logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღევანდელი სურათით, ჩვენ პირველივე ტურში ვიგებთ არჩევნებს
- +

15 ოქტომბერი. 2018. 17:53

 

 

ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა, გაბედული და მომავლის ხედვის პოლიტიკოსია, ის პოლიტიკაში თანამედროვე თამაშის წესებს ანიჭებს უპირატესობას. მის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება და განწყობები არსებობს. თუმცა, ესენი 90-იანი წლების თამაშის წესების მოყვარული ფიგურები არიან, რომლებსაც რეფორმა შემოსავლის წყაროს ართმევს და არა პოლიტიკაში ჩართულობის საშუალებას. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა და ამაზე მომავალში ვისაუბროთ.

 

ახლა კი „პრაიმტაიმი“ პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით შეხვდა და ესაუბრა.

 

არაერთი საერთაშორისო სკანდალის შესახებ გვსმენია რუსეთის სხვა სახელმწიფოების არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით. გაქვთ ინფორმაცია, რამდენად არის ის ჩართული ქართულ არჩევნებში, ან ვინ ჰყავს ფავორიტი?

 

 – ამას, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები სჭირდება. თუ არის რაიმე სახის ჩარევა, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები და ეს იქნება პარლამენტის ინტერესის საგანიც.

 

ზოგადად, რაც შეეხება პოლიტიკურ სურათს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში არიან გარკვეული ძალები, რომელთა აღზევებაც შეიძლება რუსეთის ინტერესებში იყოს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში. მახსენდება ერთ-ერთი ამერიკელი ექსპერტისა და პუბლიცისტის წერილი, სადაც ის აღწერს, რას გააკეთებდა, საქართველოში პრორუსული ხელისუფლება რომ ყოფილიყო. მას აღწერილი აქვს ზუსტად ის, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდა.

 

ყველამ დავინახეთ, რა იყო სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის საბოლოო შედეგი. შედეგი იყო ზუსტად ის, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობდა. 2012 წლამდე საქართველო იყო დაუძლურებული, მისი საგარეო პოზიციები მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული. რუსეთმა დიდი ხნის სურვილი აისრულა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია მოახერხა. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო სააკაშვილის მმართველობის შედეგი. ვიღაცამ შეიძლება ეს მის ავანტიურისტულ მიდგომას დააბრალოს, ვიღაცამ მოღალატურ ქმედებად მიიჩნიოს... ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია შედეგი. შედეგი არის ის, რაც სწორედ რუსეთის ფედერაციას აწყობდა და, ბუნებრივია, სწორედ რუსეთის ფედერაციას აწყობს ასეთი ძალის ხელახლა აღზევება.

 

თუმცა, ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ განმეორდება.

 

2012 წლიდან მოვახერხეთ ჩვენი საგარეო პოზიციების რადიკალურად გაძლიერება. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი პოლიტიკის უფრო მეტად დაახლოება დასავლეთთან და, ასევე, მოვახერხეთ ჩვენი სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვისობრივად გაძლიერება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების შედეგი და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, პოლიტიკური სისტემის შეუქცევად განვითარებაზე და იმაზე, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც საპირისპირო ქმედებებით გამოირჩეოდა, აღარასოდეს დაბრუნდება საქართველოში.

 

– თუმცა, ჩვენ ყოველთვის საწინააღმდეგო გვესმოდა იმ ცხრა წლის განმავლობაში. დასავლეთი საქართველოს მხარს უჭერდა და ეს 2008 წლის ომის დროსაც გამოჩნდა...

 

– ეს ყველაფერი იყო ჩვენი საზოგადოების დამსახურება. დასავლეთი ხედავდა იმას, რომ საზოგადოება დასავლეთზეა ორიენტირებული და ამას, ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორები და მეგობრები  აფასებდნენ.

 

თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკა სჭირდებოდა ხელისუფლების მხრიდან. მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგები კი ძალიან მოკლედ ასეთია: სრული ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, შესუსტებული პოზიციები, უმძიმესი მდგომარეობა სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ხელისუფლება მაშინ არ უჯერებდა ჩვენი მეგობრების რჩევებსა და გაფრთხილებებს.

