logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: დაე, წინ ვიაროთ და ისეთი ახალი ძალა შევქმნათ, რომელიც ქვეყნის წარმატებაზე იქნება ორიენტირებული!
- +

27 ნოემბერი. 2018. 16:55

 

 

„ქართველ საზოგადოებას აქამდე სრულიად უცნობი ფაქტის შესახებ მსურს მოვუყვე და შემდეგ თავად გაიაზროს ხალხმა, რა საფრთხე ემუქრება, თუ ხელისუფლებაში ნაცები დაბრუნდებიან!“ - ამ სიტყვებით დაიწყო „ასავალ-დასავალთან“ საუბარი თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, „გეორგია შენი პროექტია“-ს დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

- შავი პიარის მიზნით ჩემთვის მოჩენილი მარგინალური ჯგუფები მიკიჟინებენ, თითქოს ნაცების სახე ვიყავი, თუმცა არასოდეს მათი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. გამგებლის მოადგილედ ვმუშაობდი სამგორის რაიონში, სადაც დღემდე ვცხოვრობ. მოსახლეობის მხარდაჭერით ვსარგებლობდი, რის გამოც ნაცებმა მაჟორიტარად კენჭისყრა შემომთავაზეს. თვითმმართველობის არჩევნებში გავიმარჯვე და მათი ფრაქციის წევრი გავხდი, მაგრამ დღითი დღე ვამჩნევდი, როგორ ხდებოდნენ საკუთარი ხალხის ჯალათები. როცა პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მაშინვე ჩავერთე ნაცების წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში. არჩევნებამდე მკვეთრად დავუპირისპირდი, გავემიჯნე ნაცების ფრაქციას და საკრებულოში ჩემი ფრაქცია - "თავისუფლება" შევქმენი. ამას მოყვა მუქარები უშუალოდ ჩემს და ჩემი ოჯახის წევრთა მიმართ, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ სისხლიანი ანგარიშსწორება 1 ოქტომბრის არჩევნების დასრულებამდე გადადეს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ არჩევნებში კვლავ თავად გაიმარჯვებდნენ და ყველას, ვინც რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა - სათითაოდ გაუსწორდებოდნენ. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში ნაცების რეჟიმი მე და ჩემმა მეგობრებმა დავასრულეთ, როცა საკრებულო ხელიდან გამოვაცალეთ. მანამდე გიგი უგულავა საკმაოდ მყარად გრძნობდა თავს. ეს არის ნამდვილი სექტა, რომლის პარპაში სრულიად სახელმწიფოშიც, სამუდამოდ უნდა დასრულდეს!

 

- სექტას რა კრიტერიუმით უწოდებთ?

 

- ვისაც მათგან განსხვავებული აზრი გააჩნია - მტრად თვლიან. შეუძლიათ გალანძღონ გაიმეტონ ყველა, ვინც კრიტიკული თვალით შეხედავს. დადგა დრო, მათ მიერ ჩაფიქრებული ერთი მნიშვნელოვანი დანაშაულის შესახებ ქართველმა ხალხმა შეიტყოს! 2012 წლის 21 სექტემბერი იდგა. ციხეებში პატიმრების წამების კადრების გამოქვეყნებამ ხალხი უკიდურესობამდე აღაშფოთა. რეჟიმი დღითი დღე კარგავდა ხალხზე კონტროლის ბერკეტებს. ქუჩებში მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები იმართებოდა! აი, სწორედ მაშინ ჩაიფიქრეს მუხანათური, სისხლიანი სცენარი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოეცხადებინათ და რეპრესიის მექანიზმი მთელი სიმძლავრით აემოქმედებინათ!

 

- რაში მდგომარეობდა ეს სცენარი?

 

- უკვე ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ხელისუფლება არჩევნებს წააგებდა, ამიტომ, გამოსავალზე დაიწყეს ზრუნვა და ასეთი გეგმა დასახეს: ახალიების დავალებით ნორიოდან სპეცდანიშნულების რაზმი უნდა დაძრულიყო. ორთაჭალჰესთან მათ ჩაუსაფრდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელსაც სპეცრაზმელების განიარაღება ევალებოდათ. რა თქმა უნდა, სპეცრაზმი იარაღს არ დაყრიდა და ორივე მხრიდან გაიხსნებოდა დაუნდობელი ცეცხლი, რასაც დიდძალი მსხვერპლი მოყვებოდა. ეს შედეგი რეჟიმს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და არჩევნების 6 თვით გადადების საშუალებას მისცემდა, რა ხნის განმავლობაში ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ ყველა მოწინააღმდეგეს, რომელიც მათ რეჟიმს მცირედ საფრთხეს მაინც უქმნიდა - საგანგებო მდგომარეობა ხომ მრავალი თვალსაზრისით უხსნის ხელ-ფეხს ხელისუფლებას.

