logo_geo
eng_logo
რას შეცვლის ახალი ფინანსური რეფორმა მოქალაქეებისათვის - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან
- +

30 მაისი. 2018. 23:41

 

ფინანსთა მინისტრმა დღეს მის მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტის პრეზენტაცია გამართა. დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის თამაშის წესებს საფინანსო სექტორში, როგორც ლომბარდებისთვის, ისე არასაბანკო და საბანკო დაწესებულებებისთვის. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უპასუხა.

 

- პირველ რიგში, გკითხავთ, რას ელით? ჩვენ რამდენჯერმე გვისაუბრია ამ თემაზე, მათ შორის უკვე ამოქმედებულ რეგულაციაზეც. ახლა უკვე მთლიანი პაკეტი გვაქვს, რომელიც დღეს წარადგინეთ. რამდენად შეამცირებს ეს ყველაფერი ჭარბვალიანობას, რაც, აღნიშნეთ, რომ იყო აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი?

 

- ალბათ, უნდა დავიწყოთ იმით, თუ რატომ გახდა ეს აუცილებელი. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. სამწუხაროდ, ჭარბვალიანობა გახდა სიღარიბის ერთ-ერთი წყარო. შესაბამისად, ჭარბვალიანობის ეფექტური კონტროლის და მისი შემცირების გარეშე ჩვენ სიღარიბესთან ეფექტურ ბრძოლას ვერ შევძლებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველოში სიღარიბე შევამციროთ. აღნიშნული რეგულაციების შედეგად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ჭარბვალიანობის დონე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში მივიღოთ რამდენიმე ტიპის ეკონომიკური უპირატესობა. პირველი - ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მაკროეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში გახდეს გრძელვადიან პერიოდში უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი. მეორე - ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში მომხმარებლების უფლებები ფინანსურ სექტორში იყოს დაცული. იმიტომ რომ, რაც მანამდე ხდებოდა, უფლებების დაცვას ამას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. შემდეგი ის გახლავთ, რომ ამის საშუალებით ჩვენ საქართველოში შევძლებთ მივიღოთ უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა. მინდა ეს განვმარტო თქვენი ნებართვით. ინკლუზიური ზრდა არის ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართულ ოჯახს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველოში სიღარიბე დავამარცხოთ. ვინაიდან მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს ყველა ჯგუფზე. ჭარბვალიანობა არის ამის ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი, იმიტომ რომ, ჭარბვალიანობის შედეგად, მათ შორის, ჩვენ მივიღეთ, რომ 600 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე არის „შავ სიაში“. აქიდან გამომდინარე, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს ფიზიკურად არ აქვს საშუალება, რომ  სრულფასოვნად იყოს ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს სამეწარმეო პოტენციალს. ინკლუზიური ზრდა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგრადი განვითარება, რა თქმა უნდა, დგას მცირე ბიზნესის განვითარებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებაზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ჩვენ ჭარბვალიანობა რაც შეიძლება დროულად შევამციროთ.

 

- თქვენ განმარტეთ თქვენი ცვლილებების შედეგად მოსალოდნელი ეფექტი, რასაც პირადად თქვენ ელით, თუმცა ამ ხნის განმავლობაში, როდესაც საუბარი გვქონდა სექტორის წარმომადგენლებთან, მეორე მხარე არის ის, რომ შესაძლოა ბაზარზე გარკვეულწილად შეიზღუდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. მათ შორის, მცირე სესხებზე, განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, რომლისთვისაც ისედაც საკმაოდ ძვირადღირებულია ფინანსური რესურსი, როდესაც ისინი ცდილობენ მის მოპოვებას, რომ შემდეგ მომხმარებელზე გაასესხონ. როგორ ფიქრობთ, რამდენად გადაწონის დადებითი ეფექტი უარყოფითს? ამ ცვლილებების პაკეტით რამდენად დაბალანსებული გგონიათ ეს ყველაფერი?