 

ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. ამის დამსახურებაა ის, რომ ახლა ჩვენი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი მნიშვნელოვნადაა ამაღლებული, საგარეო პოზიციები არის მყარი, არასდროს ისე ახლოს დასავლეთთან არ ვყოფილვართ, როგორც დღეს ვართ. გვაქვს სერიოზული მიღწევები როგორც ნატოში ინტეგრაციის კუთხით, – ხედავთ, რომ ნატოსთან პარტნიორობა დღითი დღე მყარდება, – ისე ევროკავშირის კუთხით. აქ გვაქვს პირდაპირ ხელშესახები შედეგები – ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია. თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ სრული ინტეგრაციისკენ, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში.

 

– მე თქვენ მომავლის პოლიტიკოსად მიგიჩნევთ, პირველ რიგში იმიტომაც, რომ, ვფიქრობ და ვხედავ კიდეც, რომ თქვენთვის 90-იანი წლების პოლიტიკური თამაშები მიუღებელია. თუმცა, მაინც გკითხავთ: განცხადებები პრორუსულობის შესახებ რამდენად გაბრუნებთ 90-იან წლებში? სწორედ მაშინ ეძახდნენ ერთმანეთს რუსეთის აგენტებს, პრორუსებს...

 

– მე ვსაუბრობ დღევანდელ სამწუხარო რეალობაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური სისტემის განვითარება და მისი ინსტიტუციონალიზაცია. და ამაში მნიშვნელოვანი როლი, რა თქმა უნდა, არჩევნებმა უნდა შეასრულოს, სათანადო პოლიტიკური კულტურის პირობებში ჩატარებულმა არჩევნებმა. ეს იყო ჩვენი შეთავაზება იგივე ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. და თუ დააკვირდებით, ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ. ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ამ პირობას ასრულებს.

 

ჩვენ წარვმართავდით ევროპული ტიპის კამპანიას, სადაც ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი საუბრობს სამომავლო ხედვებზე, არანაირი შავი პიარი და მსგავსი ელემენტები, მით უმეტეს არავითარი მძიმე ეპითეტები სხვა კანდიდატების, ოპონენტების მიმართ, მით უფრო, რომ ყველამ ვიცით, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალ საფეხურზე ავიყვანოთ პოლიტიკური კულტურა. თუმცა, ხედავთ როგორია ოპონენტების პასუხი ამაზე. მათი პასუხი აბსოლუტურად არაევროპული და არადასავლური კამპანიის წარმოებაა, რაც, სამწუხაროდ, ხანდახან ჩვენც იძულებულს გვხდის, მძიმე ფორმით შევახსენოთ მათ ის დანაშაულები, რაც წარსულში წლების განმავლობაში აქვთ ჩადენილი. ეს არის სამწუხარო რეალობა.

 

– პოლიტიკური სისტემის განვითარება ახსენეთ და ამ მიმართულებით პირადად მე მხარს ვუჭერდი თქვენს ნაბიჯებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ დამუხრუჭება მოგიწიათ... იგივე პარტიების დაფინანსების მიმართულებით ხელშესახები ჯერ ვერაფერი გაკეთდა...

 

– აუცილებლად გაკეთდება. ამ რეფორმას მივუბრუნდებით. უკვე საკმაოდ წინ ვართ წასული, კონკრეტული პროექტიც მომზადებულია. როგორც კი არჩევნები დასრულდება და მშვიდ პოლიტიკურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, მაშინვე მივუბრუნდებით ამ ცვლილებებს. შემიძლია პირობა დავდო, რომ აუცილებლად იქნება ფუნდამენტური ცვლილებები პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში და, ასევე, საარჩევნო კოდექსში, რაც მოემსახურება პარტიული სისტემის გაჯანსაღებას.

 

– თქვენ თქვით, მივუბრუნდებით, როგორც კი მშვიდ ვითარებას დავუბრუნდებითო, ამით გინდათ თქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს?

 

– კი, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ჩვენ ვიცით, რა რესურსი აქვს ოპოზიციას. მათ აქვთ ერთგვარი ბუნებრივი ჭერი, რაც დაკავშირებულია, მათ შორის, იმ დანაშაულებთან, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი. ანუ არის გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომელთათვისაც პრინციპულად მიუღებელია ყოველგვარი კავშირი ამ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის, ხმის მიცემის კუთხითაც. ასე რომ, თავი რომ დავანებოთ იმ ღირსებებს, რომლებიც აქვს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ეს ვითარება უკვე ქმნის იმის გარანტიას, რომ ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. აქ ალტერნატივა გამორიცხულია.