 

- რის საფუძველზე ხართ დარწმუნებული, რომ ნაცები ამას აპირებდნენ?

 

- ერთ-ერთ მეთაურს, რომელსაც სპეცრაზმი მოჰყავდა, მიზეზთა გამო კითხვები გაუჩნდა და გეგმა ჩაიშალა. გამოხდა ხანი. ამ საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობდა და დამნაშავენი - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი - გამოკვეთილები იყვნენ, როცა 2013 წელს ამ დანაყოფის შტაბის უფროსი, რომელიც ამ დროისთვის უკვე თბილისის საკრებულოს წევრი ბრძანდებოდა, გიგი უგულავას შეხვდა. შედგა მძაფრი საუბარი. უგულავას ნერვებმა უმტყუნა და იყვირა - იქ ხიდზე უნდა ჩაგვეხოცეთ ყველანი და დღეს ამდენს ვეღარ გაბედავდით, ისე არ მოვკვდები, თქვენს სისხლში არ ვიბანაოო! - მანამდე ეს კაცი ხელისუფლებას ღირსეულად და ერთგულად ემსახურებოდა, მაგრამ როცა ნაცების მუხანათურ ბუნებაში დარწმუნდა, რომ ერთგულების სანაცვლოდ თვალისდაუხამხამებლად სასიკვდილოდ წირავდნენ, ნაცებს გაემიჯნა, დაუპირისპირდა კიდეც და მათ წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლას შემოუერთდა. ეს კაცი დღეს ჩემი მეგობარია!

 

- გამოდის, „ნაცები“ საკუთარ ძალოვნებს წირავდნენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად?

 

- დიახ, ასეა. არჩევნების გადადების მიზნით ისინი მზად იყვნენ ნებისმიერ მსხვერპლზე წასასვლელად! მინდა გავიხსენო 2013 წლის შემოდგომა, როცა კასრებში აღმოჩენილი წამების საშინელი კადრების სანახავად შსს-ში თავად წავიყვანე საკრებულოს უმრავლესობა. უმცირესობასაც შევთავაზე წამოსვლა, რათა თავისი თვალით ენახათ, როგორ ძალას ემსახურებოდნენ და თუ თავის მიმართ პატივისცემა გააჩნდათ, დაეტოვებინათ პარტია, რომელიც ასეთ განუკითხაობას სჩადიოდა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს წამოსვლაზე. სამაგიეროდ, ვიდეოკადრების დემონსტრაციას ესწრებოდნენ უცხოეთის ქვეყნების ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეკრანის ცქერა 8 წუთზე მეტ ხანს ვერავინ შეძლო. ის რომ ნაცები ადამიანის ღირსებაზე ძალადობდნენ და მამაკაცებს აუპატიურებდნენ - უკვე მთელმა საქართველომ იცის და ნაწილობრივ, კადრები კიდეც ნახა მოსახლეობამ, თუმცა ხალხს არ უნახავს გაუპატიურებაზე არანაკლებ სასტიკი სხვა კადრები - როგორ ჩასვეს ჯალათებმა ხელებგაკოჭილი დედა და მისი 14 წლის გოგონა კასრში, მათ გველებს უყრიდნენ და ამ ენით აუწერელ ტანჯვას ოჯახის უფროსს აყურებინებდნენ, რომლისგანაც აღიარებითი ჩვენების მიღება სურდათ. მაშინ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო ამ კადრების განადგურების გადაწყვეტილება.

 

- ეს სწორი გადაწყვეტილება იყო?

