logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციისთვის ემზადება! დეტალებს ახლა მოგიყვებით...
- +

26 აპრილი. 2016. 18:26


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი „რეპორტიორთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და აქვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე საუბრობს:


- ბატონო სულხან, როგორ შეიცვალა ქვეყანაში ვითარება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?


- საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რამხელა საშიშროება იყო „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნისთვის. „ნაციონალური მოძრაობა" - ეს იყო სახადი, ავანტიურისტების, კრიმინალების თავშეყრა, რომელიც განხორციელდა პროდასავლური ნიღბის ქვეშ და რომელსაც ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი - ქართველი საზოგადოების ძალისმიერი დამორჩილება. ეს ყველაფერი ვრცელდებოდა სასამართლო სისტემიდან დაწყებული, არასამთავრობო სექტორით დამთავრებული. ეს ეხებოდა იმ არასამთავრობო სექტორსაც, რომელიც ახლა გააქტიურდა, წლების მანძილზე კი საერთოდ არ ჩანდნენ და მათი კნავილიც არ ისმოდა. ნუთუ არაფერი ჰქონდათ მაშინ სათქმელი და გასაპროტესტებელი, როცა ადამიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ?! ჩვენი ყური, გონება და ცნობიერება, სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში, შეეჩვია ისეთ ფრაზებს, როგორიცაა ხალხის ქუჩაში დახვრეტა, ადამიანის წამება, ქონების წართმევა და ათასი უბედურება. ავტორიტარიზმი სხვა კი არაფერია. ფეხქვეშ გაითელა სასამართლო სისტემა, აურაცხელი ადვოკატი გვყავდა ციხეში და სტრასბურგის სასამართლო აცხადებდა, რომ ჩვენ გვყავდა პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნით დაკავებული პირები. მაგალითად ჩემი საქმეც გამოდგება. მაშინ სააკაშვილი ამ შეფასებას დაეთანხმა, რადგან კედელთან მივაყენეთ და რეალობას ვერ გაექცა. თუკი თავად აღიარეს, რომ პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი ადამიანები ჰყავდათ ციხეებში, ახლა რატომღა ესარჩლებიან სხვას?! რა მორალური უფლება აქვთ, რომ ვინმეს გამოესარჩლონ, ჭკუა დაგვარიგონ და დისკრიმინაციაზე გვესაუბრონ?! სულ მცირე, სირცხილის გრძნობა უნდა ეყოთ!


ვინ თქვა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და პოლიტიკა ბინძური ხელებით კეთდება?! ნურას უკაცრავად! გააჩნიათ ადამიანებს, თორემ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შეიძლება, ვინც წმინდა ხელებითა და სუფთა გულით აკეთებდა საერო და საკაცობრიო საქმეს. თუნდაც ექვთიმე თაყაიშვილი. ეს წმინდანად შერაცხილი ადამიანი პოლიტიკოსი არ იყო, რომელიც ქვეყნის საუნჯეს წლების განმავლობაში ინახავდა? ეს რა, პოლიტიკა არ იყო? აბა ყოფილიყო მის ადგილას ბინძურხელებიანი ადამიანი, ვნახავდით, როგორ მოეკიდებოდა ამ ყველაფერს.


აი, ამ ყველაფერს დამატებული კიდევ უფრო მეტი საშინელება მოელოდა საქართველოს, რომ არა „ქართული ოცნება". ასეთ საშინელებას ჩამოგვაშორა „ქართულ ოცნებად" წოდებულმა ხალხის ერთობამ. ეს ყველაფერი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გახლდათ. როგორც არ უნდა აკრიტიკონ ბატონი ბიძინა, ერთი რამ ცხადია, - მას არ სჭირდებოდა არც სადეპუტატო პრივილეგიები, არც საპრემიერო თანამდებობა ხიბლავდა და ის იყო საიმისოდ შეძლებული, რომ ეს ყველაფერი არ დასჭირვებოდა. მოდით, კითხვა ასე დავსვათ, გაწირა თუ არა მან თავისი კეთილდღეობა, რისკის სასწორზე შეაგდო თუ არა საკუთარი ოჯახის ბედი და მომავალი? ამ ადამიანმა ძალიან დიდი რისკი გასწია.


მაგრამ, თურმე, ასეთ დროს, რადიკალური ცვლილებები ვერ ხდება. ეს არ არის ქირურგიული ოპერაცია, რომ აპენდიქსი ამოიღო და პაციენტს რამდენიმე დღეში უშველო. როგორც ჩანს, მაშინ სააკაშვილის მოსაშორებლად პოლიტიკური პარტიების გაერთიანება აუცილებელი იყო. ამან კი გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება დაკომპლექტა იმ პარტიებითაც, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებლები არიან. „ქართულ ოცნებას" კომპრომისზე წასვლა მოუწია.


- რომელ პარტიებს გულისხმობთ?


- კომპრომისში „რესპუბლიკელებისა" და სხვების გამოჩენას ვგულისმობ. მაგრამ, ხომ გეუბნებით, როდესაც ასეთ კომპრომისზე მიდიხარ, იმათაც მადა უჩნდებათ. როგორც კი იგრძნეს, რომ რაღაცაში საჭირონი იყვნენ, მადა გაეხსნათ.