 

– სოციალურ კვლევებზე აპელირებთ. თუმცა, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეთ, ერთხელ თქვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზეა, მოგვიანებით – რომ მესამე ადგილზეა...

 

– ტენდენცია შეიცვალა. მეორედ ვთქვი, შეიძლება მეორეზეც ვერ გავიდეს-მეთქი. ახლოს არიან ერთმანეთთან ვაშაძე და ბაქრაძე.

 

– რით ხსნით ამ ტენდენციას?

 

– ვფიქრობ, უფრო მეტად აგრესიული კამპანია წარმოებს სწორედ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ვაშაძის მხრიდან და რაღაც მომენტში ეს ადამიანების გაღიზიანებას იწვევს. შესაბამისად, ამით უნდა აიხსნას ის, რომ ვაშაძეს აქვს კლების ტენდენცია. ისინი ერთმანეთსაც ართმევენ, რა თქმა უნდა, ელექტორატს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზებს, აქ არასოდეს ვცდებით. პროგნოზებს ვაკეთებდით 2016 და 2017 წლებშიც. მაშინაც ჩვენს შიდა კვლევებს ვეყრდნობოდით. თუმცა, ყოველთვის ვერიდებით ციფრების გამოტანას, საერთო სურათზე ვსაუბრობთ ხოლმე.

 

– თქვენ არა მხოლოდ ციფრებს არ ასახელებთ, არამედ არ ასახელებთ ორგანიზაციას, რომელიც თქვენთვის კვლევებს ატარებს...

 

– კი, ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა და არასწორია ამის გარეთ გამოტანა. ჩვენი შიდა კვლევა კეთდება არა იმისთვის, რომ ამ ფორმით ამომრჩეველზე ზეგავლენა მოვახდინოთ – ეს არ არის სწორი ფორმა, ეს არის ერთგვარი მცდელობა მანიპულაციის. ზოგად ტენდენციებზე ვესაუბრებით ხოლმე ჩვენს ამომრჩეველს, და ახლაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

 

– პირველივე ტურში?

 

– პირველივე ტურში. დღევანდელი სურათით ჩვენ პირველივე ტურში ვიგებთ არჩევნებს.

 

– რამდენიმე ხნის წინ საინტერესო რამ გაიხსენა სააკაშვილმა. მან თქვა, ვარდების რევოლუცია მაშინ დაიწყო, როცა შევარდნაძემ 2003 წლის არჩევნებში მეორე ადგილიდან მესამე ადგილზე გადამწია და ჩემს ადგილას „აღორძინება“ დასვაო. ხომ არ იყო ეს მინიშნება?

 

– მე ცოტა ხნის წინ ვთქვი გვარამიაზე, რომ ის არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტი. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას სააკაშვილზეც. მას არაფრის რესურსი არ აქვს. ეს დღევანდელი რეალობაა. ხმამაღლა საუბრობს. ასე საუბრობდა ის 2016 წელს, როცა გვირაბის გათხრა დააპირა ოდესიდან თბილისამდე. იგივეს ამბობდა 2017 წელს. 2017 წელს იწყებოდა მათი აღზევება და „ქართული ოცნების“ დაისი. ეს იყო მათი განცხადებები, თუმცა, რეალურად „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს არანაირი რესურსი არ აქვთ.

 

რესურსი არის საზოგადოების თანადგომა და საზოგადოების მხარდაჭერა. სწორედ ეს რესურსი აკლია „ნაცმოძრაობას“. ისინი, რა თქმა უნდა, დიდ ფულს ხარჯავენ ყველა შემდგომ არჩევნებში, ეს არის ხალხის ხარჯზე დაგროვილი ფული, რომელიც მათ წლების განმავლობაში აგროვეს. თუმცა, ფული ნამდვილად არ შველის არჩევნებს, ეს შემიძლია თამამად გითხრათ. როდესაც ასეთ დონეზე ხარ დისკრედიტებული და როდესაც ზურგს არ გიმაგრებს საზოგადოებრივი მხარდაჭერა, გამორიცხულია, მარტო მილიონების დახარჯვის ხარჯზე მიაღწიო სოლიდურ შედეგს არჩევნებში. ეს არის საზოგადოების პასუხი იმ დანაშაულებზე, რომლებიც მათ წლების მანძილზე ჩაიდინეს. შეგახსენებთ, რომ ეს არ იყო უბრალო დანაშაულები, უბრალო მსუბუქი ავტორიტარული რეჟიმი, ეს იყო რეჟიმი, რომელიც იდგა ადამიანის უფლებების უხეშ შელახვაზე, ადამიანის ღირსების შელახვაზე, ბიზნესის რეკეტზე, ადამიანების წამებაზე. გახსოვთ, რა სისასტიკეს უპირისპირებდა დამნაშავე რეჟიმი ნებისმიერ განსხვავებულ აზრს?

 

– ნაციონალების რესურსს ბევრწილად განსაზღვრავს ხელისუფლების სისუსტეც. „ომეგას საქმის“ სკანდალით, რომელიც, ალბათ, შემთხვევით არ გამოჩნდა არჩევნების პერიოდში, რამდენად შეეცდებიან ნაციონალები, „ქართულ ოცნებას“, მათ შორის, დასავლეთის მხარდაჭერაც დაგაკარგვინოთ. რამდენად სავარაუდოა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდება კომპრომატი, რომელსაც ციხის კადრის ეფექტი ექნება? ციხის კადრები შედგებოდა ორი ნაწილისგან. ერთი, რომელიც დასავლეთზე იყო გათვლილი და მას სისტემურ დანაშაულში არწმუნებდა; და მეორე, უკვე შიდა მოხმარებისთვის – ამომრჩეველზე ემოციურად ძალიან იმოქმედა გაუპატიურების კადრმა...

 

– მათ ჰქონდათ მცდელობა, თუმცა, ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული. რაც შეეხება კომპრომატებს, კომპრომატი რომ შექმნა, უნდა არსებობდეს გადაცდომა. გადაცდომის გარეშე კომპრომატი ვერ იქმნება და ეს დავინახეთ სწორედ „ომეგას საქმის“ მაგალითზე. სცადეს ცარიელ ადგილზე კომპრომატის ხელოვნურად შექმნა და მაშინვე დაიმსხვრა ეს მითი, იმიტომ რომ რეალურად გადაცდომას არ ჰქონდა ადგილი და დღეს ყველა ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ქვეყნდება რაღაც ახალი ფარული ჩანაწერები და სულ უფრო კომიკურ სახეს იღებს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ, თუ არ არის გადაცდენა, არ არის არც სკანდალი და არც კომპრომატი. და „ნაცმოძრაობას“ და მის ტელევიზიას ბუმერანგივით შემოუბრუნდათ ეს ე.წ. „ომეგას სკანდალი“. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სადაც არ არის გადაცდომა, იქ არ არის არც კომპრომატი და არც სკანდალი.

 

– ცოცხების კადრის მთელი ფოკუსიც ის იყო, რომ ის დადგმული იყო და არა რეალური, თუმცა, ხალხის ემოციები გამოიწვია, მათ დაიჯერეს ის.

 

– ციხის კადრები დადგმული რომ არ იყო, ეს სააკაშვილმაც დაადასტურა. წინაპირობა და წინაისტორია ჰქონდა ციხის სკანდალს. წინაისტორია იყო ის, რომ ყველამ ვიცოდით, მთელმა საზოგადოებამ იცოდა, რაც ხდებოდა ციხეებში. ემოცია ვერ წარმოიშობოდა ერთ წამში, ამას წინაპირობა რომ არ ჰქონოდა.

 

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, სწორედ აქ არის „ნაცმოძრაობის“ სისუსტე. დღეს ყველამ იცის, საქართველოში რომ ბიზნესის რეკეტი არ ხდება. როდესაც ეს ყველამ იცის და როდესაც ეს ინფორმაცია აქვს საზოგადოებას, ბუნებრივია, ხელოვნურად ვერანაირ სკანდალს და ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნი. ამიტომაც დაიმსხვრა ის მითი, რომელიც თავისავე ტელევიზიის საშუალებით ხელოვნურად მოიგონეს ნაციონალებმა. ნებისმიერი ასეთი უსუსური მცდელობა, რა თქმა უნდა, მომავალშიც განწირული იქნება წარუმატებლობისთვის. ისევე როგორც კონკრეტული პასუხი ჰქონდა ოქუაშვილის საქმეს, რომელსაც სურდა, თავიდან აერიდებინა 50 მილიონის გადახდა იმის ხარჯზე, რომ „ნაცმოძრაობას“ შეეკრა და მათთან ერთად დაალაგა ეს ხელოვნური ჩანაწერები, ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება ყველა ასეთი მცდელობა. სადაც არ არის გადაცდომა, იქ ვერ იქნება ვერც კომპრომატი.