 

- საერთოდ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ყველა რეფორმას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და ძალიან ძნელია ნახო მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც არ შეიძლება თან არ ახლდეს რაღაც გვერდითი ეფექტი. თუმცა ეს რეფორმა, რაც ჭარბვალიანობის შემცირებას ეხება, ზოგადად არის რეფორმა, რომელსაც რეალობაში მართლაც მხოლოდ პოზიტიური მხარეები აქვს. განვმარტავ, ამ კუთხით რას ვგულისხმობ. ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები, რომ ეს ნეგატიურად იმოქმედებს თვითდასაქმებულებზე, ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ ოფიციალური შემოსავალი და შესაბამისად მათ შეეზღუდებათ წვდომა ფინანსურ პროდუქტებზე. ეს რეალობას არ შეესაბამება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 1-ლი ივლისიდან საქართველოში ამოქმედდება მართლაც უნიკალური საგადასახადო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი ისე, რომ გადაიხადოს 1%-იანი გადასახადი. ამის გარდა, ჩვენ კანონმდებლობაში გვაქვს ეგრეთ წოდებული მიკრო მეწარმის სტატუსი, 30 000 ლარამდე, როდესაც მოქალაქე არაფერს არ იხდის, ნულოვანი გადასახადია. ჩვენ ყველა ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, რომ მოსახლეობაში გვყავდეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლის შემოსავალი აღემატება 500 000 ლარს, მაგრამ ჩვენ ხომ რეალობაში ვიცით, რომ ეს ასე არ არის?! გამოდის, რომ თვითდასაქმებულთა ფაქტობრივად 100% შეძლებს ისარგებლოს აღნიშნული რეგულაციით და ჩვენ ამას გავაკეთებთ მაქსიმალურად კომფორტულ რეჟიმში. მაგალითისთვის, თქვენ ახსენეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ამავე დროს ბანკები. 1 ივლისიდან ყველა ინსტიტუტს, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, ექნება უფლება, რომ თავიანთი კლიენტი თვითონვე დაარეგისტრირონ ჩვენს სისტემაში, ან მიკრო მეწარმედ, ან მცირე მეწარმედ. აქედან გამომდინარე ეს არ არის არანაირი დამატებითი ბარიერი იმისთვის, რომ ფინანსური ურთიერთობა შემცირდეს გამსესხებელსა და მომხმარებელს შორის. მე ვიზიარებ ამ არგუმენტს, რომ თვითდასაქმებულები ძალიან დიდი არმიაა, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიქნებოდით პირველი მოწინააღმდეგე, აღნიშნული რეგულაცია გავრცელებულიყო ისე, რომ პარალელურად არ ყოფილიყო ახალი, კომფორტული მექანიზმის შექმნა. რეალურად, ეს კომფორტული მექანიზმი, მსოფლიო პრაქტიკაში მართლაც უნიკალური, შეიქმნება. ეს რაც შეეხება თვითდასაქმებულებს. რაც შეეხება არარეგულირებად სექტორს, აქვე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი განვსაზღვრო ჩვენი ახალი სამართლიანი თამაშის წესების. ჩვენ რომ ჭარბვალიანობის პრობლემა მივიღეთ, ეს მათ შორის გამოწვეულია ეგრეთ წოდებული ასიმეტრიული რეგულაციით. ანუ, ისეთი ტიპის რეგულაციით, როდესაც ფინანსურ სექტორში ბანკებს ჰქონდათ განსხვავებული თამაშის წესები, მიკროსაფინანსოებს - განსხვავებული, ლომბარდებს - განსხვავებული, ეგრეთ წოდებულ მევახშეებს კიდევ საერთოდ განსხვავებული. ეს ქმნიდა ძალიან არაჯანსაღ ატმოსფეროს იმისთვის, რომ მომხდარიყო ეგრეთ წოდებული უპასუხისმგებლო სესხები გაცემა და სადაც ფაქტობრივად მასობრივი ხასიათი ჰქონდა მომხმარებლების უფლებების შეზღუდვას. ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით მთელ ფინანსურ სექტორზე, ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე, მევახშეებზე გავრცელდება ერთიანი სამართლიანი თამაშის წესები. მათ, ვისაც სურს იყოს მონაწილე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის, ბუნებრივია, ისინი დარჩებიან ბაზარზე და გააგრძელებენ თავიანთი ბიზნესის განვითარებას. თუმცა, ის, რაც ხდებოდა, ნამდვილად ვერ გაგრძელდება.

