logo_geo
eng_logo
„გაუანალიზებლად თავდებში არ უნდა ჩავდგეთ“ - რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ვინმეს თავდებში ჩავუდგებით?
- +

3 თებერვალი. 2018. 22:15



თითქოს ყველაფერი მარტივად იწყება: თქვენი ნათესავი, მეგობარი, ან ახლობელი გეუბნებათ, რომ ფულის სესხებას აპირებს და გთხოვთ თავდებში ჩაუდგეთ.


თქვენც უარს არ ეუბნებით, ბოლოს, ეს ახლობელი თუ მეგობარი ვალს ვეღარ (თუ აღარ) იხდის და კრედიტორი ფულის დაბრუნებას თქვენგან ითხოვს. სწორედ ასე ჩავარდა ასეულობით ადამიანი ვალში, რომელიც თვითონ არ აუღია. ისიც ცნობილია, რომ „კრედიტ-ინფოს" „შავ სიაში" თავდებში მყოფი პირები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე რეალური მსესხებლები. რა უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ ვინმეს თავდებში ჩავუდგებით? - ამ შეკითხვაზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვიპასუხებს:


- თავდებში მყოფი პირები მართლაც ხშირად რჩებიან დაზარალებულები. მარტო ჩემს პრაქტიკაში ასამდე ასეთი შემთხვევა მქონდა. ვიდრე ვინმეს თავდებობაზე დათანხმდებით, უნდა იცოდეთ, რომ ამ დროს გაფორმებული ხელშეკრულებით თავდებში მყოფი პირი სერიოზულ ვალდებულებას იღებს: თუ მსესხებელი აღებულ სესხს ვერ გადაიხდის, თანხის გადახდა თავდებს მიუწევს. თუმცა, ეს წერილობითი შეთანხმება უნდა იყოს, რადგან ზეპირ შეთანხმებას იურიდიული ძალა არ ექნება. ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული მაქსიმალური თანხა, რომელიც თავდებმა უნდა გადაიხადოს. მაგალითად, თუ დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობა 10 ათასი ლარითაა განსაზღვრული, კრედიტორი თავდებში მყოფი პირისგან ამაზე მეტს ვერ მოითხოვს, რადგან მას პასუხისმგებლობა 10 ათას ლარზე აქვს აღებული.

 

- ხშირად ადამიანები ვერ ერკვევიან ამ ნიუანსებში და ხელშეკრულებას ხელს ისე აწერენ, არც კითხულობენ. რა ხდება ამ დროს?


- როგორც წესი, საბანკო დაწესებულებებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თავდებობის ხელშეკრულების ტიპური, შაბლონური ფორმა აქვთ, რომლითაც თავდებში მყოფ პირს მაქსიმალური პასუხისმგებლობა ეკისრება. ასეთი ხელშეკრულებით თავდები ისევეა პასუხისმგებელი თანხის დაბრუნებაზე, როგორც მსესხებელი, ხოლო თუ ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს არის სოლიდარული მოვალე, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს თავდებსაც მოსთხოვოს ნასესხები თანხა. სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს სრული უფლება აქვს ასე მოიქცეს. თავდებში მყოფმა პირმა კიდევ ერთი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს - თუ მსესხებლის ქონება ვერ ანაზღაურებს ნასესხებ თანხას, მაშინ კრედიტორმა შეიძლება თავდებში მყოფ პირს მოსთხოვოს დარჩენილი თანხის გადახდა.

 

- გამოდის, რომ თავდებში მყოფი პირი დაახლოებით იმავე მოვალეობებს კისრულობს, რასაც მსესხებელი?


- დიახ, ასეა. ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში თავისუფლდება თავდებობისგან, თუ დაამტკიცებს, რომ ხელშეკრულებაზე ხელი იძულებით, შანტაჟით, ან დაშინებით მოაწერინეს. თავდებობის ხელშეკრულებაც მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ ბათილად.

 

- დავუშვათ, მსესხებელმა სასამართლოს მიმართა, რა შეღავათები შეიძლება გაუწიოს სასამართლომ?


- სასამართლოს შეუძლია 1 წლის ვადით გადაუვადოს მევალეს ვალდებულების შესრულება, მიუხედავად იმისა, კრედიტორი თანახმაა თუ არა. თუ კრედიტორი და მსესხებელი შეთანხმდებიან, ეს ვადა შეიძლება 3-4 წლამდეც გაიზარდოს. ძალიან ბევრი მსესხებელი ემალება ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, მაგრამ დამალვა უარესია, ჯობს, კრედიტორს პირდაპირ ელაპარაკოთ და ყველაფერი იცოდეთ მოსალოდნელი გართულებების შესახებ.


- თუ მსესხებელიც და თავდებში მყოფიც საზღვარგარეთ წავიდნენ?


- ამ შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს საქართველოში არსებული მათი ქონება დააყადაღოს და აუქციონზე გაყიდოს. თუ მსესხებელს არანაირი ქონება არა აქვს, მაშინ ის გადახდისუუნაროდ ჩაითვლება.

 

- ხომ შეიძლება კრედიტორმა ოჯახის წევრებს და ნათესავებს მოსთხოვოს თანხის გადახდა?


- არა, სხვა პირებს არანაირი ვალდებულება არა აქვთ, თუ მათ თავდებობის ხელშეკრულებაზე არა აქვთ ხელი მოწერილი. სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი ასეთი ფაქტი ხდება. როცა მსესხებელი ვერ იხდის, თავდებში მყოფი პირი იძულებულია ვალის მის მაგიერ გადაიხადოს. თუ ის სოლიდარული მოვალეა და ხელშეკრულებაში წერია, რომ სრული თანხის გადახდაზეა ვალდებული, მოვალეცაა, რომ გადაიხადოს. მაგრამ თუ ხელშეკრულებაზე ხელი არა აქვს მოწერილი, კანონი თანხის გადახდას მსესხებლის დას, ძმას, ან დედ-მამასაც ვერ მოსთხოვს.

 

- რა ხდება მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში? ვინ უნდა გადაიხადოს მისი ვალი?


- გარდაცვალების შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულებები მის მემკვიდრეებზე გადადის. თუ გარდაცვლილს დიდი ვალები აქვს, ახლობლები მის მემკვიდრეობაზე უარსაც ამბობენ.


- დასასრულ, რას ურჩევდით მკითხველს, როგორ აიცილონ თავიდან მსგავსი უსიამოვნებები?


- ყველაფერს ჯობია თავდებში არავის ჩაუდგეთ და თუ მაინც გარისკავთ, უნდა იცოდეთ, რომ მსესხებელი გადახდისუნარიანია. კარგად უნდა გავაანალიზოთ და ავწონ-დავწონოთ, ვიდრე ასეთ სარისკო ნაბიჯს გადავდგამთ.




ხათუნა ჩიგოგიძე









 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner