logo_geo
eng_logo
IRI-ს ოფისის ყოფილი დირექტორი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წავა, მათ შორის სისხლისღვრაზეც!
- +

18 მაისი. 2016. 15:30


ბოლო დროს აშშ-ს პოლიტიკურ სივრცეში საკმაოდ გააქტიურდა ქართული თემატიკა. აშშ კონგრესის სესიაზე კონგრესმენ სტივ რასელის გამოსვლა ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან მტრულ და საშიშ გზავნილად აღიქვა, რასაც საკმაოდ დიდი აგრესია მოყვა სოციალურ ქსელებსა თუ სხვა საჯარო სივრცეში. მოგვიანებით, კონგრესმენ ტედ პოს კეთილგანწყობილმა განცხადებამ გარკვეულწილად განმუხტა სიტუაცია, თუმცა საქართველოს მიმართებაში დასავლეთის დამოკიდებულება და გეგმები საზოგადოებაში მაინც სერიოზული განსჯის თემაა. ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უნდა ველოდოთ მსგავს განცხადებებს და სავარაუდოდ პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაშიც და მის გარშემოც აიწევს.


ამ თემებზე საუბარი ვთხოვეთ ყოფილ პარლამენტარს და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი გოგავას.


ირაკლი გოგავა სააკაშვილს და მის გუნდს დაუპირისპირდა 2001 წელს, როცა ბევრი მას ტაშს უკრავდა. სააკაშვილის გუნდში მიწვევაზე 2003 წელს უარი განაცხადა და მუშაობა დაიწყო ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დირექტორად ერაყში, იყო უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მრჩეველი, მუშაობდა პოლიტიკური და ბიზნეს კონსალტინგის ცნობილ ამერიკულ კომპანიებში: BursonMarsteller, Penn, Shoen, Berland, Teneo Holding.


პოლიტიკური მოღვაწეობისას მის აქტივში შეიძლება ჩაითვალოს 2002 და 2003 წელს ქვეყნის ყველა პედაგოგისთვის ხელფასის მომატება, განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა; 2001 წელს სწორედ მისი ინიციატივით მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი რეზოლუციის მიღება, რომლითაც საქართველომ დააფიქსირა სწრაფვა ევროკავშირისკენ.


ირაკლი გოგავა ბათუმის ავტორიტეტული ოჯახიდანაა, ის ამჟამად საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელია.


- ბატონო ირაკლი, გამოქვეყნდა ამერიკელი კონგრესმენის სტივ რასელის განცხადება, სადაც მან ივანიშვილს რუსი ოლიგარქი უწოდა და მოითხოვა მისი აქტივების გაყინვა. თქვენ იცნობთ აშშ-ს პოლიტიკურ სისტემას და გვითხარით რასთან გვაქვს საქმე?

 

- მე ვნახე კონგრესმენ რასელის გამოსვლა ორიგინალში ინგლისურ ენაზე და ყურადღება მივაქციე ერთ გარემოებას, რომ ივანიშვილის გვარი ძლივს ამოიკითხა, ჩანდა რომ ის ამ გვარს პირველად ან მაქსიმუმ მეორედ კითხულობს. მისი გამოსვლის ტექსტი არ არის ამერიკულ სტილში დაწერილი, ამ გამოსვლის ავტორი თემურ იაკობაშვილია.


- თემურ იაკობაშვილი რა შუაშია სტივ რასელთან და ამერიკის კონგრესთან?


- იაკობაშვილი 2012 წლის შემდეგ მუდმივად იმყოფება ვაშინგტონში, სადაც სააკაშვილმა მას ოფისი გაუხსნა და ის კოორდინაციას უწევს სააკაშვილის ლობისტების საქმიანობას ვაშინგტონში. როგორც ჩემი ამერიკელი მეგობრები მეუბნებიან, ის და მისი პერსონალი ძალიან აქტიურად მუშაობენ და ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან ამერიკელ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, მკვლევარებს... მათ აქვთ ორი მესიჯი: 1. „ივანიშვილი არის რუსი ოლიგაქრი და გაზპრომის აქციონერი" 2. „სააკაშვილს უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში".

ასეთი ოფისის შენახვა ვაშინგტონში მინიმუმ მილიონ დოლარამდე ჯდება, თუმცა ნაციონალებს ფული არ უჭირთ - სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში გაძარცვა საქართველო და ამ ნაძარცვის მცირე ნაწილი ახლახანს იპოვეს კიდევაც ოფშორული სკანდალის ფარგლებში კეზერაშვილის სახელზე, სადაც 24 მილიონი დოლარი აგვისტოს ომიდან 10 დღეში იყო გადარიცხული. ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი სააკაშვილის მოლარე იყო და ეს ოფშორები პირადად სააკაშვილისაა.


