logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: მე მაქვს სხვა სამყარო, გრძნობებისა და ემოციების სამყარო.
- +

30 ივლისი. 2018. 22:51

 

 

რობერტ სტურუას მოღვაწეობა 56 წელს, 100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის. სტურუას თეატრის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“  მეოცე საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული, ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში“ დადგმული „ჰამლეტი“ ალან რიკმანის მონაწილეობით კი შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ, ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა.

 

სტურუას თეატრში განსაკუთრებული ადგილი სწორედ უილიამ შექსპირის პიესებს უკავია. 37-დან 18 პიესა სტურუამ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ თეატრებში დადგა.

 

თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, რუსთაველის თეატრში 1962 წელს მივიდა. 1979 წლიდან ჯერ თეატრის მთავარი რეჟისორი, 1980 წლიდან კი სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. პირველი დიდი წარმატება 1965 წელს მილერის „სეილემის პროცესის“ დადგმამ მოუტანა. სტურუას შემოქმედებაში ოქროს ხანა 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო.

 

რეჟისორი რამდენიმე დღის წინ კვიპროსიდან დაბრუნდა, სადაც სოფოკლეს „ელექტრა“ ბერძნული კლასიკური პიესების ფესტივალზე წარმოადგინა.

 

დღეს იუბილარია, რობერტ სტურუას 80 წელი შეუსრულდა. პირველ არხთან საკუთარ სპექტაკლებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

 

- ბატონო რობერტ, მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ. რეჟისორობაზე ბავშვობიდან ფიქრობდით?

 

- ჩემი დაბადების დღე იყო, მაშინ ქვიშხეთში ვისვენებდით,  14 წელი შემისრულდა. მამაჩემი საქეიფოდ ჩამოვიდა და მასთან ერთად იყვნენ ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი და გიორგი შავგულიძე. ჩამოიტანეს ღვინო და სხვა დანარჩენი, რაც საჭირო იყო, გადამიხადეს დაბადების დღე. იმ დროს არც ვაპირებდი რეჟისორობას. გავიდა  ოთხი წელი და უცებ იმ მსახიობებთან, რომლებსაც პატივს ვცემდი და ვაღმერთებდი, ვაკეთებ სცენებს. ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. მე მიშა თუმანიშვილის და დოდო ალექსიძის მოწაფე ვიყავი. ეს დიდი მაესტროები რუსთაველის თეატრში, ხშირად გვეპატიჟებოდნენ და გვაძლევდნენ ამა თუ იმ სცენას გასაკეთებლად. ეს იყო თეატრალური ინსტიტუტის მომავალ რეჟისორებთან მუშაობის აუცილებელი ნაწილი. ბატონმა მიშამ დავალება მომცა, რამაზ ჩხიკვაძესთან, ეროსი მანჯგალაძესთან, სალომე ყანჩელთან უნდა გამეკეთებინა სცენები, მეუბნებოდა: შენ ეცადე და გააკეთეო. გაფითრებული და გაშეშებული მათ რაღაცეებს ვეუბნებოდი და ვაკეთებდი.

 

- სტურუას თეატრს რამდენიმე პერიოდად ყოფენ, რომელსაც  სრულიად განსხვავებული სტილი და ხელწერა დაჰყვებოდა ...

 