 

– თქვენ რამდენიმე მძაფრი განცხადება გააკეთეთ პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ კონსტიტუციაზე მუშაობის დროს, ახლა – ნიკა გვარამიას მიმართ. საერთოდ, ვიცნობ რამდენიმე პოლიტიკოსსა და ექსპერტს, რომლებიც ამბობენ: კი, მართალია აქ „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს რომ ვთქვათ, მერე „რუსთავი 2“-ში არ მიგვიწვევენო. თქვენ ასეთი მძაფრი გამონათქვამები არ გაზიანებთ?

 

– ვისაც ეშინია, რომ სიმართლის თქმის გამო „რუსთავი 2“-ზე არ მიიწვევენ, მან საერთოდ არ უნდა ისაუბროს პოლიტიკურ მოვლენებზე. თუ ამ დონეზე არ აქვს ადამიანს გაცნობიერებული საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სიმართლის თქმის ეშინია ტელევიზიაში არმიწვევის შიშით, მაშინ სხვა საქმით უნდა დაკავდეს. თუ გაქვს ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის შიში და ამის გამო არ ამბობ სიმართლეს, ბუნებრივია, შენს აზრს ფასიც არ აქვს. ჩვენ ვერ გავჩუმდებით იმის გამო, რომ რაღაცას ვუფრთხით... ამ შემთხვევაში საუბარია პარტიულ ტელევიზიაზე. ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე.

 

– მაგრამ აქ ხომ სიმართლის თქმაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია შეფასებით ნაწილზე. მაგალითად, „ფაშისტი“...

 

– ეს არ არის შეფასება, იმიტომ რომ იქ გვარამია ამბობს ძალიან კონკრეტულ რამეს: ის ადამიანები, რომლებიც ჩანან სალომე ზურაბიშვილის გარშემო... – და საუბარია ათი ათასობით ადამიანზე, მათ შორის, ჩვენი საზოგადოების ასეულობით თვალსაჩინო წარმომადგენელზე: შემოქმედების სფეროში, ინტელექტუალურ სფეროში და სხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანებზე, მათ შორის ბიზნესმენებზეც – როცა ამ ადამიანებზე ამბობს, რომ ისინი უნდა მოიკვეთონ ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის ნებისმიერი სფეროდან, ეს ცალსახად ფაშისტური განცხადებაა. ეს არ არის შეფასებითი განცხადება ჩემი მხრიდან. აქ არის ცალსახა განცხადება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მის უკან დგას ფაშისტური დამოკიდებულება მოვლენებისადმი.

 

გარდა ამისა, აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი: ამას წინათ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობდა, რომ თითქოს ფაშისტი არის არაეთიკური გამონათქვამი და ის თავის თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. და ამ დროს ამ ორგანიზაციებმა ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე თქვეს, რომ მან გააკეთა რასისტული განცხადება. ჯერ რასიზმი რა არის, რომ არ იციან არასამთავრობოებმა, მძიმე მოვლენაა, მაგრამ, როდესაც რასიზმს აბრალებ ერთს და მეორე არ გინდა ფაშიზმად შეაფასო, მაშინ უკვე სხვა რამესთან გვაქვს რეალურად საქმე. არ უნდათ ამ ადამიანებს, საზოგადოებას უთხრან სიმართლე და ეს შემაშფოთებელი მოვლენაა. იმიტომ რომ ყველაფერზე შეიძლება მეტ-ნაკლებად თვალი დახუჭო, მაგრამ, როდესაც ვიღაცა ხელს აფარებს ფაშისტური განცხადების ავტორს, იქ უკვე ბუნებრივია, ჩვენი რეაქცია ხისტი და რადიკალური უნდა იყოს.

 

და გვარამიას ეს განცხადება კიდევ უფრო მეტად იმიტომ არის შემაშფოთებელი, რომ ამას ამბობს ის ადამიანი, რომელიც მანამდე, ცხრა წლის განმავლობაში, ძველი ხელისუფლების პირობებში, ამას ასრულებდა პრაქტიკაში. ანუ, რითაც გვემუქრება დღეს ნიკა გვარამია, წარსულში ამას ის ასრულებდა. გვარამია პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესმენების რეკეტში, ხელოვანების დევნაში, ჩარეცხვაში და ასე შემდეგ.

