logo_geo
eng_logo
„რომ ვკვდებოდე, მაინც ვიგალობებ“ - ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია ჯვარცმულ მაცხოვარს დასტირის
- +

7 აპრილი. 2018. 10:30

 

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ვნების შვიდეული დაიწყო – ყველაზე მძიმე, რთული კვირა, რომელიც მაცხოვარმა ჩვენთვის, ჩვენს საცხოვნებლად გაიარა. სამი ათეული წელია, ნაიარა ნაჩხატაშვილი ამ გზას გადის, წითელ პარასკევს კი, მთელი საქართველოს ნაცვლად, ანგელოზებრივი, სულში ჩამწვდომი ხმით გოდებს და დასტირის ჩვენთვის ნაწამებ, ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს. ვისაც ამ არაჩვეულებრივი, თბილი, კეთილი ქალბატონის გალობა მოუსმენია,  განსაკუთრებით კი – „ვაი, რა კარგი საჩინო“, რომელსაც ხალხი „ღვთისმშობლის დატირებას“ ეძახის, არ შეიძლება, ამ დიდი მოვლენის მიმართ გულგრილი დარჩეს და მასთან ერთად არ დაელოდოს მაცხოვრის აღდგომას – დღეს, რომელსაც ყველაზე დიდი ბედნიერების, იმედისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.

 

ნაირა ნაჩხატაშვილი: მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად მოდის დედისა და მამის მხრიდან. დედაჩემი საქმეს რომ აკეთებდა, მაშინაც მღეროდა, ოღონდ, სხვადასხვა საქმეს სხვადასხვა რეპერტუარი ჰქონდა. მამაჩემის მამა იეთიმ გურჯთან მეგობრობდა, სულ ერთად იყვნენ. ჩვენს ოჯახში სიმღერა იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ჩემი მუსიკალური ნიჭი განსაკუთრებულად არ აღუქვამთ. სამუსიკო სასწავლებელშიც მხოლოდ იმიტომ შემიყვანეს, რომ გოგო ვიყავი და უნდა მევლო. შემდეგ მუსიკალურ ტექნიკუმში საგუნდო-სადირიჟოროზე ჩავაბარე. ჩემი პედაგოგი დირიჟორი ლეილა აბაშიძე იყო, რომელიც ჩუმად დადიოდა სიონის საკათედრო ტაძარში – მაშინ ასეთი რაღაცეები აკრძალული იყო. გაკვეთილები რომ ცდებოდა, ბავშვები კინოთეატრში მიდიოდნენ, მე და ჩემი მეგობარი მზია მურადაშვილი, რომელიც ჩემი შვილის ნათლიაა და დღესაც მგალობელია, მივდიოდით სიონის ტაძარში. ოღონდ, რატომ ჩავდიოდით, არ ვიცი, გული გვთხოვდა. მერე ხატებს შევხედეთ და ლოცვა დავიწყეთ, ოღონდ, ლოცვის წესიც არ ვიცოდით და მხოლოდ ვთხოვდით და ვთხოვდით. მაშინ მხოლოდ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე გალობდნენ მოხუცები, რომლებსაც ვერსაიდან ვერ გარიცხავდნენ ამის გამო. 70-იანი წლების მიწურული იყო, როდესაც უწმიდესმა მოისურვა, ყოველდღე ჩატარებულიყო წირვა-ლოცვები, რასაც გუნდები, მგალობლები სჭირდებოდა. დღემდე ბავშვივით ვეფერები უწმიდესს, რომელიც, ამ დღიდან მოყოლებული, არ გაჩერებულა: აშენებს, აშენებს, სულ რაღაცას აკეთებს, ხალხს ასაქმებს, ეკლესიაში მოჰყავს. ერთ დღესაც, ჩემმა პედაგოგმა, ლეილა აბაშიძემ, აუდიტორიის კარი ჩაკეტა და მითხრა: ნაირა, რაღაც მინდა მოგასმენინოო. „მრავალჟამიერი” მომასმენინა და კიდევ ერთი საგალობელი, რომელიც მანამდე არ მქონდა მოსმენილი. ვუთხარი, ეს საგალობელია-მეთქი. მართალი ხარ და, იგალობებდიო? რას ბრძანებთ, მე მაგის ღირსს ვინ გამხდის-მეთქი. უწმიდესის კურთხევაა, რომ ეკლესიაში საგალობლები იგალობონ, პირველს შენ გითხარი და, ვინც გინდა, ის წამოიყვანეო. შევკარით გუნდი, ჩუმად დავიწყეთ მეცადინეობა და, მზად რომ ვიყავით, მოვასმენინეთ პატრიარქს. გულში ჩაგვიკ