logo_geo
eng_logo
ზუზუ ბეჟაშვილი: ძალიან გამიჭირდა საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან ჰარმონიაში ყოფნა
- +

29 აგვისტო. 2018. 00:34

 

 

16 აგვისტოს მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაძე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. ..შენ ხომ ამბობდი რომ არსად არ აპირებდი წასვლას... განიცდიდი ყველას სატკივარს და არასდროს ყრიდი ფარ-ხმალს... მუდამ მომავლის იმედი გქონდა... ყველაზე კეთილი, პოზიტიური ადამიანი... ასე ახასიათებენ ნაცნობები, მეგობრები ზუზუ ბეჟაშვილს. ჟურნალი „თბილისელები“ უსამძიმრებს ზუზუს ოჯახს და გთავაზობთ ამონარიდებს, მისი ინტერვიუებიდან. 


ზუზუ ბეჟაშვილი: ...რთული პერიოდია მაშინ, როდესაც უსუსური ხარ, როცა დედა ავად არის, ფული როცა გინდა და არ გაქვს. უფულობის გამო ხშირად მიგრძნია თავი დამცირებულად. ისიც ვერ გავიგე, რომელ კატეგორიას მივეკუთვნები – მდიდარს თუ ღარიბს. ყველაფერი შედარებითია, ვიღაცასთან შედარებით მილიარდერი ვარ, მაგრამ კაინუ რივზთან შედარებით – ღატაკი, ამიტომ მე ფული ძალიან მიყვარს.


... ყველა ლოთი ჩემზე ამბობს – ლოთიაო. მე, საერთოდ, კლუბშიც აღარ დავდივარ. ჩემს თავს როგორმე ვუვლი, როგორც ყველა. მე არასდროს ვყოფილვარ დამოკიდებული. ჩემთვისაც დავმჯდარვარ და დამილევია. კლუბში თუ წავალ, იქაც დავლევ, წინდების ქსოვას ვერ დავიწყებ. მომივიდა ხმები – ლოთიაო. მეგობრები რომ გეუბნებიან: არ დალიო, რას აკეთებო... იცი, რა, მე თუ დამჭირდა, წავალ და  დავწვები სარეაბილიტაციო ცენტრში, მაგრამ არ მჭირდება. ჩემი თავის მე ვიცი. შეიძლება, ერთი თვე დავლიო, ამოვარდნა მქონდეს, თუმცა, მე საერთოდ არ ვეძახი ამას  ამოვარდნას – ერთ-ერთი რელაქსია ადამიანისთვის. ჩაიხედონ სარკეში თვითონ, რამდენი ჭაღარა აქვთ. მე კი ჭაღარაც არ მაქვს. ჩემს თავს ვუვლი, მაგრამ სულ წესიერებაც არ მომწონს. ყოველდღე ჰერკულესით ვერ მნახავ, მაგრამ ამ ბოლო დროს, ჩემი დილა თაფლითა და ნუშით იწყება. საქმის დროს ბევრ  სიგარეტს ვეწევი. ისე, აღარ მომწონს მოწევა. არც ის მომწონს, რომ თვითონ არ ეწევიან და გაწუხებენ – შენ, რატომ ეწევიო? მიმაჩნია, რომ მოწევა სულ აღარ არის თანამედროვე. შევამცირე, ხშირად არ მინდა. ტრანკვილიზატორებით ვიძინებდი და ეს ეგონათ რაღაც ნარკოტიკის დონის. არადა, ამაში უცნაური არაფერია, რედიკულიტიანი დეიდები და ბიცოლებიც სვამენ. ფსიქოლოგთან დავდიოდი და ჩემს ძმას და ვიღაცებს ეგონათ, ფსიქიატრთან ვიყავი. არადა, ფსიქიატრთან მისვლაც არაფერია...


... ძალიან გამიჭირდა საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან ჰარმონიაში ყოფნა. არ მომწონდა საკუთარი თავი და საკუთარი თავი თუ არ მოგეწონა, არავის მოეწონები. ფსიქოლოგი იმ წუთში დამეხმარა, მაგრამ ცოტა დამოკიდებული გამხადა. მერე  მეტეხის ტაძარი დამეხმარა. კვეთებულის ლოცვებზე მივედი, რამაც ძალიან მიშველა. თვითონ მომინდა და იქ ვთქვი პირველი აღსარება. აღსარებას კი ვაბარებ, მაგრამ სულ მიჭირს, იმიტომ რომ, მეუბნებიან: ასი ცოდვიდან 90 მაინც გააკეთე და ისე მოდიო. მე კი ას ორით მივდივარ ზოგჯერ. აქედან გამომდინარე, მრცხვენია, მაგრამ ძალიან მამშვიდებს ტაძარი, ძალიან მიყვარს. ძალიან მორწმუნე ვარ, სასწაულების მჯერა. მთელი ჩემი ცხოვრება სასწაულია. ძალიან მიყვარს მამა ვიტალის საფლავზე მისვლა. როცა საერთოდ გამოუვალი მდგომარეობა მქონია, იმწუთას დედაჩემის გარდა, არავინ გვერდით არ მყოლია და აბსოლუტურად ქუჩაში ვყოფილვარ, გამოვსულვარ იქიდან და სანამ პლეხანოვი ჩამომივლია, ტელეფონის ზარით დამილაგებია ყველაფერი ისე, რომ საერთოდ პრობლემა აღარ მქონია...