- ხელისუფლებასაც ხომ ყავს ლობისტები ვაშინგტონში?


- დიახ ჰყავს, მაგრამ ლობისტებს მკაფიოდ უნდა უთხრა რა ამოცანები აქვს და უნდა აკონტროლო რეგულარულად, თორემ გააგზავნიან ცირკულარულ ელ.ფოსტას და გეტყვიან ვმუშაობთო. ოცნებამ დიდი ლობისტური ფირმები დაიქირავა, ვისთვისაც ისინი ექსკლუზიური კლიენტები არ არიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ოცნების მხრიდან არასწორად არის წარმართული ლობისტებთან მუშაობა. თანაც საკმაოდ დიდი ხანი ამერიკის მიმართულებას თინა ხიდაშელი კურირებდა, რომელსაც პირადად მე ორ ბატს არ ჩავაბარებდი. აშშ-ს კონგრესში სპიკერის ოფისში მითხრეს ხიდაშელზე: ეს ქალი ჩამოდის, რაღაც აბდაუბდებს გველაპარაკება, იწყევლება, ილანძღება და მიდისო.


- დავუბრუნდეთ კონგრესმენ სტივ რასელს, ვინ არის ის და ვის წარმოადგენს?

 

- სტივ რასელი არის კონსერვატორი რესპუბლიკელი, სამხედრო გენერალი, ის მონაწილეობდა ერაყის, ავღანეთის, კოსოვოს კონფლიქტებში. სადამ ჰუსეინი მისი ბრიგადის ბაზირების არეალში დაიჭირეს. არის ოკლაჰომიდან, აქვს იარაღის ბიზნესი, აწარმოებს კალაშნიკოვებს. მისი არჩევნები დააფინანსეს მენავთობეებმა ტეხასიდან. ის წარმოადგენს ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებს. ეს გავლენიანი ინტერესის ჯგუფია ამერიკაში და მისი ლიდერი დიკ ჩეინია, ამ ჯგუფს მუდმივად ჰყავს ამერიკის კონგრესში ლობისტი კონგრესმენები და სენატორები დაახლოებით 10-15 კაცი, ლობისტურ კომპანიებზე კი მილიონებს ხარჯავენ. სწორედ ეს ჯგუფი უჭერს მხარს სააკაშვილს.


- ამ ჯგუფმა არ იცის, რომ სააკაშვილის დროს ავტორიტარული რეჟიმი იყო საქართველოში? ადამიანებს აწამებდნენ, კლავდნენ, ქონებას და ბიზნეს ართმევდნენ?

 

- ყველაფერი შესანიშნავად იციან. მათ ეს არ აინტერესებთ, მათი ერთადერთი ინტერესი ფულის კეთებაა, რისთვისაც სჭირდებათ მოკავშირე პოლიტკოსები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.


- როგორ აკეთებენ ისინი ფულს?

 

- ამერიკის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი 90%-ით კერძო საწარმოებისგან შედგება, მათთვის მნიშვნელოვანია აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი შეკვეთის მიღება. მეტი შეკვეთის მიღება შესაძლებელია, მაშინ როცა სადმე კონფლიქტია, დაძაბულობაა. ასეთ დროს ლობისტი კონგრესმენები და სენატორები ამწვავებენ საკითხს, აძლიერებენ ზეწოლას თეთრ სახლზე და უმრავლეს შემთხვევაში ხდება დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. ბიუჯეტს კონგრესი განაგებს და სამხედრო ხარჯების გაზრდასაც ისინი წყვეტენ. ნათელი მაგალითი აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტიდან ფულის მასიური წამოღების იყო ერაყში სამხედრო კამპანია, რომელიც დაიწყო ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღის ძებნით და დამთავრდა იმით, რომ აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტიდან დაიხარჯა 2 ტრილიონამდე დოლარი. ამ ფულის ძირითადი ამთვისებლები იყვნენ დიკ ჩეინის და ბუშების მფარველობის ქვეშ მყოფი კომპანიები: Halibarton, Carlyle, KBR, Baker Hughes - ამ კომაპნიების კაპიტალიზაცია რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარია. მოკლედ რომ ვთქვათ, კონფლიქტები მათთვის ფულის შოვნის წყაროა. საქართველო კი კონფლიქტურ რეგიონში მდებარეობს და კონფლიქტების ანუ ფულის შოვნის პოტენციალი დიდია.


