logo_geo
eng_logo
ლადო ბურდული: ეს ბიჭები აგვისრულებენ ოცნებას! – ჩვენ შეგვიძლია
- +

21 ოქტომბერი. 2018. 00:43

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე, ჩვენი გუნდის წარმატებების შეფასება, ვლადიმირ ვაისის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება – ამ და სხვა თემებზე ესაუბრა „ლელო“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ლადო ბურდულს.

 

– თავდაპირველად, საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს, ამ ძალიან მაგარ ბიჭებს ვულოცავ ამ წარმატებას, – ასე დაიწყო ლადო ბურდულმა „ლელოსთან” ინტერვიუ, – ყველას ვულოცავ, ვინც თუნდაც ერთი აგური დადო ამ წარმატებაში. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შედიხარ ინტერნეტში, ან შლი გაზეთს და უყურებ სატურნირო ცხრილს, რომელშიც საქართველოს ნაკრები 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს და გოლიც არ აქვს გაშვებული…

 

ჩვენ ადრეც არაერთხელ გვისაუბრია და სულ ვამბობდი, რომ წარმატება აუცილებლად მოვიდოდა. უბრალოდ, უნდა გვევლო ამ მიზნისკენ თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ… და ასეც მოხდა. ამ ეტაპზე საქმის მხოლოდ ნახევარია გაკეთებული, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, მეორე ნახევარიც გაკეთდება…

 

ჩვენ ვნახეთ ფეხბურთის გარშემო გაერთიანებული საქართველო. ეს უკვე ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს წარმატებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ახლა ვნახეთ, როგორ შეუძლია აანთოს ხალხი საფეხბურთო წარმატებამ.

 

უდიდეს პატივისცემას ვადასტურებ სპორტის ყველა სახეობის მიმართ, მაგრამ ფაქტია – ფეხბურთი დღეს მაინც სპორტის ნომერი პირველი სახეობაა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში… ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ იყო ხალხის კატეგორია, ვინც ამბობდა – ფეხბურთის თამაში არ არის ჩვენი საქმეო, საერთოდ დავანებოთ თავიო… ძალიან მიხარია, რომ დღეს საწინააღმდეგო დამტკიცდა. მჯერა, დღეს ეს ადამიანები ჩვენთან ერთად გულწრფელად ზეიმობენ ამ გამარჯვებას.

 

– როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე მიაღწია საქართველოს ნაკრებმა ამ წარმატებას?

 

– რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში უდიდესია ფეხბურთელების წვლილი, მაგრამ მე მაინც მთავარი მწვრთნელიდან დავიწყებ. თავის დროზე ჩვენ არაერთხელ შევეხეთ ვლადიმირ ვაისის თემას და ამასაც ვამბობდი, რომ ის უნდა დარჩენილიყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

 

ვაისი ძალიან კარგად შეეწყო ქართულ მენტალიტეტს. მან ინდივიდუალურად მოარგო გასაღები თითოეულ ფეხბურთელს… ძალიან მსიამოვნებს, როცა ვუყურებ საქართველოს ნაკრების თამაშს და ვხედავ, როგორ მუშაობენ დაცვაში ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი.

 

ვაისმა მაგრად შეკრა გუნდი და ის ერთიან ორგანიზმად აქცია. საქართველოს ნაკრები თამაშობს ფეხბურთს, რომელიც ეფუძნება შეტევას და ბურთის კონტროლს. ფეხბურთელები მინდორზე არ დგანან, კარგად მოძრაობენ. თუ ვინმე იტყვის, რომ იოლი მეტოქეები გვყავდა, მე მექნება ჩემი არგუმენტი: დღევანდელ ფეხბურთში აღარ არიან იოლი მოწინააღმდეგეები. თავად ყაზახეთი და ლატვიაც უკვე წლებია, “ჩაკეტილი” ფეხბურთის მიმდევარ გუნდებს შორის არიან და ასეთი გუნდების “გახსნა” არ არის იოლი საქმე.

 

– რა თქმა უნდა, გაეცნობოდით საქართველოს ნაკრების პოტენციურ მეტოქეებს. რომელთან ისურვებდით თამაშს პლეი ოფში?

 

– ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე 2 მოგება დაგვრჩა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვფიქრობთ პოტენციურ მეტოქეებზე. მე მაინც ასე ვიტყოდი: მინდა, რომ მაკედონია აგვცდეს. საქართველოს ნაკრებს ყველა დანარჩენთან შეუძლია წარმატებით თამაში. უბრალოდ, მაკედონიას ვამბობ იმიტომ, რომ ევროპაში არაერთი ფეხბურთელი ჰყავს და წარმოადგენს ფეხბურთის იუგოსლავიურ სკოლას, რომელიც დაფუძნებულია ბრძოლისუნარიანობაზე.

