის ივნისში ჩაატარა, რომელშიც მე ვეხმარებოდი. „ბად კროცინგენიდან" შეიკრიბა ქირურგების, ანესთეზიოლოგების, პერფუზიოლოგების, ინტენსიური თერაპიის, ტექნიკოსების ჯგუფი... ამ პერიოდში 20-მდე წარმატებული ოპერაცია ჩავატარეთ, მექანიზმი ამუშავდა და პროფესორმა ზვიად ბახუტაშვილმა, ჩვენი პერიოდული ჩართულობით, ყველაფერი ბრწყინვალედ გააგრძელა.


თავიდან ბუნებრივია ოპერაციათა რაოდენობა მცირე იყო, შემდეგ ნელ-ნელა გავზარდეთ და დღეს წელიწადში 700-მდე ოპერაცია კეთდება, როცა პირველ წელს მხოლოდ 69 იყო. ამ მხვრივ, მშვენიერი დინამიკა გვაქვს. რაც შეეხება სპექტრს, თავდაპირველად კეთდებოდა გულის სარქვლის ოპერაციები, შემდეგ დავიწყეთ კომპლექსური ოპერაციების კეთება - აორტალური სარქვლის, აღმავალი აორტის და აორტის სარქვლის პროტეზირება, რომელსაც ბენტალის პროცედურა ეწოდება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და წარმატებული ოპერაცია. ზვიადმა მნიშნელოვნად განავრცო კარდიოქირურგიის, როგორც მკურნალობის  სპექტრი, დანერგა ინოვაციური მეთოდიკა, მინი-ინვაზიური მიტრალური სარქვლის ქირურგია, აორტის საქრვლის გამოცვლა მცირე განაკვეთით, ასევე ოზაკის ოპერაცია, რომელიც აორტის სარქვლის აუტოპერიკარდით ჩანაცვლებას გულისხმობს. ეს ოპერაციები ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრში წარმატებით კეთდება.


- როგორ გაიარეთ ადაპტაცია და ადვილი იყო თუ არა ქართველ ექიმებთან ერთად მუშაობა?


- ადაპტაციის პრობლემა არ მქონია, ჩვენ მანამდეც დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს. არ ვიცი, ისინი როგორ შემეჩვივნენ, ეს მათ უნდა კითხოთ (იცინის). სიმართლე გითხრათ, თავი უცხოდ არასდროს მიგვრძნია.


- თქვენ რა გამოცდილებით ბრუნდებით სამშობლოში?


- ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება არის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი, საერთოდ არ მახსენდება უარყოფითი შეგრძნებები მიუხედავად იმისა, რომ 13 წელია აქ ვცხოვრობ. უბრალოდ, მივდივარ და მიჩნდება ნოსტალგიის შეგრძნება, სამუშაოსთან და ჩემს მეგობრებთან მიმართებაში. თავიდან რომ ჩამოვედი, ჩემი მიზანი იყო ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა ქართველი ექიმებისთვის, ბოლო წლებში ყველაფერი შეიცვალა, მე თვითონ ყოველდღე ვსწავლობდი, ისინი (აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის  ცენტრის ექიმები) აქტიურად თანამშრომლობენ ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოებასთან და არა მარტო მათთან, ერთი ექიმი როცა პაციენტს მკურნალობს, მეორე  საზღვარგარეთ კვალიფიკაციას იმაღლებს და ასე მონაცვლეობენ. მათი ცოდნა ძალიან მაღალ დონეზეა.


- აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

 

- აუცილებლად, წარმოუდგენელია დაივიწყო ის, რაც უკვე შენშია.


აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზვიად ბახუტაშვილმა „რეპორტიორთან" აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ემოციურია პიტერ ტოლერანთან განშორება.

 

- ძალიან ემოციური დღეა. 17 წელია ვთანამშრომლობთ, 13 წელია უკვე, რაც ბატონი პიტერი მუდმივად აქ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში  უშუალოდ  ოპერაციებში მონაწილეობას არ იღებდა,  მისი აქ ყოფნა მაინც მნიშვნელოვანი გახლდათ ჩემთვის. კარგი მეგობრები ვართ, ყოველ დილით სამსახურში ერთად მოვდიოდით, ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით, განვიხილავდით... ეს ყველაფერი ძალიან დამაკლდება.


- თქვენი დეპარტამენტის მიღწეული წარმატებებით როგორი კმაყოფილია?

 

- დღეს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტი არის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი კავკასიაში, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ ოპერაციების რაოდენობით, არამედ მისი სპექტრით. ვაკეთებთ ყველა სახის ოპერაციას ღია გულზე, ტრანსპლანტაციის გარდა და ვაკეთებთ ისე, როგორც უნდა ვაკეთებდეთ ევროპული ხარისხის სამედიცინო ცენტრში. პიტერმა ჩადო ის მარცვალი, რომელიც ახლა ასე წარმატებით ხარობს. ახლა კი, ბუნებრივია ამაყობს, მისთვის ძალიან ემოციურია განვლილი წლების შემდეგ აქედან გამგზავრება.


- პირადად თქვენი, როგორც კარდიოქირურგის წარმატებებში რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის?

 

- ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ზურგის ქარი იმისათვის, რომ  წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ შემთხვევაში ეს ზურგის ქარი იყო უაღრესად ძლიერი... არა მარტო პიტერი, „ბად კროცინგენის გულის ცენტრი"  ყოველთვის გვერდში გვედგა, ძალიან კარგ პირობებში ვიყავით და ჩვენ უნდა გაგვემართლებინა, სხვანაირად არ შეიძლებოდა.


- ხომ არ გიცდიათ, რომ მისთვის წასვლა გადაგეფიქრებინათ?

 

- არა. პირველად 5-6 თვის წინ მითხრა, რომ საახალწლოდ წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, მან თვითონ განსაზღვრა თავისი ცხოვრების ეტაპები, რომ მეთხოვა, შეიძლება ცოტა ხანს კიდე დარჩენილიყო, მაგრამ ის ზრდასრული ადამიანია და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის სურვილი არ მაქვს.


გამგზავრების წინ, გამოსამშვიდებელ შეხვედრაზე პიტერ ტოლერანს სხვადასხვა საპატიო წოდება მიენიჭა და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.











 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner