logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოპარკი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ...
- +

13 მაისი. 2016. 15:04



როგორ გამოიყურება თბილისის ზოოპარკი ტრაგედიიდან 1 წლის შემდეგ, როდის იგეგმება ახალი ცხოველების ჩამოყვანა და როდის შეიცვლის ზოოპარკი დისლოკაციის ადგილს, - ამის შესახებ „რეპორტიორი"თბილისის ზოოპარკის PR მენეჯერს მზია შარაშიძეს ესაუბრა.

 

- როგორც ცნობილი გახდა, თბილისის ზოოპარკს 100-მდე ცხოველი შეემატება, როდისთვის იგეგმება ცხოველების ჩამოყვანა?


- თბილისის ზოოპარკში უახლოეს მომავალში ველოდებით ახალ ცხოველებს, რომლებსაც საჩუქრად გვიგზავნიან ევროპის სხვადასხვა უდიდესი ზოოპარკები, პირველი ნაკადი უკვე ჩამოიყვანეს რიგის ზოოპარკიდან 3 ალპაკა, 1 აზავერი, 1 აქლემი და თუთიყუში. ახლა ველოდებით მეორე ნაკადს, სავარაუდოდ 22 მაისისთვის. პირველ რიგში ველოდებით ანტილოპა გნუს, შემდეგ უკვე ჩამოვლენ სხვადასხვა სახეობის ცხოველები. ასევე იქნებიან მაიმუნები, კერძოდ ჰამადრილები, ასევე ბერბერული მაკაკები, ხალებიანი ირმები, ჯუჯა კენგურუები პატარა სახეობები, დეგუ, რომელიც აქამდე ზოოპარკში არ გვყოლია, საერთო ჯამში გამოდის 100-მდე ცხოველი. რაც შეეხება ამ ცხოველების შერჩევის პრინციპს, თბილისის ზოოპარკი არის ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის წევრობის კანდიდატი, ჩვენ გვყავს მენტორი, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩამოდის და ამოწმებს აქ არსებულ მდგომარეობას. წყალდიდობის შემდეგ იყო ჩამოსული და მასთან ერთად შედგა ცხოველების სია, რომლებიც გვინდა, ჩვენს ზოოპარკში იყვნენ, არ სჭირდებათ დიდი ტერიტორია და მათი ვოლიერები არ მოითხოვს განსაკუთრებით დიდ თანხებს. ჩვენთვის სასურველი ცხოველების დიდი სია გადავგზავნეთ ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციაში, რომელმაც გაავრცელა თავის წევრ ზოოპარკებში. მათ, თავის მხრივ, გამოთქვეს ინიციატივა, ვის რომელი ცხოველის გამოგზავნა შეეძლო. სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცემენ ცხოველებს, უბრალოდ აქ პროცედურა გულისხმობს, სანამ ზოოპარკი გამოგზავნის ცხოველებს, აუცილებლად ჩვენ უნდა გავუგზავნოთ დეტალური ინფორმაცია, რა პირობებში გვეყოლება ისინი და ამის შემდეგ გვაჩუქებენ ზოოპარკი ცხოველს. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოგვარდა, გვაქვს საჭირო ვოლიერები და მივიღებთ საჩუქრად ამ ცხოველებს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ტრანსპორტირების ხარჯებს ნაწილობრივ თვითონ ფარავენ, ხოლო რიგის ზოოპარკმა მთლიანად დააფინანსა ცხოველების ტრანსპორტირება.

 

- არის თუ არა აღდგენილი ზოოპარკის ის ადგილები, რაც წყალდიდობის დროს დაზიანდა?


- ქვედა ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე ძალიან დაზარალდა სტიქიის დროს, ვოლიერები უკვე აღარ არსებობს. მოსწორებულია ის ადგილები, სადაც იყო დათვების, ვეფხვების, აფთრების ვოლიერი. ამოივსო ის ნაწილი მიწით და მიმდინარეობს მუშაობა ამ ტერიტორიის გამწვანებაზე. ჩვენ გვაქვს ძველი შემორკალული ვოლიერები, რომლებსაც ცხოველებისთვის აღარ გამოვიყენებთ. იქნება უბრალოდ საწყობი, სადაც საშენ მასალას შევინახავთ. მხოლოდ 2 ძველი ვოლიერი იფუნქციონირებს დროებით, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს წყალდიდობას გადარჩენილი 3 დათვი და 2 მგელი, და ფიზიკურად არ არის ადგილი, გარდა ამ ვოლიერებისა.

 

- წყალდიდობამდე და ახლა, განსხვავდება თუ არა დამთვალიერებლების რაოდენობა?


- რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება, ძალიან მძიმე წელი გადავიტანეთ წყალდიდობის შემდეგ, ფაქტობრივად არათუ განახევრდა დამთვალიერებლების რაოდენობა, არამედ მესამედიც არ დადიოდა. მანამდე უამრავი სტუმარი გვყავდა ზოოპარკში, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ეს რაოდენობა შემცირდა, გასაგებია იმიტომ რომ ხალხს ნეგატიური ასოციაციები ჰქონდა ამ წყალდიდობის შემდეგ. ზოგს ეგონა, რომ ზოოპარკი გადადის სხვა ტერიტორიაზე და აქ აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას, ზოგს ეგონა რომ ცხოველები აღარ გვყავს, თუმცა ახლა გაცილებით ბევრი დამთვალიერებელი გვყავს, ვიდრე შემოდგომაზე და ზამთარში.

