logo_geo
eng_logo
თემურ ბასილია: მთავარი პროკურორის პოსტზე სამართლიანობით ცნობილ პროკურორს ირაკლი ნადარეიშვილს ვისურვებ!
- +

2 ივლისი. 2018. 14:55

 

 

 

საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტისათვის კულუარებში უკვე დაიწყო მძაფრი დაპირისპირებები. განსაკუთრებით ნაცები აქტიურობენ, ვინაიდან ეს ინსტიტუტი ხელისუფლებაში დასაბრუნებელ ბერკეტად სჭირდებათ. არადა, ვიდრე პროკურატურაში სკამების 70 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე კადრებს უკავიათ, სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც კი ღიმილის  მომგვრელია. რომელი კანდიდატი შეიძლება, დაუპირისპიროს სამოქალაქო საზოგადოებამ ნაცების ფავორიტებს? ყოფილ ვიცე-პრემიერს, სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ დევნილს და ამჟამად უკვე სასამართლოს განაჩენით რეაბილიტირებულ თემურ ბასილიას ამერიკაში „სკაიპით“ დავუკავშირდით:

 

- ამერიკელების პოზიცია თავიდანვე მკაფიო გახლდათ: ვინც დანაშაული ჩაიდინა - გაასამართლეთო. მხოლოდ იმას მოითხოვდნენ, რომ დამნაშავე უმაღლესი ჩინოსნების სასამართლო პროცესები შურისძიებას არ დამსგავსებოდა და ობიექტურად, კანონის დაცვის ფარგლებში წარმართულიყო. კოჰაბიტაცია ამერიკელების კი არა, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა დაკვეთა გახლდათ. პირდაპირ ვაცხადებ - ისინი სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყვნენ მოსყიდული და დღემდე ექომაგებიან თავიანთ ფავორიტს. ეს საერთაშორისო დამნაშავეები არამარტო საქართველოდან, არამედ აზერბაიჯანიდან და ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნებიდანაც იღებდნენ ქრთამებს, რის შესახებაც ნელ-ნელა იგებს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება და მათი განკითხვის ჟამიც ახლოვდება.

 

სამწუხაროდ, საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა ფაქტორის გამო დღემდე ვერ შეძლო ქართველი ხალხისთვის მთავარი საარჩევნო დანაპირების - სამართლიანობის აღდგენის შესრულება, მაგრამ ამაში ამერიკელთა დანაშაული ყველაზე ნაკლებია.

 

- დღეს რა მდგომარეობაა სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით?

 

- ცალკეული პიროვნებებისა და რეპრესირებულების მიმართ სამართლიანობა მართლაც აღდგა. თქვენი და ჩემი რეაბილიტაცია ამის დასტურია, მაგრამ რამდენიმე ათეული საქმის გამოძიება ზღვაში წვეთია, ვინაიდან რეჟიმმა რამდენიმე ასეული ადამიანი დააზარალა, რომლებიც უფლებრივად დღემდე დათრგუნვილები არიან. ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანობის დეფიციტი მცირედით მაინც შეავსო, როცა პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტი შექმნა, რომელშიც გაუსვრელი, რეჟიმთან შეუხებელი კადრები გააერთიანა და მათ ხელმძღვანელად მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე, საქმის პროფესიონალი და კრიმინალთან შეურიგებელი მებრძოლი ირაკლი ნადარეიშვილი დანიშნა. სწორედ ბატონი ირაკლის ხელმძღვანელობით მოხდა დროის საკმაოდ მცირე შუალედში 50-მდე რეპრესიის ფაქტის გამოძიება და ამ ადამიანების მიმართ სამართლიანობის აღდგენა. ვიმეორებ - ეს რაოდენობა ზღვაში წვეთია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალ დეპარტამენტში მხოლოდ ოცამდე ადამიანი მუშაობს, უნდა ითქვას, რომ მათ კოლოსალური შრომა გასწიეს  და ქართველი ხალხისგან მხოლოდ მადლობას იმსახურებენ!

დღეს საქართველოში მთავარი პროკურორის შერჩევაზე გაცხოველებული მსჯელობები მიმდინარეობს, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების დაკვეთა და ამ პოსტზე ისეთი ადამიანი დანიშნოს, ვინც პროკურატურას სამართლიანობის აღდგენის მთავარ ინსტიტუტად გადააქცევს.

 

- თქვენ ვის მოიაზრებთ ასეთად?

 

- მთავარი პროკურორი აუცილებლად, ის ადამიანი უნდა იყოს, ვისაც წარსულიდან ტვირთი არ მოჰყვება და უმწიკვლო ბიოგრაფია აქვს. ამ პოსტზე მე ვისურვებდი ირაკლი ნადარეიშვილს, რომელმაც მოკლე ხანში შექმნა რაოდენობრივად მწირი, მაგრამ მობილური გუნდი და 50-მდე ადამიანის მიმართ აღადგინა სამართლიანობა. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ირაკლი ნადარეიშვილმა შეგნებულად დატოვა პროკურატურა, როცა ნაცების რეჟიმი დამსჯელ პოლიტიკას ახორციელებდა. ის არ გახდა დანაშაულის თანამონაწილე, მეტიც - უსამართლობას ადვოკატის პოზიციიდან შეებრძოლა და მხოლოდ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაბრუნდა პროკურატურაში. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ, თუ, ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი მთავარი პროკურორი გახდება, ის უსამართლობას არც მომავალში შეეგუება!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×