logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში ვერ შედგება ამ ქვეყანაში!
- +

18 ივნისი. 2018. 17:50

 

 

გოგა ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფის მიერ გამოძიებული საქმის შედეგიც ანგაჟირებული ექნება. კინორეჟისორი ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ შეეცდება, ხორავას ქუჩის ტრაგედია პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად გამოიყენოს. მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ მხოლოდ ვლაპარაკობთ, ისიც შედეგზე და არ ვცდილობთ, გავარკვიოთ მიზეზი, რამ განაპირობა, რომ მოზარდები ასეთი სისასტიკით გაუსწორდნენ ერთმანეთს.

 

for.ge გოგა ხაინდრავას ესაუბრა:

 

- საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებისგან ითხოვს სამართალს და მკვლელობაში ბრალდებულების დაკავებას, უარს ამბობს ამ მოთხოვნაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დგომაზე, რაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია თავად ამ პარტიის მიზანი. როგორ ფიქრობთ, სარალიძის საქმე იყო მთავარი ბერკეტი ნაციონალების ხელში, რომ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარებულიყო, რაც ვერ შედგა? როგორ ფიქრობთ, არის მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში რევანშის ახალი გეგმა?

 

- „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში ვერ შედგება ამ ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, არ არსებობს არც ამ ქვეყნისთვის და არც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელსაც გარკვეული მხარდაჭერა აქვს, ფსევდოლიბერალური ძალებიდან, როგორც ჩრდილოეთით, ისე დასავლეთით. ეს არის სექტა, იმ ადამიანების ერთობა, ვინც წლების მანძილზე ძოვდა კეთილდღეობას ამ დამნაშავე ორგანიზაციასთან თანადგომაში.

 

- ამ პოლიტიკური ჯგუფის გეგმა არის ხელისუფლებაში დაბრუნება?

 

- რა მნიშვნელობა აქვს, რა არის მაგათი გეგმა, როდესაც სათავეში ყავლგასული მასხარა უდგათ?! თუ ვინმე უსმენს იმ ბოდვებს, რომელიც შიგადაშიგ გვესმის მათი პარტიული რუპორიდან, რომელსაც თვითონ ტელევიზიას ეძახიან, თუ ვინმე უსმენს იმ შიზოფრენიკის ბოდვას, მიხვდება, როგორი გეგმები აქვთ. ეს არ არის სერიოზული, უფრო მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ დღეებში დავრწმუნდით, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა, პოლიტიკური ავანტიურისტები ადვილად ვეღარ ატყუებენ, მიუხედავად იმისა, რომ თემა, რომელიც დღის წესრიგში დადგა, ძალიან მძიმეა. საქართველომ მძიმედ განიცადა ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ეს ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა. თუმცა, საზოგადოებამ იგრძნო, სიცრუეს მიხვდა. სამწუხაროდ, ამ პროტესტს სათავეშივე ტყუილი დაუდეს. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, ვინ ითავა პროტესტის მართვა...

 

- საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა – ეს იყო სიცრუე?

 

– პირველი სიტყვა, რომელიც სრულიად საქართველომ გაიგონა და გაოგნდა, იყო სიცრუე. სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისთანავე ითქვა, მკვლელები გაამართლესო!!! ეს იყო შოკი! ამას არავინ ელოდა და არავინ შეეგუებოდა! ქართულმა პრესამ იმის მაგივრად, რომ შეესრულებინა თავისი პროფესიონალური დანიშნულება და ჯერ თავად გარკვეულიყო, ხოლო შემდეგ მომხდარი მკაფიოდ აეხსნა საზოგადოებისთვის... ამ სკანდალს ადევნებულმა ფსევდომედიამ, გაყვითლებულმა და აწი უკვე გაწითლებულმა ფეიკმედიამ ქვეყანას მოსდო, რომ დამნაშავეები გაამართლეს!!! არადა, ეს სიცრუე იყო. როგორც შემდგომში გაირკვა, დამნაშავეები არ გაუმართლებიათ! მეტიც, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არასრულწლოვან ბრალდებულებს, პრაქტიკულად მაქსიმალური სასჯელის ზომა მიესაჯათ.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ სრულიად გაუგებარი და დღემდე პასუხგაუცემელია მოსამართლის მოტივაცია, განაჩენის გამოტანის დროს. კიდევ უფრო საეჭვოა შეცდომა, რომელიც სასამართლოს გვერდზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჯაროებისას გაიპარა.