- პირველ პერიოდს დავარქვათ, რომ ეს უფრო იყო სწავლა. მე არ ვიცოდი, რა მინდოდა თეატრში, რა უნდა მეთქვა,  მქონდა თუ არა სათქმელი. ამხელა თეატრში რომ დგამ სპექტაკლს, ასე უბრალოდ  სპექტაკლს ხომ არ დგამ. რაღაცას ეუბნები ადამიანებს. 1972 წლისთვის  უკვე რაღაცას თითქოს მივხვდი. უფრო ძლიერად მივხვდი, როცა „ყვარყვარე“ დავდგი. იქიდან დაიწყო მეორე დიდი პერიოდი, რომელიც 1982-1983 წელს დასრულდა - ჩემთვის და თეატრისთვის ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი - ჩვენ უეცრად, მსოფლიოში ცნობილ თეატრად ვიქეცით, მთელი მსოფლიო მოვიარეთ. მერე დაიწყო ცოტა რთული პერიოდი, რომელსაც დავარქმევ - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ანუ, საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენ აღმოვჩნდით აბსოლუტურ ობლობაში, რადგან ვის აინტერესებდა მაშინ თეატრი ან ვინ მოგცემდა ფულს. ჩემი ჯამაგირი იყო დოლარი და ოცდაათი ცენტი. ამ სიცივესა და სიდუხჭირეში დავდგით ძალიან ბევრი სპექტაკლი. სხვათაშორის, შეიძლება ამანაც გვიბიძგა იქით, რომ არ დაგვეკარგა ჩვენი პროფესიონალიზმი, ჩვენი ოსტატობა უფრო გაძლიერებულიყო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, ოქროს ხანას რომ ვეძახით. პირველ რიგში, ახალგაზრდები იყვნენ და მე ვხედავდი, რომ იმედი ჰქონდათ დაკარგული, რომ რა დროს თეატრია, ვინ მოვა თეატრშიო და მე ვიფიქრე, რომ ჩემი ვალი იყო, ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ხალხს სრულყოფილ მსახიობებად ეგრძნო თავი. რაც შეეხება განსხვავებულ სტილს, ეტყობა, ჩემში ახლის ძიება დაბადებიდან არსებობს. რაღაც გამომივიდა, შეიძლება ეს დიდი გზა არ იყოს, მაგრამ ბილიკით, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, იმედი მაქვს, რაღაც სიახლისკენ მივალთ. ჩვენი თეატრის ტრადიციაც ხომ ესაა, აქ არ შეიძლება,  იმეორო ის, რაც ოდესღაც გააკეთე.

 

 

 

- გაგვიმხილეთ, როგორია თქვენი მუშაობის სპეციფიკა, უკვე დადგმულ სპექტაკლს ხშირად, თითქოს სულ თავიდან დგამთ და რეპეტიციებზე ძალიან ბევრი ახალი შტრიხი ჩნდება...

 

- რენე კლერი იყო, ასეთი გადასარევი კინორეჟისორი. წერდა -  ფილმს მე ვდგამ სახლში და მერე უბრალოდ ვიღებო. თეატრში ასე არ გამოდის, რომ შენ დაწერო: ეს წავა მარცხნივ, ის წავა მარჯვნივ, ეს ამას იტყვის, ის იმას გააკეთებს. თეატრში სხვა კანონებია. ამიტომაც, იცვლება ყველაფერი. თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითად მსახიობი დღეს ცუდ ხასიათზეა, ეს შენზეც გადმოდის, შენც ცუდ ხასიათზე დგები, მერე ებრძვი ამ ცუდ ხასიათს, მერე იმ სცენას სულ სხვანაირად აკეთებ. მილიონი მდგომარეობაა, რის გამოც რეჟისორი და მსახიობი სხვადასხვა ვერსიებს ქმნიან.

 

- სტურუას თეატრის ყველა სპექტაკლის უკან, თითქოს რაღაც იმალება, მაგალითად ესა თუ ის აზრი, კონტექსტი, მინიშნება და წინასწარმეტყველებაც კი. . .

 

- მე მაქვს სხვა სამყარო, გრძნობებისა და  ემოციების სამყარო. რასაკვირველია, ყველა სპექტაკლში, პატარა სცენებშიც კი რაღაც აზრი დევს. ახლა უცებ გამახსენდა სცენა ოთარ იოსელიანის ფილმიდან, „პასტორალი:“ ოთხი მუსიკოსი, კლასიკური მუსიკოსების კვარტეტი ჩადის სამეგრელოში, სადაც სურთ, განმარტოვდნენ და ჩაატარონ რეპეტიციები. გარემო კლასიკური მუსიკისთვის აბსოლუტურად საპირისპიროა. არც იციან, არც უსმენენ და არც უყვართ. არის ასეთი ეპიზოდი, მოდიან გზაზე მუსიკოსები და რაღაცას სვამენ, ბოლოს ერთ-ერთი გმირი ცარიელ ბოთლს მოისვრის. გლეხი უყურებს, იღებს იმ ბოთლს და მიაქვს სახლში. ამ ეპიზოდში ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავია ის, რაც ჩვენ არაფრად მიგვაჩნია, ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

- სტურუას თეატრი პირველი იყო, ვინც საბჭოთა კავშირის საზღვრებს გასცდა და საზღვარგარეთ საგასტროლოდ დადიოდა. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის, როგორც რეჟისორისთვის?

