logo_geo
eng_logo
თბილისში ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ დაარსდა
- +

27 თებერვალი. 2018. 15:16



თბილისში ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა" დაარსდა, რომელიც კულტურისა და განათლების ფონდის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ორგანიზებით, 2018 წლის 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდება. პროექტი განხორციელდება საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 2019 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი.


კინოფესტივალ „თაობას" დაარსების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ფესტივალის დირექტორმა ლევან დვალმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში ისაუბრა.



- საიდან გაჩნდა კინოფესტივალ „თაობას" დაარსების იდეა?


- გუნდს, რომელიც კინოფესტივალს ვაკეთებთ, გვაქვს ფესტივალის მენეჯმენტის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. გვინდოდა, შეგვექმნა პროექტი, რომელსაც ექნებოდა განვითარების დიდი შესაძლებლობა, იქნებოდა ქართული, რადგან, მოგეხსენებათ, სამხრეთ კავკასიაში მსგავსი მასშტაბის ახალგაზრდული კინოფესტივალის ჩატარება, რომელშიც სამივე ქვეყანა იქნება ჩართული, წარმოუდგენელია. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდგომ ვთქვით, რომ კარგი იქნებოდა, თუ შევქმნიდით ახალგაზრდულ კინოფესტივალს, რომელიც რეალურად მიმართულია აუდიტორიის განვითარებაზე.

 

- რა არის ფესტივალის არსი და მიზანი?


- ეს არ არის სტანდარტული კინოფესტივალი, სადაც დღის განმავლობაში შეგიძლია რამდენიმე ფილმს უყურო. ეს არის დაბალანსებული როგორც კულტურის, ასევე განათლების კომპონენტით იმისთვის, რომ მოვახდინოთ ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება შემდეგი მიმართულებებით - კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლის უნარი, შემოქმედებითი, კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნება, ტოლერანტობა და ა.შ. უნარები, რომლებიც ახალგაზრდებს სჭირდებათ იმისთვის, რომ თანამედროვე სამყაროში იარსებონ და იყვნენ მისი განუყოფელი ნაწილი.


კინოს მიმართ ჩვენი პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო ისეთი კინოფესტივალი, რომელსაც განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი აქვს უკვე, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ტარდება. ეროვნული სასახლე არის თანადამფუძნებელი და მასპინძელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სასახლე არის სწორედ ის ადგილი, სადაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ბუნებრივია, ეს თარიღი სიმბოლურია ჩვენთვის, რადგან ეს ფესტივალი არსდება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში.

 

- რით განსხვავდება „თაობა" იმ კინოფესტივალებისგან, რომლებიც ტარდება საქართველოში?


- საქართველოში ტარდება რამდენიმე ახალგაზრდული კინოფესტივალი, ოღონდ ისინი არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. მაგალითისთვის შევადაროთ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს".


„თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი" არის კლასიკური ტიპის კინოფესტივალი თავისი უცხოელი სტუმრებით, ბევრი ფილმით... „თაობა" არის მასშტაბური კინოფესტივალი, რომელიც მიმართული იქნება აუდიტორიის განვითარებაზე და რომელშიც ჩართული იქნება მთელი სამხრეთ კავკასია. ასეთი ფესტივალი არ ტარდება არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში... რეალურად, მსგავსი კინოფესტივალი საქართველოში, სამწუხაროდ არ გვაქვს.


გამონაკლისი არის „სინედოკი" რომელსაც აქვს CinéDOC Young სექცია, ოღონდ ის ჩვენგან განსხვავებით, არის დოკუმენტური. ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხატვრულ კინოზე, სრულმეტრაჟიან ფილმებზე, რომლებიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან თემატიკას შეეხება. მაგალითად - ადამიანის უფლებები, ბავშვების უფლებები, ბულინგი სკოლაში, მშობლებთან ურთიერთობა და ა.შ., ის პრობლემები, რომელთაც 13-18 წლის მოზარდები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში ჩართულ მოზარდებს ვაჩვენოთ გარკვეული ფილმები, რომლებსაც ისინი არა მხოლოდ ნახავენ, არამედ დისკუსიების დროს განიხილავენ კონკრეტული ფილმის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. დისკუსიას მოდელირებას გაუწევენ კინომცოდნეები და კინოს პროფესიონალები. ამავდროულად, კინოფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია მასტერკლასების, ლექციებისა და შეხვედრების ძალიან დატვირთული კომპონენტი, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, რომლებიც მაგალითისთვის, ძალიან კარგად ხატავენ, აინტერესებთ კომიქსები, უნდათ, ისწავლონ და ამის რესურსი არ აქვთ, ფესტივალის ფარგლებში კი მათ მიეცემათ ამის შესაძლებლობა.

 

- ვის აქვს ფესტივალში მონაწილეობის საშუალება და რა ეტაპების გავლაა ამისთვის საჭირო?