 

- ერთია, რომ მაშინვე მოხდა საქმის პოლიტიზირება და თვითონ სარალიძე გახდა პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მაგრამ მეორეა ის, რომ გამოძიებამ დაუშვა ამ საქმეში ძალიან ბევრი შეცდომა, რასაც ახალი გამოძიების პროცესი ადასტურებს...

 

– ესეც ამ ფეიკმედიის გავრცელებული სიცრუეა. ეს არ არის ახალი გამოძიება, გამოძიება გრძელდება საქმის იმ ნაწილში, სადაც დაუდგენელი გარემოებები დარჩა. მოზარდების მკვლელობის საქმე სასამართლოშია, პირველი ინსტანციის განაჩენი გამოტანილია და სასამართლო გამოძიება გაგრძელდება საქმეზე საბოლოო განაჩენამდე. რაც შეეხება შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას, იქ არ არის გამორიცხული, ახალი გარემოებები გაჩნდეს, რაც საქმის გადახედვას შეიძლება საფუძვლად დაედოს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდების მკვლელობა მთელი ქვეყნისთვის მძიმე და ტრაგიზმით სავსე განსაცდელია, გულწრფელი გულისხმიერება იბადება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ბოროტების თანამოზიარედ არ იყენებენ. ჩვენ კი პროტესტის პირველივე წუთებიდან რა დავინახეთ?! ჯერ პროკურატურასთან და შემდეგ ტრიბუნაზე, მგლოვიარე მამის გვერდზე იდგნენ ადამიანები, რომლებიც ახლო წარსულში სისტემატურად ძალადობდნენ ქართულ საზოგადოებაზე.

 

რანაირად შეიძლება დავიჯერო, რომ ის ხალხი სამართალს ეძებდა?! იქ ძირითადად თავი მოიყარეს პოლიტიკურად ანგაჟირებულმა რევანშისტებმა, რომელთა მოქმედების პოლიტიკური მოტივაცია იმთავითვე ცხადი იყო. მთელი აქციის მანძილზე, ნებსით თუ უნებლიეთ მათ გვერდით ვხედავდით ზაზა სარალიძეს (მე ვფიქრობ, რომ მისი საკუთარი ნებით). როგორც ცნობილი გახდა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, იმ დანაშაულებრივი ორგანიზაციის, რომელმაც უამრავი შვილმკვდარი მამა დაუტოვა ამ ქვეყანას...

 

- გამოძიებამ აჩვენა, რომ ხარვეზები არის დაშვებული და მათ შორის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, პროკურატურამ ასე ხარვეზიანად რატომ გამოიძია ეს საქმე, შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ადგილი გვაქვს საბოტაჟთან?

 

– ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხარვეზები არის კვალიფიკაციის კუთხით, ბევრ სფეროში. პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ. ნელ-ნელა გამოვდივართ ტყვეობიდან, მონობა მძიმე უღელია... სულ იმის ძიებაში ვართ, სად არიან ცუდები! პროკურატურაში ცუდები არიან, შსს-ში, სასამართლოში, პოლიციაში, მთავრობაში, ეკლესიაში, ყველგან! ყველა, ოღონდ ჩვენ არა! ჩვენ კარგები ვართ!! ასე არ არის. ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ და ის ფარისევლობა, მანკიერება, სიცრუე, შიში რომელიც ჩვენს საზოგადოებას დღემდე ახასიათებს, საერთოა.

 

პროკურატურის გამოძიების მიმართ კითხვები გაჩნდა, ისევე როგორც ექსპერტიზის და განსაკუთრებით მოსამართლის მიმართ. დაველოდოთ პასუხებს. გრძელდება გამოძიება შსს-ში, დააკავეს სუბელიანი. მართალი გითხრათ, ძალიან მძიმე მოსასმენი და საყურებელი იყო ის აღვირახსნილი ნადირობა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რომელმაც წალეკა პოლიტიკური სპექტრი, პრესა და ტელევიზია, ამ ოჯახის წევრების მიმართ. ის უბედურება, რომელიც მოზარდებში დატრიალდა, ყველას შეგვეხო, ყველას გვატკინა გული, რაოდენ შემზარავად სუბელიანების ოჯახს, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს...

 

ამ დროს თვალთმაქცობა, პოპულიზმი და პოლიტიკური სპეკულაცია სამარცხვინო და აუტანელია. ვინ, როგორ და რანაირად, რამდენად არის დამნაშავე, როგორ იქნება დადასტურებული ბრალდებები, რომელიც ისმის, იმედია, ძიება დაადგენს. სამართალი ალაგ-ალაგ არ კეთდება. ამ საქმეს საზოგადოება ბოლომდე ჩაწვდება და გამოიკვლევს, ეს ეჭვგარეშეა, თუ გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები აღარ კვდებოდნენ თანატოლების ხელით!