 

ჩემი სიტყვები სულაც არ ნიშნავს  იმას, რომ მაკედონიის ნაკრები ერთი თავით სჯობს ჩვენს პოტენციურ მოწინააღმდეგეებს. მაგალითად, აქ არის კოსოვო. ნორმალური და პროგრესირებადი შემადგენლობით, ოღონდ ის მაინც “ახალი ხილია” მსოფლიო ფეხბურთში. მოკლედ, თამაში და მოგება შეიძლება ყველა პოტენციურ მეტოქესთან.

 

– საქართველოს ნაკრებში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძე, ვინც ბოლო შეხვედრები თვალისმომჭრელად ითამაშა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ აუვარდებათ მათ თავში, ხომ არ გააყოყოჩებთ ეს წარმატება?

 

– ჩვენ კარგად ვიცით, როგორი იყო ქართული ფეხბურთის სინამდვილე და, აქედან გამომდინარე, ამ კითხვას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ფეხბურთელმა დაიწყო ძალიან კარგად და მერე ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა უკან. ეს არის ფაქტი და ამას ვერსად გავექცევით.

 

მჯერა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ასე არ დაემართებათ. ახლა სულ სხვა დროა. პროფესიონალიზმი მეტია. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი ჩაკვეტაძეს, ჩვენ ახლოს არ ვიცნობთ ერთმანეთს. ვიცნობთ ალბათ მხოლოდ გვარ-სახელებით. სამაგიეროდ, ჩემი მეგობარი ლაშა ჯაკობია მისი მენეჯერია და მისგან ვიცი, რომ გიორგი ძალიან წესიერი, უაღრესად თავმდაბალი ბიჭია. ეს ძალიან კარგია. პირდაპირ ვიტყვი – ჩაკვეტაძის თამაშს რომ ვუყურებ, ფეხბურთი მიხარია.

 

– ლატვიასთან საგარეო შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა ნაკრები გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე ათამაშა. პირადად ჩემი აზრია: ეს სქემა მოგვიხდა. თქვენ რას ფიქრობთ?

 

– მწვრთნელები ფეხბურთს ცოტა სხვა თვალით ვუყურებთ და ამაში გასაკვირი არაფერია. ეს ჩვენი პროფესიაა. თუ არ მიწყენთ, გეტყვით, რომ ლატვიასთან საგარეო შეხვედრაში ვაისს არ უთამაშია ცენტრფორვარდის გარეშე. უბრალოდ, არ გვყავდა ისეთი ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც გამოკვეთილი ფორვარდის ტიპს წარმოადგენს.

 

სწორედ იმაშია მწვრთნელის გამჭრიახობა, რომ კონკრეტული თამაშისთვის შეარჩიოს კონკრეტული სათამაშო მოდელი. ისეთი, რომელიც გუნდს მიიყვანს წარმატებამდე. ვაისმა შესანიშნავად გათვალა, რომ ლატვია ვეღარ იქნებოდა საშინაო შეხვედრაში ისე ჩაკეტილი, როგორიც იყო თბილისში. მათ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ. ამიტომ შესაბამისი შემადგენლობა შეირჩა, უფრო სწრაფი და მსუბუქი. რაც შეეხება ნიკა კაჭარავას, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდი სამუშაოს შესრულება შეუძლია მეტოქის საჯარიმოში. უბრალოდ, ამ შეხვედრას უფრო სხვა მონახაზი მოუხდა.

 

ასევე ძალიან მომწონს ის, რომ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები შესანიშნავად ახერხებს თანამედროვე ფეხბურთის ორ მთავარ რამეს – სწრაფად გადადის დაცვიდან შეტევაში და – პირიქით.

 

– ორი მოგება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე – როგორი მოლოდინი გაქვთ?

 

– ძალიან ოპტიმისტური! ახლა მთავარია, ნაადრევად არ დავმშვიდდეთ და არ მივეცეთ ზედმეტი დოზით თვითკმაყოფილებას. ასევე არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აკრეფილი გვაქვს სვლა და ამ სვლით ყველა ბარიერს გავივლით. ახალი მოტივაციით და დიდი აღმაფრენით უნდა ვითამაშოთ.

 

ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენს თაობას, სულ მცირე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ვრცელი თემაა და მე უბრალოდ ვიტყვი, რომ მაშინ სხვა დრო იყო. ახლა ყველა ამ ბიჭებს შევყურებთ. მჯერა, ისინი აგვისრულებენ ოცნებას. ეს ჩვენს ძალებს არ აღემატება!..

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×