 

- სწორედ ასიმეტრიული რეგულირების ნაწილში აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა მომხმარებლის მიმართ რეგულაციებისა, ბანკებს და არასაბანკო სექტორს ასიმეტრიული რეგულაციები ჰქონდათ სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, მიკროსაფინანსო სექტორს არ ჰქონდა უფლება, რომ ეროვნული ბანკისგან მოეპოვებინა იგივე რეფინანსირების სესხები, რაზეც ხელი იგივე საბანკო სექტორს მიუწვდება. სწორედ ამ საკითხზე მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ჰქონდა თქვენთან შეხვედრა და გარკვეული გარანტიები თუ დაპირება მიიღოს, რომ მთავრობა ამ მიმართულებითაც ერთგვარად დაუკომპენსირებს იმ ძვირადღირებული რესურსის კიდევ დამატებულ  რეგულაციებს, რაც მათ მოუწევთ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ. რამდენად ხართ მზად ამისთვის, რომ ასიმეტრიული რეგულაცია უშუალოდ მათი საქმიანობის რეგულაციის მიმართულებითაც აღმოფხვრათ?

 

- რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბუნებრივია, ჩვენ მათთან კონსულტაცია გვაქვს. მინდა აქვე განვმარტო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენ მცირე ბიზნესის დაფინანსება გავზარდოთ. აქედან გამომდინარე, მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს. აქ ჩვენ ძალიან შინაარსობრივი საუბარი გვქონდა. ბუნებრივია, იქ არსებობს გარკვეული პოზიციები, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო იზიარებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ მეტი აქტიურობა გვმართებს. მაგალითად, ერთ-ერთი პოზიცია, რომელზეც უკვე შევთანხმდით, არის ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ისევე როგორც ბანკებს, საშუალება ექნებათ თავიანთი კლიენტები დაარეგისტრირონ და ჩვენი მეშვეობით მისცენ მცირე და მიკრო მეწარმის სტატუსი. ამასთან ერთად, იქ არსებობს შენიშვნები, მათ შორის გრძელვადიანი ლარის მიწოდებაზე, რომელიც ამავე დროს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის ნაწილი და ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი მხარდაჭერის რესურსის გამოძებნა შეგვიძლია ამ სექტორისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიკროსაფინანსო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომ ჩვენ შევძლოთ მცირე და მიკრო ბიზნესის უკეთესი დაკრედიტება, მაგრამ აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განვმარტო იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საშუალება არ ჰქონდათ პირდაპირი ჩართვა ეხილათ. ისეთი პრაქტიკა, რომელიც მართლაც რომ უპასუხისმგებლოა და არსებობს საკითხები, რომელზეც პასუხი უნდა იყოს ან - კი, ან - არა, ეს ვერ გაგრძელდება. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ჯარიმის დაკისრება სესხის მთლიან თანხაზე და არა დარჩენილ მოცულობაზე. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ჩვენ გარკვეული რეგულაციები გავაკეთეთ, ამ მავნე პრაქტიკას მაინც ჰქონდა ადგილი, რომელიც პრინციპულად მიუღებელია. ადამიანს, რომელსაც აქვს 10 000 ლარის სესხი აღებული, 8 000 ლარს გაისტუმრებს, როგორ შეიძლება მისი ჯარიმა იანგარიშო 10 000 ლარიდან და არა დარჩენილი თანხიდან?! მეორე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, დასაწესებელი იყო ჭერი ამ ჯარიმების, პირგასამტეხლოების და ასე შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში დავაწესეთ 1,5. ეს ნიშნავს, რომ ჩემი მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში ადამიანი გადაიხდის მაქსიმუმ დამატებით 3 000 ლარს და ბევრი სხვა რეგულაცია, სადაც პასუხი ერთმნიშვნელოვანია, რომ ის რაც ხდებოდა, ჩვენ ამას პასუხისმგებლიან ბიზნესს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

 

- თუმცა აქვე მინდა გკითხოთ სწორედ ამ საკომისიოებზე დაწესებული ზედა ჭერის ნაწილში. მაგალითად, გვახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ ეროვნულმა ბანკმა ბანკებში შეამცირა წინმსწრებად გადახდის საკომისიო და ბაზარზე სხვადასხვა საბანკო დაწესებულებაში სესხების მიგრაცია გაიზარდა. ანუ, მომხმარებელს გაუჩნდა საშუალება, რომ უფრო ნაკლები დანაკარგით მიეღო უფრო მეტი სესხი სხვა დაწესებულებაში. ერთგვარად ამან თითქოს შეუწყო კიდეც ხელი ვალის მატებას მოსახლეობაში. ახლა რამდენად შეიძლება ჰქონდეს ასეთი ეფექტი საბოლოოდ ამ საკომისიოების შემცირებას?