- ხომ არ გვეტყოდით ვინ არიან აშშ-ს სახმედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტები კონგრესში.

 

- მაკკეინი, ლუგარი, დრაიერი, კინციჯერი, რასსელი, ასევე თითქმის ყველა ყოფილი სამხედრო, რომელიც ეხლა კონგრესშია, სულ 15 კაცამდე. ცხადია ამას ემატება მათი დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობა და მოკავშირე უცხოელი პოლიტიკოსები. ერაყის და ავღანეთის კონფლიქტებზე ამ ჯგუფმა ასეულობით მილიარდი იშოვა - ეს იყო ამერიკელი ხალხის უპრეცედენტო ძარცვა.


- ბატონო ირაკლი, თქვენ ახლახანს იყავით აშშ-ში ვიზიტით, რა განწყობებია იქ?


- გახლდით ამერიკაში, საინტერესო შეხვედრები მქონდა გავლენიან და მცოდნე ხალხთან. ამერიკის პოლიტიკური ელიტა საკუთარი არჩევნებით ცხოვრობს, რესპუბლიკელების ნაწილი უკმაყოფილოა ტრამპის წარმატებით შიდა პარტიულ არჩევნებზე და ბევრი მათგანი აპირებს ჰილარი კლინტონს მისცეს ხმა. ჩემი მეგობარია ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მენეჯერი და მან მითხრა, რომ ბოლო კვლევებით, ტრამპის და ჰილარის დაპირისპირებაში ჰილარი ლიდერობს 10-12%-ით. დიდი ალბათობით წელს ნოემბერში აშშ-ს პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდება. საქართველოს თემა ამერიკული ელიტისთვის დღის წესრიგის პირველ 50 პუნქტში ნამდვილად არ შედის. დაწყებულია საქართველოზე, სამხრეთ კავკასიაზე და ცენტრალური აზიის რეგიონზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ევროპაზე გადანაწილების პროცესი. თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერები ემზადებიან ოქტომბრის არჩევნებისთვის: მიღებულია გადაწყვეტილება 200-მდე ამერიკელი დამკვირვებლის გამოგზავნაზე, ასევე ჩამოვა 7-8 ამერიკელი კონგრესმენი, ისინი ხალხს აგზავნიან ეუთოს სადამკვირვებლო მისიაშიც, ჩამოვლენ ჟურნალისტები. არჩევნები იდეალურადაც რომ ჩატარდეს, მოხდება მისი შეფასება უარყოფითად და მომზადდება საფუძველი მასობრივი გამოსვლებით ხელისუფლების ცვლილებისა, დაახლოებით ისე, როგორც მოხდა 2003 წელს. ადგილზე ამას მხარს აუბამენ სააკაშვილის კონტროლირებადი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ორი ათეული წელია უცხოური ფულით ცხოვრობენ. ყველას კარგად ესმის, მათ შორის აშშ-იც, რომ სააკაშვილი არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოვა.


- გულისხმობთ, რომ ქვყანაში სიტუაცია აირევა საარჩევნოდ?

 

- თუ აირევა, აირევა არჩევნების შემდეგ, მაგრამ სააკაშვილს ასარევი რესურსი შეზღუდული აქვს. „ოცნებამ" მართალია ვერ ააყვავა ქვეყანა, მაგრამ საზიზღრობებიც არ გაუკეთებია წინა ხელისუფლების დარად. ძალოვანი სტრუქტურები პროფესიონალურად იმართება და ვფიქრობ, მათ შესწევთ უნარი არეულობების თავიდან ასაცილებლად. ნაციონალური მოძრაობა, ცხადია ყველაფერზე წავა, მათ შორის სისხლისღვრაზეც. მასობრივი აქციების ორგანიზება დიდი ფული ჯდება, სააკაშვილს ეს ფული აქვს, მაგრამ მიაღწევენ იმას, რომ ბოლობოლო ხალხი აღარ გაჩერდება და კომბლებით გარეკავს მათ.

 

- თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილს აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო ჯგუფი უჭერს მხარს, სხვა ჯგუფები რატომ არ აქტიურობენ საქართველოსთან მიმართებაში?


