logo_geo
eng_logo
მიხეილ მაჭავარიანი: პაატა ბურჭულაძესთან, შესაძლოა, კოალიცია შევქმნათ
- +

16 მაისი. 2016. 15:42


რატომ გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას" პროცედურული ომი, დამყარდა თუ არა „ნაცმოძრაობაში" დიქტატურა, ვინ აპირებს პარტიიდან გაქცევას? - ამ თემებზე „ახალ თაობას" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება.


- 12 მაისს პარლამენტს სუს-ის უფროსისთვის უნდა მოესმინა. ეს მოსმენა ჩავარდა, ხელისუფლება ამა„ნაცმოძრაობას" სდებს ბრალად და აცხადებს, რომ თქვენ მათ პროცედურული ომი გამოუცხადეთ.


- დიახ, ჩვენ გამოვაცხადეთ პროცედურული ომი და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. 12 მაისის პარლამენტის სხდომაზე განსახილველად გამოიტანეს ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებას ეხებოდა. ბესელიამ ევროსაბჭოს მომხსენებლებს პირობა მისცა, რომ ამ კანონს არ გაიტანდა განსახილველად. რადგანაც პირობა დაირღვა, ჩვენც გადავწყვიტეთ საპასუხო ზომების მიღება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხელისუფლება ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლო უმოქმედოდ აქციონ. ამ კანონის განხილვა „რუსთავი 2"-ის სასამართლოს დაემთხვა. ცდილობენ, ისეთ ჩარჩოებში მოაქციონ საკონსტიტუციო, რომ მისგან რაღაც პრობლემები არ შეექმნათ. ჩვენ უმრავლესობას დავპირდით, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებდით და ეს შევუსრულეთ.


რაც შეეხება გომელაურს, მისი მოსმენა თავად უმრავლესობას არ სურდა. მათ ეს საკითხი მიაჩუმათეს. წესით, პარლამენტში მისი მოსვლის შესახებ ბიუროს სხდომაზე უნდა გაკეთებულიყო განცხადება. ბიუროზე არაფერი თქვეს და მხოლოდ წინა დღეს გაამხილეს ეს ამბავი. რა უნდა ამ ხალხს, მართლა ვეღარ გავიგე. ერთი დასკვნა ნამდვილად მაქვს - ეს ხელისუფლება არის სრულიად უნიათო და ეს მთავრობის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა. თავიანთ წვენში იხარშებიან და არავინ ფიქრობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ქვეყანა კრიმინალმა და გაჭირვებამ წალეკა, ესენი კი იმაზე ზრუნავენ, საარჩევნო სიაში მოხვდნენ როგორმე.


- საარჩევნო სიაში მოხვედრას თქვენი პარტიის წევრები არ ცდილობენ?


- პოლიტიკაში ვინც არის, ყველას სურს პარლამენტში მოხვედრა. ჩვენთანაც მიდის ეს პროცესი, მაგრამ მას საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც „ქართულ ოცნებაში" ხდება.


- მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ამ მხრივ თქვენთან გაცილებით მძიმე მდგომარეობაა და მაგალითად გიორგი ვაშაძის წასვლა მოჰყავთ...

 

- ამ ამბავმა მართლა სულზე მიუსწრო ხელისუფლებას. გიორგი ვაშაძემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, მარტო ქოცებს რომ გაუხარდათ. პირადად მე გაცილებით ადრე ვიცოდი, რომ ვაშაძესთან დაკავშირებით რაღაც მოხდებოდა და ეს პროცესი უნდა დამეჩქარებინა. უბრალოდ, მეგონა, რომ მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდა.


- როგორც ამბობენ, სიის ფორმირების პროცესმა ბევრი თქვენი თანაპარტიელი გაანაწყენა. ექსპერტები და პოლიტიკური წინასწარმეტყველები ვარაუდობენ, რომ ვაშაძესავით სხვებიც გაიჯახუნებენ კარს. მართლა არის ამის საშიშროება?


- ვიღაცას, შესაძლოა, კიდევ უმტყუნოს ნერვებმა და წავიდეს. მე ეს არ მიმაჩნია დიდ ტრაგედიად. საარჩევნო სიის ფორმირების დროს ყოველთვის არის დაძაბულობა. ასეთი რამე ყველა პარტიაში ხდება. მე არ ვმალავ, რომ ჩვენთან დაძაბულობა არის, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ, ქოცებში რა ხდება.


- თქვენ სად ნახეთ, რა ხდება ქოცებში?


- პარლამენტში რასაც ვხედავ, ესეც საკმარისია დასკვნის გასაკეთებლად. „ქართული ოცნების" დეპუტატები გადარეულები დადიან, არცერთმა არ იცის, მოხვდებიან თუ არა სიაში. სიაში სასურველ ადგილზე არმოხვედრის გამო პარტიიდან დემარშით წასვლა გამართლებული ნაბიჯი არ არის. ასეთ რამეს უპასუხისმგებლო ადამიანები აკეთებენ. გიორგი ვაშაძეს შეუძლია, ყველაფერი დამაბრალოს, მაგრამ მე უამრავი ადამიანის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. საუბარია ჩვენი პარტიის წევრებზე, რომლებმაც 2012 წლიდან არნახულ ზეწოლებს გაუძლეს.


- ვაშაძის ბრალდებები ახსენეთ და მართლა კაბინეტურ მმართველობაზე ხართ გადასული?