 

აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ მეტაფორული ან არასერიოზული გამონათქვამი, ეს არის კონკრეტული მუქარა, რომელსაც სჭირდება ძალიან ხისტი რეაგირება. განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავის თავს სამოქალაქო აქტივისტებს უწოდებენ. როდესაც მათი მხრიდან ვერ ვნახეთ რეაქცია, საჭირო იყო რეაგირება და გავაკეთეთ კიდეც.

 

ფიქრობთ, რომ „ნაციონალურ მოძრობას“ სურს, თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა ახლა იმით გადაფაროს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ იძახოს, პრორუსული ძალაა და სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის მისაღები ფიგურააო?

 

– რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი მარტივი საარჩევნო ტრიუკებია, რომელსაც იყენებს „ნაცმოძრაობა“. ეს კლიშეებია, რომლებიც ხელოვნურად იქმნება და რეალობასთან არაფერი არ აქვს საერთო. ეს არის შავი პიარის შემადგენელი ნაწილი.

 

– რას იტყვით 2008 წლის ომზე?..

 

– რაც შეეხება ომის თემას, არცერთ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს: საქართველომ დაიწყო ომი. აქ საუბარია სააკაშვილის დანაშაულზე, რომელიც მან ჩაიდინა და ეს არის მთავარი ეპიზოდი. იყო პროვოკაციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ამ პროვოკაციებს სააკაშვილმა გასცა სამხედრო პასუხი და ეს იყო უმძიმესი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინაშე და არა რუსეთის ფედერაციის წინაშე, იმიტომ რომ ზუსტად ამ ეპიზოდმა მისცა რუსეთის ფედერაციას საბაბი იმისთვის, რომ დაეწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ. ეს იყო მთავარი დანაშაული და სწორედ ამ დანაშაულზე საუბრობდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ბრალდება სააკაშვილის წინააღმდეგ, რომ მან სამხედრო პროვოკაციებს გასცა სამხედრო პასუხი და ეს იყო სწორედ ცხინვალის დაბომბვის ეპიზოდი და ამან მისცა საბაბი რუსეთის ფედერაციას. ისინი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ამისთვის, მომენტს ელოდებოდნენ და ეს მომენტი უნდა მიეცა ან ავანტიურისტს, ან მოღალატე ხელისუფლებას. ეს საბაბი მისცა სააკაშვილმა რუსეთის ფედერაციას და მათ დაიწყეს ნანატრი ომი საქართველოს წინააღმდეგ.

 

ეს არის ის დანაშაული, რომელსაც ჩვენ ვერც სააკაშვილს და ვერც „ნაცმოძრაობას“ ვერასდროს ვაპატიებთ. ამ დანაშაულის შედეგია, შეგახსენებთ, ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ. მანამდე გახსოვთ თქვენ, რომ ცხინვალის რეგიონში დასახლებული ტერიტორიის უდიდეს ნაწილს ვაკონტროლებდით, ვაკონტროლებდით აფხაზეთში სტრატეგიულ კოდორის ხეობას. და ეს ტერიტორიები მიითვისა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ. გარდა ამისა, ამ ომის შედეგია ათი ათასობით ახალი დევნილი ამ ტერიტორიებიდან, ასობით დაღუპული ადამიანი. არ ვიცი, ასეთი დანაშაულის შემდეგ როგორ უნდა გაგიჩნდეს კიდევ იმის ამბიცია და პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდე. ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, თუმცა, როდესაც შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილი და ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს ჰქონია შუბლის ძარღვი მთელი, ბუნებრივია, ასეთი პრეტენზია გაგიჩნდეს.

 

– თუმცა, ჩნდება სხვა კითხვა. ჰააგაში ვედავებით რუსეთს ომის დაწყების გამო, აქ ჩართულია იუსტიციის სამინისტრო. როგორ გესახებათ ამ ფონზე ის გარემოება, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნი, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, სადაც ის აღწერს, როგორ დაიწყო ომი საქართველომ, რუსეთს მტკიცებულებად აქვს გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ...