- სამხედრო-სამრეწველო ჯგუფი კონკრეტულ ინტერესებს ხედავს ამ რეგიონში, სხვა ჯგუფების დაინტერესებას ვერ ახერხებს ხელისუფლება, რომ დაბალანსდეს სიტუაცია. თუმცა დემოკრატების დიდი ნაწილი და ასევე პროგრესული რესპუბლიკელები ნეგატიურად უყურებენ სააკაშვილს. ბევრი მას შარლატანს და შოუმენს უწოდებს. ამას გამოყენება უნდა და სწორი მუშაობა.


- თვლით თუ არა, რომ შეცდომა იყო ნაციონალებთან კოჰაბიტაცია?


- ივანიშვილს არ სურდა კოჰაბიტაცია, მახსოვს 1 ოქტომბრის არჩევნების მოგების შემდეგ მან წამოაყენა მოთხოვნა, რომ სააკაშვილი გადამდგარიყო, ასევე იყო იდეა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარებულიყო, სადაც ნაციონალები საერთოდ ვეღარ მოხვდებოდნენ პარლამენტში. კოჰაბიტაცია ეს გარედან თავს მოხვეული თემა იყო, ამ იდეის გუშაგებად უსუფაშვილი და ხიდაშელი დაინიშნენ, მათ განაცხადეს კიდეც, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა, ქართული დემოკრატიის ამოცანააო. ეს ორი პირი კი ქართული ინტერესებით არასდროს მოქმედებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კოჰაბიტაციას დადებითი მხარეც ჰქონდა: კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით ყოფილი ნაციონალების სხვადასხვა პოსტებზე დატოვებამ და მათზე ზეწოლის არარსებობამ დაქსაქსა მათი ძალები. რეალურად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ქვეყანაში არიან ის ადამიანები, ვინც მათი რეჟიმის დროს ცხოვრობდა კომფორტულად და ჰქონდა მაღალი შემოსავალი და კიდევ პატრიოტთა ბანაკებში ტვინგამორეცხილი თინეიჯერები. ეს სულ 7-8%-ია.


- კონგრესმენი რასელი თავის გამოსვლაში ახსენებს სააკაშვილის რეფორმების წარმატებას, თქვენ როგორ შეაფასებდით ნაციონალების მმართველობას?


- სააკაშვილის მმართველობის დადებითი შედეგებიდან მე გამოვყოფდი პატრულის რეფორმას, მისაღები გამოცდების რეფორმას, ბათუმის, სიღნაღის, პლეხანოვის რეკონსტრუქციას. მე როგორც ბათუმელი ბათუმის რეკონსტრუქციას ყველაზე დადებითად ვაფასებ. თუმცა პოლიცია პოლიტიზირებული იყო და რეჟიმის სადამსჯელო იარაღად იქცა, განათლების ხარისხით მაჩანჩალები ვართ, ხოლო ბათუმს რაც შეეხება უცხოელებს ბევრი უფლებები მისცეს ადგილობრივების შევიწროვების ხარჯზე.


- იქნებ მაინც გვითხრათ რა არ მოგწონდათ მისი მმართველობის?


- სააკაშვილმა დაგვიტოვა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა და 11 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი. მან უზარმაზარი ფული ამოიღო ხალხისგან და ჯიბეში ჩაიდო. 2012 წლამდე აღძრული იყო 900,000 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 99,99% გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა ანუ ამ საქმეების მონაწილეებმა გადაიხადეს საპროცესო გარიგების თანხა და არა ბიუჯეტში, არამედ რაღაც ფონდებში და ბევრ ბიზნესმენს პირდაპირ ოფშორებში არიცხინებდნენ ფულს. 5000 ლარზე ნაკლები საპროცესო გარიგები თანხა მე არ მსმენია, ეხლა დათვალეთ რამდენი ფული ჩაიჯიბა სააკაშვილმა.