- რის კაბინეტური მმართველობა, კაცო, კაბინეტი საერთოდ არ მაქვს. ყველას შევახსენებ, რომ თავის დროზე საკუთარი სურვილით წავედი აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან. ამ დროს ვაშაძე პარტიის მდივანი იყო. ამასწინათ წავიკითხე, ბაქრაძეზე ამბობდა, შეგვახსენოს, რომელი რეფორმა გაატარაო. მაგას ის ხომ არ ჰგონია, რომ თავად გაატარა რეფორმები. ასე თუ ფიქრობს, მისთვის გასაგები რომ იყოს, უკრაინის მაგალითს მოვიყვან. უკრაინის რადა რატომ არ ამტკიცებს რეფორმებს და რატომ იჭედებიან? იმიტომ, რომ რადაში ამის ნება არ არსებობს. ჩვენთანაც ცხარე დებატები იყო ამ რეფორმებზე, მაგრამ გავიტანეთ. ისიც კარგად გვახსოვს, ვის ეკუთვნის იუსტიციის სახლების იდეა.


- ბოლოს და ბოლოს, ვისი იდეა იყო ეს? იმდენი იბრალებს, ხალხი დაბნეულია.


- ვისი იდეა იყო და ზურაბ ადეიშვილის. ისიც კარგად მახსოვს, რა ეტაპიდან ჩაერთო ამ პროცესში გიორგი ვაშაძე. არც პარტია ჩაკეტილა და ჩვენი სამდივნო სულ ღიაა. პოლიტსაბჭოზე დასწრება და საკუთარი აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია.

 

- აზრის გამოთქმა შეიძლება ყველას შეუძლია, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს?


- გადაწყვეტილებებს ყველა ერთად ვიღებთ. ინტერვიუ დავიწყეთ საპროცედურო ომზე. ეს გადაწყვეტილება ყველამ ერთად მივიღეთ. ეს პარტია არავის მიერ არ არის მონოპოლიზებული. პარტიის მდივანი თუ ხარ, პარტიის ოფისში უნდა იარო და პარალელური სტრუქტურები არ უნდა შექმნა.


- გადაწყვეტილებებს ყველა ერთად ვიღებთო. სააკაშვილიც მონაწილეობს ამ პროცესში?


- რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მიშა არის ამ პარტიის ლიდერი და, ბუნებრივია, ამ პროცესებშია ჩართული.


- გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ სააკაშვილი პარტიას ბოლომდე ვეღარ აკონტროლებს...


- ეს ზღაპარია. მიშა ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს. ჩვენ ჩვენსას ვეუბნებით.


- საბოლოოდ ვისი პოზიცია იმარჯვებს ხოლმე, თქვენი თუ იმისი?


- ხან ჩვენი, ხან - მიშასი. ყველა საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. პარტიაში ყველა მიმართულებით დემოკრატიული პროცესები მიდის. „გირჩებს" რომ ჰკითხო, ჩვენთან დემოკრატია არ იყო. თუ ეს მართალია, რატომ არ იბრძოლეს, რომ დემოკრატია დამყარებულიყო? ერთ-ერთი „გირჩთაგანი" პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. მიშას უკრაინაში ბევრი საქმე აქვს, მაგრამ პარტიისთვის ყოველთვის იცლის, გვაცნობს შეხედულებებს. მაგალითად, გვესაუბრა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სიაში გენდერული თანასწორობა. ჩვენ, სააკაშვილის გარდა, აზრს რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ვეკითხებით.


- მოდით, პაატა ბურჭულაძეზეც ვისაუბროთ. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. ამბობენ, რომ ის არის ნაციონალების პროექტი და მალე თქვენთან ალიანსში შემოვა...


- პაატა ბურჭულაძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. „ნაციონალური მოძრაობის" მთავარ მიზანს ივანიშვილის მმართველობის დასრულება და არსებული კრიზისის დაძლევა წარმოადგენს. მომავალი გვიჩვენებს, რომელი ძალები იქნებიან ამ ბრძოლაში თანმიმდევრულები და ვის ექნება დასავლური ღირებულებები. თუ ამ კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ ჩვენც და ბურჭულაძეც, ბუნებრივია, იქნება თანამშრომლობა. ქოცები მას შეგნებულად უვრცელებენ ხმებს, რომ ის ჩვენი პროექტია. თავიანთი ჭკუით, ფიქრობენ, რომ ამით პაატას დააზარალებენ. მათიც კარგად მესმის. იციან, რომ ბურჭულაძის გამოჩენა მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. პრევენციული დარტყმები შედეგს არ მოუტანს. სულ უფრო იზრდება იმ პარტიების რაოდენობა, რომლებსაც „ქართული ოცნება" აღარ აწყობთ. უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ერთ მხარეს არიან ქოცები, ხოლო დანარჩენი პარტიები - მეორე მხარეს.


- თქვენი პასუხიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ბურჭულაძესთან მართლა შეხვალთ ალიანსში...


- ამის თქმა ჯერ ნაადრევია. კოალიციის შექმნას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მანამდე უნდა ვნახოთ, რა გუნდი ეყოლება მას. საინტერესოა ასევე მათი ეკონომიკური პროგრამა. ასეთი რამე ჯერ არ მინახავს. ასე რომ, დასკვნების გაკეთება ჯერ არ ღირს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×