 

– ყველაფერში რუსეთის ფედერაციაა დამნაშავე, ის იყო ამ ომში აგრესორი. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, იცის მთელმა მსოფლიომ. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერში დამნაშავე არის რუსეთის ფედერაცია, მათ წინასწარ ჰქონდათ მომზადებული სცენარი, მათი მიზანი იყო ომის დაწყება და დაიწყეს ომი საკუთარი სცენარის საფუძველზე. აგრესორი, ინიციატორი იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა, ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედება... ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ვიდავოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია იყო ომის ინიციატორი. ის წინასწარ ემზადებოდა ომისთვის, წინასწარ ჰქონდა მომზადებული შეიარაღებული ძალები ჩვენს საზღვრებთან, ელოდებოდა ამ დანაშაულს სააკაშვილის მხრიდან. მას უნდა მიეცა რუსეთისთვის საბაბი, რომ სრული სამხედრო ძალით შემოსულიყო საქართველოში და როგორც კი მათ სცენარში ჩაჯდა სააკაშვილი, მაშინვე განახორციელეს აგრესია და ეს იციან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა.

 

სცენარი იყო მათი და ზუსტად ეს უნდა ამტკიცოს ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენთვის მთავარია იმის მტკიცება, რომ სცენარი იყო რუსული და რომ ის იყო ომისა და აგრესიის ინიციატორი და ამას ზუსტად ისე დაამტკიცებს თეა წულუკიანი ჰააგაში, როგორც ამტკიცებდა აქამდე. და ამაში მას დაეხმარება როგორც სალომე ზურაბიშვილი, ისე თითოეული ჩვენგანი.

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს საგანგებოდ ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში და იქაურ გამოცემებს მისცა ინტერვიუები. იქ საუბრობდა სწორედ ამაზე, რომ საქართველო დაისაჯა საკუთარი დასავლური კურსისთვის. ის ბოლომდე იცავდა სახელმწიფო ინტერესებს და პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ 2008 წელს შედგა რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია.

 

ეს მოღალატის კლიშე ხელოვნურად არის შექმნილი.

 

კიდევ ერთ ფაქტი. რეზოლუციას, რომელიც პასემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა, ხმა მისცა მთელმა „ნაცმოძრაობამ“ და მათ იმ რეზოლუციაში პირდაპირ ჩაწერეს ის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა და იქ, სამწუხაროდ, საუბარია სწორედ იმაზე, რომ ეს დანაშაული ჩადენილია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. თუ ღალატზეა საუბარი, ეს სწორედ იმ რეზოლუციისთვის ხმის მიცემაა, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ტექსტი ჩაიწერა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატების თანამონაწილეობით და ამაზე საუბარს ისინი ყოველთვის გაურბიან. იმ რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა იყო ნამდვილად ღალატი. რუსებმაც კი, რომლებმაც თავისი სასარგებლო რეზოლუცია გაიტანეს, საბოლოო ჯამში, კენჭისყრისგან თავი შეიკავეს და დარბაზი დატოვეს. რეზოლუციაში ჩაიწერა უმძიმესი რამ: იქ საუბარია კასეტურ ბომბებზე, საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ძალიან დიდი საფრთხის შექმნაზე და საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ნაბიჯის შემდეგ კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადავიდა. ასეთი მძიმე ტექსტის ავტორები სხვას რომ ღალატს აბრალებენ, ეს, ბუნებრივია, ამაზრზენია.

 

– ფიქრობთ, რომ ოპოზიციაში ვაკუუმია? ახლა თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს. შეგიძლიათ, მუდმივად 9 წელზე ისაუბროთ... ძლიერი ოპოზიციური ძალის არსებობა აუცილებელია...

 

– ეს არის დღევანდელი მოცემულობა. მეორე ძალა ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობაა“ თავისი ფიქციური და ფაქტობრივი განშტოებებით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს რეალობა შეიცვლება. სასურველია, ეს დისკრედიტირებული ძალა ჯანსაღმა ძალამ ჩაანაცვლოს. უახლოეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ ამას. თუმცა, სამომავლოდ ჩვენ გაჯანსაღებული პოლიტიკური სპექტრი უნდა მივიღოთ.

 

– გამორიცხავთ, რომ ოპოზიცია ისევ ხელისუფლების შიგნით გაჩნდეს? „ქართულ ოცნებაში“ ძალიან დინამიკურ პროცესებს ვხედავთ...

 

– დღეს ამის პერსპექტივა არ არსებობს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ერთიანი ძალით იქნება წარმოდგენილი. და დარწმუნებული ვარ, ჩვენ იქაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×