 

- მე ზუსტად ამით დავიწყე, ჩვენ უნდა შევხედოთ მთლიან სურათს, ანალიზი რომ გავაკეთოთ. ბუნებრივია, ერთმა აღებულმა ინიციატივამ შეიძლება ის შედეგი არ მოგვცეს, რაც საჭიროა და პირიქით, რაღაც გვერდითი ნეგატიური ეფექტი მივიღოთ. ჩვენ უნდა შევხედოთ ახალი თამაშის წესებს ერთობლიობაში. ის თამაშის წესები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, ზუსტად იმ ტიპის რისკებს დაზღვევა, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ამ გზას გადის. ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა და ამ ფილოსოფიის გაძლიერება. როდესაც კრედიტორი მსესხებელს, თავის მომხმარებელს კონტრაქტში უწერს პროცენტს, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა ხარჯებით - სესხის დამტკიცების საკომისიო, იურიდიული მომსახურების საკომისიო და ბევრი სხვა საკომისიოს მეშვეობით რეალურად აორმაგებს ამ პროცენტს, ეს ხომ, რა თქმა უნდა, უსამართლოა. ეს არც ერთი განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში არ ხდება. აქიდან გამომდინარე, ჩვენ გვერდით ეფექტებზე უნდა ვიფიქროთ და გვაქვს ამის ანალიზი გაკეთებული. ბუნებრივია, ეს პაკეტი ამას ითვალისწინებს და ისეთი ტიპის ნეგატიური ეფექტები, რომელიც თქვენ ახსენეთ, მინიმიზირებული იქნება.

 

- ლომბარდებიც ახსენეთ, რომ მათ მიეცემათ გარკვეული დრო, რათა დაგეგმილ ცვლილებებს მოერგონ. რადგან ლომბარდების პრაქტიკაზე არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ დადებითი პრაქტიკაც არის მიბმული, მათ შორის ავტომობილების რეექსპორტთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. თუ არის უკვე გადაწყვეტილი, რა ვადაზეა საუბარი?

 

- მინდა განმარტება გავაკეთო, რომ გონივრული ვადა, რომელიც ვახსენე, შეეხება იმ ნაწილს, რომელიც ლომბარდების ბიზნესში გულისხმობს ტრანსპარენტულობისა და გამჭირვალობის ხარისხის ზრდას, რომელიც დაკავშირებულია ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასთან. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმეთვიან გონივრულ ვადას მისცემს ლომბარდებს, ვისაც სურს დარჩეს ამ ბიზნესში და იხელმძღვანელოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით. მათ უნდა გამართონ თავიანთი სისტემები, სადაც თითოეული ჩაბარებული ნივთი, დალომბარდებული ნივთი ციფრულ ფორმატში კატალოგში იქნება აღრიცხული, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ჰქონდეთ საშუალება აკონტროლონ მოპარული ნივთების ჩაბარება და შემდეგ რეალიზაცია არ ხდებოდეს ლომბარდში, რომლის სამწუხარო პრაქტიკა დღეს გვაქვს. მე მესმის, რომ ამ ბიზნესში მონაწილე ადამიანებს აქვთ გარკვეული უკმაყოფილება, მაგრამ აქვე პირდაპირ უნდა აღვნიშნო, რომ ის რაც დღეს ლომბარდებში ხდება, ტრანსპარენტულობის ასეთი დაბალი ხარისხი კი არა, ფაქტობრივად არ არსებობა, ხელს უწყობს კრიმინალური მოქმედებების წახალისებას, ვინაიდან არაერთხელ მოპარული ნივთები ლომბარდის საშუალებით აღმოჩენილა გადაყიდული სხვადასხვა მოქალაქეზე. ეს პრინციპულად მიუღებელია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×