სააკაშვილის პერიოდში, ასეთ პარტიებს ერთჯერადი მოხმარებისთვის იყენებდნენ და შემდეგ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიებმა ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდნენ, თავიანთი თამაში წამოიწყეს და ახლა გვამადლიან, რომ ხელისუფლებასთან ერთად გაიზიარეს გარკვეული პასუხისმგებლობები. ამიტომ რჩებიან თურმე თანამდებობებზე. ვერ გაიგეს, რომ აღარ არიან კოალიციის წევრები. აღარ არიან იმ ლეგიტიმაციის მატარებლები. მიბმული სათადარიგო ბორბლებივით არიან.


„რესპუბლიკელები" მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიური თანამეცხედრეები და სულიერი მეგობრები იყვნენ ოდითგანვე და შემდეგ მიეტმასნენ „ქართულ ოცნებას".


აი, ამ ბარგით და ამ სიმძიმით მოდის „ქართული ოცნება" დღემდე. ამიტომ, ამ მძიმე პირობებში, ჩვენ მას მსგავსი პარტიების არსებობა უნდა მივუტევოთ. პირადად მე, როგორც ამომრჩეველი, მოქალაქე მივუტევებდი და ჩემს თანამოქალაქეებსაც ამას მოვუწოდებ. ასეთ ხელისუფლებას თუ რამე შეეშალა, უნდა მივუტევოთ, რადგან მათ გვაჩუქეს უმთავრესი რამ, - სიცოცხლის უფლება. გვაჩუქეს თავისუფლება.

 

- რა პროგნოზები გაქვთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე?


- „ქართული ოცნება" მიიღებს მისთვის საჭირო ხმებს. ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება. მაგრამ, ვფიქრობ, რომ თუკი „ქართული ოცნება" გარკვეულ პარტიებთან გაერთიანდება, ოღონდ არა ისე, როგორც ეს 2012 წელს იყო, უმრავლესობას ნამდვილად მოიპოვებს.


„ქართული ოცნების" ფიასკოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სააკაშვილის მახინჯი რეანიმაციის საფრთხე. ეს არ არის არც დაშინება და არც არაფერი. მე უბრალოდ ასე ვფიქრობ. ღმერთმა ნუ გაგვითენოს ის დღე, როცა პარლამენტში „ნაციონალებისა" და „ოცნების" თანაბარი რაოდენობა იქნება. ეს იქნება საქართველოს უკან დახევა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ეს იქნება თითით საჩვენებელი სასაცილო ქვეყანა.


- მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს და ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია მისი განცხადება და როგორ დახვდება საზოგადოება სააკაშვილს?


- სულ რომ ტანკებით შემოვიდეს სააკაშვილი, ჩვენ წინ უნდა გავუწვეთ! პირადად მე, ასე მოვიქცევი. პირველი ვიქნები მათ შორის, ვინც ამ ტანკს წინ გაუწვება. უმჯობესია, გავნადგურდე, ვიდრე სააკაშვილი ვიხილო ჩვენს ქვეყანაში. ეს უნდა დამთავრდეს.


მარტო თავისი შვილის თანაკლასელების 15 მამა ჰყავს ციხეში დაჭერილი. ეს ნორმალური კაცის გაკეთებულია?! ეს არის კაცი, რომელიც სამშობლოს გაყიდის, რომ სხვა ქვეყანაში თანამდებობა მიიღოს. ეს არის კაცი, რომელიც ციხეებს აშენებდა და ძეგლებს ანგრევდა. მას სულიერი არაფერი გააჩნია. ეს არის კაცი, რომელიც ელაქუცებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ფარულ კადრებს იღებდნენ და აფინანსებდნენ ამ ყველაფერს. ღმერთმა დაგვიფაროს ეს შიზოფრენიული მოვლენა ქართულ სინამდვილეში კვლავ ვიხილოთ.


მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ სააკაშვილი არჩევნების წინ გეგმავს ე.წ. სპეცოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავს თავისი აგენტების ჩანერგვას, რომლებიც ისედაც ბევრნი არიან სახელისუფლებო სტრუქტურებში, რათა სიგნალის მიცემისთანავე მოხდეს მათი მობილიზება და სიტუაციის არევა. ისინი ცდილობენ, რომ ვითომდა გაყალბებული არჩევნების კვალობაზე საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს, გასროლა მოხდეს.


- უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?


- ეს მისი პირადი საქმეა. პირადად მე მივესალმებოდი ამ ფაქტს. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, გამკლავებოდა იმ სიძნელეებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობდა. ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი უიშვიათესი გამონაკლისია, რომელიც უშეცდომოდ თამაშობს. კარგი იქნება, თუ მისი თანამოაზრეები მისგან ბევრ რამეს ისწავლიან. უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობას, მოთმინებას და გადაწყვეტილების მიღებას იმ შემთხვევაში, როდესაც კარგად აწონი. თუკი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ეს ძალიან კარგი იქნება. 


 

right_banner
არქივი
right_banner