 

ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ სულ ვებრძვით შედეგს! ამ დროს მთავარი არის მიზეზი. ავადმყოფობის მიზეზი თუ არ გვეცოდინება, შედეგს ვერ გავუმკლავდებით! ეს ორჯერ ორია! იქნებ ჩავუღრმავდეთ ცხოვრებას, გავაანალიზოთ რა ხდება ჩვენს თავს და ეს სახიფათო ზედაპირულობა ფეიკმედიას დავუტოვოთ, მეტის თავი მაინც არა აქვთ...

 

- ლოზუნგის „ნუ მომკლავ“ ადრესატი იყო ხელისუფლება...

 

– და ვინ მოკლა დღევანდელმა ხელისუფლებამ? იქნებ, გამახსენოთ, ვინ მოკლა?! სააკაშვილის ხელისუფლებამ ვინ მოკლა, შემიძლია გაგახსენოთ, ოღონდ ერთი ინტერვიუ არ გვეყოფა! ამიტომ ვამბობ, რომ ამ აქციის საფუძველშივე იდო სიცრუე და ფარისევლობა! ამიტომაც არ აჰყვა ხალხი. „ნუ მოკლავ“ – აი, ეს უნდა შევუძახოთ პირველ რიგში ჩვენს შვილებს! ვუმეოროთ დაბადებიდან ყოველ დღე! იქ ლოზუნგი რომ ყოფილიყო – „ნუ მოვკლავთ“ მაშინ იქნებოდა სწორი. მაშინ გაერთიანდებოდა ხალხი. ყველა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები სჩადიან.

 

რაც მოხდა, ეს ჩვენი საერთო დანაშაულია. ძალადობის პროპაგანდამ დაახრჩო ჩვენი საზოგადოება! რასაც ჩართავ, სადაც ჩაიხედავ ყველგან ძალადობა, ძალადობა, ძალადობა! რატომ გვიკვირს, რომ ჩვენი შვილები და უკვე შვილიშვილები მკვლელებად, არასრულწლოვან დამნაშავეებად იქცევიან?! რას ხედავენ ისინი ყოველდღე და რა ესმით გარშემო?! რას უყურებენ ყოველ დღე ტელევიზორებში ჩვენთან ერთად?! ლანძღვა, გინება, ბილწსიტყვაობა, ფარისევლობა! როგორია ჩვენი საზოგადოების მენტალობა?!

 

ნეტავ, საიდან ჩნდება ყმაწვილებში დანაშაულის დაფარვის გაგება, ეს არ თქვა, ის არ თქვა, არ ჩაუშვა, დანაშაულის დაფარვა და ა.შ. ეს ხომ ეროვნული პრობლემაა, თუ მარტო სუბელიანს ეხება?! ხელისუფლებაში განტევების ვაცს ნუ ვეძებეთ. ხელისუფლება ჩვენი სარკეა და ჩვენი არჩევანი. როცა სიცრუე არის საფუძველში, შედეგიც შესაფერისი დგება. იმ საგამოძიებო კომისიის არ იყოს, რომელიც პარლამენტში შეიქმნა და სამართალი უნდა გამოიძიოს - მეცინება, აი, მეცინება, სატირალი, რომ არ იყოს! კომისიაში დაბრძანდნენ ადამიანები, რომლებიც სულ ახლახან ძალადობის, მკვლელობის და გაუპატიურების სახელმწიფო პოლიტიკის იდეოლოგები იყვნენ!

 

ამავდროულად, მკვლელების, ხაზინის ქურდების, მოძალადეების გამპრავებლები და ქომაგები! ხომ წარმოგიდგენიათ, რა „სამართალს“ აღასრულებს ბოკერია! ხომ გვაქვს ნანახი მისი ნამსხვრევებად ქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ აღსრულებული „სამართალი“ - ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის დროს, ნავთლუღის სპეცოპერაციის, თეთრაძის, შავაძის, გირგვლიანის მიმართ! ასეთ სამართალს დაეძებს ზაზა სარალიძე?! როდესაც გახარიას და წულუკიანს არ ენდობა და ბოკერიას და კახიძეს ენდობა?!

 

- რატომ დაუშვა ხელისუფლებამ, რომ საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა ყოფილიყო უმრავლესობაში, როგორ ფიქრობთ, ამ გზით შეეცადა სახალხო პროტესტის ჩახშობას?