 

- ჩემმა მშობლებმა გადმომცეს კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი თავისა და საკუთარი ხელოვნების მიმართ. ისინი ჩემს სპექტაკლებს ყოველთვის ირონიულად უყურებდნენ და ეს ჩემზეც გადმოვიდა. არასოდეს ვყოფილვარ ჩემი სპექტაკლების გიჟი. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინსვლის სურვილი არ დაკარგო. მე მაგალითად,  სპეციალურად ვივიწყებ ჩემს კარგ სპექტაკლებს, რომ არ განვმეორდე, არ დავიჯერო, რომ თუ გავიმეორე ის ძველი აღმოჩენები, მაშინ რაღაცას მივაღწევ და ფეხებზე მკიდია ამაოება. ყველა დადის სადღაც უცხოეთში გასტროლებზე, ვიღაცები ნიუ იორკში, საშუალოზე დაბალი დონის თეატრებში, ვიღაცები  - ედინბურგში. ჩვენ ვზივართ აქ, ვმუშაობთ, დავრჩით ჩვენი თეატრის ერთგულნი. წინათ, საკმაოდ ძნელი იყო გასვლა, ახლა სადაც გინდა, წადი, არაფერი არ გიშლის.

 

 

- იყო თუ არა განსხვავება ქართულ და უცხოურ თეატრებს შორის, რა იყო აქ და რა დაგხვდათ იქ?

 

- თეატრი არის ქვეყანა, რომელიც არ უნდა აღვიქვათ, როგორც ცალკე სამყარო. ყველა, ვინც თეატრში მუშაობს, არის ერთი ქვეყნის ქვეშევრდომი. სადაც  უნდა წავიდე, ყოველ შემთხვევაში, მე ვგრძნობ, რომ განსხვავება არის მინიმალური. ახლა იტალიელები კი არიან უფრო ემოციური, ფინელები, რომლებიც გულცივები მეგონენ, ძალიანაც ემოციურები აღმოჩნდნენ, ინგლისელებს სხვა თვისებები აქვთ, მათთვის თეატრი მეტია, ვიდრე სხვისთვის, როგორც გერმანელებისთვის კლასიკური მუსიკა.

 

- შექსპირის პიესებს თქვენს შემოქმედებაში შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. რატომ აირჩიეთ შექსპირი?

 

- გუშინ ვუყურებდი „დისქავერიზე“ გადაცემას ძაღლებზე. სპეციალისტთან მიდის ქალი, რომელიც უყვება, რომ მარტო ცხოვრობს და სჭირდება ძაღლი, რომელიც დაიცავს. ერთი, მეორე, მესამე ძაღლი უჩვენა და მერე დიდხანს დატოვა მათთან მარტო. შემდეგ დაბრუნდა და ჰკითხა - თუ აირჩიეთო. კიო, ეს მინდაო. საბოლოოდ სპეციალისტმა უთხრა, რომ სინამდვილეში, ქალმა კი არ აირჩია ძაღლი, ძაღლმა აირჩია თავისი პატრონი. ძალიან მომეწონა ეს ამბავი. მე კი არ ავირჩიე შექსპირი, შექსპირმა ამირჩია მე. თვითდაჯერებულად ჟღერს, მაგრამ თუ იმან არ აგირჩია, მხოლოდ შენი სურვილები იმისთვის არ კმარა. ჩემთვის ეს ადამიანი, მისი სული ცოცხალია და ვგრძნობ,  თითქოს მეუბნება,  ნუ, არაუშავს, მიდი, მიდი. რეპეტიციებზე ასეთი შეგრძნება მაქვს, ცოტა მისტიკური.

 

- შექსპირზე საუბრისას მინდა გაიხსენოთ „რიჩარდ მესამე,“ თქვენი და რამაზ ჩხიკვაძის ტანდემი.

 

- მე უბრალოდ ბედმა გამიღიმა და შემხვდა ისეთი კაცი, როგორიც იყო რამაზი. როცა რამაზს მივეცი რიჩარდი, თეატრში იყო ექვსი მსახიობი, რომელსაც ჰქონდა ამ როლის თამაშის პრეტენზია. მე უცებ ვწერ: რიჩარდ მესამე - რამაზ ჩხიკვაძე, რომელმაც გენიალურად ითამაშა ქოსიკო, ყვარყვარე. რამაზს არ თვლიდნენ მაინც და მაინც შექსპირისეულ მსახიობად, მაგრამ არ შეცდა არც რეჟისორი და არც რამაზი, ეს იყო მართლაც მისი და ჩემი დაბადება, როგორც რეჟისორისა და მსახიობის. ახლა ჩვენ თუ გავიხსენებთ ფელინის, მარჩელო მასტროიანის გარეშე ფილმებში  „დოლჩე ვიტა,“ „რვა ნახევარი,“ ისეთი არ იქნებოდა. სხვა მსახიობები ვერ ითამაშებდნენ. რამაზი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი თეატრის გარკვეული პერიოდის და კონკრეტულად ჩემი პირადი ხელოვნების. სხვათაშორის, აქ ჩემი ოქროს ფონდის სპექტაკლები არც თუ ისე მოწონდათ. „კავკასიური“  და „ყვარყვარე“ იყო, რამაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. „რიჩარდზე“ რაღაცნაირად იჭყანებოდნენ, მაგრამ საზღვარგარეთ რომ ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად, მერე მიხვდნენ. ეს გვახასიათებს ქართველებს, შენს ქმნილებას უცხოელი რომ შეაფასებს, მაშინ ყველა გადმოდის შენს მხარეზე. იწყება -  მე ამას ვამბობდი, მაგრამ კარგად ვერ გამოვთქვიო.

