logo_geo
eng_logo
„ჩემს ქმარს სულ ჰქონდა შვილის დაკარგვის შიში“ - როგორ დაემშვიდობა დედას ლევან დადუნაშვილი
- +

7 ივნისი. 2018. 04:02

 

 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძახილი საქართველოში დღემდე გრძელდება. მაშინ თანატოლებმა სადისტურად მოკლეს ორი მოსწავლე - ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე.

ლევან დადუნაშვილი არ ყოფილა იმ კონფლიქტის მონაწილე, რომელიც 51-ე სკოლაში დაიწყო და ტრაგედიით დასრულდა. შემთხვევის ადგილზე უნებურად აღმოჩენილ უკონფლიქტო ბიჭს დანა შიგ გულში ჩაარტყეს. 

ლევან დადუნაშვილი ვაკეში, კეკელიძეზე იზრდებოდა. ოჯახში სამი ბიჭი ცხოვრობდა, ლევანი, მისი ძმა გიროგი და დეიდაშვილი ირაკლი. 

ნათია საყვარელიძე (ლევან დადუნაშვილის დედა): ლევანი საოცარი ენერგიის პატრონი იყო. ყველაფერში გასართობს ეძებდა. 16 წელი ვკიოდი: ლევანი, ლევანი! ფაქტიურად არ იღლებოდა. მუცლად ყოფნის დროსაც ასეთი აქტიური იყო. ბოლო სამ თვეში ძალიან შეიცვალა, თითქოს უფრო დადინჯდა და დასერიოზულდა. 


-
როგორ ფიქრობთ, რაიმე წინათგრძნობა ჰქონდა?


- სულ ვფიქრობ, რომ არ გამომრჩა-მეთქი მისი სევდა. 9 წელი მისი კლასის კართან გავატარე, ძალიან კარგი კლასი ჰყავდა. არ მოგვისმენია ამ ბავშვებს შორის კონფლიქტი ყოფილიყო. ჩხუბში შუაში დგებოდა. ამბობდა ყველაზე მეტი მე მომხვდა, შუაში რომ ჩავდექიო. 16 წელი ვიყავი შიშში, რამე არ გაეკეთბინა ისეთი, რაც დააზიანებდა. იმ დღეს და საერთოდ ბოლო სამი დღე არანაირი შეგრძნება არ მქონია. პირიქით, ვამბობდი მგონი ახლა ცოტას დავისვენებ-მეთქი. თავის გამოჩენის სურვილი ჰქონდა, ერთხელ სამზარეულოში შემოვარდა და მითხრა, დე, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამიცნოსო. მაშინ დავიბენი, მაგრამ ფაქტია ამ კითხვას თვითონვე გასცა პასუხი. ვთვლი, რომ თავისმა გულწრფელობამ დაღუპა. 



-
რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს?


- ლევანი როგორც კი შევიდა იმ თაღში, სადაც სარალიძეს ურტყეს, მაშინვე დამნაშავეებს შეეჩეხა. სავარაუდოდ გაქცეული მიბრუნდა ლევანისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს მკვლელთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. 

-
რას ამბობს რატომ დაარტყა?


- არა. ამბობს რომ არ დაურტყამს ლევანისთვის. მისი ადვოკატი შარაშენიძე კი ხედავთ რა დღეშია. სარალიძის ნაწილში ხო გაამართლეს და ახლა იმის დამტკიცებას აპირებს, რომ არც დადუნაშვილი მოუკლავს. არ ველოდი, რომ დათოსთან მიმართებაში ლევანის მკვლელს გაამართლებდნენ. 

- დათუნა სარალიძესთან მეგობრობდა?


- სარალიძე პარალელურ კლასელი იყო და დიდი მეგობრობა არ აკავშირებდათ. მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ლევანი მაინც ასე მოიქცეოდა. ხმაურიანი და ქოთქოთა იყო, მაგრამ გულჩვილი. ფოტოებზეც რომ ვუყურებ, ვხედავ როგორი სევდიანი. ეს სევდა როგორ გამომრჩა?!




-
თქვენი მეუღლე, ლევანის მამა რას საქმიანობს?


- ჭიათურაში ღია მოპოვების კარიერზე მუშაობს. მამამისი ამბობს, რომ სულ ჰქონდა ლევანის დაკარგვის შიში. მე არ მქონდა, საავადმყოფოში რომ შევედით და კივილი გავიგონე, მაშინაც არ მჯეროდა, რომ ეს მე მეხებოდა. 

სულ მეშინოდა, თავს არ გაუვიდეს-მეთქი და როცა ეძინა, მაშინ ვეფერებოდი, იმ დილას სამზარეულოდან გამოვიხედე და ისეთი ლამაზი იყო... ვერ მოვითმინე და ლოყაზე მივეფერე, რა გჭირსო, მითხრა. არაფერი, დე, მოგეფერე-მეთქი. მითხრა, მაშინ მეორე ლოყაზეც მომეფერეო. მივეფერე და ასე გავუშვი. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×