logo_geo
eng_logo
„პირდაპირი გაგებით, კრიმინალი ჩაიდინეს“, - გიორგი თარგამაძე „იმედში“ შეჭრას იხსენებს
- +

8 ნოემბერი. 2018. 13:55

 

 

2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დაარბია, ხოლო შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში მყოფ ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა, გაანადგურა ტელეკომპანიის ტექნიკა და ფიზიკურად გაუსწორდა მედიის წარმომადგენლებს.

 

აღნიშნულ თემაზე „აიპრესი“ „ტელეიმედის“ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროგრამების მაშინდელ დირექტორს გიორგი თარგამაძეს ესაუბრა.

 

როგორც გიორგი თარგამაძე იხსენებს, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი გაგებით, იყო კრიმინალი:

 

- გარდა იმ ძალადობისა, რაც პირდაპირი გაგებით ღია ეთერში ჩანდა, ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში.

 

- რას გულისხმობთ?

 

- ვგულისხმობ ზოგადად მათ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესების მიმართ, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, საკუთარი როლის მიმართ, საზოგადოების მიმართ და ა.შ.

 

ყოველ წელს ვიხსენებთ იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა. ცოცხლდება ის ემოციები, რომელიც ძალიან მძიმე იყო. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ 7 ნოემბერი, არამედ შემდეგი დღეებიც.

 

ძალიან ბევრი ადამიანი იხსენებს ხოლმე 7 ნოემბერს, მათ შორის ძალიან ბევრი არ მინახავს იმ დღეებში ამ პროცესთან დაკავშირებულ მოძრაობებში, მაგრამ ეს გასაკვირი არცაა. ეს ყველაფერი ღია ეთერში ხდებოდა, ამიტომ ეს ყველაფერი ადამიანებმა საკუთარ თავზე განიცადეს, ის რაც პირველად მე, ჩემი ოჯახის წევრებს, „ტელეიმედის“ თანამშრომლებს, ან არხის მფლობელებს შეეხო სხვადასხვა სიმძიმით და სხვადასხვა ფორმით. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ ეს საერთო ეროვნული განსჯის საფუძველი გახდა. მაგრამ დრო გადის და დღეს უფრო მეტად ვფიქრობთ იმ გაკვეთილებზე, რომელიც 7 ნოემბერმა, ან შემდგომმა მოვლენებმა საქართველოს უნდა მოუტანოს. იქნება ეს მედია, თუ სახელმწიფოს და პოლიტიკური კლასის დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ. მოხდება თუ არა მედიის როლის გააზრება თანამედროვე საზოგადოებაში და ასევე თითოეული მედიასაშუალების პასუხისმგებლობის საკითხიც.

 

- ვერ მოხდა 7 ნოემბრის გაკვეთილის გააზრება?

 

- ამ კუთხით 7 ნოემბერი არ არის მარტივი მოვლენა. მარტივია იმ მიმართულებით, რომ პირდაპირი გაგებით, კრიმინალი იქნა ჩადენილი. სახელმწიფო ხელისუფლების ხელმძღვანელებმა გადააბიჯეს იმ წითელ ხაზებს, რომელიც არასოდეს უნდა დაირღვეს დემოკრატიული პრეტენზიის მქონე ქვეყანაში.

 

ამავე დროს ეს დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან და არა მარტო იმ მხრივ, რომ აღარ განმეორდეს ტელევიზიის კონტროლქვეშ აყვანისა და უხეშად წართმევის პრობლემები. ეს გაკვეთილი უკვე არსებობს, თუმცა, აშკარად სახეზეა რომ ამ სურვილზე უარის თქმას ხელისუფლებაში მოსული არცერთი პოლიტიკური ძალა არ აპირებს.

 

თუმცა, ეს სულ უფრო და უფრო რთული ხდება, ვინაიდან ტექნიკური საშუალებები გაცილებით უფრო დემოკრატიული გახდა. სოციალური მედია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში სულ უფრო და უფრო მძლავრ როლს თამაშობს, მათ შორის პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაში. მე მაინც მგონია, რომ 7 ნოემბრის სრული გაკვეთილი არც პოლიტიკურ ელიტას, არც მმართველ პოლიტიკურ ინსტიტუტებს და მათ შორის მედიის საკმაოდ დიდ ნაწილს ჯერ არ გამოუტანია.

 

- როგორც მივხვდი, გზავნილია თქვენი მხრიდან „რუსთავი 2“-ის თემასთან დაკავშირებითაც…

 

- ჩემი მხრიდან გზავნილი არის პოლიტიკური და საინფორმაციო პლურალიზმის შენარჩუნების აუცილებლობა. ეს არის მთავარი გზავნილი. არცერთი ტელევიზია არ ყოფილა იდეალური არც საქართველოს ისტორიაში და არც მსოფლიო ისტორიაში. არ ყოფილა 100%-ით იმ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი, რასაც ჩვენს სტუდენტებს – მომავალ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა თუ სამოქალაქო აქტივისტებს სახელმძღვანელოებით ვასწავლით. ეს ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, თუმცა ყოველთვის უნდა არსებობდეს გარკვეული სტანდარტები, რომელთა მიმართულებით სვლასაც საზოგადოება და კონკურენცია მედიასაშუალებებს უნდა უბიძგებდეს. ეს მუდმივი პროცესია. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის საზოგადოებაში არსებული განათლების დონე, პოლიტიკური განვითარების ეტაპები და კულტურა. ამ მიმართულებით განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ. ეს ისტორიული ობიექტური რეალობაა. მთავარია გააზრება, რომ განვითარებისთვის მთავარი არის პლურალიზმი. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა, მათ შორის ერთმანეთთან დაპირისპირებული და სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებისთვის.

 

- დღევანდელ „იმედზეც“ მინდა გკითხოთ. არის თუ არა რაიმე კავშირი თქვენ დროინდელ „იმედთან“?

 

- სამწუხაროდ, ახლა ისეთ ადგილზე ვარ, საუბარს ვეღარ ვასწრებ. მით უმეტეს, დღევანდელ „იმედთან“ დაკავშირებით საუბრის არანაირი ხასიათი არ მაქვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×