logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ეს უნდა დამთავრდეს!
- +

24 აპრილი. 2018. 15:33

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეპორტიორს“ ევროპულ სტრუქტურებში არსებულ კორუფციაზე ესაუბრა:

 

- ევროპულ ინსტიტუტებში, სამწუხაროდ, პოლიტიკურ კორუფციას აქვს ადგილი და ამის ნათელი დადასტურება იყო, თავის დროზე, კარლ ბილდტის სკანდალი, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს, როდესაც გაირკვა, რომ ის რეგულარულად იღებდა ქრთამის სახით 300 000 ევროს სააკაშვილის მთავრობისგან და ამის საფასურად, ლობირებდა სააკაშვილის მთავრობას სხვადასხვა დონეზე ევროპულ სტრუქტურებში და ჩქმალავდა იმ დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგი სტრუქტურა, სადაც ამ ყველაფერმა ღია ხასიათი მიიღო, ეს იყო ევროსაბჭო, სადაც ღიად და დაუფარავად ლობირებდნენ სააკაშვილს და მის გარემოცვას. არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ჩამოდიოდნენ საქართველოში და განსაკუთრებით მას მერე, რაც სააკაშვილი კურდღელივით გაიქცა ქვეყნიდან და დაემალა საქართველოს მართლმსაჯულებას... მე მახსოვს დონ პედრო აგრამუნტის ვიზიტი საქართველოში, როდესაც ის მერაბიშვილს, ახალაიასა და ადეიშვილს პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკურ დევნილებს ეძახდა. ამის შესახებ მაშინაც ხმამაღლა ვსაუბრობდით, მაგრამ სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა ამაზე ყურს არ იბერტყავდა.

 

ეს საცეცები ძალიან ღრმად მიდის, ეს არ არის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, ეს საერთაშორისო დონის კორუფციაა. ამის მაგალითია „Freedom House“-ის უკანასკნელი ანგარიში, რომელიც გაჯერებულია სიცრუითა და ცილისწამებით. როგორც საერთაშორისო პრესაში აღინიშნა და საქართველოშიც გაჟღერდა ამის შესახებ, ეს ყველაფერი კორუფციული გარიგების შედეგია. თანხაც კი დასახელდა - 500 000 დოლარი. იმ ადამიანების კვალი, რომლებიც კურირებენ ამ ყველაფერს, პირდაპირ მიდის მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

 

- საკმაოდ მძიმე საკითხზე საუბრობთ. რა რეაგირება უნდა ჰქონდეს აღნიშნულ ფაქტებს ქართული სახელმწიფოს მხრიდან?

 

- ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ეს რეალობა  საქართველოში გაცხადებულია და ვფიქრობ, რომ ვინც ბრმა და ყრუ არ არის, ამ ყველაფერს კარგად ხედავს. მაგრამ სამწუხაროდ, საერთაშორისო კორუფციულმა ლობიზმმა იმხელა მასშტაბი შეიძინა, რომ საკუთარ ქვეყანაში უამრავი მძიმე დანაშაულით მსჯავრდებული ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი) თავისუფლად დასეირნობს ევროპის ტერიტორიაზე, არღვევს კანონს, არღვევს იმ წესს, რომელზეც დგას ზოგადად ევროპული ცივილიზაცია და ევროკავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ძებნილი, მაინც განაგრძობს დანაშაულებრივ ქმედებებს. ეს არის რეალობა, რომელსაც კარგად უნდა ვხედავდეთ. შიდამოხმარების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად საკმარისია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელიც სამწუხაროდ, დღესაც საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ შტოებშია მოკალათებული, ბოლო მოეღოს. ეს უნდა დამთავრდეს. ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ამას ადასტურებენ თავად ამ ორგანიზაციის წევრებიც.

 

- რას გულისხმობთ?

 

- მაგალითად, მსჯავრდებული გოგა ონიანი, რომელმაც აღიარა, რომ წინა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა და პოლიტიკური ნიშნით დევნიდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს მძიმე დანაშაულია. რატომღაც, დღევანდელ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ოპოზიციურ პოლიტიკურ ჭაობში, ამას ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქართველი საზოგადოება აქცევს ამას ყურადღებას. პრინციპში, ჩვენ ამის შედეგებს ვხედავთ კიდეც, არჩევნების დროს. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის გარკვეული პროცენტი მაინც აძლევს ხმას ამ დანაშაულებრივ ჯგუფს. ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა.

