logo_geo
eng_logo
ანა ლაშხელი-ონიანი - ,,ბოროტება ვერჩადენილი სიკეთეა“, ანუ ,,ჩვეულებრივი“ გმირის ცხოვრება და ხელოვნება
- +

8 ოქტომბერი. 2018. 02:09

 

 

ანა ლაშხელი-ონიანი: ეს წიგნი თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაზეა, რომელიც არ გვაქვს; სამსახურებზე, რომლებიც მხოლოდ ვირტუალურ ვაკანსიებში არსებობს. დღეს საქართველოში სწავლის ბოლო არ ტკბილდება, პირიქით უფრო მწარდება...

 

 თამარ გერლიანი   

       

 მკითხველს მინდა ერთი საინტერესო ადამიანი გავაცნო. ის ახალგაზრდა მწერალი და უკვე სამი კრებულის ავტორია. მისი ერთ-ერთი მოთხრობა "აკვანი", შესაძლოა, სასკოლო პროგრამაში შეიტანონ. იგი მეგობრებთან ერთად ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება "თბილი სამყაროს" სახელით, მიუსაფარ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება, რის გამოც სატელევიზიო პროექტ "იმედის გმირის“ მონაწილე გახდა. როგორც თავად ამბობს, უყვარს სოფლად ცხენები და ქალაქში მტრედები, რადგან ისინი სიმშვიდესთან ასოცირდებიან. იცნობდეთ — ანა ლაშხელი-ონიანი.

 

 - ანა, თქვენ სვანეთში დაიბადეთ და ბავშვობა მასთანაა დაკავშირებული, შეგიძლიათ, გვითხრათ, რა არის თქვენთვის ეს კუთხე?… 

 

 - სვანეთი ჩემთვის ამაღლებული თემაა. როცა ჩემ ცხოვრებაში ცუდი რამ ხდება ან უბრალოდ, ცუდად ვარ ხოლმე სულ სვანეთზე ვფიქრობ.. დაახლოებით ისე, ღმერთზე რომ ფიქრობ და გშველის… მადლობა უფალს, რომ ამ კუთხის შვილობა მარგუნა. სვანეთში ჩემი ბავშვობაა, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები და მოგონებები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება და არასოდეს დამტოვებს.. ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია, ვილაპარაკო, მაგრამ ჩემი სენტიმენტალურობით არ მინდა, თავი მოგაბეზროთ… ქუთაისში ერთდროულად ორ ფაკულტეტზე — ფილოლოგიურსა და ინგლისური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე ვწავლობდი. თბილისში კი,- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. სამივე ჩემი პროფესია, ვფიქრობ, ერთმანეთთან ახლოსაა, მაგრამ ჟურნალისტიკა ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია. სწავლის გაგრძელებასაც ამ კუთხით ვგეგმავ, ოღონდ, საზღვარგარეთ, ვნახოთ…

 

 - ანა, თქვენ დაარსეთ ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება ,,თბილი სამყარო" და მეგობრებთან ერთად ყოველდღიურად მიუსაფარ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარებით სიკეთეზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად თქვენი რომელი საქმით ამაყობთ?

 

 — „თბილი სამყარო“ ეს ჩემი სულის ის მხარეა, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდება და მავსებს, ეს მხარე ყველა ადამიანს აქვს, მთავარია, იგრძნოს მისი დანიშნულება. უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ ორგანიზაციის დაფუძნებაში წვლილი მიუძღვის. ბედნიერი ვარ, რომ ადამიანების დახმარებას მცირედით, მაგრამ მაინც ვახერხებთ. სიკეთეზე არ საუბრობენ, სიკეთე თვითონ საუბრობს…

 

 - რამდენიმე წლის წინ თქვენ დაწერეთ მოთხრობა

,,აკვანი", რომელიც მკითხველში მოწონებით სარგებლობს. არის საუბარი იმაზეც, რომ ეს მოთხრობა სასკოლო პროგრამაში შეიტანონ. მოგვიყევით, რას ეხება ეს მოთხრობა?

 

 - ჩემი მოთხრობა ,,აკვანი“, მართლაც, მნიშვნელოვანი მოთხრობაა ჩემს შემოქმედებაში. ყველა შემოქმედს აქვს რაღაც პატარა ლექსი ან მოთხრობა, რომელიც მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას ზოლად გასდევს. ჩემ შემთხვევაში ეს როლი ,,აკვანს'' ერგო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მკითხველმა ამ მოთხრობით გამიცნო. დანარჩენი ისევ მათ განსაჯონ… მჯერა, რომ ადამიანები საკუთარ ბედს თავად ირჩევენ და ამიტომ მათი გადასაწყვეტია, კარგები იქნებიან თუ ცუდები, მინიმუმ, ის მაინც შეგვიძლია, რომ  ცუდი არ გავაკეთოთ. და ამ მოთხრობაში კეთილისა და ბოროტის ეს მარადიული დაპირისპირებაა, სიკეთე ყოველთვის იჩენს თავს და ჩვენს მორალურ მხარესაც ძირფესვიანად ცვლის, გვაფიქრებს და საკუთარ თავში ღრმად გვახედებს, ჩემი აზრით, ბოროტება — ვერჩადენილი სიკეთეა…

 

 - ანა, თქვენ სამი კრებული გაქვთ გამოცემული: ,,მთვარის სევდა,  ,,მეოცე გაზაფხული" დათეთრი და შავი". როგორ მუშაობდით მათზე?