 

 - სახალხო პროტესტი არ ყოფილა. პირველი დღიდან მოყოლებული იქ იდგნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, სანამ ვითარებაში და ტყუილში გაერკვეოდნენ სამართლიანად შეწუხებული ახალგაზრდები. მერე ვინც იდგა და რასაც გაჰკიოდა, მთელმა ქვეყანამ უწყვეტ, პირდაპირ ეთერში ვუყურეთ! ეს აქცია იმთავითვე დაგეგმილი იყო, ყველამ კარგად ვიცით, სად და ვის მიერ. ამ უნიჭო სპექტაკლის მონაწილეები თავად მეტყველებდნენ მის შინაარსზე. ის არის საგანგაშო და გულდასაწყვეტი, რომ შვილმკვდარი მამის უბედურებას ამოფარებულები, უსინდისოდ ცდილობდნენ საზოგადოების აბუჩად აგდებას. არ გამოუვათ! და არც გამოუვათ არასოდეს! ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს! დიდი ხნის წინ, თანაც ბევრჯერ.

 

- გასაგებია, მაგრამ მიანდო ხელისუფლებამ ოპოზიციას საქმის გამოძიება.

 

– ხელისუფლებაშიც ხომ ჩვენნაირი ადამიანები არიან?! მათაც ჰყავთ შვილები და შვილიშვილები, ზოგი შეწუხდა, ზოგი შეშინდა, ზოგმა მომენტი იგრძნო... კომისიის შექმნას პარლამენტში რაღაც წესები აქვს, მე არ ვიცი, როგორი, რეგლამენტი მოითხოვს ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას ამ კომისიაში. რა მნიშვნელობა აქვს, წერეთელი იქნება, კახიძე თუ ნურსა?! ყველანი ბოკერიები არიან. კახიძე მაგალითად, ორი გვამის მოყვარულ მერაბიშვილს იცავდა და დღესაც იცავს. ყველანი ერთნაირად ცდილობენ, გაამართლონ თანამოსაქმეები, რომელთანაც ერთად სისხლში ჩაახშვეს საქართველო – სააკაშვილი, ადეიშვილი, მეგის ქარდავა, მერაბიშვილი, კოხტა კოდუა და ა.შ.

 

ბოკერია იმიტომ გამოვყავი, რომ ამ დანაშაულებრივი ჯგუფის კრებსითი სახეა. რა მნიშვნელობაა, რას დაირქმევენ – „ევროპულ საქართველოს“ თუ „ანტარქტიდის ლიბერალებს“?! რა ნაძირლებიც იყვნენ, ის ნაძირლები დარჩებიან. ჩვენ ხომ ვიცით, რისი ჩამდენნი არიან?! ამ ბოროტებმა რა სამართალი უნდა დაადგინონ. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფი და შედეგიც ანგაჟირებული ექნებათ. შეეცდებიან, რომ სათავისოდ გამოიყენონ მომენტი. თუმცა, მინდა დავარწმუნო - ამაოდ! ვერაფერს ვეღარ გამორჩებიან! სამაგათო ამ ქვეყანაში აღარაფერი მოიძებნება!

 

საცოდაობა და გულდასაწყვეტი ის არის, რომ ამ ფარსში მონაწილეობს სარალიძე. ადამიანი, რომელსაც ამხელა უბედურება დაატყდა თავს... მაგრამ ეს მისი არჩევანია. ნუთუ არ ესმის ამ პოლიტიკური მეძავების თვალთმაქცობა, როდესაც წამდაუწუმ გაიძახიან ტელეეკრანებიდან, ზაზამ ასე თქვა! ზაზამ ისე თქვა! ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ზაზამ თქვა... გჯერა მათი, ზაზა? გჯერა? რომელიმე მათგანს როდისმე აინტერესებდა, ზაზამ რა თქვა?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასი წელი არ აინტერესებს არც ერთ მათგანს ზაზა.

 

რა არის მათთვის განცდა და ადამიანის გულის ტკივილის გაზიარება, ეს ირინამ იცოდა ენუქიძემ, იურა ვაზაგაშვილმა! ბოკერიამ და კომპანიამ კომისიაში ექსპერტად მოიწვიეს ქადაგიძე - იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი!!! ხომ გესმით, რა სიმართლეს დაადგენენ ის და ჭაია! გამოიყენებენ სარალიძეს, ამ გაუბედურებულ ადამიანს, ისე, როგორც მხოლოდ მაგათ შეუძლიათ, ისე, როგორც მაგათ სჭირდებათ. არანაირი თანადგომა მათთან არ შეიძლება. თანადგომა შეიძლება წესიერ ადამიანებთან, ვიგინდარებთან და მოძალადეებთან თანადგომა, ბოროტებაში თანამონაწილეობაა. ასეთ გარემოებაში საზოგადობის მხარდაჭერა არ გექნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×