 

- ფესტივალში მონაწილეობის საშუალება აქვს 13-18 წლის ჩათვლით საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას. დარეგისტრირება ხდება ძალიან მარტივი ფორმის შევსებით. წელს 300-მდე ახალგაზრდა იქნება შერჩეული. ფორმა მოიცავს ძირითად მონაცემებს - სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და მთავარი გრაფა, ეს არის მოტივაცია. იმისთვის, რომ ჩვენ შევარჩიოთ ახალგაზრდები, რომელთა სამომავლო განვითარებაზე შესაძლოა ფესტივალმა დადებითი გავლენა მოახდინოს, ვითხოვთ ძალიან მოკლე სამოტივაციო წერილს ინგლისურ ენაზე, რადგან ფილმები, რომლებიც წარმოდგენილია, არის ინგლისურად ან ინგლისური სუბტიტრებით, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ინგლისურის მინიმალური დონე, რათა ფილმები გაიგონ. სააპლიკაციო ფორმა არის განთავსებული „თაობას" facebook-გვერდზე და ასევე საიტზე  www.taoba.cef.org.ge.


- სახელი „თაობა" რა ნიშნით შეირჩა?

 

- სახელზე მუშაობამ ყველაზე მეტი დრო წაიღო ორგანიზატორების მხრიდან, რადგან ვეძებდით ისეთ სახელს, რომელიც სრულად გამოხატავდა ფესტივალის კონცეფციას. მიზეზი, რატომაც დავარქვით „თაობა", არის ის, რომ ჩვენ ვეძებთ თაობებს, რომლებიც არიან განსხვავებულები, ინდივიდუალურები, თავისი ინტერესებით, სურვილებით, მიზნებით, გეგმებით, მაგრამ ამავდროულად ქმნიან ერთიან თანამედროვე საზოგადოებას. ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობდნენ, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და სტიგმები დაამსხვრიონ, ამიტომ გვინდა, ის ბავშვები შევარჩიოთ, რომლებიც მუდმივად ეძებენ ახალ შესაძლებლობებს განვითარებისთვის, სწავლისთვის და გვგონია, რომ „თაობა" რეალურად გამოხატავს ფესტივალის კონცეფტს - რომ ყველა არის ინდივიდუალური, მაგრამ ამავდროულად ერთ მთლიანობას ქმნიან.


- როგორია თქვენი მოლოდინი და ფესტივალის სამომავლო გეგმები?


- შემდეგ წელს ფესტივალი გახდება საერთაშორისო, რომელშიც საქართველოს გარდა ჩართული იქნება კიდევ ხუთი ქვეყანა. ფესტივალს ნამდვილად ძალიან დიდი რესურსი აქვს, რადგან მისი მხარდამჭერები ამ ეტაპისთვის არიან - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი „კავკასია", ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.


ძალიან დიდი რესურსია თუნდაც საერთაშორისო პარტნიორობის მხრივ, რადგან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ყველაზე ძველ ახალგაზრდულ კინოფესტივალთან შვედეთში - „BUFF"-ის კინოფესტივალთან, რომელიც 1984 წლიდან არსებობს და მათთან ერთად ვგეგმავთ „Taoba Youth Academy"-ს წელს, ნოემბერში, ბათუმში. ეს იქნება ზამთრის სკოლა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 30 ახალგაზრდას შევარჩევთ საქართველოდან და შვედეთიდან. ისინი სამი დღის განმავლობაში გაივლიან პროფილურ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით - პროდიუსინგს, რეჟისურასა და სცენარს, რა თქმა უნდა, სურვილის მიხედვით. შემდგომ 4 დღის განმავლობაში გადაიღებენ დაახლოებით 5 მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელთა პრეზენტაცია მოხდება 2019 წელს, თბილისში კინოფესტივალზე „თაობა" და შვედეთში, კინოფესტივალზე „BUFF".


მოზარდებს, ვინც გაივლიან პროდიუსინგს, მთელი წლის განმავლობაში დავეხმარებით იმაში, რომ თავადვე დაუკავშირდნენ საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალებს, შეავსონ განაცხადები და გააგზავნონ, ანუ გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები.  


შემდეგ წელს ვფიქრობთ, რომ შეგვეძლება ნეთვორქინგის საერთაშორისო პლატფორმის დამატება, რაც გულისხმობს ფესტივალის პარალელურად დაახლოებით 5-დღიან პროგრამას ახალგაზრდული კინოფესტივალებისთვის. 5-10 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის მენეჯმენტის ჩამოყვანა შეგვიძლია თბილისში იმისთვის, რომ ერთობლივი პროექტები დაიგეგმოს და საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებში მიიღონ მონაწილეობა. ეს არის მთელი არსი. ვცდილობთ, მაქსიმალური შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს სწავლის, განვითარებისა და უცხოური კულტურების გაცნობისათვის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×