 

 

 — ზოგადად არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, თუ რამე ღირებულს ვწერ, მაშინ მინდა, რომ მკითხველმა ის, რაც დავწერე, წაიკითხოს. არასოდეს მიმიღია კონკურსებში მონაწილეობა; იმის ამბიციაც არ მქონია, ვინმეს გავჯიბრებოდი. პოეზია და მწერლობა რბოლა არაა, რომ ერთმანეთს დავეწიოთ და გადავასწროთ. უბრალოდ ყველა ისე წერს, როგორც შეუძლია სამყაროს, ტკივილის ან სიხარულის აღქმა და გადმოცემა. არიან ადამიანები, (მწერლები), ვინც ძალიან დიდ ტკივილს გრძნობენ და ეს გრძნობა ფურცელზე მთელი სიმძაფრით გადმოაქვთ. არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ თავს გარიყულად გრძნობენ და ამაზე წერენ. ცხადია, ტკივილში კბილის ტკივილი არ იგულისხმება და ყველაფერზე წერა, უბრალოდ, ბანალურია და არ შეიძლება. მთავარია, მწერალი გულწრფელი იყოს… თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერს შეუძლია მწერალი ერქვას და წიგნიც დაბეჭდოს, მაშინ ნებისმიერ მკითხველს შეუძლია ადგეს და დახუროს უინტერესო წიგნი. დრო ყველაზე დიდი მსაჯულია,  ის ყველაფერს და ყველას გადააფასებს….

 

- მიგაჩნიათ, რომ სხვებისგან გამორჩეული ხართ?

 

 - ვფიქრობ, ჩვეულებრივი ვარ.. მიყვარს კითხვა, ბუნებაში ყოფნა და მოგზაურობა. ცხენები და მტრედები მიყვარს — სოფელში ცხენები და ქალაქში მტრედები, რადგან ისინი ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდებიან. ქალაქი ხომ ქაოსის ბუდეა. როცა განტვირთვა მინდა, მზესუმზირას ვყიდულობ, მივდივარ და მტრედებს ვაჭმევ. უკვე მცნობენ კიდეც… მშრალი ხიდი ყველაზე რომანტიკული ადგილია ჩემთვის, იქ ყველაფერია: მტრედები, ადამიანები, ხმაურიც, მაგრამ ყველგან მაინც ხელოვნების სუნი დგას… 

 

 -"იმედის გმირის" ერთ-ერთი მონაწილე ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის გმირობა?

 

 - სიტყვა „იმედი“ ძალიან მიყვარს. რაც შეეხება „გმირს“, ეს სიტყვა მე ვერ მოვირგე. ჩემზე გადაღებულ ფილმს რომ ვუყურებ, უხერხულობის მეტს ვერაფერს განვიცდი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ტელეკომპანია "იმედს“ და განსაკუთრებით ნინია ახვლედიანს ამ ფილმის გამო. მათ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალეს: ქუჩაში ხალხი მცნობს და თბილად მესალმება. გზაზე მიმავალს მოხუცები მაჩერებენ და მლოცავენ, ეს ძალიან სასიამოვნოა და იმ გადაცემამ ორგანიზაცია,,თბილ სამყაროს“ მომავლის სტიმული მისცა. საერთოდ,   ბევრი ადამიანია, ვინც უფრო მოირგებდა გმირის სახელს, მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, ერთხელაც აუცილებლად მექნება ვარდისფერი სახლი, რომელსაც "იმედის სახლი“ ერქმევა… 

 

 - ანა, ვიცი, რომ მალე თქვენი მეოთხე წიგნი გამოვა

 

 - დიახ მალე გამოვა, წიგნის სათაურს ვერ გეტყვით, მაგრამ მალე გამოჩნდება ყველაფერი, მზის სინათლე სულ სხვანაირია… ვნახოთ, მკითხველი მას როგორ მიიღებს. ეს წიგნი თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაზეა, რომელიც არ გვაქვს; სამსახურებზე, რომლებიც მხოლოდ ვირტუალურ ვაკანსიებში არსებობს. დღეს საქართველოში სწავლის ბოლო არ ტკბილდება, პირიქით უფრო მწარდება. ამ წიგნში  საკუთარ თავს ბევრი იცნობს… განსაკუთრებით ისეთები, ვინც საზოგადოებაში სწორი აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს უშლის, ვისაც თავისუფლება გაუკუღმერთებულად ესმის და ვისთვისაც სამშობლო მხოლოდ რვა ასოა…


წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×