 

- ეს იყო ჰუმანური გადაწყვეტილება, რადგან ფართო საზოგადოებას „ნაცების“ ეს ძალადობები რომ ეხილა, მათ ბართლომეს ღამეს მოუწყობდნენ, საკუთარ ოჯახებში ჩახოცავდნენ, რასაც პირსისხლიანი ჯალათები იმსახურებდნენ და ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ერთი შავი ფურცელი, როგორც საფრანგეთის ისტორიაში გახდა ბართლომეს ღამე. თუმცა, დღეს, როცა მიმდინარე პროცესებს ვუცქერ, ხანდახან ვფიქრობ - ხომ არ აჯობებდა, საზოგადოებისთვის რაღაც დოზით გვეჩვენებინა, თუ რა სისასტიკეს სჩადიოდა რეჟიმი მათი ოჯახების, უბრალო ადამიანების წინაშე, თუ რა საფრთხე ემუქრებოდა თითოეული მოქალაქის, მათ შორის ჩემს ოჯახს, ვინც სინდისის ძახილიდან გამომდინარე, პირსისხლიან რეჟიმს არჩევნებამდე დაუპირისპირდა! უნდა ვაღიარო, რომ ეს საფრთხე ყველაზე მძაფრად, სწორედ იმ კადრების ხილვისას გავაცნობიერე!

 

- ახლა „ნაცები“ ცილისწამებად ნათლავენ ადამიანების წამებაში მათ მონაწილეობას...

 

- თუ მანიაკი არ არის, ადამიანს აქვს რეფლექსი, გარკვეული ხნის შემდეგ მიივიწყოს ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც მის ფსიქიკას ანგრევს. მაგრამ, როდესაც დღეს „ქართული ოცნების“ დოყლაპიობას ვუმზერ, რომელმაც უნიათობით, ნარცისიზმით, უტიფრობით, უცოდინრობით - ხელისუფლებაში „ნაცების“ რეანიმაციის რეალური საფრთხე გააჩინა - მათი ჯალათობის ამსახველი ყველა კადრი ჩემს ცნობიერებაში მიყოლებით გაცოცხლდა! ყველაზე მეტად „ნაცების“ ის სიტყვები მჭრის ყურს - ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთო - რადგან ზუსტად ვიცი, იმას კი არ ნანობენ, ადამიანებს რომ აწამებდნენ... არამედ იმას, ძალაუფლების შესანარჩუნებლად კიდევ უფრო მეტი სისასტიკე რომ არ გამოავლინეს! „ნაცებს“ არასოდეს მოუნანიებიათ ჩადენილი. ხალხს მიმტევებლობა - სისუსტეში ჩაუთვალეს! „ნაცები“ ფეხებს უნდა უკოცნიდნენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მათ მიმართ მოსახლეობის შურისძიების ტალღა შეაჩერა, იმ მოტივით, რომ ქვეყანაში ძალადობა ოდესმე უნდა დასრულდეს. „ოცნებამ“, შეიძლება მრავალი პირობა ხალხს ვერ შეუსრულა, მაგრამ ის ჯალათური რეჟიმი ნამდვილად არ არის. თუ „ოცნება“ კვლავაც ვერ შეასრულებს დაპირებას, მაშინ, ხალხო, 2020 წელს რაღა წარსულში დავბრუნდეთ, დაე, წინ ვიაროთ და ისეთი ახალი ძალა შევქმნათ, რომელიც ქართველი ერის მსახური იქნება, ოღონდ, მანამდე წინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, რომელშიც „ნაცები“ დამაჯერებლად უნდა დამარცხდნენ!

 

- დარჩენილ მცირე დროში რის შეცვლას ურჩევთ სალომე ზურაბიშვილს?

 

- ქალბატონმა სალომემ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა არა იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ დეზინფორმაციული მანქანა, „რუსთავი-2“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შავი პიარი მუშაობდა... არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა ქართულის ცუდად ცოდნის გამო იგი თავისიანად, თავის წიაღიდან გამოსულად, თავის პირმშოდ ვერ მიიღო. არადა, მესამე თაობის ემიგრანტი თუნდაც ასე რომ მეტყველებს ქართულად, სწორედ სამშობლოს მიმართ მის გულწრფელ სიყვარულზე მიანიშნებს! ქალბატონმა სალომემ უნდა შეძლოს ქართველებისთვის ახსნა, რომ მათი საზოგადოების წევრია, რომ ხალხის სატკივარი საკუთარივით სტკივა, სიხარული ახარებს და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის საბრძოლველად თითოეულ ჩვენთაგანთან ერთად მზად არის! ასეთ შემთხვევაში იგი ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობის მანდატს მიიღებს!

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×