logo_geo
eng_logo
არის თუ არა ჰაერის დაბინძურების კრიტიკული მაჩვენებელი თბილისში?
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 მაისი. 2016. 14:55



ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ძირითადად ადამიანის საქმიანობის შედეგია. დაბინძურების მთავარი წყაროებია: ავტოტრანსპორტი, მშენებლობა, მცირე საწარმოები. ქარხნები, ქიმიური ნარჩენები. ჰაერს ამ ყველაფერთან ერთად, აბინძურებს ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენები.


„რეპორტიორი" დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების კუთხით და ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს თამარ ბაგრატიასთან გადაამოწმა. როგორც ბაგრატიამ „რეპორტიორს" განუცხადა, გარემოს ეროვნული სააგენტო, მუდმივად ახდენს მონიტორინგს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


- რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე ჰაერის დაბინძურების მხრივ საქართველოში?

 

- დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა ჰაერის მონიტორინგი. სრულყოფილი ფუნქციური სადგური, რომელიც ყველა კომპონენტში ზომავს ჰაერის დაბინძურებას ვაშლიჯვარშია განთავსებული. გარდა ამისა გვაქვს სამი ჯიხური: მოსკოვის პროსპექტზე, წერეთლის გამზირზე და კვინიტაძის ქუჩაზე. ასევე უკვე მესამე კვარტალია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ინდიკატორული კვლევები.


თბილისში 25 წერტილიდან, ინდიკატორული კვლევა ხდება. ამ კვლევით სრულყოფილი მონიტორინგი არ ხერხდება, მაგრამ ოთხ კომპონენტში ვიღებთ დაკვირვებას. ეს არის: ბენზოლი, მიწისპირა ოზონი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდები, რაც შეიძლება ბევრ წერტილში გავშალოთ.


სამი ჯიხური, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბანშია განთავსებული, ივნისის თვეში, იაპონელების დახმარებით, სრულიად ახალი ტექნოლოგიებით დაკომპლექტდება და მოგვცემს სრულყოფილი მონიტორინგის სისტემას.


- როგორ ხდება დაკვირვება ჰაერზე?

 

- სააგენტოს ნებისმიერ დროს შეუძლია შეამოწმოს ჰაერის დაბინძურება. ვაშლიჯვრის სადგური ონლაინ რეჟიმში აკეთებს მონაცემებს. რაც შეეხება სხვა სადგურებს, მონიტორინგი სამ საათში ერთხელ ხდება.


რაც შეეხება ინდიკატორულ გაზომვებს, ეს სრულიად ახალია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში ლაბორატორია არ არსებობს, რომელიც ინდიკატორული კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს გააკეთებს. მონაცემები იგზავნება ბრიტანეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და შემდეგ იქედან ვიღებთ დაკვირვების პასუხებს.


- ხდება თუ არა თბილისის გარდა სხვა რეგიონებში ჰაერის მონიტორინგი?

 

- რა თქმა უნდა თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც ვაკეთებთ ინდიკატორულ გაზომვებს. სადგურები გვაქვს, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში. ასევე გაზომვები გავშალეთ და დავამატეთ: ფოთში, ოზურგეთში, ახალციხეში ზუგდიდსა და კასპში.


ჰაერის ინდიკატორული გაზომვები მტვერს ვერ ზომავს. ამიტომ ავტოტრანსპორტით ჰაერის დაბინძურებაზე მინიმალური ინფორმაციას ვიღებთ. მაგალითად, ქუთაისში როგორც კი შემოვლითი გზა გაკეთდა, ქალაქში ჰაერიც გაუმჯობესდა მტვრის მიმართულებით და სხვა დამაბინძურებლებითაც.


- სახელმწიფოს აძლევთ თუ არა რეკომენდაციებს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით და რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება ამ მიმართულებით?

 

- გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქცია მონიტორინგია. ჩვენ ვართ სააგენტო, რომელიც ოპერირებს, ვუგზავნით ჩვენს მონაცემებს ყველა შესაბამის უწყებას. რეკომენდაციებს არ ვაკეთებთ, თუმცა, გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს ვუზიარებთ ყველა მხარეს. იდგმება ნაბიჯები, რომ კარგად დავინახოთ მიზეზ შედეგობრივი კავშირები და შესაბამისმა სამსახურებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა იზრუნონ პრობლემის არსზე.


გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ძალიან ბევრი იმუშავა საზოგადოების ინფორმირების კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საიტზე მუდმივად დევს ინფორმაცია ჰაერის დაბინძურებაზე, საზოგადოება ინფორმირებული არ იყო ამის შესახებ. მას შემდეგ რაც ჩვენ მედიით და სხვადასხვა ინსტიტუტებით დავიწყეთ ინფორმაციის გავრცელება, ამან იმუშავა და საზოგადოებაშიც ინტერესი გაჩნდა. მოსახლეობა რეკავს და აინტერესებთ რა მდგომარეობაა მათ უბნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია მოქალაქეებმა დაინახონ რა არის პრობლემა, რომ გაითავისონ ყოველი კონკრეტული ქმედება. მაგ. თუ გაუმართავია ტრანსპორტი რომლითაც გადაადგილდებიან, არ გააჩნია კატალიზატორი, ეს მავნე გავლენას ახდენს ჰაერზე, ამიტომ აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს რა უწყობს ხელს ჰაერის დაბინძურებას.


- თბილისში ჰაერის მხრივ რომელი უბანია ყველაზე მეტად დაბინძურებული?

 

- სრულყოფილ ინფორმაციას უბნების მიხედვით ვერ გეტყვით, რადგან ყველა უბანში არ გვაქვს ავტომატური სადგურები. ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩავატარეთ ინდიკატორული კვლევა რომელსაც აქვს აზოტის ოქსიდის დაბინძურების რამდენიმე დონე: დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. შედარებით დაბინძურებულია სხვა უბნებთან ისნის და პირველი სკოლის ტერიტორია იყო. ჰაერის დაბინძურების მხრივ მაღალი და კრიტიკული მაჩვენებელი თბილისში არ არის.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×