logo_geo
eng_logo
ქართველი გოგო, რომელიც ოქსფორდს ქართულ კინოზე უყვება
- +

17 აპრილი. 2018. 17:52

 

 

უკვე ათი წელია, ინგლისში ცხოვრობს. ფრანგული და რუსული კულტურისა და ლიტერატურის სპეციალისტია. სწავლობდა ლონდონის King’s College-ში და ბრისტოლის უნივერსიტეტში. ამჟამად მუშაობს სადოქტორო კვლევაზე, რომელიც ეხება თანამედროვე ქალების მწერლობასა და კინოს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.

 

ეს ქართველი გოგო – თამარ კოპლატაძეა, რომელიც აქტიურად აცნობს ქართულ კინოს იქ, ინგლისში. ერთ-ერთ სტატიაში წერს: თუ თანამედროვე ქართული კინოს ერთი ტალღა ქვეყნის მტკივნეულ უახლეს წარსულსა და პოლიტიკურ არეულობაზე მოგვითხრობს, მეორე ტალღის ფილმების (რომლებიც ძირითადად ქალი რეჟისორების მიერაა გადაღებული) ცენტრში არიან ძლიერი ქალები, რომლებიც 21-ე საუკუნის ქართულ რეალობაში უამრავი გამოწვევის პირისპირ დგანან.

 

„სინემანია“ გთავაზობთ ინტერვიუს თამარ კოპლატაძესთან.

 

- მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე…

 

- ამჟამად ლექციებს ვკითხულობ ოქსფორდის უნივერსიტეტში და სადოქტორო კვლევაზე ვმუშაობ. თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და კინოზე მოხსენებები წარმიდგენია კონფერენციებზე ოქსფორდის, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტებში. ახლაც სამი ქართული ფილმის ჩვენებას ვგეგმავ ოქსფორდში.

 

- რომელ ფილმებზეა საუბარი?

 

- ოქსფორდის საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება თანამედროვე ქართველი ქალი რეჟისორების ფილმები, რომლებსაც ის, ცნობილი ქართული საბჭოთა ფილმებისგან განსხვავებით, ნაკლებად იცნობს. ნაჩვენები იქნება ერთი საბჭოთა და ორი თანამედროვე ფილმი, რომლებშიც კარგადაა ასახული ქართველი ქალის ცვალებადი როლი საბჭოთა და თანამედროვე საქართველოში. ესენია: ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“; ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“ და ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

 

 

 

- რატომ აირჩიეთ საკვლევ თემად თანამედროვე ქალები კინოსა და ლიტერატურაში?

 

- ფრანგული კულტურის სამაგისტრო კურსზე ერთ-ერთ თემად ალჟირელი ქალების პოსტკოლონიური მწერლობა შევისწავლე. სწორედ მაშინ დავინტერესდი, რა ვითარება იყო საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქალების შემოქმედების მხრივ და ისწავლებოდა თუ არა ეს სფერო დასავლეთში. აღმოჩნდა, რომ ამ თემას თითქმის არავინ იკვლევს.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ქალების კულტურულმა მოღვაწეობამ ერთგვარი რენესანსი განიცადა და ამასთან, პოსტსაბჭოთა ქალები უფრო ღიად განიხილავენ იმ თემებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმში ტაბუსა და ცენზურას ექვემდებარებოდა. ჩემთვის საინტერესოა, თუ რა სათქმელი დაუგროვდათ ქალებს, რა მსგავსებაა მათი და სხვა ყოფილი დასავლური კოლონიების ქალების შემოქმედებას შორის და რა განასხვავებს ერთმანეთისგან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გამოცდილებებს. აი, მაგალითად, რამ განაპირობა, რომ ქართველი მწერლები არასდროს წერენ რუსულად, ხოლო ყაზახი, სომეხი ან აზერბაიჯანელი მწერლები და რეჟისორები ხშირად რუსულ მეტროპოლზე არიან ორიენტირებულნი.

 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად ასახავს თანამედროვე ქართული კინო და ლიტერატურა იმ სოციალურ პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ?

 

- ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქალების კინო და ლიტერატურა ასახავს ქალების რთულ იდენტობას სოციო-ეკონომიკური პრობლემების ფონზე. საბჭოთა კავშირში ქალისა და მამაკაცის როლი საზოგადოებაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული სოციალისტური პრინციპების შესაბამისად, თუნდაც უფრო თეორიულად, ვიდრე რეალურად. დღეს კი ამ ნორმების გადაფასება ხდება, რაც წინააღმდეგობრივი პროცესია.

 

პოსტკოლონიური ქვეყნების მსგავსად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც შეინიშნება წარსული დიდების რიტორიკა, რომელსაც პატრიარქალური ნორმებისკენ ლტოლვა ახლავს. ამას ერთვის დასავლური ფემინიზმის პროპაგანდა, რომელიც მკვიდრ ისტორიასა და ტრადიციებს ყოველთვის არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, ქალებს უწევთ, გაუმკლავდნენ პოსტსაბჭოთა „მასკულინიზმის კრიზისის“ შედეგებს – კაცების სტატუსის დასუსტებას უმუშევრობის, ალკოჰოლიზმის, პატიმრობის, შიდა თუ საგარეო ომებისა და დაპირისპირებების შედეგად.

 

ეს ყველაფერი ასახულია ქალების მწერლობასა და ფილმებში, სადაც ძლიერი ქალი პერსონაჟი ცდილობს, თავისი იდენტობა იპოვოს და ხშირად მარტოს უწევს, გაუმკლავდეს სოციალურ პრობლემებს ოჯახში და ოჯახს გარეთ.

 

 

- საინტერესოა, როგორია თამარ კოპლატაძე დატვირთული და წარმატებული კარიერის მიღმა, ყოველდღიურ ცხოვრებაში?

 

- ალბათ, ლუარსაბ თათქარიძის მსგავსი (იცინის). მიყვარს გემრიელი კერძები და ძილი. ასევე, მომწონს სტუდენტურ სპექტაკლებში თამაში, სამხატვრო გამოფენების დათვალიერება და განხილვა, განსაკუთრებით ჩემს დასთან ერთად. ძალიან მიყვარს საქართველოში ჩამოსვლა.

 

 

მოამზადა მარი ბექაურმა

 

წყარი:http://cinemania.adjara.com

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×