რეპრესიები ვახსენეთ და 37-38 წელს საქართველოში 24,000 ადამიანი იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის მიერ, სააკაშვილის დროს კი 300,000-ზე მეტი ადამიანი იქნა რეპრესირებული, რაც შეადგენს ქვეყნის შრომისუნარიანი მამაკაცების 30%-ს. ასეულობით პოლიტპატიმარი ციხეში, საპროტესტო აქციებს სისხლში ახშობდნენ, არ ერიდებოდნენ მსხვერპლსაც, ციხეებში წამების კონვეიერი იყო აწყობილი. ქვეყანა ჩამორჩა განვითარებით რეგიონის ქვეყნებს. 2012 წელს დათესილი მიწის ფართობი შეადგენდა 2003 წლის ნათესების ფართობის 22%-ს. ადგილობრივი სოფლის მეურნეობა განადგურდა და იაფფასიან იმპორტს გაუხსნეს ყველა კარი. საგარეო სავაჭრო სალდო კატასტროფული გახდა. კონკურენცია მოისპო წამყვან სფეროებში და ყველა მნიშვნელოვან სფეროს თვითონ დაეპატრონნენ: საწვავი, პორტები, რკინიგზა... კარტელური ფასები დაწესდა თითქმის ყველა წამყვან სფეროში. წარმოება არ ვითარდებოდა საერთოდ. გაზარდა გადასახადების ადმინისტრირება ანუ ამოღება, მაგრამ ამოღებული ფული ტაშ-ფანდურს და შადრევნებს ხმარდებოდა, ჩამოაყალიბა სახელმწიფო მოხელეთა პრივილეგირებული კლასი, რომლებიც ათი ათასობით პრემიებს იწერდნენ ხალხის ხარჯზე. ბოლოს დააგვირგვინა აგვისტოს სამხედრო ავანტიურით, რომელშიც ქვეყნამ რამდენიმე მილიარდიანი ზარალი ნახა, ქვეყნის განვითარებამ 5-6 წლით უკან დაიხია, რუსეთს აფხაზეთი და ცხინვალი ოფიციალურად გადაულოცა, თანაც ისე, რომ კოდორი და ახალგორიც შეუფუთა. მიღებული 4 მილიარდიანი დახმარება სად წავიდა ვერავინ შეამჩნია. ქვეყანა დატოვა გაძარცვული, გაუპატიურებული და დაბეჩავებული, თავად კი მილიარდებით გაქუსლა არ დამიჭირონო.

 

- იციან თუ არა ეს ყველაფერი ამერიკაში? თუ იციან რატომ გრძელდება სააკაშვილის მხარდაჭერა?


- სააკაშვილს მხარს უჭერს მხოლოდ ერთი ჯგუფი, თუმცა გავლენიანი. საერთოდ ვინც კი გამოდის სააკაშვილის მხარდაჭერით მას შეიძლება მხოლოდ ფინანსური მოტივაცია ჰქონდეს. ნორმალური საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი სისხლიანი დიქტატორის მხარდაჭერით რეპუტაციას არ შეილახავს. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სხვები არ აქტიურობენ, რადგან არ აინტერესებთ იმდენად ეს რეგიონი. მოაზროვნე ხალხს ამერიკაში ესმის, რომ სააკაშვილის უპირობო მხარდაჭერა შეცდომა იყო. იმ დროს დემოკრატიის დაცვა რომ მოეთხოვათ ამერიკელებს, სააკაშვილი ვერ შეძლებდა 2006-2008 წელს სამხედრო ბიუჯეტის რამოდენიმეჯერ გაზრდას პარლამენტში და შესაბამისად აგვისტოს ომსაც თავიდან ავიცილებდით. ქვეყანა უფრო განვითარებული იქნებოდა.


- ეკონომიკა ხომ იზრდებოდა სააკაშვილის დროს?


- ქაღალდზე იზრდებოდა. ჩვენ და სომხეთს დღეს ერთი და იგივე მაჩვენებელი გვაქვს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის, თუმცა სომხეთს არ აქვს ტრანზიტული რკინიგზა, საზღვაო პორტები, ტურიზმი, გაზსადენი, ნავთობსადენი. გამოდის, რომ მაკროეკონომიკურად სომხეთს უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს ვიდრე ჩვენ. სააკაშვილის დროს სტატისტიკურად ეკონომიკა წინ მიდიოდა, მაგრამ ეს იყო უხარისხო ზრდა, სპეკულაციური კაპიტალის ხარჯზე, რომლითაც ბანკები ოპერირებდნენ, გარდა ამისა ის ირანელებს და რუსებს ფულს ათეთრებინებდა, რაც ზრდიდა ეკონომიკის აბსოლუტურ ციფრებს, მაგრამ შედეგი არ იყო. ეკონომიკის რეალური სექტორი, ანუ წარმოება გაჩერდა, არადა სწორედ წარმოება არის ეკონომიკის ლოკომოტივი.

 

- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა განვითარდეს აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობები?