 

იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის გააზრება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავწყვიტოთ ურთიერთობება ამ სარკომასთან და დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება.

 

- ხელისუფლებას რა როლი ეკისრება ამ პროცესებში?

 

- მაინცდამაინც აღფრთოვანებული ვერ ვარ ამ მიმართულებით, რადგან მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც მიიჩნევდა და ახლაც მიიჩნევს, რომ კოჰაბიტაციამ მხოლოდ ავნო ჩვენს ქვეყანას და არაფერი სარგებელი არ მოუტანია. მგლის თავზე სახარების კითხვას არანაირი აზრი არ აქვს. ვფიქრობ, ეს კოჰაბიტაციაც ზუსტად იმ პოლიტიკური კორუფციონერების მიერ იყო თავსმოხვეული საქართველოზე. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, ჩანს, რომ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში გავდივართ. ამას კვლევებიც ადასტურებს. ჩვენზე გავლენები სხვადასხვა ჯგუფების, ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან დიდია და ეს კარგად ჩანს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებაში, რომელთა ერთი ნაწილიც პირდაპირ ცილისწამებითაა დაკავებული. „Freedom House“-ის უკანასკნელი ანგარიში ზუსტად ამაზე მეტყველებს, რომ პირდაპირ ცილისწამებაში იღებენ ფულს.

 

განსაკუთრებით გამოირჩევიან კაპიტანი გიგაური და მისნაირი მოღვაწეები. ეს ადამიანები ფულს ზუსტად იმაში იღებენ, რომ ცდილობენ, სხვადასხვა ქვეყნების, პოლიტიკური ჯგუფებისა და გაერთიანებების გავლენები გააძლიერონ საქართველოში, რომ ქართული ხელისუფლება არ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი თავის მოქმედებაში.

 

სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. მაგრამ მე უარეს რეალობაში დავიბადე, საბჭოთა კავშირში, სადაც კომუნისტური ზეიმი იყო და იმ რეალობაშიც გვიწევდა ცხოვრება. მაგრამ დრო ყველაფერს კურნავს და დარწმუნებული ვარ, ამ უბედურებასაც განკურნავს ადრე თუ გვიან და საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციები ქვეყნის ინტერესებისთვის მოქმედებას დაიწყებენ.

 

საქმე იქამდე მივიდა, რომ ქართველ საზოგადოებას რასიზმშიც კი ადანაშაულებენ!

 

- დიახ, ბოლო დღეების განმავლობაში, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, მსგავსი კომენტარები მრავლად მოვისმინეთ.

 

- ეს ზუსტად ის გამოვლინებაა, რაზეც ვსაუბრობდი. ეს არის გარკვეული ჯგუფების ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტი სადავო გაჩნდეს ქართველ საზოგადოებაში. მაგალითად, სიტყვა რასიზმის მოხსენიება საქართველოს მისამართით, როდესაც ქართველებმა კანის სხვა ფერის მქონე ადამიანები პირველად 10-15 წლის წინ იხილეს, არასერიოზულია. რასიზმი, ეს არის ფესვებგამჯდარი, საუკუნოვანი ურთიერთობები გარკვეულ ეროვნებებს შორის, რომელიც ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქვეყნებში. რასიზმს ძალიან ღრმა ფესვები აქვს. რასიზმი ცარიელ ადგილზე არ იბადება და მითუმეტეს არ იბადება, როდესაც ერთი მუჭა ადამიანები არიან ჩამოსული საქართველოში. რასიზმი ნამდვილად უცხო ხილია ქართველებისთვის. ეს არის უსინდისობის, აბსოლუტური უზნეობის ძალიან ნათელი გამოვლინება, როგორც მაუწყებლობაში, ისე ამ ე.წ. არასამთავრობოების მხრიდან. ეს არის ცილისწამება. ქართული პრესის დიდი ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები დაკომპლექსებულია, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ჯანსაღია, დაცულია ამ პათოლოგიებისგან და არ იზიარებს ამ ყველაფერს. როგორც ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, ისე რამდენიმე დაკომპლექსებული ადამიანი ვერ შექმნის მათთვის სასურველ წარმოდგენებს საქართველოზე, რომ აქ რასიზმის მსგავსი რაიმე შეიძლება გაფაჩუნდეს. ეს აბსოლუტურად უცხოა ქართველი საზოგადოებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×