 

- როგორც ცნობილი გახდა, თბილისის ზოოპარკს ეწვია ზოოპარკების   ცნობილი დიზაინერი ერიკ ფლიტი, შეიტანა თუ არა რაიმე წვლილი თბილისის ზოოპარკში?


- ყოველწლიურად ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის წევრი ზოოპარკები ატარებენ კონფერენციას, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ და წელსაც იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები წასულები, წაიკითხეს იქ მოხსენება, იმის შესახებ, რაც მოხდა თბილისის ზოოპარკში ივნისში და სწორედ ამ პერიოდში გამოთქვა სურვილი ერიკმა, ჩამოსულიყო და დახმარებოდა თავისი რესურსით თბილისის ზოოპარკს. ვოლიერები კეთდება ერიკის ესკიზების მიხედვით. მან გააკეთა ახალი ზოოპარკის ზონირება, ანუ დაყო ტერიტორია ზონებად, სად რა სახეობის ცხოველი იქნება განთავსებული.

 

- გამოიჩინეს თუ არა სხვა ქვეყნებმა ყურადღება თბილისის ზოოპარკისადმი?


- ძალიან დიდი დახმარება იყო მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ფაქტობრივად, არ დარჩენილა ზოოპარკი, რომელიც არ შეგვეხმიანა ამ პერიოდის განმავლობაში და ყველა, რითიც შეუძლია, იმით გვეხმარება. პირველ რიგში ეს ეხება ცხოველების გამოგზავნას, ასევე ტრენინგებს, სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას თანამშრომლებისთვის. ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო არა მხოლოდ ევროპის ზოოპარკებისგან, არამედ ამაში იყვნენ ჩართულნი ამერიკისა და აზიის ზოოპარკები.

 

- როდისთვის იგეგმება ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე?


- არსებობს ასევე პროექტი, რომელიც გააკეთა ირლანდიურმა კომპანიამ Arup Hassel-მა. ძალიან დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით. იყო სხვადასხვა ღირებულებების პროექტი, თუმცა საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა ამ კომპანიის პროექტზე. თბილისის ზოოპარკისთვის გამოყოფილია 48 ჰექტარი მიწის ფართობი, ეს ტერიტორია უკვე შემოსაზღვრულია, მერიამ გააკეთა ძალიან კარგი ღობე ტერიტორიის გარშემო. დაწყებულია დათვების და მგლების ვოლიერების მშენებლობა, რომელიც ხორციელდება გერმანიის თანამშრომლობის ფონდის GNZ-ის მიერ. მათ გამოყვეს გრანტი ვოლიერების მშენებლობისთვის და წესით, ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს დათვების და მგლების ვოლიერების მშენებლობა. გადავიყვანთ ჩვენს დათვებს და მგლებს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. ჯერჯერობით პირველი გრანტი ეხება მხოლოდ დათვებს და მგლებს.


- თქვენი აზრით, არის თუ არა საკმარისი პირობები, რომ ცხოველებმა კარგად იგრძნონ თავი?


- ამ ეტაპზე არის შექმნილი ისეთი პირობები, რომელიც ცხოველებისთვის არის აუცილებელი. ყველაზე პრობლემური, რა თქმა უნდა, დათვები და მგლები არიან რომლებიც ჯერჯერობით ძველ ვოლიერებში იმყოფებიან, თუმცა, როგორც ვთქვით, შენდება მათთვის ახალი ვოლიერები და შემდგომ გადავლენ. დანარჩენი ცხოველები კარგ პირობებში იმყოფებიან, ასე რომ არ იყოს, არ გამოგვიგზავნიდნენ საჩუქრად ცხოველებს.

 

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?


- პირველადი გეგმებით ახალ ცხოველებს უნდა დავხვდეთ. მაისის შუა რიცხვებიდან იწყება მათი ჩამოყვანა, შემდეგ 1 ივნისს ზოოპარკში არის დაგეგმილი  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. როგორც წესი, ამ დღეს ზოოპარკი განსაკუთრებულად აღნიშნავს და არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი, 13 ივნისს ვგეგმავთ ღონისძიებას და ამ დღეს ზოოპარკში შემოსვლა იქნება უფასო.

 

- თქვენი აზრით, რამდენად შესაფერისია თბილისის ზღვის ტერიტორია ზოოპარკისთვის?


- ის ტერიტორია, რომელიც ჩვენ გვაქვს, საკმაოდ კარგია, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სივრცეა ვოლიერების გასაშენებლად, ასევე არის გამწვანებული ტერიტორია და ოჯახური დასვენებისთვის იდეალური ადგილია. ამჟამად ჩვენ გვაქვს თავლა, საცხენოსნო კლუბი, რომელიც ფუნქციონირებს და მშვენიერი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შაბათ-კვირას სუფთა ჰაერზე დაისვენოს ადამიანმა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×