- ამერიკაზე უფრო ღირებული მოკავშირე ჩვენ დღეს არ გვყავს, თავის დროზე შევარდნაძემ მოახერხა მათი დაინტერესება ამ რეგიონით და ქვეყნები შეთანხმდნენ სტრატეგიულ ურთიერთობებზე. მაშინ ისიც მოხერხდა, რომ რუსული ბაზების გაყვანას მივაღწიეთ, სააკაშვილმა კი ეს ბაზები დააბრუნა თანაც დედაქალაქიდან 40 კმ-ში. ეს ურთიერთობები დღემდე ვითარდება, თუმცა სჭარბობს სამხედრო-სტრატეგიული კომპონენტი. საქართველო უნდა ეცადოს, რომ როგორმე მიაღწიოს ანგლო-საქსური სახელმწიფოების ფინანსური და ბიზნეს ინტერესების განთავსებას საქართველოში. ეს თუ მოხერხდა საქართველო სტაბილურობის გარანტიებს მიიღებს მრავალი ათწლეულების მანძილზე და სხვადასხვა ჯურის შარლატანების ადგილი აღარ იქნება ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებს აქ უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას დღეს არ ემხრობა ევროპის ნაწილი ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ორი მიმართულებით:


1. „ვაიძულოთ" აშშ მოსთხოვოს ევროპელებს პოზიციის შეცვლა და მათ ამის უფლება აქვს, რადგან ევროპის უსაფრთხოების ხარჯების 72%-ს აშშ იხდის 2. თუ ევროპელების პოზიციის შეცვლა ვერ მოხერხდა და მაინც არ მიგვიღეს ნატო-ში, მივაღწიოთ ვაშინგტონთან აშშ-ისრაელის ორმხრივი ურთიერთობების მოდელს. საქართველო თავისი 3 ათასწლიანი ისტორიის მანძილზე მეტნაკლებად ერთიანი და დამოუკიდებელი სულ რაღაც 160-170 წელი იყო. ჩვენ გხვდა წილად ბედნიერება ავად თუ კარგად გვეცხოვრა უკვე 25 წელი დამოუკიდებელ საქართველოში, ეს დამოუკიდებლობა არის ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია და მას უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს რეალობაა ის, რომ მხოლოდ პუტინის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობა. როგორც სააკაშვილმა და პუტინმა დაგვანახეს 2008 წელს, რუსეთს 5-6 დღე სჭირდება იმისთვის, რომ გააქროს ქართული საელმწიფო. დღეს არსებული უსაფრთხოების სისტემებიდან ყველაზე მყარი გარანტია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა არის ნატო. გვინდა თუ არა ეს ასეა. ამიტომ ბევრი ხმაურის და აგრესიული რიტორიკის გარეშე უნდა ვიაროთ ამ მიმართულებით.


- თქვენ სერიოზული ამოცანები დასახეთ, მოახერხებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება ამას?


- მინდა ავღნიშნო, რომ თავისი თვისებებით, დღეს ქვეყანას ყავს ალბათ ყველაზე კარგი პრემიერი ბოლო 25 წლის მანძილზე. მას ესმის ეკონომიკა, ფინანსები, წარმოების და სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობა ქვეყნისთვის, არის მორწმუნე ადამიანი და გასვრილი არ ყოფილა კორუფციულ სქემებში, პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევა. 4 წელი ერთ პარლამენტში ვიყავით და პირადადაც ვიცნობ. ამას დაუმატეთ ივანიშვილის რესურსი და ქართველი ხალხის კრეატიულობა. მას აქვს შანსი ქვეყანა სიღარიბიდან გამოიყვანოს, გამოიყენებს თუ არა ვნახოთ. აუცილებელია ქართული დიპლომატიური კორპუსის შეჯანჯღარება და მათი მუშაობის გააქტიურება დასავლეთში, აუცილებელია აშშ-ში გავლენის ჯგუფებთან ინტენსიური კონტაქტი. ამათ ნეპოტიზმი უშლით ხელს, ნეპოტიზმი კი არაკომპეტენტურობის ბუდეა. ნებისმიერ შემთხვევაში პირადად მე არჩვენებში მხარს დავუჭერ იმ ძალას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არასდროს იქნება. კიდევ მსგავს 9 წელს ქვეყანა ვერ გადაიტანს. ყველაზე მეტად მე იმის მეშინია, რომ ამერიკელების მხრიდან სააკაშვილის მხარდაჭერა იწვევს აგრესიას ქართველებში და ეს აგრესია ანტიამერიკულ განწყობებში გადადის, რაც საფუძველია პრორუსული განწყობების ზრდის. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×