შენზე ამბობენ, უცნაური ადამიანიაო...


– სხვებმა კი არა, მეც არ ვიცი, როგორი ვარ და როდის რას მოვიმოქმედებ. ხალხს ჰგონია, მიცნობს, არადა, არავინ მიცნობს. მე თვითონ არ ვიცი, როგორი ვარ. მიყვარს ჩემი ცხოვრება და მაინტერესებს. ერთხელ ვცხოვრობ და მინდა, ისე ვიყო, როგორც „გამისწორდება“. ზოგჯერ ნაგავი ემოციებისგან ცხოვრებას იმოკლებ. მე ბევრი რამ გამივლია და მივედი იქამდე, რომ უკვე „ვიკიდებ“ ყველაფერს, თუნდაც უფულობას. იუმორით თუ არ შეხედე ცხოვრებას, თვითიუმორი თუ არ ჩართე, არაფერი გამოვა. მე და დედაჩემი ვართ ასეთი ტიპები – ან ყველაფერი გვაქვს, ან არაფერი.  დედაჩემის დაბადების დღე იყო. ახალ სახლში გადავედით და რადგან გადავედით და დავლაგდით, რაღაც ისე მოხდა, არაფერი გვქონდა, სიგარეტიც კი. ვზივართ და ორივეს სიცილი აგვიტყდა. მე მჯერა, კარგის მერე ცუდი ხდება, ცუდის მერე – კარგი. ცხოვრებაა ასეთი, არც კარგმა უნდა შეგშალოს და არც ცუდმა. ყველამ რომ დაკარგოს ჩემ მიმართ ინტერესი, მე ძალიან მიყვარს ჩემი თავი. მიყვარს მარტო ყოფნა, კითხვა. არავინ მათამაშებს და მარტო ვთამაშობ. ზოგჯერ ხალხში უფრო მარტოსული ვარ.....


... მამა არ მახსოვს. ოთხი წლის ვიყავი, რომ დაიღუპა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მახსოვს პანაშვიდები – ის, რომ ყველას ვეცოდებოდი, ყველა მეფერებოდა... 43 ბავშვიდან  მარტო მე არ მყავდა კლასში მამა. აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო. მამას ძალიან ვგავარ ფიზიკურად. სურათის სიძველით შეიძლება მიხვდე, რომ მე არ ვარ...


ინტერნეტში შენზე ჭორები გავრცელდა, რამაც მთელი თბილისი მოიცვა: ზუზუ მოკლეს, ზუზუ  „წამალში გაიპარაო“. როგორ მიიღე ეს ყველაფერი? 


– დამირეკა ჩემმა ძმამ აკანკალებული ხმით და არა მარტო მან, მთელი სანათესაო მირეკავდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მირეკავდა ისეთი ხალხიც კი, ჩემზე გაბუტულები რომ იყვნენ. ჩემს ხმას რომ იგებდნენ, ეგრევე მითიშავდნენ ყურმილს. ახლა რომ რამე დამემართოს, მგონი, რეაქცია აღარ ექნებათ ჩემებს, გადასატანი გადაიტანეს-მეთქი...


ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი: ზუზუს ამბავი, ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიგე. თავზარი დამეცა, ეგრევე გავვარდი და დავიწყე მისი ძებნა. ინტუიციურად მივხვდი, ქუჩაში ძებნას აზრი არ ჰქონდა და სამხარაულში გავიქეცი. იქ მოასვენეს. ბოლოს რომ ვნახე, დეპრესიული ფონი ჰქონდა, ჯანმრთელობის მდგომარეობასაც უჩიოდა, თუმცა, კონკრეტულად არ საუბრობდა. პორადად მე გულის გახეთქვასაც არ გამოვრიცხავ, იმდენად ღრმა და ჩაფიქრებული იყო ბოლო პერიოდში. მისი ამქვეყნიდან წასვლით კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ადამიანი როცა კვდება, სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ ვიქცევით ხოლმე მის ჭირისუფლად, ისე არავის აინტერესებს სხვისი ბედი. შეიძლება, მატერიალურად ვერ ვეხმარებოდეთ, მაგრამ სიტყვას წინ რა უდგას? თუნდაც, მოკითხვას – როგორ ხარ, ამას რა უნდა? ისე განვიცდი, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ვიღაცები ვუძლებთ, ვიღაცები ვერა... ჰოდა, ზუზუმ ვერ გაუძლო... ალბათ, დრო ამოეწურა და დაგვტოვა. 
ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, ზუზუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ითხოვდა დაწოლას, რომ მისთვის დახმარება გაეწიათ. ამის შესახებ იცოდი რამე? 
– მე, ბოლოს რომ ვნახე, მითხრა, რთული ფსიქოლოგიური პერიოდი მაქვსო. კიდევ ვამბობ, ბოლოს, ორჯერ დავურეკე ბათუმიდან და სულ იმას ამბობდა, ჯანმრთელობის მხრივ ვერ ვარ კარგადო, მაგრამ არაფერს აკონკრეტებდა. მისი წასვლით ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი კეთილი და უბოროტო ადამიანი დააკლდა, მე კი –საიმედო მეგობარი. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×