 

- რახან „კრიტიკოსებზე“ ჩამოვარდა საუბარი, მართლაც კრიტიკოსებზე რას გვეტყვით?

 

- ხშირად ვამბობ, რომ თანამედროვე კრიტიკოსები დუელში უნდა გამოიწვიო, სხვა გამოსავალი არ არის. ისეთ რამეს დაგიწერენ, ისეთ რამეს დაგაბრალებენ, ზოგჯერ მართლა შეურაცხყოფასაც მოგაყენებენ. ამ რეცენზიებზე სიბერეში ცოტა ნერვები მეშლება, ესენიც გრძნობენ და სულ მაწვებიან, მკბენენ ... მაგრამ კვლავ დამიბრუნდა ის თვისებები, რაც ახალგაზრდობაში მქონდა და ვუძლებ.

 

პირველი არხი: დიდი ქართველი მსახიობების გარდა, თქვენ არაერთ ცნობილ უცხოელ არტისტთან გიმუშავიათ. მაგალითად რიკმანი, კალიაგინი ...

 

რობერტ სტურუა: რიკმანთან მუშაობის დაწყებამდე ჩემმა პროდიუსერმა მითხრა - ახლა აქ იყო იაპონელი რეჟისორი, რომელმაც რიკმანთან დადგა სპექტაკლი და ძალიან ცუდ განწყობაზე წავიდა, მწერდა, შეიძლება გარდავიცვალოო. ფრთხილად იყავიო, მაფრთხილებდა. თავიდან ჩვენც გაგვიჭირდა, რადგან მე მსახიობს ყველაფერს ვკარნახობ, მან კი მთხოვა, მეც მომეცი საშუალება, რაღაც ვაკეთო, მითხარი რა გინდა და მეც ჩემსას ჩავდებო. კომპრომისზე წავედით, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რაინდი, ძალიან კეთილი. მასთან მუშაობისას დიდი სიამოვნება მივიღე. რაც შეეხება კალიაგინს, თეატრში „ეთ ცეტერა,“ რევიზორი დავდგი, პიესა, რომელიც  ერთ-ერთ საუკეთესო რუსულ კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება. ხუთი მოქმედებაა და თუ კარგად დადგი,  4-საათნახევარი მიდის. ჩვენი საათნახევარი გრძელდებოდა. მეგონა, დიდი სკანდალები ატყდებოდა: ჩამოვიდა ქართველი, დადგა და კლასიკა გააფუჭა. ძალიან კარგად მიგვიღეს. ახლა რომში ვთამაშობთ, იმ თეატრში, სადაც „რიჩარდს“ და „კავკასიურს“ ვდგამდი. აფიშაზე მივაწერე, რომ ამ თეატრში, წინათ ჩემი გვარი რამაზთან ერთად ეწერა, ახლა კი ჩემი და კალიაგინის გვარები წერია.

 

პირველი არხი: და ბოლოს, კვლავ ფიქრობთ თუ არა „ვეფხისტყაოსნის“ დადგმას?

 

რობერტ სტურუა: „ვეფხისტყაოსანი“ უკვე გარკვეულად ბჟუტავს. ეს სიუჟეტი სცენაზე რომ დადგა, არაფერი იქნება. იქ მთავარია პოეზია, სიტყვებია. პოეზიის სცენიური ფორმებით გადმოტანა ძალიან რთულია... ვთქვი ბჟუტავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  ჩაქრება. თუ ჩაქრება, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ჩავქრები, რადგან 80 წლის კაცი მბჟუტავი კაცია... მე ვცხოვრობ გეგმის გარეშე, რაც მოხდება, მოხდება. . .  

 

 ფოტო: მირიან მელაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×